fbpx

17-წლიანი კარიერული გზა „ვოლვო ქარ საქართველოს“ გენერალურ დირექტორობამდე


გააზიარე სტატია

სტუდენტობის პირველ წლებში საკუთარ თავს აკადემიურ სფეროში, კათედრაზე ხედავდა. მისი მიზანი უნივერსიტეტში დარჩენა და მომავალი თაობის აღზრდა იყო, თუმცა ბაკალავრიატის დასრულებისა და ბევრი ნაშრომის შექმნის შემდეგ გააანალიზა, რომ რეალურად სულ სხვა საქმე აინტერესებდა. 2007 წელს „თეგეტა ჰოლდინგში“ მივიდა, სტაჟიორად, ოპერატორის პოზიციაზე. მას შემდეგ ბევრი წელი გავიდა, კარიერული კიბეც მუდმივად აღმავალი იყო და უკვე 1 წელია, მაკა სახვაძე „ვოლვო ქარ საქართველოს“ გენერალური დირექტორია.

 

როდესაც მაკამ „თეგეტა ჰოლდინგში“ შეაბიჯა, არც კომპანია იყო დღევანდელი მასშტაბების და არც ავტოინდუსტრია – ქალი თანამშრომლებით განებივრებული.

„როცა „თეგეტა ჰოლდინგში“ მივედი, ქალი საბურავებსა და ზეთებში საზოგადოებისთვის – სიახლე, ჩემთვის კი გამოწვევა გახლდათ, რადგან ამ ინდუსტრიაში ძირითადად მამაკაცები იყვნენ დასაქმებული. თუმცა, კომპანია და მასთან ერთად ჩვენ – დასაქმებულები – სწრაფად ვვითარდებოდით და წინ მივიწევდით“.

კარიერული განვითარების ახალ ეტაპზე მაკა სახვაძემ სახელმწიფო კომპანიებთან ურთიერთობების განყოფილების უფროსის  მოადგილის პოზიციაზე გადაინაცვლა, შემდეგ იყო კორპორაციული მიმართულება და გაყიდვების მენეჯერის თანამდებობა.

„პირველი, ყველაზე დიდი და სერიოზული გამოცდილება კორპორაციულ ორგანიზაციებთან  ურთიერთობის განყოფილებაში მივიღე. ეს იყო მომხმარებლებთან მუდმივი კომუნიკაციის, პორტფელების მართვის წლები. რეალურად, ეს იყო საქმე, რომელზედაც დგას კომპანია“.

ამ სტრატეგიული განყოფილებიდან მაკამ იმპორტის მიმართულებით გააგრძელა მუშაობა, რასაც მალევე დიდი კარიერული ნახტომი მოჰყვა – მაკას ჰოლდინგის დამფუძნებლებმა დასავლეთ საქართველოს რეგიონში ტოიოტას ერთადერთი ოფიციალური წარმომადგენლობა – „ტოიოტა ცენტრი ბათუმი“ – ჩააბარეს. კომერციული დირექტორის პოზიციიდან მაკა ჰოლდინგის ამ წარმომადგენლობას ერთ წელზე მეტხანს სრულიად დამოუკიდებლად მართავდა, რამაც მას დიდი პროფესიული გამოცდილება შესძინა. „ტოიოტა ცენტრი ბათუმის“ წარმატება ჰოლდინგის ხელმძღვანელობის მხრიდან მაკასთვის ახალი შეთავაზების საფუძველი გახდა და შედეგად უკვე 1 წელია, მაკა სახვაძე „ვოლვო ქარ საქართველოს“ გენერალური დირექტორია. ბათუმში მიღებული დიდი გამოცდილება იმის საფუძვლადაც იქცა, რომ მაკა ახალ გამოწვევას მარტივად დათანხმდა.

„თეგეტა ჩემი პირველი და დღემდე არსებული  სამსახურია. ჩემ მიერ ამ წლებში დაგროვილი მთელი გამოცდილება და განვითარების ყველა ეტაპი ამ  ჰოლდინგს უკავშირდება“.

უკვე 1 წელზე მეტია, „ვოლვო ქარ საქართველო“ მაკა სახვაძის პროფესიული მოტივაციის მთავარი წყაროა, გენერალური დირექტორი ბრენდისთვის მაქსიმალურად იხარჯება. ამ შემთხვევაში მიზანი ერთია – კომპანიის გაძლიერება და განვითარება.

„თეგეტა ჰოლდინგი“ წლებია, საქმიანობის სფეროების გენდერული ნიშნით დაყოფის სტერეოტიპებს არღვევს და ამტკიცებს, რომ პროფესიას გენდერი არ აქვს. ამის ნათელი მაგალითია ის, რომ ჰოლდინგს დღეს ქალი მექანიკოსები, ქალი მენეჯერები ჰყავს.

მაკა სახვაძის პროფესიული ღირებულება საქმის სიყვარულსა და ერთგულებას ეფუძნება. ამას „ვოლვო ქარ საქართველოს“ გენერალური დირექტორი უკვე 17 წელია, ამტკიცებს. საკუთარ მენეჯერულ უნარებზე საუბარს ერიდება, თუმცა გვიმხელს, რომ მისთვის იდეალური მმართველი ის არის, ვინც მოვალეობების სწორ დელეგირებას ახდენს, ქმნის პროფესიონალთა გუნდს, რომლის განვითარებაშიც მაქსიმალურ ძალისხმევას დებს და საბოლოოდ, მაღალი  პასუხისმგებლობის  მქონე, ძლიერ აქტივს სძენს კომპანიას.

მაღალი პასუხისმგებლობის გრძნობა და ბევრი შრომა საკუთარი თავის განვითარებისთვის – ეს მაკა სახვაძის წარმატების კარგად გამოცდილი ფორმულაა.

„პირადად მე, წარმატებამდე საკმაოდ ვრცელი და საინტერესო გზა გავიარე. ჰოლდინგში ჩემი საქმიანობის ყველა ეტაპზე მაქსიმალურად ვიხარჯებოდი და პარალელურად დიდ გამოცდილებასაც ვიძენდი. ისეთ დიდ ჰოლდინგში კი, როგორიც თეგეტაა, სხვადასხვა ბიზნესმიმართულებაში წლობით დაგროვილი გამოცდილება ნამდვილად უმნიშვნელოვანესია. გარდა სხვა ბევრი უნარისა, ჩემ შემთხვევაში, ალბათ, ეს დაგროვილი გამოცდილებაც  ერთგვარი ბიძგი იყო წარმატებისკენ სავალ გზაზე“.

მაკა სახვაძის კარიერული გეგმები ახლა სრულად „ვოლვო ქარ საქართველოს“  განვითარებასა და საზოგადოებაში ამ უნიკალური ბრენდის შესახებ ცნობადობის კიდევ უფრო გაზრდას უკავშირდება.


მიიღე ყოველდღიური განახლებები!
სიახლეების მისაღებად მოგვწერეთ თქვენი ელ.ფოსტა.