fbpx

„ქუჩის სკოლა“ – მრავალფუნქციური სახელოსნო და საგანმანათლებლო სივრცე, რომელიც გულებს ანთებს


გააზიარე სტატია

 

ავტორი: ანი კლდიაშვილი

 

დიდ დიღომში მდებარე მრავალფუნქციური საგანმანათლებლო სივრცე „ქუჩის სკოლა“ გრაფიკული დიზაინისა და ფრონტ პროგრამირების ახალ საბაზისო კურსებზე აცხადებს მიღებას. სწავლება 15 მარტს დაიწყება –  ორივე კურსს ატარებენ პროფესიონალები, რომლებსაც პრაქტიკისა და სწავლების მრავალწლიანი გამოცდილება აქვთ. ყველას, ვისაც ეს სფეროები აინტერესებს და დიდ დიღომში ან მის მიმდებარე ტერიტორიაზე ცხოვრობს, შეუძლია სკოლას დაუკავშირდეს და მისი დიდი ოჯახის წევრი გახდეს. 

პროგრამირების კურსის ლექტორი ფრონტ დეველოპერი ანა გველესიანია, რომელსაც მრავალი საინტერესო პროექტი აქვს განხორციელებული როგორც საქართველოს, ასევე ევროპის სხვა ქვეყნების ბაზარზე და თანამშრომლობს ისეთ კომპანიებთან თუ ბრენდებთან, როგორებიც არიან  TBC, ExpoGeorgia, Tbilisi Architectural Biennial, Indigo და ა.შ.  რაც შეეხება გრაფიკული დიზაინის კურსს, მას ლევან ასათიანი – გრაფიკული დიზაინერი და არტ დირექტორი ხელმძღვანელობს, რომელიც ასევე ბევრი საინტერესო პროექტის ავტორია და თანამშრომლობდა როგორც წამყვან სარეკლამო სააგენტოებთან (Windfor’s, Holmes & Watson, Metro, Leavingstone და ა.შ…), ასევე კომპანიებთან: GPC, TBC, საქართველოს ბანკი, რადიუსი და ა.შ. მნიშვნელოვანია, რომ ქუჩის სკოლის გახსნის იდეა სწორედ ლევან ასათიანს ეკუთვნის, რომელსაც სურდა ადამიანთა მიერ ეზოსა და უბანში გატარებულ დროსთან დაკავშირებული სტერეოტიპები დაენგრია და სწორედ რომ ასეთ ლოკაციაზე გაეხსნა ისეთი სივრცე, სადაც ახალგაზრდები  ცოდნის შეძენას, საკუთარი თავის რეპრეზენტაციას, ცნობიერების ამაღლებასა და ერთმანეთისათვის თავიანთი იდეების გაზიარებას შეძლებდნენ. 

ლევან ასათიანი: „ეკონომიკური განვითარების ფონზე უბნებში, ეზოებსა თუ საზოგადოებრივ სივრცეებში დროის გატარება და მჭიდრო მეზობლური ურთიერთობები დროთა განმავლობაში ნეგატიურ მოვლენებთან ასოცირდა, კერძოდ, უსაქმურობასთან, სხვის საქმეში ცხვირის ჩაყოფასთან და ა.შ.  ქუჩის სკოლის მიზანი სწორედ ამ სტერეოტიპების დანგრევაა. ამ პროექტით გვინდა ადამიანებს ვაჩვენოთ, რომ  ეზოები და საზოგადოებრივი სივრცეები შეიძლება ცნობიერების ასამაღლებელ და ჩვენი კომუნის გასაძლიერებელ ადგილებად  გარდავქმნათ ჩვენივე ძალებით.“

მულტიფუნქციური საგანმანათლებლო სივრცის გახსნის იდეამ 2022 წელს თბილისის არქიტექტურული ბიენალეს კონკურსში გაიმარჯვა და ადგილობრივი მოსახლეების დახმარებით მალევე განხორციელდა კიდეც. ლევან ასათიანმა გადაწყვიტა, რომ „ქუჩის სკოლა“ დიდ დიღომში გახსნილიყო, რადგან ის ამ უბანში გაიზარდა და თავისი კომუნისათვის რაიმე ღირებულის შექმნა სურდა.  „დიდი დიღომი საკმაოდ ცოცხალი და ხალისიანი უბანია ბევრი სკვერითა და გამწვანებით. მოსახლეობა აქტიურად იყენებს საზოგადოებრივ სივრცეებს სასეირნოდ, საურთიერთოდ და სათამაშოდ. აქ ჯერ კიდევ არის შენარჩუნებული თბილისური უბნის განწყობა, ყველა ერთმანეთს იცნობს და ერთმანეთთან მეგობრობს. როგორც თბილისის ნებისმიერ უბანში, დიდ დიღომშიც ხშირად ვაწყდებით 90-იან წლებში ქაოსურად აშენებულ ავტოფარეხებს, რომელთა უმრავლესობაც უსარგებლო ნივთების შესანახად გამოიყენება. ქუჩის სკოლა ერთ-ერთ ასეთ ავტოფარეხში მოეწყო და არის მაგალითი იმისა, რომ მსგავსი “არასაზოგადოებრივი” სივრცე შეიძლება ლოკალური კომუნისთვის სასარგებლო ადგილად აქციო.“ – ამბობს ის.

რაც შეეხება საინტერესო სახელწოდებას, პროექტის ავტორებისათვის სიტყვები “ქუჩის სკოლა” არაფორმალური გზებით მიღებულ ცოდნასთან ასოცირდება. მათ სურთ, რომ ამ მულტიფუნქციურ საგანმანათლებლო სივრცეში იდეების გაზიარება და ცოდნის შეძენა ისეთივე თავისუფალი, უშუალო და სახალისო ფორმით მოხდეს, როგორც ეს ეზოებში ხდება მეგობრებს შორის. როგორც უკვე ვახსენე, ეს პროექტი ადამიანებისათვის იმის ჩვენებას ემსახურება, რომ ქუჩა და ეზო შესაძლოა ნამდვილად საინტერესო და სასარგებლო გარემო იყოს საზოგადოებისათვის. 

ლევან ასათიანი: „ქუჩის სკოლას ვუყურებთ, როგორც ადგილობრივი კომუნის პლატფორმას. ღია ვართ ნებისმიერ წამოწყებისთვის, განსაკუთრებით ისეთი იდეებისთვის, რომელიც ლოკალური კომუნის განვითარებას შეუწყობს ხელს. გვინდა, რომ ეს სივრცე ადგილობრივმა  მცხოვრებლებმა ისეთი პროექტების განსახორციელებლად გამოიყენონ, როგორიც არის: იდეების ან ცოდნის გაზიარება, საინტერესო დისკუსიების ჩატარება, ღონისძიების დაგეგმა, ფილმის ჩვენება, რაიმე პროდუქტის შექმნა და სხვა. სივრცეში გვაქვს პროექტორი, მაგიდები, კომპიუტერი, სხვადასხვა ლექციის, შეხვედრის თუ ვორქშოფის ჩასატარებლად. სკოლას ასევე გააჩნია ხეზე, რკინასა და ელექტრობაზე სამუშაო აღჭურვილობა. ეს ყველაფერი ხელმისაწვდომია ნებისმიერი ადამიანისთვის, ვისაც საინტერესო იდეის განხორციელება სურს. ჩვენი მიზანია, რომ ახალგაზრდებისათვის ეზოში დროის გატარება უფრო პროდუქტიული და საინტერესო გახდეს.  გვსურს,  რომ რაც შეიძლება მეტ მოსახლეს ავუნთოთ გულები და მათთან ერთად ბევრი სასარგებლო პროექტი და იდეა განვახორციელოთ.“

პროექტის ავტორებს სურთ, რომ დროთა განმავლობაში “ქუჩის სკოლა” გახდეს მაგალითი იმისა, თუ როგორ შეიძლება  ნებისმიერი ლოკალური გარემოს გარდაქმნა. მათი მიზანია, რომ სხვადასხვა ქალაქების, უბნებისა და რეგიონების მცხოვრებლებს აჩვენონ, რომ ერთობლივი ძალებითა და მინიმალური რესურსებითაც შესაძლებელია ადგილობრივი კომუნების თვითგანვითარებისათვის საჭირო ბაზების შექმნა. 

„ქუჩის სკოლა“ მზადაა საკუთარი გამოცდილება მსგავსი იდეების მქონე ჯგუფებს გაუზიაროს და კიდევ უფრო მეტ ადამიანს აუნთოს გული.

Instagram

Facebook

 

 


მიიღე ყოველდღიური განახლებები!
სიახლეების მისაღებად მოგვწერეთ თქვენი ელ.ფოსტა.