fbpx

სასუოლოდან იუვენტუსამდე


გააზიარე სტატია


ავტორი: აჩიკო ბენაშვილი

 

ევროთასებზე შესვენებების დროს, შუა კვირა გადატვირთულია ხოლმე ეროვნული ჩემპიონატების თუ სათასო მატჩებით. 

„ნაპოლიმ“ სერია A-ს გამოტოვებულ შეხვედრაში, გასვლაზე ანგარიშით 6:1 გაანადგურა საწყალობელ მდგომარეობაში მყოფი „სასუოლო“, რომელიც ახალი ანტირეკორდის დამყარებამდე, ამ უკანასკნელ ხანს, ოთხ გოლზე ნაკლებს არ უშვებდა ხოლმე. 

საინტერესოა, რომ ანგარიში „სასუოლომ“ გახსნა, მაგრამ დაწინაურების შემდეგ მის ფეხბურთელებს „ნაპოლის“ კარის სიახლოვეს სახიფათოსთან ოდნავ მიმსგავსებული ეპიზოდიც კი არ შეუქმნიათ.

თუკი თვალს მატჩის ამსახველ სტატისტიკურ მონაცემებს გადავავლებთ, ხვიჩა კვარაცხელიამ დუბლი შეასრულა და საგოლე გადაცემა მიითვალა, ხოლო ოსიმენმა კი საგოლე გადაცემა ჰეთთრიკს მოაყოლა.

მიუხედავად იმისა, რომ ხვიჩამ ბოლო სამ გოლში მიიღო უშუალო მონაწილეობა, როდესაც მატჩის ბედი უკვე გადაწყვეტილი იყო, ევროპის არაერთი წამყვანი საფეხბურთო გამოცემის მხრიდან ქართველმა ფორვარდმა თანაგუნდელთაგან საუკეთესო შეფასება დაიმსახურა. 

გოლები ხვიჩას მოხდენილი მოძრაობით, მცველების გვერდის ავლით და შორეულ კუთხეში აუღებელი დარტყმით, საკუთარ სტილში გამოუვიდა. 

უფრო დასამახსოვრებელი მეორე ბურთი იყო, როდესაც მარჯვენა ფეხით უძლიერესი დარტყმა „ნაპოლის“ ქართველ შემტევს მცველისგან ასხლეტით უკან დაუბრუნდა და საგოლე დარტყმა მან მყისვე, უკვე მარცხენა ფეხით შეასრულა.

„ნაპოლის“ შესანიშნავ გასვლით მოგებას ეშხს მხოლოდ „სასუოლოს“ განსაკუთრებული სისუსტე უკარგავდა და ამიტომ იტალიის სერია A-ს მოქმედ ჩემპიონს გულშემატკივართა წინაშე ნამდვილი გამოცდა უკვე ტურინის „იუვენტუსთან“, უიკენდის ცენტრალურ მატჩში ელოდა. 

„სასუოლოზე“ კი გაკვირვებით შეიძლება აღვნიშნოთ, რომ ეს ის გუნდია, რომელმაც სეზონის დასაწყისში „იუვენტუსის“ და რაც მთავარია, გასვლაზე თვით მილანის „ინტერის“ დამარცხება შეძლო, რომელიც მას შემდეგ ქვას ქვაზე არ ტოვებს, „სკუდეტო“ პრაქტიკულად განაღდებული აქვს და ჩემპიონთა ლიგის მოგების რეალური პრეტენდენტია.  

„ინტერი“, რომელმაც „სასუოლო“ -„ნაპოლის“ პარალელურ მატჩში „ატალანტა“ ანგარიშით 4:0 გაანადგურა, წლეულს იტალიის თასის ასპარეზობას „ბოლონიასთან“ შეხვედრაში დაემშვიდობა. 

ინგლისის ასოციაციის თასისთვის ბრძოლაში კი ერთბაშად რამდენიმე წამყვანი გუნდი იბრძვის. 

„მანჩესტერ სიტიმ“ პრემიერლიგის ერთ-ერთი აუტსაიდერი „ლუტონი“ ანგარიშით 6:2 დაამარცხა და ამ მატჩში ერლინგ ჰალანდმა ხუთი ბურთის გატანა მოახერხა. 

პეპ გვარდიოლას გუნდს არც ინგლისის ლიგის თასის ამჟამინდელი მფლობელი „ლივერპული“ ჩამორჩა, რომელმაც „საუთჰემპტონს“ ასევე დიდი ანგარიშით -3:0  მოუგო.

მეოთხედფინალებიდან ყველაზე საინტერესო „მანჩესტერ იუნაიტედი“ – „ლივერპულის“ და „მანჩესტერ სიტი“ –„ნიუკასლის“ წყვილებია და ეს შეხვედრები 16 მარტს ჩატარდება. 

ესპანეთში კი თასის ფინალისტები უკვე გამოვლინდნენ. 

როდესაც ბილბაოს „ატლეტიკმა“ პირველ ნახევარფინალურ მატჩში მადრიდის „ატლეტიკო“ გასვლაზე ანგარიშით 1:0 დაამარცხა, ფეხბურთის მოყვარულები საპასუხო შეხვედრაში სასეირო სანახაობისთვის მოემზადნენ, მაგრამ იმედი გაუცრუვდათ, რადგან დიეგო სიმეონეს გუნდს თურმე არ შესწევს ბასკური კლუბისთვის წინააღმდეგობის გაწევის უნარი, რაზეც მათი წლევანდელი დაპირისპირებების სტატისტიკა მეტყველებს. 

პირველ ნახევარფინალურ შეხვედრაში მარცხს გარკვეულწილად „ატლეტიკოს“ ფეხბურთელთა გადაღლას მიაწერდნენ მადრიდის „რეალის“ წინააღმდეგ ზედიზედ ჩატარებული სამი დაპირისპირების გამო, რომლებშიც „ატლეტიკომ“ დადებით ბალანსს სწორედ „სამეფო კლუბის“ თასის ასპარეზობიდან გაგდებით მიაღწია. 

უკანასკნელი პაექრობა კი ბილბაოელ ძმებ უილიამსების ბენეფისად იქცა, რომელთაც აიკლეს მადრიდელთა დაცვითი ხაზი და როგორც გოლებით, ისე საგოლე გადაცემებით გამოიჩინეს თავი. 

სტუმრები ამ გოლების საპასუხოდ იძულებულნი იყვნენ, მთელი მატჩი შეტევაში გაეტარებინათ, მაგრამ ბილბაოელთა დაცვითი ზღუდეების გარღვევას ისინი ვერ ახერხებდნენ და მოედანი ისე დატოვეს, რომ ხიფათი მასპინძელთა კართან პრაქტიკულად არც შეუქმნიათ.

ამგვარად, „ბილბაომ“ წლეულს მშრალი ანგარიშით უკვე სამჯერ მოუგო „ატლეტიკოს“ – ესპანეთის ჩემპიონატში 2:0, ხოლო თასზე კი 1:0 და 3:0. 

ფინალი საკმაო ალბათობით ბასკური უნდა ყოფილიყო, მაგრამ ასე არ ისურვეს „მალიორკას“ ფეხბურთელებმა, რომელთაც პენალტების სერიაში ხუთივე დარტყმა თავხედურად, „სოსიედადის“ მეკარე ალექს რემიროსაგან მარცხენა კუთხეში შეასრულეს. 

მეკარემ მხოლოდ ბოლო დარტყმის კუთხე გამოიცნო, მაგრამ ბურთს ვერ მისწვდა. „სოსიედადი“ კი გუნდის კაპიტანმა ოიარზაბალმა გასწირა, რომელმაც სერიის პირველივე პენალტი „ლევანდოვსკის სტილში“ გაანიავა…    

უიკენდზე ესპანეთის კოპა დელ რეი უკვე ჩემპიონატის მატჩებმა ჩაანაცვლა, რომელთაგან განსაკუთრებულ ინტერესს „ვალენსიასა“ და „რეალის“ დაპირისპირება იწვევდა.

შეხვედრა ფრედ 2:2 დასრულდა და გიორგი მამარდაშვილმაც საკმაო წვლილი გაიღო ამ შედეგის დაფიქსირებაში. 

თუმცა, თამაშის ნებისმიერი საინტერესო ეპიზოდი დაჩრდილა მსაჯის საფინალო სასტვენის ხმასთან ერთად „რეალის“ მიერ გატანილმა მესამე ბურთმა, რომელიც ბუნებრივია, რომ არ ჩაითვალა…

სტაჟიან გულშემატკივრებს ამ დროს გაახსენდებოდათ 1978 წლის მსოფლიო ჩემპიონატის ცნობილი ეპიზოდი, როდესაც პირველი ტაიმის უკანასკნელ წუთზე ბრაზილიელი ზიკოს მიერ კუთხურიდან ჩაწოდებულ ბურთს გოლი მოჰყვა შვედეთის ნაკრების კარში, რომელიც მსაჯმა არ ჩათვალა ბურთის ადრესატთან მიღწევამდე დროის ამოწურვის გამო. 

მაგრამ ამჟამად მსაჯები თუნდაც მცირეოდენი შესაძლო გამწვავების დაშვების შემთხვევაშიც კი მატჩს არ ამთავრებენ და საფინალო სასტვენს არ მიმართავენ, სანამ ბურთი აუტში არ გადავარდება, ან მოედნის ცენტრში თამაში არ „ჩაკვდება“ ერთ-ერთი ან ორივე გუნდის ძალისხმევით.

ინგლისის პრემიერლიგის მორიგ ტურში ცენტრალური მოვლენა მანჩესტერული დერბი იყო, რომელშიც „სიტიმ“ მართალია, გაუშვა პირველი ბურთი, მაგრამ შემდეგ ფოდენის დუბლით და ჰალანდის გოლით სამჯერ დაასაჩუქრა მეტოქე და ანგარიშით 3:1 გაიმარჯვა.

გიორგი მიქაუტაძემ კი სულ რაღაც ორიოდე წუთი მოანდომა „ნანტის“ გაცამტვერებას საფრანგეთის ლიგა I-ის მისი გუნდისთვის უმნიშვნელოვანეს შეხვედრაში. 

ქართველმა ფორვარდმა მატჩის 58-ე წუთზე პენალტით დააწინაურა „მეცი“, შემდეგ კი საგოლე გადაცემა შეასრულა პარტნიორის მისამართით, რომელმაც საბოლოო ანგარიში 2:0 დააფიქსირა გასავარდნ ზონაში მყოფი დებიუტანტის სასარგებლოდ. 

ტურინის „იუვენტუსის“ წინააღმდეგ უიკენდის უმნიშვნელოვანეს მატჩში კი გამოჩნდა, რომ „ნაპოლის“ შესანიშნავი ახალი მწვრთნელი ჰყავს და მის ხელში გუნდმა შეიძლება ჩემპიონთა ლიგაზე „ბარსელონას“ ბარიერიც დასძლიოს.

ხვიჩა კვარაცხელიამ დიდებული გოლით დააწინაურა საკუთარი გუნდი „ბებერ ქალბატონთან“ შეხვედრაში, რომელიც საბოლოოდ „ნაპოლიმ“ ანგარიშით 2:1 მოიგო.

ეს გამარჯვება იმითაცაა მნიშვნელოვანი, რომ მან იტალიის მოქმედ ჩემპიონს მიანიჭა სერია A-ს გათამაშების ბოლომდე დარჩენილ შვიდ ტურში მეოთხე ადგილზე მყოფ „ბოლონიასთან“ არსებული რვაქულიანი ჩამორჩენის ამოქაჩვის სტიმული, რისი შესრულებაც მას ჩემპიონთა ლიგის მომავალი წლის საგზურს მოუტანს. 


მიიღე ყოველდღიური განახლებები!
სიახლეების მისაღებად მოგვწერეთ თქვენი ელ.ფოსტა.