fbpx

Craft Wine Restaurant – „კომუნალის” გუნდის მიერ შექმნილი სივრცე უნიკალური ღვინოების სელექციით


გააზიარე სტატია

ქართული კულინარიული და გასტრონომიული ტრადიციები საუკუნეებს ითვლის. და როდესაც ვსაუბრობთ ქართულ ტრადიციულ კულინარიაზე, მასში თავისთავად მოიაზრება კერძების და ღვინის ერთიანობა. ნებისმიერი ქვეყნის შემთხვევაში, კულინარიული ტრადიციები განსაკუთრებულ მნიშვნელობას მაშინ იძენს, როცა ის თანამედროვე ცხოვრების სტილის ნაწილად იქცევა. სწორედ ამ იდეის მატარებელია Craft Wine Restaurant, რომელიც თბილისში, ეგნატე ნინოშვილის 54 ნომერში მდებარეობს. რესტორნის კონცეფციასა და დიზაინზე კომპანია „კომუნალმა” იმუშავა. „კომუნალს” და მათ პროექტებს ჩვენი მკითხველი უკვე იცნობს, მაგრამ თუ გამოგრჩათ, გეტყვით, რომ კომპანია არაერთი გამორჩეული გასტრონომიული და სასტუმრო სივრცის შემქმნელია. „კომუნალის” ხედვა ქვეყნის კულტურული მემკვიდრეობის გააზრებით, მომხმარებლისათვის ახალი გამოცდილების შეთავაზებაა და სწორედ ეს მიდგომა აქცევს მის ყოველ სივრცეს განსაკუთრებულად.  

Craft Wine Restaurant-ის ძირითადი კონცეფცია ქართული, მცირე მარნებში შექმნილი ბუნებრივი ღვინოებია. სტუმრებს კი არჩევანის გაკეთება თბილისში ყველაზე დიდი და საინტერესო მენიუს წყალობით არ გაუჭირდებათ. გუნდი, რომელმაც  კონცეფციაზე იმუშავა, აღნიშნავს, რომ ღვინის ასეთი სელექცია არა მხოლოდ საკუთარი ბრენდისათვის ნიშის განსაზღვრაა, არამედ ქართული მეღვინეობის საუკეთესო მხარეების ჩვენებაც. ამ ყველაფერს ემატება უცხოური ბუნებრივი, ნიშური ღვინოები მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნიდან. ასე რომ, ასობით ქართული, სამხრეთ აფრიკული თუ ესპანური ღვინოები ნამდვილი თავგადასავალი და ახალი გამოცდილებებია მათი მოყვარულებისათვის. 

რესტორნის ინტერიერი  მეღვინეობის ტრადიციებით არის შთაგონებული და Craft-ის კონცეფციას ზუსტად გამოხატავს. აქ უამრავ რარიტეტულ და საარქივო ნივთს შეხვდებით. ინტერიერის განუყოფელი ნაწილია მომხმარებლების მიერ სხვადასხვა დროს შეკვეთილი ღვინის ცარიელი ბოთლები, რასაც დეკორატიულთან ერთად, სიმბოლური დატვირთვა აქვს. შეგვიძლია ვივარაუდოთ, რომ ინტერიერის ეს დეტალი Craft Wine Restaurant-ის და მისი სტუმრების მეგობრობის სიმბოლოა. 

რესტორნის კონცეფციის კიდევ ერთ მთავარ  ნაწილს ქართული სამზარეულო წარმოადგენს. თუმცა აქაც უნდა აღინიშნოს, რომ Craft-ის მენიუ ადგილობრივი ტრადიციული კულინარიის გადააზრებით არის შექმნილი. აქ ყველა გემოს აღმოაჩენთ – მენიუ აერთიანებს  კერძებს, რომლებიც ორიგინალური ინტერპრეტაციით, თანამედროვე სტანდარტების დაცვით და კულინარიული ხელოვნების გავლენით შექმნილი სერვირებით მიდის მომხმარებლამდე. 

მზარეულებთან საუბრისას ისინი აღნიშნავენ, რომ მათთვის უმთავრესი საწყისი კერძის მოსამზადებლად კარგი პროდუქტია, იქნება ეს ხორცი თუ ბოსტნეული. მათი მოძიების შემდეგ იქმნება კერძები, რომლებიც თანაბრად აღაფრთოვანებს ხორცის მოყვარულებს  თუ ვეგეტარიანელებს.

და, რა თქმა უნდა, Craft Wine Restaurant-ში ღვინო და კერძები სრულ ჰარმონიაშია, მათ შერჩევაში კი გამოცდილი გუნდი დაგეხმარებათ.  

Craft Wine Restaurant მომხმარებელს ასევე სთავაზობს ბრანჩის მენიუს, რომელიც ე.წ კერძების დაფის ფორმით არის წარმოდგენილი. ამ შემთხვევაში შესაძლებელია გაზიარების მეთოდი.

 და ბოლოს, აღსანიშნავია ისტორია, რომელსაც თავად Craft Wine Restaurant-ის შენობა ატარებს. რესტორანი მდებარეობს მე-19 საუკუნის ნაგებობაში, რომელშიც ცნობილი ფრანგი მწერალი – ალექსანდრე დიუმა ცხოვრობდა.  

Craft Wine Restaurant-ში მაგიდის დასაჯავშნად ეწვიეთ ბმულს

 

 


მიიღე ყოველდღიური განახლებები!
სიახლეების მისაღებად მოგვწერეთ თქვენი ელ.ფოსტა.