MMA – საბრძოლო ხელოვნება თუ ბრუტალური ძალადობა?!
ავტორი: ტატო ჩანგელია
ბოლო დროა ფეხის თითოეულ გადადგმაზე ისმის ხმები ქართველი სპორტსმენების წარმატებაზე, საკუთრივ მიზანში ილია თოფურია და მერაბ დვალიშვილი არიან, UFC-ის სუპერვარსკვლავები; ავტობუსის გაჩერებით დაწყებული და ბარით დამთავრებული ყველა სივრცე დანაღმულია ილია თოფურიას ნოკაუტისა და დვალიშვილის ჭიდაობის განხილვით. ამბავი მართლაც სასიხარულო და ისტორიულია – პირველად ჩვენი ქვეყნის ისტორიაში ქართველმა მებრძოლმა შერეული საბრძოლო ხელოვნების, MMA მსოფლიო ჩემპიონის სტატუსი მოიმკო, თანაც ისე უბრალოდ არა, დაამარცხა თავისი წონითი დივიზიონის (ქვემსუბუქი) ყველა დროის საუკეთესო მებრძოლი, ავსტრალიელი ალექსანდრ ვოლკანოვსკი, რომელსაც თავის მხრივ მოცემულ წონაში მარცხი არასდროს ჰქონდა ნაგემები. 2016 წლიდან კი ექვსი წლის განმავლობაში ქამარს ქამარზე იცავდა ყველაზე დაუნდობელი ბიჭების გალახვით. ქართველ-ესპანელმა მატადორმა კი კლასიკური მარჯვენით ლეგენდარულ მებრძოლს უთხრა – მოხუცების ადგილი აქ არ არის, და ახალი ეპოქის დაწერა დაიწყო.
დვალიშვილის ამბავიც არ არის პატარა, ამ გამარჯვებით, როგორც იქნა, მიიღო შანსი იბრძოლოს ქამრისთვის, ის თავის მხრივ მარტს დაელოდება და დიდი ალბათობით შუგასა და ჩიტოს შორის გამარჯვებულს დაუპირისპირდება. მერაბმა ამ გამარჯვებით UFC-ის წაუგებელი 10 ბრძოლა მოიგროვა, და ჩემთვის, როგორც მაყურებლისთვის, რაც გააკეთა ყველაზე მნიშვნელოვანი, ქართული ჭიდაობის დომინაციის დამტკიცება იყო. ჰენრი სეხუდო, დვალიშვილის მეტოქე, პატარა ბიჭი არავის ეგონოს, იმ თითზე ჩამოსათვლელ ხალხშია, ორი წონის ჩემპიონობა რომ აქვს, და ზურგს უმაგრებს ოლიმპიური ოქრო თავისუფალი სტილით ჭიდაობაში. დვალიშვილის შეუქცევადმა დრაივმა, მუდმივმა მოძრაობებმა და კონტროლმა, სეხუდოს ღდინი გამოაცალა, საბოლოოდ კი ოლიმპიური ჩემპიონი ტომარასავით გადაკიდებული ვიხილეთ ქართველი მებრძოლის მხარზე.
სიხარულის გარშემო სკეპტიკოსებიც არიან მოკრებილნი, რამაც კლასიკური საკითხი გააღვიძა: საერთოდ არის თუ არა სპორტი შერეული საბრძოლო ხელოვნება, ანუ MMA, ან უფრო სწორად: რამდენად რელევანტურია ამ სპორტის არსებობა ცივილიზებულ სამყაროში.
გავიხსენოთ რომაელი იმპერატორის, გაიუს ოქტავიანეს პოპულარული გამონათქვამი: მიეცით ხალხს პური და სანახაობა. პურის ამბავი იქით იყოს და, სანახაობას მივადგეთ – სანახაობაა ის, რაც აღძრავს, მათ შორის ისეთ მნიშვნელოვან ადამიანურ ფუნქციას, რაც ფიქრია, ხოლო სანახაობა ფიქრის გარეშე სპექტაკულარული ხასიათისაა, რა დროსაც სიამოვნება ადამიანის სენსუალურ, გრძნობად ველში იჭრება; ყველა დროში სუბიექტს სჭირდება გართობა, რათა თავი დააღწიოს ყოველდღიურობის სიძნელეებს, წამიერად დაივიწყოს პრობლემები და საზრუნავი, მოდუნდეს, გადაეშვას სივრცეში, სადაც მარტივია დაგროვილი აგრესიის განიავება. ასე დაიბადა სახალხო ხელოვნება, ასე დაიბადა სპორტი.
პოპულარული აზრის თანახმად, ადამიანი ბუნებით დადგენილი არსებაა, შესაბამისად, ის საწყისით მიდრეკილია ბრუტალური, ძალადობრივი აქტით ტკბობისკენ, თუმცა ეს აზრი გადახედვას საჭიროებს: სინამდვილეში ადამიანის გონება განუსაზღვრელია, ბოლომდე დაუდგენელი და გარე სამყაროსა და საარსებო სივრცის მიერ ჩამოყალიბებული. მიდრეკილება სისხლიანი სანახაობისადმი კი, სწორედ ისტორიის წიაღსვლებმა განსაზღვრეს. უკეთ საილუსტრაციოდ გავიხსენოთ ინკვიზიციის ჩანაწერები, რაზე დაყრდნობითაც მარტივად აღმოვაჩენთ, ეს არ იყო მხოლოდ დასჯა, სამართლებრივი მეთოდი, თავისი ეთიკური თუ ანთროპოლოგიური წესით, ეს იყო პირველ რიგში სანახაობა, დღესასწაული, რომელსაც უამრავი ხალხი ესწრებოდა. ფრანგი ფილოსოფოსი მიშელ ფუკო გილიოტინის მოხმარების ეტიმოლოგიის კვლევისას აღმოაჩენს: გილიოტინის გამოჩენამ, როგორც სადამსჯელო, საკუთრივ სწრაფი სიკვდილის მექანიზმმა, სამართლებრივი სიკვდილით დასჯის ახალი ეპოქა მონიშნა, რევოლუციამ კი მის გამოყენებას თეატრალური რიტუალის მნიშვნელობა შესძინა, ხოლო იმისთვის, რომ დასჯას სანახაობრივი ფუნქცია დაეკარგა, რომ ქცეულიყო სასამართლოსა და დამნაშავის საიდუმლოებად, გილიოტინის ჩაკეტილ სივრცეში გადატანა გახდა აუცილებელი. მაშ ასე, წესი ასეთია: ძალადობა, მით უფრო სასტიკი ნიშნებით დახუნძლული, ყოველთვის იმსახურებდა განსაკუთრებულ ყურადღებას.
დავრჩეთ რომის მიდამოებში და გავიხსენოთ გაიუს ოქტავიანეს საარჩევნო კამპანია. ზემოთ მოყვანილი გამოთქმა, სანახაობებს დახარბებული ბრბოს დევიზი იყო ძველ რომში, რაც იმპერატორმა სათავისოდ გამოიყენა, ის ხალხს უფასო პურს ურიგებდა, სანახაობას კი გლადიატორების ორთაბრძოლა წარმოადგენდა. რომის სამარკო ნიშანი – კოლოსეუმი, საბრძოლო მოედნის ფუნქციით ააშენეს, და ის 50000-ზე მეტ მაყურებელს იტევდა. ოქტავიანეს პოლიტიკურმა მორალმა დაბადა საზოგადოების გულისა და ვნების გასახარებელი მონათა ბრძოლა, ზოგჯერ ადამიანის ბრძოლა ცხოველთან, სადაც ყველაფერი სიკვდილით წყდება. ეს იყო ერთგვარი მცდელობა ჰეგემონიის გამყარებისა. საბრძოლო რიტუალში ცენტრალურ ფიგურას იმპერატორი წარმოადგენდა. მოკლული იმპერატორის სახელისთვის შეწირული მსხვერპლი იყო, თავად იმპერატორი კი მაყურებელთან ერთად ფიგურა, ვისაც ცერა თითის მოქმედებით შეეძლო სიკვდილზე მაღლა დაეყენებინა თავისი ნება.
თუკი უძველეს დროში ხალხი მიდიოდა გლადიატორთა ბრძოლის სანახავად, დღესდღეობით ადამიანებს გართობის ბევრად მეტი არჩევანი აქვთ. გლადიატორის ბრძოლებს კი ყველაზე მეტად MMA ჰგავს, და დროის ცვლასთან ერთად, მან უკვე მოიპოვა ყველაზე დიდი პოპულარობა საბრძოლო სპორტის კატეგორიაში.
და ამბავიც ასეა: დღეს ჩვენი პროტაგონისტი სპორტის ყველაზე მზარდი სახეობაა, ღონისძიებები ფართოდ ვრცელდება ტელევიზიით, შუქდება პრესაში. თუმცა, მას გაჩენის დღიდან დაჰყვება დუალობა – ზოგჯერ მას ვულგარულად მოიხსენიებენ – „ბრძოლა წესების გარეშე“, მაშინ როცა არსენალში მრავალი ტექნიკის, საბრძოლო სკოლისა და სხვადასხვა მიმართულებების აშკარა კომბინაციასთან გვაქვს საქმე, კონტაქტური და უკომპრომისო ბრძოლა – ეს სპორტიც ამ განზრახვით დაიბადა გასული საუკუნის ოთხმოცდაათიანი წლების დასაწყისში, რათა გაერკვია, რომელი იყო ყველაზე ეფექტური საბრძოლო სპორტი, მებრძოლების ჩაცმულობასაც, სწორედ მათი სპორტის სახეობა განსაზღვრავდა. დღეს ოქტაგონში ბრძოლა იპყრობს სპორტის მოყვარულებს, უმარტოხელებს უზარმაზარ ყურადღებას და სტაბილურ ადგილს იკავებს მსოფლიო სპორტულ იერარქიაში.
რა თვისებები აქვს შერეულ საბრძოლო ხელოვნების ბრძოლებს? რა არის მათი უზარმაზარი პოპულარობის საიდუმლო? გვაქვს თუ არა საქმე ბრუტალურ ძალადობასთან, რომელიც უნდა აიკრძალოს? გარშემო უამრავი კითხვაა მოკრებილი – გზა და გზა, შევეცადოთ პასუხები გავცეთ.
იქამდე კი ერთი ვთქვათ, ეს სპორტი მართალია, უკვე რამდენიმე ათწლეულია არსებობს, თუმცა ფართო პოპულარობას სულ რამდენიმე წელია მიაღწია, და მიუხედავად მისი გავრცელების მასშტაბისა, ჯერ კიდევ ყმაწვილად შეგვიძლია მივიჩნიოთ. ამ გავრცელების ამბავში კი დიდი როლი ითამაშა შოუს ელემენტების, წინასაბრძოლო დაძაბულობის, სიმულირებული ეფექტებისა და თრეშ თოლქის შემოტანამ, ამ ამბის ანი და ბანი კი ირლანდიელმა ლეგენდარულმა მებრძოლმა კონორ მაკგრეგორმა აიღო თავის თავზე. მისმა გამოჩენამ ოქტაგონზე, არანორმატიულმა ქცევებმა და უწესობამ მაყურებლის დიდი ყურადღება გამოიწვია. შერეული საბრძოლო ხელოვნების ყველა დროის საუკეთესო მებრძოლი ჯონ ჯონსი სწორედ კონორს თვლის ამ სპორტის საეტაპო მნიშვნელობის ფიგურად, რომელმაც სანახაობით გატენილ სახეობას სახალხო პოპულარობა მოუტანა, ანუ მიწისქვეშეთიდან მეინსტრიმში გადაიყვანა.
კონორის სახელს უკავშირდება UFC-ის პირველი ღონისძიება ნიუ-იორკში, რვა წლის წინ, 2016 წელს, როცა ეს უკანასკნელი ორგანიზაციის ისტორიაში პირველი ორმაგი წონის ჩემპიონი გახდა. ამბისთვის აღსანიშნია ისიც, რომ მოცემულ შტატში ამ ღონისძიებამდე MMA-ს პროფესიონალური შეჯიბრის ჩატარება აკრძალული იყო. არალეგალური იყო სპორტი საფრანგეთშიც, ვიდრე 2022 წელს არ შედგა განუსა და ტუივასას ბრძოლა პარიზში. უამრავი მსგავსი ფაქტი შეგვიძლია აქ ჩამოვწეროთ, თუმცა მარტივად მისაგნებია, რისი თქმაც გვინდა, ამ ყველაფერს კი დავუმატოთ ჩვენებურის და ნახევრად ესპანელი მებრძოლის, ილია მატადორ თოფურიას მარკეტინგული ჰაბიტუსი. ეს ახალი ერაა, – ამბობს მებრძოლი, და მართლაც, დანა უაითს (UFC-ის პრეზიდენტს) მარცხენა ხელმა დაუწყო ფხანა, ერთი ცრურწმენისა არ იყოს – ილია ღონისძიებას ითხოვს სანტიაგო ბერნაბეუზე, ოპონენტად კი, არც მეტი, არც ნაკლები, კონორ მაკგრეგორი სურს, იქამდე კი ლეგენდარულ სტადიონზე 85 ათასი მაყურებლის წინაშე მონაგარი ქამარი გააქვს.
განვაგრძოთ ორგანიზაციისა და სპორტის პოპულარობის მიზეზების ძიება. ერთი ორი სიტყვა თავად ორგანიზაციაზე გავაგოროთ – UFC – Ultimate Fighting Championship – მსოფლიოში ერთ-ერთი ყველაზე დიდი და პოპულარული შერეული საბრძოლო ხელოვნების პრომოუტერია, რომლის სათავო ოფისი ლას ვეგასში მდებარეობს. მისი ათვლა 1993 წელს იწყება და მალევე ღონისძიებების რეგულარულად ჩატარებას იწყებს, თუმცა თავიდან ახალ შეჯიბრებში, რომლებიც სწრაფად იძენენ პოპულარობას, წესრიგის ნაკლებობა იყო, პირიქით, ანარქია სუფევდა. ადრეული შეჯიბრები ხასიათდებოდა მინიმალური წესებით, რის შედეგადაც ისინი ექვემდებარებოდა დაუნდობელ კრიტიკას, მიიჩნეოდა უკიდურესი აგრესიულობისა და სიბინძურის კერად.
სიმართლე გითხრათ, ყოველთვის მესმის იმ პირის, რომელიც ნახევრად ფურთხებით, თუ სრულიად დალაგებულად პრეტენზიების ნიაღვარს ღვრის: ეს რა სპორტია. ჩემი პირადი გამოცდილება ორგვარია: პირველად შემთხვევით სოციალურ ქსელში გადავაწყდი ვიდეოს, სადაც ერთი მებრძოლი მეორეს ღობესთან დაუნდობლად, ლამის სიკვდილამდე ულაწუნებდა. ასეთი რამ იქამდე არასდროს მქონდა ნანახი, მეგონა, დარქნეთ კონტენტზე გამიჩნდა წვდომა, რამდენიმე კვირა კოშმარები მაწუხებდა. შემდეგ გავიდა დრო, ერთ გამთენიას, ასევე შემთხვევითობის ნებით, როცა ინსომნიის ფაზები ერთმანეთს ცვლიდნენ, ტელევიზორში შევესწარი ჯონ ბონს ჯონსის დაბრუნებას ოქტაგონზე, როგორც შემდეგ გავარკვიე, “ერთადერთი და განუმეორებელი” ზედა წონით კატეგორიაში გადავიდა, რისთვისაც ორი წელი ემზადებოდა, მომატებული სხეული რომ სრულ თანხვედრაში მოეყვანა გონებასთან. ჯონსმა წუთ ნახევარში ქამრის მფლობელი ჯერ მიწაზე გადაიყვანა, შემდეგ კი მკლავი მარტივად შეუკრა ყელზე, ოპონენტსაც სხვა ძალა არ დარჩა – დანებების ნიშნად სამჯერ შეახო ხელი მოწინააღმდეგეს, რითაც დამარცხება გაიფორმა, ჯონსი კი დიდებულად დაბრუნდა. მთელი ეს შოუ, თავისი პროლოგით, ბრძოლითა და შემდეგ ბონსის ექსტრაორდინარული ინტერვიუთი ჩემთვის სანახაობაზე მეტი აღმოჩნდა – სპორტმა მარტივად მომხვია საცეცები და ჩამითრია მის სიღრმეში.
კრიტიკამ თავისი როლი ითამაშა – შეიცვალა წესები, ჩამოყალიბდა წონითი კატეგორიები, მებრძოლებმა ხელთათმანი მოირგეს, აიკრძალა ზოგიერთი დარტყმა და სხვა. კანონების მიღებამ წნეხი ჩასწია, პოპულარობა კი გაზარდა – მილიონობით მაყურებელი უყურებს შეჯიბრებს ტრიბუნიდან თუ ტელეეკრანიდან. სანახაობრივმა სპორტმა მაშინვე მოიპოვა უზარმაზარი პოპულარობა.
ბრძოლების დროს მოულოდნელობის ეფექტი ნებისმიერი „მოვლენის“ თითქმის განუყოფელი ელემენტია. ეს ეფექტი, ისევე როგორც მონაწილეთა ქმედებების სრული არაპროგნოზირებადი სპეციფიკა, ზოგჯერ უბრალოდ გასაოცარი და თვალწარმტაცია. ის არ არის კონკრეტული, როგორც ძიუდო, სადაც ზურგზე წაქცეული სპორტსმენი მარცხდება, არც ისეთი ელეგანტურობით გამოირჩევა, როგორც კრივი. მეტიც, თუკი პრიზმას ოდნავ გავზრდით, და დავინახავთ იმას, თუ როგორ ჩააჩოჩა სპორტის ალბათ ერთ-ერთი ყველაზე მშვენიერი სანახაობა საბრძოლო ხელოვნებამ, შეიძლება სადღაც ის დეკადანსი იგრძნო, რაშიც კაცობრიობაა გახვეული. ამას შეიძლება სტილის დაკარგვა დავარქვათ.
„სტილდაკარგულ სამყაროში“ გლადიატორების ბრძოლა, რომელიც, ერთი მხრივ, ტოვებს სრულიად სიმულირებულ, თეატრალური წარმოდგენის ნიშანს, მეორე მხრივ კი, საქმე გვაქვს ყველაზე უფრო გამჭოლ და ნამდვილ ამბავთან – შერეული საბრძოლო ხელოვნება ესაა სიკვდილის იმიტაცია, სადაც ნაჩვენებია გზა, ერთი სხეულის მიერ მეორე სხეულის დათრგუნვისა. როგორ აცილებს გამარჯვებული დამარცხებულს სიკვდილის ბილიკებისკენ. ეს სრული იმიტაცია და სიცხადე, ადგილი, სადაც არ არის დრო დათმობებისთვის, სისუსტისა და უნაყოფობისთვის, მაყურებელში განსაკუთრებულ ერექციას იწვევს.
არსებობს ერთი პოპულარული ინტერვიუ, როცა კინორეჟისორი კვენტინ ტარანტინო ჟურნალისტის ბრალდებაზე, თითქოს მის ფილმებში მუდმივი სისხლისა და ძალადობის რეპრეზენტაცია ერთგვარი პროპაგანდაა ძალადობის, გაბრაზებული რეჟისორი ამბის დიალექტიკურ ქმნადობაზე ისაუბრებს, ეს არა წახალისება, არამედ დათრგუნვაა. ერთგვარი კმაყოფილება დანახულისა, ჩვენ შემთხვევაში – რომელსაც ზედმეტად კონკრეტული დასასრული აქვს, სადაც არ არსებობს ფრე, რაც არაიმდენად ავითარებს აგრესიას ადამიანში, რამდენადაც თრგუნავს. ტარანტინოს საპირწონედ მახსენდება კონორ მაკგრეგორის მწვრთნელის, კავანას გაცხარება – საბრძოლო სპორტი კონსენსუალურია და შესაბამისად, არა ძალადობა.
არსებითად ძალადობა ნეგატიურია, რადგან არ არის შეთანხმება ორ სუბიექტს შორის, და ის მიმდინარეობს მოულოდნელობისა და ურთიერთშეთანხმების გარეშე. საბრძოლო სპორტი და საბრძოლო ხელოვნება არა ძალადობა, არამედ შეთანხმებული შეტაკებაა, რომელიც თავისთავად მოიცავს ძალადობრივ ურთიერთქმედებებს, როგორც ფეხბურთი, ჰოკეი, რაგბი და სხვა უამრავი სპორტი, თუმცა რამდენიც უნდა ვამტკიცოთ, როგორც ერთი, ასევე მეორე მხრიდან, წარმოადგენს თუ არა MMA ძალადობას, აზრი ყოველთვის ორად იქნება გახლეჩილი, და რაღაც მხრივ ეს ამ სპორტის მთავარი კულინარიული საიდუმლოც შეიძლება იყოს, სპორტის, რომელიც ყოველ წამს უფრო და უფრო იპყრობს მსოფლიოს.