74-ე ბერლინის საერთაშორისო კინოფესტივალი კვლავ დოკუმენტური ფილმის გამარჯვებით დასრულდა!
ავტორი: თინა ლაღიძე
74-ე ბერლინის საერთაშორისო კინოფესტივალი და ქართული კინო
მთავარი პრიზი, ოქროს დათვი საუკეთესო ფილმისთვის ფრანგულ-სენეგალელ რეჟისორსა და მსახიობს მატი დიოპს ერგო დოკუმენტური ფილმისთვის – „დაჰომეის” (Dahomey). ფილმი მოგვითხრობს დასავლეთ აფრიკის სამეფოდან ევროპელების მიერ გატაცებული საგანძურის ბედზე. საგანძურის ნაწილი სამშობლოში (დღევანდელ ბენინში) მხოლოდ 2021 წელს დაბრუნდა.
At.ge-ს წინა მასალაში უკვე მიმოვიხილეთ 2024 წლის ბერლინალეს გამარჯვებულები. ახლა კი ბერლინის 74-ე კინოფორუმს ქართული კინოს კონტექსტში განვიხილავთ:
ქართული კინო გზაჯვარედინზე
ბერლინში ჩასვლისთანავე პირველი რაც გავიგონე, გერმანული რადიოს – Radioeins-ის წამყვანის ხმა იყო, რომელიც აღფრთოვანებული, ემოციურად ჰყვებოდა ქართველი მსახიობის, მზია არაბულის სამსახიობო ნამუშევარზე ლევან აკინის ფილმში “გზაჯვარედინზე”. მსახიობს ბერლინალეს ვარსკვლავს უწოდებდა და დიდ საერთაშორისო წარმატებას უწინასწარმეტყველებდა. იმავე საღამოს, 15 თებერვალს ბერლინალეს სექცია – Panorama სწორედ ქართული წარმოშობის შვედი რეჟისორის, ლევან აკინის ფილმით “გზაჯვარედინზე” გაიხსნა. Zoo Palast-ის გადაჭედილი დარბაზი რეჟისორს და მის შემოქმედებით ჯგუფს ოვაციით შეხვდა და აპლოდისმენტებით გააცილა. ფილმის დასრულებისას დასმული შეკითხვებიდან ცხადი იყო, თუ რამდენად მნიშვნელოვანია საზოგადოებისთვის ის საკითხები, რომლებზეც რეჟისორი თავის ფილმებში ლაპარაკობს. საგანგებო აღნიშვნის ღირსია მსახიობ ლუკა კანკავას ძალდაუტანებელი, მომხიბვლელი არტისტიზმი და იუმორის გრძნობა, რაც მისი პერსონაჟის ბუნების ნაწილიც ხდება. გაუსაძლისი ყოფის და სიყვარულის დანაკლისის მიუხედავად, მისი გმირი არ არის დაცლილი ადამიანებისადმი თანაგანცდისგან, მათი სისუსტეების მიმღებლობისგან, ის გახსნილია სამყაროსადმი და მომავალს იმედით უყურებს.
ფილმმა 74-ე ბერლინალეზე საუკეთესო სამსახიობო ანსამბლისათვის TEDDY Jury Award დაიმსახურა!
“გზაჯვარედინზე “ ქართული, შვედური, ფრანგული, დანიური, თურქული კოპროდუქციაა. ფილმი 22 მარტს შვედეთის კინოთეატრებში გამოვა. მიუხედავად საერთაშორისო წარმატებისა, საქართველოს მთავრობამ და პროპაგანდისტულმა ტელეარხებმა ფილმის წინააღმდეგ გაილაშქრეს და ჰომოფობიური განცხადებები არ დაიშურეს. ფილმის ქართველი პროდიუსერების მიმართ კი სიძულვილის ენა გამოიყენეს. საქმე გვაქვს აშკარა ცენზურასთან.
ქართული თანამედროვე ხელოვნება ცენზურის საფრთხის ქვეშ არის. სწორედ ამიტომ, საქართველოს 450 კინემატოგრაფისტი კულტურის სამინისტროს დაქვემდებარებაში არსებულ ეროვნულ კინოცენტრს ბოიკოტს უცხადებს.
ქართული კინოინსტიტუტი (GFI)
74-ე ბერლინალეს კინობაზრობაზე ახლახან დაარსებული ქართული კინოინსტიტუტი – Georgian Film Institute – (GFI) პირველად და დამაჯერებლად წარდგა საერთაშორისო კინოსაზოგადოების წინაშე. GFI-მ ბერლინალეს პროგრამის სხვადასხვა სექციებში ორი ქართული ფილმი წარადგინა: ლანა ღოღობერიძის „დედა-შვილი, ან ღამე არ არის არასოდეს ბოლომდე ბნელი” და ლევან აკინის “გზაჯვარედინზე”.
„ქართულმა კინოინსტიტუტმა ასევე წარადგინა დასრულების ეტაპზე მყოფი 54 პროექტი: მხატვრული მოკლემეტრაჟიანი, სრულმეტრაჟიანი, დოკუმენტური – ქართული თუ სხვა ქვეყნებთან თანაწარმოების პროცესში არსებული ფილმები.
ქართული კინოინსტიტუტის წევრები არაერთი პანელის თუ დისკუსიის სტუმრები, წამყვანები და მოდერატორები იყვნენ.
მონაწილეები: ლანა ღოღობერიძე, ბასელ ადრა და იუვალ აბრამი – წლევანდელი ბერლინალეს გამარჯვებულები საუკეთესო დოკუმენტური ფილმისთვის “No Other Land” და ისრაელელი რეჟისორი ალონ შაჰა.
ქართველი კინოკლასიკოსის საპრემიერო ჩვენება
საკულტო კინოთეატრ “არსენალის” სავსე დარბაზში ლანა ღოღობერიძის „დედა-შვილი, ან ღამე არ არის არასოდეს ბოლომდე ბნელი” დოკუმენტური ფილმით ბერლინალეს ყველაზე საინტერესო და განსხვავებული სექცია – “ფორუმი” გაიხსნა. მაყურებელმა ფილმი ძალიან ემოციურად მიიღო. ჩვენების შემდეგ გაიმართა რეჟისორთან შეხვედრა.
რთულია გამიჯნო ფილმიდან მიღებული ემოცია და ის შთაბეჭდილება, რომელიც ჩვენების შემდეგ ავტორთან გამართულმა შეხვედრამ დატოვა: ოთხმოცდათხუთმეტი წლის რეჟისორი ქალი, რომელიც პირადად ჰყვება თავისი დღემდე გაუნელებელი განცდის შესახებ, თავად არის საუკუნის განმავლობაში საბჭოეთში განვითარებული დრამატული ისტორიის ნაწილი. ეს შეხვედრა დამსწრეთათვის ისტორიასთან შეხების ერთიან ემოციურ გამოცდილებად იქცა.
“მოუთვინიერებელი ქართული კინო”
დიდი დაინტერესება გამოიწვია ბერლინელი სინეფილების საყვარელ Wolf Kino-სა და GFI-ს თანამშრომლობით მოწყობილმა ქართული ფილმების ჩვენებების ციკლმა, სახელწოდებით “მოუთვინიერებელი ქართული კინო”, რომლის ფარგლებში ნაჩვენები იყო როგორც 1930 წელს გადაღებული ნუცა ღოღობერიძის ფილმები: “ბუბა” და “უჟმური”; ოთარ იოსელიანის: „იყო შაშვი მგალობელი“, ასევე თანამედროვე ქართული ფილმები: მარიამ ჭაჭიას და ნიკ ვოიგთის – „ჯადოსნური მთა“, ლუკა ბერაძის – „ღიმილიანი საქართველო“ და სალომე ჯაშის – “მოთვინიერება”.
სწორედ ამ ფილმების ავტორებს ესხმის თავს საქართველოს კულტურის სამინისტრო, აუქმებს მათ კინოჩვენებებს და ხელს უწყობს საზოგადოებაში მათ მიმართ სიძულვილის ენის დამკვიდრებას, რეჟისორებს, მსახიობებს და მათ ნამუშევრებს კრიტიკული აზრის გამოხატვის და რეალობაზე რეფლექსირების გამო შეურაცხყოფას აყენებს.
სწორედ ამიტომ საქართველოს 450 კინემატოგრაფისტი ბოიკოტშია!
“მოუთვინიერებელი ქართული კინოს” ჩვენებების ფარგლებში, 17 თებერვალს ქართული ინსტიტუტის და Wolf Kino-ს მიერ მოწყობილ საღამოზე – “ტალანტი ფოკუსში”, სოსო ბლიაძის ფილმის, “ჩემი ოთახის” ჩვენების შემდეგ, გაიმართა შეხვედრა მსახიობ თაკი მუმლაძესთან.
European Shooting Star – ევროპელი ამომავალი ვარსკვლავი
წელს 74-ე ბერლინალეს “ევროპელი ამომავალი ვარსკვლავის” ჯილდო ქართველ მსახიობ სალომე დემურიას გადაეცა. “ევროპელი ამომავალი ვარსკვლავის” წოდება მსახიობს საშუალებას აძლევს ევროპულ კინოინდუსტრიაში საკუთარი ადგილი დაიმკვიდროს. ყოველწლიურად ეს ჯილდო სხვადასხვა ქვეყნის ათ მსახიობს გადაეცემა. წინა წლებში ის ქართველმა მსახიობებმა – ლევან გელბახიანმა და ირაკლი კვირიკაძემ დაიმსახურეს. კანდიდატის წარდგენის უფლება მხოლოდ სახელმწიფო სტრუქტურას, ამ შემთხვევაში ეროვნულ კინოცენტრს ეკუთვნის.
წელს საქართველოს ეროვნული კინოცენტრის კანდიდატი მაყურებლის საყვარელი ფილმის, “ჩემი ოთახის” ვარსკვლავი, ფილმის თანასცენარისტი და კარლოვი ვარის საერთაშორისო ფესტივალის გამარჯვებული საუკეთესო მსახიობი ქალის ნომინაციაში – თაკი მუმლაძე გახლდათ. ეროვნულმა კინოცენტრმა, ყოველგვარი ახსნა-განმარტების გარეშე, მისი კანდიდატურა მოხსნა და ჯილდოზე სალომე დემურია წარადგინა ფილმში “ანტიკვარიატი” შესრულებული როლისთვის, მიუხედავად იმისა, რომ ფილმი წარმოების ეტაპზეა და ჯერ არც კინემატოგრაფისტებს უნახავთ და არც მაყურებელს. რამდენადაც სასიხარულოა სალომე დემურიას დაჯილდოება და (efp) ევროპული ფილმების განვითარების გაერთიანების მიერ მისი გამორჩევა, იმდენად მიუღებელია კოლეგიალურობის, პროფესიული ეთიკის და მორალური პრინციპების უგულებელყოფის ფაქტი, რომ აღარაფერი ვთქვათ, ეროვნული კინოცენტრის მხრიდან მაყურებლის და საზოგადოების უპატივცემულობაზე. გამოდის, რომ დღეს საქართველოში მსახიობების ბედს ძალაუფლების მქონე ჩინოვნიკები წყვეტენ, თუნდაც ისეთი, როგორიც ბოიკოტში მყოფი კინემატოგრაფისტებისადმი მტრულად განწყობილი კულტურის მინისტრის მოადგილეა, რომელიც შეთავსებით ეროვნული კინოცენტრის დირექტორის მოვალეობის შემსრულებელიც არის და efp-ში საქართველოს წარმომადგენელიც.
სწორედ ამიტომ საქართველოს 450 კინემატოგრაფისტი ბოიკოტშია!
ორიოდე სიტყვა ჩინოვნიკებზე და მათ ხელში ჩავარდნილ საქართველოს ეროვნულ კინოცენტრზე.
მიუხედავად მრავალრიცხოვანი დელეგაციისა და “ნოვო-რიშული” გაქანებისა, ეროვნული კინოცენტრის ( GNFC) სტენდი და მისი წარმომადგენლები ევროპულ კინობაზრობაზე (EFM) – “აუტსაიდერებად” გამოიყურებოდნენ. ევროპული კინობაზრობის პლატფორმაზე დიდი ყურადღება ექცევა თანამედროვე საავტორო კინოს, პროგრესულ, ნოვატორულ და ექსპერიმენტულ იდეებს, კინოს, რომელიც ასახავს სოციალურ, პოლიტიკურ, ეკონომიკურ თუ ინდივიდის პირად პრობლემებს. ამ კონტექსტში GNFC-ის სტენდი, უფრო სწორად, დახლი, როგორც საქართველოს კულტურის მინისტრი იტყოდა, სრულიად ამოვარდნილი იყო ფესტივალის ბაზრობის კონტექსტიდან. სტენდზე მხოლოდ ქართული კინოკლასიკის ვარსკვლავების აფიშები იყო წარმოდგენილი, თითქოს უკანასკნელი 30 წლის მანძილზე ქართული კინო დიდების პანთეონში განისვენებდეს და ახალი, თანამედროვე ქართული ფილმები საერთაშორისო ასპარეზზე აღიარებული არ იყოს. ამ აღიარებაზე A კლასის ფესტივალებზე მოპოვებული უამრავი ჯილდოც მეტყველებს.
როგორც საზოგადოებისთვის უკვე ცნობილია, კინოცენტრმა ბერლინალეზე წასაყვანად ათობით ადამიანს გაუფორმა შრომითი ხელშეკრულება და ამით კინოწარმოების ისედაც მწირი ბიუჯეტი კიდევ უფრო გააღარიბა.
პროპაგანდისტული არხების ჟურნალისტების გარდა, ეროვნულმა კინოცენტრმა თავის გარშემო ისეთი “ექსპერტები” და “ექსპორტის სპეციალისტები” შემოიკრიბა, რომელთა უმრავლესობას არანაირი წარმოდგენა არა აქვს საქართველოში საავტორო კინოს განვითარების საჭიროებებზე. ეროვნულმა კინოცენტრმა უცხოელ პარტნიორებთან ერთად კინოს პოლიტიკის შემუშავების შესაძლებლობა უგულებელყო და სახელმწიფო ბიუჯეტის ხარჯზე მმართველი ხელისუფლების ქომაგი რეჟისორების კერძო პროექტების განვითარებას შეუწყო ხელი.
სწორედ ამიტომ საქართველოს 450 კინემატოგრაფისტი რჩება ბოიკოტში!
მიუღებელია თავად იმ კინემატოგრაფისტების საქციელი, ვინც ამგვარ ვითარებას მშვიდად ეგუება და სათავისოდ იყენებს. ჩვეულ კონფორმიზმში ჩაძირულები, არაერთი მაღალბიუჯეტიანი ფილმის ავტორები, ისინი წლიდან წლამდე ფინანსდებიან ეროვნული კინოცენტრიდან და მშვიდად ეგუებიან იმ ფაქტს, რომ ქართული საავტორო კინოს განვითარების შეფერხება და სექტორში მორალური ღირებულებების დაცემა სწორედ მათი ქმედებების შედეგი იქნება და არა იმ ახალგაზრდების, ვინც არ ეგუება უსამართლობას და ბოიკოტის რეჟიმში რჩება. ამ ახალგაზრდების უმეტესობას მხოლოდ თითო დაბალბიუჯეტიანი, მოკლემეტრაჟიანი ან სადებიუტო ფილმი აქვს გადაღებული და რომ არა მეგობრების დახმარება, ამ პროექტების დასრულებაც შეუძლებელი იქნებოდა, ბიუჯეტის სიმცირის გამო.
ეროვნული კინოცენტრი, როგორც საჯარო ინსტიტუცია, საქართველოს თითოეული კინემატოგრაფისტისთვის თანაბრად უნდა იყოს ხელმისაწვდომი, მიუხედავად მათი ნაციონალობის, პოლიტიკური შეხედულების, მრწამსისა თუ სექსუალური ორიენტაციისა! ხელოვნება ცოცხალი, დამოუკიდებელი და პოლიტიკურია!
“ყვავილები არ არიან ჩუმად” – Flowers Are Not Silent – დასკვნითი საღამო, რომელმაც შეკითხვები არ დატოვა და კინოს, პოეზიის და მუსიკის მეშვეობით მოჰყვა საქართველოს ბრძოლისა და გადარჩენის ისტორიას.
20 თებერვალს ბერლინის ფრანგულ სახლში ქართული კინოინსტიტუტის მიერ მოწყობილი საღამო გაიმართა, რომელიც პირველ რეჟისორ ქალს, საბჭოთა რეჟიმის მიერ რეპრესირებულ ნუცა ღოღობერიძეს მიეძღვნა. მსოფლიოში აღიარებულმა მევიოლინემ ლიზა ბათიაშვილმა და ახალგაზრდა, ნიჭიერმა პიანისტმა გიორგი გიგაშვილმა ვაჟა აზარაშვილის და გია ყანჩელის ნაწარმოებები შეასრულეს.
ლანა ღოღობერიძე, ლიზა ბათიაშვილი, გიორგი გიგაშვილი და ქართული კინოინსტიტუტის წევრები