fbpx

“ლურჯი მოცვი” – ელენე მიქაბერიძის დოკუმენტური ფილმის მსოფლიო პრემიერა კოპენჰაგენში


გააზიარე სტატია

ელენე მიქაბერიძის სრულმეტრაჟიანი დოკუმენტური ფილმის, “ლურჯი მოცვის” მსოფლიო პრემიერა 2024 წლის 19 მარტს კოპენჰაგენის საერთაშორისო დოკუმენტური ფილმების ფესტივალის, CPH:DOX-ის საკონკურსო სექციის – Next:Wave Competition-ის ფარგლებში გაიმართება.

CPH:DOX 2003 წელს დაარსდა და დღეს მსოფლიოს ერთ-ერთი ყველაზე მასშტაბური დოკუმენტური კინოფესტივალია. ფესტივალის მიზანია ხელი შეუწყოს დამოუკიდებელი, შემოქმედებითი დოკუმენტური და ექსპერიმენტული კინოს განვითარებას.

ტექნიკური აღწერა: მწარმოებელი კომპანია – პარაშუტ ფილმსი. 75 წთ. / ფერადი / ქვეყნები: საქართველო, საფრანგეთი, ბელგია, კატარი / ენა: ქართული

ყოფილი ინჟინერი სოსო და დიასახლისი ნინო, თავიანთ შვილებთან – გიორგისთან და ლაზარესთან ერთად ზუგდიდში, დე ფაქტო საზღვართან ძალიან ახლოს საოჯახო სასტუმროსა და ფერმას უძღვებიან. შვილებისთვის უკეთესი მომავლის შექმნის მიზნით, სოსო და ნინო გადაწყვეტენ, ჩაერთონ სახელმწიფო პროგრამაში – “დანერგე მომავალი” და იპოთეკური სესხით მოცვის პლანტაცია  გააშენონ. ომის მოგონებებით დაქანცული დედის ოცნებებში გიორგი და ლაზარე მსოფლიოს გარშემო მოგზაურობენ, ხოლო მამისთვის მნიშვნელოვანია, რომ ბავშვებმა საკუთარ მიწასთან კავშირი შეინარჩუნონ. ბავშვებს კი სულ სხვა რამ აინტერესებთ. ოჯახის ყოველდღიურ ცხოვრებას, ბედნიერებას თუ უბედურებას მუდამ თან ახლავს ოცნება ახალი მომავლის შესაძლებლობაზე.

ფილმის შეფასება

“სითბოთი და დახვეწილი იუმორით გაჯერებული ფილმი ქართული ოჯახის წამოწყებაზეა: გააშენონ მოცვის პლანტაცია იქ, სადაც ისტორიული კონფლიქტი ჯერ კიდევ მძვინვარებს. ახალი ფილმი ძველი სამყაროდან, სადაც ოჯახის ორი ვაჟი განსხვავებულ მომავალზე ოცნებობს” – კინოფესტივალი CPH:DOX.

დამატებით ინფორმაცია

ფილმი საქართველოს კინემატოგრაფიის ეროვნული ცენტრის დაფინანსებით შეიქმნა. ფილმს ასევე მხარს უჭერენ:  საფრანგეთის და ბელგიის ეროვნული კინოცენტრები, დოჰას კინოინსტიტუტი, საქართველოს საზოგადოებრივი მაუწყებელი, RTBF ბელგიის ტელევიზია, ფრანგული მაუწყებელი TENK, Al Jazeera Documentary არხი, USAID სოფლის მეურნეობის პროგრამა საქართველოში და ფრიტ ორდის ფონდი.

 

მომუშავე / გადამღები ჯგუფი

  • მონაწილეობენ: ლაზარე მელაძე, გიორგი მელაძე, ნინო ტორჭინავა, სოსო მელაძე რეჟისორი: ელენე მიქაბერიძე
  • სცენარის ავტორი: ელენე მიქაბერიძე პროდიუსერი: ელენე მარგველაშვილი
  • კოპროდიუსერები: ბატისტ ბრუნერი, იზაბელ ტრუკი საპროდიუსერო კომპანია: Parachute Films
  • კოპროდიუსერული კომპანიები: Wide Productions (საფრანგეთი), Iota Production (ბელგია)
  • ოპერატორი: პატრიკ ვენდტი მონტაჟი: იანიკ ლეროი, ფილიპ ბუკი ხმის დამუშავება: მარკო პასკალ ხმის მიქსი: ჟორდან ტროლო
  • ფერების კორექცია: დამიან პელეწიე ბრანი, შარლ დებუშე, ნიკო ტარიელაშვილი

 

რეჟისორის ბიოგრაფია ელენე მიქაბერიძე

ელენე მიქაბერიძე 1988 წელს საქართველოში დაიბადა, თუმცა ცხოვრების ძირითადი ნაწილი ბრიუსელში გაატარა. მოპოვებული აქვს აღმოსავლეთ ევროპისა და კავკასიის მხარეთმცოდნეობის მაგისტრის ხარისხი, სწავლისას კი იკვლევდა ომის ასახვის გზებს ქართულ კინოში. 2016 წელს, საქართველოში დაბრუნების შემდეგ, იღებს ფილმებს და მუშაობს თბილისის საერთაშორისო კინოფესტივალის პროგრამის შექმნაზე. არის პროგრამების – Filmmakers for Peace, From Script 2 Film, EurasiaDOC, EAVE Change და BDC Discoveries კურსდამთავრებული.

 

ფილმოგრაფია

  • 2021 სუფთა ჯიში – 13’ დოკუმენტური ფილმი
  • 2018 მწარე გაკვეთილი – 6’ დოკუმენტური ფილმი

 

რეჟისორის კომენტარი

აფხაზეთში მოხვედრა სამჯერ შევძელი, რადგან იქ დღემდე ჩემი ბიძა და ბიძაშვილები ცხოვრობენ. სწორედ ჩემმა მოზარდმა აფხაზმა ბიძაშვილებმა და საკუთარმა ბავშვობამ შთამაგონა ამ ფილმის გადაღება – მინდა მოვყვე ამბავი იმაზე, თუ როგორ მოქმედებს კონფლიქტები ბავშვებსა და მათ წარმოსახვაზე.

მელაძეების ოჯახში, რომლებთანაც ერთად 2 წელზე მეტი გავატარე, ჩემი აფხაზი ბიძაშვილების მსგავსად, მოზარდი ძმები  – გიორგი (14) და ლაზარე (11) ყოველდღიურად აწყდებიან გაყინული კონფლიქტის რეალობას. მე ისინი ბავშვობიდან მოზარდობაში გადასვლის იმ განსაკუთრებულ მომენტში გავიცანი, როდესაც მნიშვნელოვანი კითხვების დასმა დაიწყეს საკუთარი ქვეყნის და გარემოს შესახებ. ამგვარად, ერთი ოჯახის მაგალითზე, თუ როგორ ცდილობენ ისინი მოცვის პლანტაციის გაშენებას ამ მყიფე მიწაზე, ვეცადე დამესვა ის კითხვები, რომლებიც წლების განმავლობაში დამებადა. ჩემი ფილმი იკვლევს იდენტობას, მოზარდობას და პოლიტიკას. ამბავი ასახავს, თუ როგორია იზრდებოდე არასტაბილურ ქვეყანაში და მაინც ოცნებობდე.

ბუნებას, განსაკუთრებით კი მოცვის პლანტაციის ზრდას, არსებითი როლი აქვს ფილმის ესთეტიკის განსაზღვრაში. მივყვებით ბუნების ზრდას და მოცვის აყვავებას, მის მოკრეფას, ჭკნობას და ხელახალ აყვავებას. სიტუაციების უმეტესობა ასტრიდ ლინდგრენის ისტორიებს მაგონებს: მართლაც, ლაზარე და გიორგი მუდამ თავგადასავლებით სავსე, უშიშარი და სპონტანური ცხოვრებით ცხოვრობენ და გვამოგზაურებენ თავიანთ ქალაქსა და ბუნებაში. თუმცა, ეს ფილმი მკაცრად არ გვიჩვენებს  ბავშვების თვალთახედვით დანახულ სამყაროს, უფრო მეტად მე ვიკვლევ მათ ქმედებებს და საპასუხო რეაქციებს.

 

PARACHUTE FILMS / საპროდიუსერო კომპანია პარაშუტ ფილმსი

“პარაშუტ ფილმსი” დამოუკიდებელი საპროდიუსერო კომპანიაა, რომელიც 10 წელზე მეტია, რაც საქართველოში მუშაობს და ადგილობრივი მუსიკალური სცენიდან და მრავალფეროვანი სუბკულტურებიდან იღებს შთაგონებას.

“ჩვენთვის ისტორიის განმავითარებელი მთავარი ძალა ავტორები და პერსონაჟები არიან, სწორედ ამიტომ, ვუფრთხილდებით თითოეულ ხმას და მათთან ერთად საერთაშორისო მაყურებლამდე ახალი პერსპექტივით დანახული ამბები მიგვაქვს.”

კინოსამყაროში “პარაშუტ ფილმსის” პირველი ნაბიჯი უბიუჯეტო მხატვრული ფილმი იყო, ახლა კი კომპანია აქტიურად აწარმოებს სრულმეტრაჟიან მხატვრულ და დოკუმენტურ ფილმებს, მათ შორის – საერთაშორისო კოპროდუქციის გზით. 2024 წლის მომავალ პროექტებს შორისაა სრულმეტრაჟიანი მხატვრული ფილმები – “აღარ შემიძლია” (რეჟისორები: კეკო ჭელიძე და კოტე კალანდაძე) და “ჰაერი ლურჯი აბრეშუმია” (რეჟისორი: ირინე ჟორდანია). პარაშუტ ფილმსის დასრულებული ფილმები:  “დრამერი” (რეჟისორი: კოტე კალანდაძე) და “მკვდარი სულების არდადეგები” (რეჟისორი: კეკო ჭელიძე) კი CAVEA+ სტრიმინგ პლატფორმაზეა ხელმისაწვდომი.

 

დასრულებული ფილმები:

  • 2024 ლურჯი მოცვი – 75′ დოკუმენტური – რეჟისორი: ელენე მიქაბერიძე* მსოფლიო პრემიერა CPH:DOX (დანია)
  • 2022 დრამერი – 85’ მხატვრული – რეჟისორი:კოტე კალანდაძე * მსოფლიო პრემიერა Festival Univercine Nantes (საფრანგეთი)
  • 2020 მკვდარი სულების არდადეგები – 67’ დოკუმენტური – რეჟისორი: კეკო ჭელიძე * მსოფლიო პრემიერა Hot Docs (კანადა)
  • 2016 Better Than Dog – 27’ დოკუმენტური – რეჟისორები: კოტე კალანდაძე, კეკო ჭელიძე * პრემიერა CineDOC Tbilisi (საქართველო)

მიიღე ყოველდღიური განახლებები!
სიახლეების მისაღებად მოგვწერეთ თქვენი ელ.ფოსტა.