fbpx

მარჯან ქამალი – „საკანცელარიო მაღაზია თეირანში“


გააზიარე სტატია

 

ავტორი: სესილი ერაგია

 

XXI საუკუნეში სულ უფრო რთული ხდება სიყვარულზე წერა. ავტორი, რომელიც მრავალრიცხოვანი და ინტელექტუალური მკითხველის ყოლას ესწრაფვის, არაერთი დაბრკოლების წინაშე აღმოჩნდება. მწერალმა თავი უნდა დააღწიოს კლიშეებს, უარი თქვას ბანალურობასა და თითიდან გამოწოვილ სასიყვარულო ისტორიებზე; ამასთანავე, შექმნას ორიგინალური ამბავი, რომელიც ემოციურობითა და სისავსით სამუდამოდ დაამახსოვრებს მკითხველს თავს. თანამედროვე ირანელ-ამერიკელმა მწერალმა, მარჯან ქამალიმ (დაბ. 1971) ამ ამოცანას უდავოდ წარმატებით გაართვა თავი. 

2019 წელს გამოქვეყნებული რომანი – „საკანცელარიო მაღაზია თეირანში“, რომელიც შესანიშნავად თარგმნა ქართულად თეონა ბითაძემ, ახლახან გამოსცა ქარჩხაძის გამომცემლობამ. 

ეს რომანი სიყვარულზე მოგვითხრობს. სიყვარულზე, რომელიც ქაოსით მოცულ რევოლუციურ ირანში აღმოცენდა და უცნაური ბედი ერგო. 

როია არკერი წიგნებზე შეყვარებული გოგონაა. თავისუფალ დროს ქალაქში მდებარე საკანცელარიო მაღაზიას მიაშურებს ხოლმე, ძველი წიგნების სუნს შეისუნთქავს და სპარსულ პოეზიას კითხულობს. ეს ძველი, ბინდბუნდში გახვეული მაღაზია ერთგვარი თავშესაფარია მისთვის, საიდუმლო კარი, რომელშიც შესვლის შემდეგ ქრება დემონსტრაციები, პროკლამაციები, ყველაფერი, რაც ბობოქარ და მღელვარე სამშობლოს აგონებს. 

1953 წელია. ირანული საზოგადოება დანაწევრებულია მოსადეყის მომხრეებად, შაჰის მხარდამჭერებად და კომუნისტებად. როიას ოჯახი ქალთა ემანსიპაციის, რეფორმების მომხრეა, მეტიც, როიას მამისთვის განათლება რელიგიაა, ხოლო დემოკრატია – ოცნება. ამ დროს კი ირანული წეს-ჩვეულებები ქალისგან სამაგალითო ქცევას მოითხოვს, აიძულებს ჰიჯაბის ტარებას და იმ უთვალავი აკრძალვისგან მოქსოვილ ბადეში ცხოვრებას, რომლებიც არათუ ფრთების გაშლის, არამედ სრულფასოვნად არსებობის საშუალებასაც არ იძლევა. ჰორიზონტზე მშველელად მოჰამედ მოსადეყი ჩანს – ირანის პირველი მინისტრი, რომელიც იბრძვის ქვეყნის უკეთესი მომავლისთვის. 

ასლან ბაჰმანი იმპულსური და თამამი ახალგაზრდაა, რომელიც მინისტრის მხარდასაჭერ პროკლამაციებს ავრცელებს და „სამყაროს შეცვლა“ სურს. ბაჰმანი მაღაზიის ხშირი სტუმარია, მას რუმის ლექსები მოსწონს. 

სიყვარული, როიას თქმით, თავში ხის დაცემას ჰგავდა და ალბათ, ეს უცნაური შედარება, ზუსტად გამოხატავს ქალ-ვაჟს შორის წარმოქმნილ გრძნობას. საკანცელარიო მაღაზია იქცა წყვილის შეხვედრის ადგილად, ხოლო გამყიდველი ფახრი – მათ მთავარ მესაიდუმლედ. 

„ეს სიყვარული ლივლივებდა კალიფორნიაში, კოლეჯის საცხოვრებლის ხეთა ტოტებში, ნიუ-ინგლენდის ღრუბლებში და იმ გულწითელა ღაბუა ჩიტში ბინადრობდა, ზამთრობით გულიანად რომ გააბამდა ხოლმე ჭიკჭიკს. ეს სიყვარული ყველგან იყო. ყველაფრის მიუხედავად.“ 

ირანში მტკიცედ სწამთ, რომ თითოეულ ადამიანს თავისი ბედი წინასწარ დააწერეს შუბლზე დაბადებისას. ნაწერს კი ადამიანები ვერ ხედავენ, ვერ კითხულობენ, თუმცა ცხოვრება სწორედ უხილავი მელნით დაწერილი ბედის მიხედვით მიედინება. ქალბატონი ბაჰმანის თქმისა არ იყოს, სიყვარულის გვირაბები ვიწრო და დაგრეხილია, თავად სიყვარული კი მერყევი, თავისი დანაკარგებით. 

როია და ბაჰმანი სწორედ იმ დასავლური რომანების გმირებს ჰგავდნენ, რომლებზედაც ამდენს კითხულობდნენ. იქნებ ნამდვილი სიყვარულის ადგილი, მართლაც, მხოლოდ წიგნებში იყო? წიგნებსა და მოგონებებში… 

ვფიქრობ, უსამართლობა იქნება, მკითხველი, რომელსაც „საკანცელარიო მაღაზია თეირანში“ არ წაუკითხავს, მეტად ჩავახედოთ ამ თავბრუდამხვევ და ქარტეხილებით სავსე ისტორიაში. ტექსტში არ არიან მეორეხარისხოვანი პერსონაჟები, თითოეული მოქმედი გმირი თავისებურად საინტერესო და დამაფიქრებელია. მათგან კი ხაზგასმით აღნიშვნის ღირსია შადრევანთან მომლოდინე, წითლად შემოსილი ხნიერი ქალი, რომელიც, როგორც ბედისწერა, რამდენიმეჯერ კრთება რომანის ყველაზე დრამატულ სიტუაციებში. 

„დრო მხოლოდ წინ კი არ მიდის, არამედ წრიულად მიედინება და ისევ თავის თავს უბრუნდება. არ არსებობს წარსული, აწმყო და მომავალი.“ 

„საკანცელარიო მაღაზია თეირანში“ ერთი ამოსუნთქვით წასაკითხ წიგნთა სიაში საპატიო ადგილს დაიკავებს, რადგან საოცრად მიმზიდველი და ლამის დეტექტიური სიმძაფრით დაწერილი რომანი ატყვევებს მკითხველს, მთლიანად იპყრობს მის გონებასა და ფიქრებს. 

მთავარი სიუჟეტური ხაზის პარალელურად სხვა პერსონაჟები ჩნდებიან – ნესვის გამყიდველი ქალიშვილი, ყმაწვილი ალი, მარტოსული კლერი… ისინი განიცდიან, უყვართ, ინტრიგებს ხლართავენ და საკუთარი ცხოვრებით ცხოვრობენ, ყველა მათგანი კი უხილავი სიმებით უკავშირდება ერთმანეთს და, საბოლოოდ, მოულოდნელ ფინალს უმზადებს მკითხველს. 

და მაინც – იქნებ ბედისწერა არაფერ შუაშია? იქნებ ბედისწერა ადამიანებმა მოიგონეს, თავიანთი უმოქმედობისა და უნიათობის დასაფარად? ვინ იცის… 


მიიღე ყოველდღიური განახლებები!
სიახლეების მისაღებად მოგვწერეთ თქვენი ელ.ფოსტა.