fbpx

ადამიანები ბორჯომიდან – ისტორია #6


გააზიარე სტატია

ფოტო: ნათელა გრიგალაშვილი

 

ბესიკ არბოლიშვილი, მხატვარი 

ტილო, ფუნჯი და საღებავის სურნელი, ბესიკ არბოლიშვილის ცხოვრებაში ბავშვობიდანვე შემოიჭრა. მამა თეატრის მხატვარი იყო, დედა – მუსიკის მასწავლებელი, ბაბუა – ვასო არბოლიშვილი – ხის ოსტატი. ხელოვნების სიყვარული მათ ოჯახში თაობებს გადაეცემოდა, ახალი ხელწერითა და იდეებით კი, ახალი ისტორია იწერებოდა.
ბავშვობა ბაკურიანში გაატარა. სახლში, რომელიც დღემდე ბევრ საინტერესო ამბავს ინახავს.
 ეს ადგილი მის შემოქმედებაზეც აისახა. ტილოზე ხშირად სხვადასხვა ემოცია ცოცხლდება, თუმცა, თოვლი ბესიკ არბოლიშვილის ნამუშევრების განუყოფელი ნაწილია, მისი ზამთარი კი, განსაკუთრებულად თბილი და ზღაპრულია. ამბებს, რომლებიც ამ ადგილთან აკავშირებს, ისეთი ემოციებით ჰყვება, რომ თითქოს ტილოზე ფუნჯით ხატავს, მსმენელიც მისი ბავშვობის ბაკურიანში მოგზაურობს და ამ სილამაზეს მხატვრის თვალით დანახული სიზუსტით აღიქვამს.
 „ბავშვობაში დედაჩემი ხშირად მიყვებოდა ბაკურიანის სილამაზეზე და ცდილობდა, რომ მეც ასე დამენახა ეს მხარე. როცა მამამ ბაკურიანში პირველად ჩამოიყვანა, გაზაფხული იყო და ტყეში აბრეშუმივით მოედინებოდა გამჭვირვალე წყალი. როცა სასეირნოდ გავდიოდით, მეუბნებოდა – „დააკვირდი როგორ ბრწყინავს ნამი.“ ეს ემოციები ჩემს გულსა და მეხსიერებაში ნელ-ნელა იბეჭდებოდა. შეშის კვამლის სუნი, კოხტა გორა, ციგა, თხილამური, მატარებელი და ჩვენი სახლი ბავშვობის ბაკურიანში მაბრუნებს. თუმცა, ყველაზე მნიშვნელოვანი ის სიყვარულია, რომელიც ამ ადგილთან და ჩემს ნათესავებთან მაკავშირებს. ბაკურიანში ჩამოსვლისას, თითქოს ერთმანეთს ეჯიბრებოდნენ სიყვარულში და ამით გული მევსებოდა.“
 დღეს ბავშვობის სურნელის შეგრძნებით, წარსულის ნოსტალგიით და შემოქმედებითი განწყობით დაუსრულებლად აკვირდება ზამთარს ბაკურიანში, ფიფქებს, რომლებიც თანდათან ფერს იცვლიან. გრძნობს თოვლის სურნელს და შემდეგ ტილოზე ხატავს ზამთარს, თბილს და ზღაპრულს, რომელიც ყველას ბავშვობაში აბრუნებს

მიიღე ყოველდღიური განახლებები!
სიახლეების მისაღებად მოგვწერეთ თქვენი ელ.ფოსტა.