fbpx

ქალები, რომლებმაც ხელოვნების ისტორია შექმნეს


გააზიარე სტატია

ავტორი: ნინკა მამულაშვილი

 

ხელოვნების მფარველობა ესთეტიკურ გემოვნებას ძალაუფლებასთან აკავშირებს. ფერწერული ნამუშევრების და სკულპტურების შეძენით, კოლექციონერები გემოვნებას აწესებენ – ისინი მხარს უჭერენ არტისტების შემოქმედების განვითარებას და ხშირად პორტრეტების სახით უკვდავნი ხდებიან. 

ათასწლეულების განმავლობაში პატრიარქალური საზოგადოება ლიდერის როლს ირგებდა, რაც, ბუნებრივია, ხელოვნების სფეროზეც აისახებოდა. ხელოვნების მფარველი ქალები ძალაუფლებას უფრო შემოქმედებითი გზებით იყენებდნენ – მათ ის ინტელექტუალური და ფილოსოფიური შესაძლებლობები იზიდავდათ, რომლებსაც ხელოვნება იძლეოდა, განსაკუთრებით იმ ეპოქაში, როდესაც ქალებს შეზღუდული წვდომა ჰქონდათ უმაღლეს განათლებაზე. აქედან გამომდინარე, მსოფლიო დონის კოლექციების და მუზეუმების შექმნით, ქალებმა ხელოვნების ისტორიის ახალ კურსს დაუდეს სათავე.  

 

ჰატშეფსუტი 

ახალი სამეფოს საზოგადოება, რომელსაც ჰატშეფსუტი მართავდა, ღრმად კონსერვატიული იყო, განსაკუთრებით ლიდერის როლთან მიმართებაში. მისი ქმრის, ფარაონის გარდაცვალების შემდეგ, ჰატშეფსუტი უმცროსი გერის, თუტმოს III-ის რეგენტი გახდა. ექვსი წლის შემდეგ მან ფარაონის სტატუსი მოირგო და ავტორიტეტი ხელოვნების მეშვეობით გააძლიერა, რაც ჰატშეფსუტის ფემინურობის შეფარვას გულისხმობდა, კერძოდ, თავად ფარაონის მიერ შეკვეთილ სკულპტურულ პორტრეტებში, რომლებშიც მას მამაკაცის იერი ჰქონდა. გამოსახულებებში ჰატშეფსუტს არ აქვს მკერდი და მამაკაცის სამეფო სამოსს ატარებს. მისი მშვიდობიანი მმართველობის პერიოდში ჰატშეფსუტი ხელმძღვანელობდა ექსპედიციას პუნტში (დღევანდელ ერირეაში), შემოჰქონდა ძვირფასი მასალები, როგორიცაა მალაქიტი, რომლებსაც ეგვიპტელი ხელოსნები თავიანთ შემოქმედებაში იყენებდნენ. ჰატშეფსუტმა მხატვრული ინოვაციების პერიოდს შეუწყო ხელი და ახალი სამეფოს „ოქროს ხანას“ ჩაუყარა საფუძველი. ფარაონის მემკვიდრეობა დეირ ელ ბაჰრიში შექმნილ ტაძარში ცოცხლობს, რომელიც ნილოსის დასავლეთ სანაპიროზე დგას. 

 

თეოდორა 

თეოდორა მსახიობიდან, რომელიც მაშინ დაბალი კლასის პროფესიად მიიჩნეოდა და პროსტიტუციასთან ასოცირდებოდა, ბიზანტიის იმპერიის დედოფლად ჩამოყალიბდა, რომელიც დღევანდელ თურქეთს, ჩრდილოეთ აფრიკასა და ახლო აღმოსავლეთს მოიცავდა. 21 წლის თეოდორამ კონსტანტინოპოლში იმპერატორის ძმისშვილი, იუსტინიანე გაიცნო. მიუხედავად მისი სოციალური სტატუსისა, იმპერატორს იმდენად უყვარდა  თეოდორა, რომ მან შეცვალა კანონი, რომელიც მათ ქორწინებას კრძალავდა. ტახტზე ასვლის შემდეგ, თეოდორამ მისი ავტორიტეტი სექსმუშაკების უფლებების მხარდასაჭერად გამოიყენა და გაუპატიურების საწინააღმდეგო კანონმდებლობა დაადგინა. ამასთან ერთად, თეოდორა მხარს უჭერდა მნიშვნელოვან სამშენებლო პროექტებს, მათ შორის ერთ-ერთი აია-სოფიას ტაძარი იყო. იუსტინიანეს და თეოდორას მოზაიკურმა პორტრეტებმა, რომლებიც სან-ვიტალეს ბაზილიკაში ერთმანეთის პირისპირ დგას, სამუდამოდ დააშრევა წყვილის იმიჯი ისტორიაში. 

 

იზაბელა დ’ესტე

გავლენიანმა პოლიტიკოსმა, ხელოვნების მფარველმა და მოდის ხატმა, იზაბელა დ’ესტემ, ცნობილმა როგორც „რენესანსის პირველი ლედი“, ქალაქი მანტუა მნიშვნელოვან კულტურულ ცენტრად აქცია. მის მეუღლეს, ფრანჩესკო გონზაგას, მანტუას გრაფს, რეგიონში ცოლის პოპულარობის შურდა. ქმრის რისხვისგან თავის დასაღწევად იზაბელა რომში გაემგზავრა, სადაც ის ლეო X-ს გავლენიან წრეში მოხვდა და არაერთ მხატვარს შეხვდა, მათ შორის ლეონარდო და ვინჩის, რაფაელს, მიქელანჯელო ბუონაროტის, ტიციანს, პიეტრო პერუჯინოს, ანდრეა მანტინეას, ჯოვანი ბელინის და ჯორჯიონეს. ამ  არტისტების მფარველი ქალების პორტრეტებში იზაბელაც ჩნდება, რომელიც  მდიდრული გემოვნებით გამოირჩეოდა. იზაბელა საკუთარ სახლებს ერთგვარ მუზეუმად აქცევდა, რაც იმ პერიოდისთვის საკმაოდ უჩვეულო იყო. ის პატიჟებდა დიდგვაროვნებს და არტისტებს, რათა მისი დაკვეთით შექმნილი ნამუშევრები ეჩვენებინა. მეუღლის გარდაცვალების შემდეგ, იზაბელა შვილთან, ფედერიგო II-სთან ერთად მანტუას თანარეგენტი გახდა. თავისი კოლექციისა და წარმოშობის წყალობით, იზაბელამ მთელ ევროპაში დაამყარა კავშირები, რამაც გრაფინიას გავლენა კიდევ უფრო გააძლიერა. 

 

ჰიურემ სულთანი (როქსოლანა)

ინტრიგების ოსტატი როქსოლანა („ქალი რუთენიიდან“) სექსუალური მონობიდან სულთან სულეიმანი I დიდებულის ხარჭა და შემდეგ მისი პირველი (და ყველაზე საყვარელი) ცოლი გახდა. ჰარემში როქსოლანამ თურქული ენა, ისლამის პრინციპები და ცდუნების ხელოვნება შეისწავლა. ამასთან ერთად, მან ახალი სახელი – ჰიურემი, ანუ „მხიარული“ შეიძინა. როქსოლანამ იმდენად მოხიბლა სულთანი, რომ მან ტრადიცია დაარღვია და მეუღლესთან შვილები გააჩინა. რამდენიმე წლის შემდეგ ის ცოლად შეირთო, რითაც როქსოლანამ თავისუფლება მოიპოვა. ოსმალეთის ისტორიაში ერთ-ერთი ყველაზე ძლიერი მმართველის გვერდში ყოფნით, როქსოლანამ ქველმოქმედებითა და სამშენებლო პროექტებით უდიდესი გავლენა იქონია იმპერიაზე. კონსტანტინოპოლში, მის ჰასეკის კომპლექსში მეჩეთი, სკოლა და საავადმყოფო იყო. როდესაც ხანძარმა ნაწილობრივ გაანადგურა სულთნის ჰარემი, როქსოლანამ შესაძლებლობა გამოიყენა და ქმართან ერთად თოფქაფის სასახლეში გადავიდა. სულთნის ცოლისგან მსგავსი ნაბიჯი უპრეცედენტო იყო, რამაც ახალი ეპოქის, სახელწოდებით „ქალების მეფობის“ დაწყებას შეუწყო ხელი. ჰარემის აღდგენის ნაცვლად, მან სულთანს მეჩეთის აშენება შესთავაზა. სულეიმან დიდებულის მეჩეთი დღემდე სტამბოლის ღირსშესანიშნაობად რჩება. 

 

ტოკუგავა მასაკო (კაზუ-კო)

საუკუნეზე მეტი ხნის სამოქალაქო ომის შემდეგ იაპონიაში დედოფალმა ტოკუგავა მასაკომ გადამწყვეტი როლი ითამაშა კულტურისა და ესთეტიკური გემოვნების ჩამოყალიბებაში მშვიდობიან ედოს პერიოდში. მან ტოკუგავას მემკვიდრეობა კიოტოს ცნობილი ტაძრების აღდგენისთვის და იმ პერიოდის წამყვანი არტისტების ხელოვნების შესაგროვებლად გამოიყენა. დედოფალი თავად ქმნიდა პოეზიას, ატარებდა ექსპერიმენტებს კალიგრაფიით და განსაკუთრებით დაინტერესებული იყო მოდითა და ტექსტილით. მეუღლესთან, გო-მიძუნოსთან ერთად, კაზუ-კომ იმპერიულ ოჯახსა და ხელოვანებს შორის ურთიერთობას შეუწყო ხელი. დედოფალი ცნობილი კერამიკოსის, ნონომურა ნინსეის ჭურჭელს, ტოსა მიცუნობოს ნახატებს და სხვა გავლენიანი არტისტების შემოქმედებას აგროვებდა. მის ოთახებში განთავსებული ნამუშევრები კლასიკურსა და თანამედროვე სტილს აერთიანებდა. 

კაზუ-კოს ყველაზე ცნობილ დაკვეთებს შორის სამეფო კარის მხატვრის, ტოსა მიცუოკის მიერ მოხატული კედლები (Flowering Cherry and Autumn Maples with Poem Slips) იყო. მხატვრის შემოქმედება დედოფლის ლიტერატურისადმი და ფერწერისადმი ინტერესს აერთიანებს და ამასთან ერთად, სამეფო წყვილის კულტურულ გავლენას გამოხატავს. 

 

ეკატერინე II დიდი

ეკატერინემ ხელოვნების მფარველობას ევროპაში რუსეთის პოზიციისა და ძალაუფლების ასამაღლებლად იყენებდა. მისი მმართველობის დროს ქვეყანამ საზღვრები გააფართოვა და კონტინენტზე დომინანტ ერად იქცა. დედოფალი ხარისხზე მეტად რაოდენობას ანიჭებდა უპირატესობას  და ხელოვნების შეგროვებას ერთგვარ კონკურსად აღიქვამდა. 1762 წელს, ტახტზე ასვლის შემდეგ, მან ბერლინის დილერისგან 255 ნახატი იყიდა, რომელშიც ფრანს ჰალსის და რემბრანდტის ნახატებიც შედიოდა. მისი 34-წლიანი მმართველობის პერიოდში ეკატერინე დროდადრო იძენდა კერძო კოლექციებს ევროპიდან, რათა მისი უპირატესობისა და სიმდიდრისთვის გაესვა ხაზი. საბოლოოდ, მან დაახლოებით 4000 ნახატი დააგროვა.  1764 წელს დედოფალმა ზამთრის სასახლე მისი კოლექციის წარსადგენად საგამოფენო სივრცედ აქცია. 1852 წელს ერმიტაჟის მუზეუმი გაიხსნა, რომელიც დღემდე სანქტ-პეტერბურგის ყველაზე მნიშვნელოვან ღირსშესანიშნაობად რჩება და სამ მილიონზე მეტ ნამუშევარს მოიცავს. 

 

იზაბელა სტიუარტ გარდნერი

იზაბელა სტიუარტ გარდნერმა დააფუძნა მუზეუმი, რომელმაც ევროპულ შედევრებს მის მშობლიურ ქალაქში, ბოსტონში მოუყარა თავი. ის შთაგონებას მოგზაურობიდან იღებდა – მისი მუზეუმის არქიტექტურის ინსპირაცია ვენეციის პალაცო ბარბარო იყო. 1891 წელს, გარდნერის მამის გარდაცვალების შემდეგ, მან მემკვიდრეობით დაახლოებით 1,7 მილიონი დოლარი (დღეს 45 მილიონ დოლარზე მეტი) მიიღო. ის უიშვიათესი წიგნებისა და ხელნაწერების კოლექციონერი  იყო, მაგრამ ფინანსური უპირატესობით მან ყურადღება და სახსრები ევროპული ხელოვნებისკენ გადაიტანა. იმავე წელს  გარდნერმა ლუვრსა და ლონდონის ეროვნულ გალერეას იოჰანეს ვერმერის „კონცერტის“ შეძენა დაასწრო, რითაც მის გემოვნებას და სიმდიდრეს გაუსვა ხაზი. 1899 წლიდან 1901 წლის ჩათვლით გარდნერი მისი სახელობის მუზეუმის მშენებლობას მეთვალყურეობდა, რომელშიც მეოთხე სართულზე საძინებელი იყო განთავსებული. მეუღლის გარდაცვალების შემდეგ, იზაბელა სტიუარტ გარდნერის სახელობის მუზეუმი გარდნერის ცხოვრებას წარმოადგენდა დარჩენილი წლების განმავლობაში. გარდნერის კოლექცია დროდადრო იზრდებოდა და ისეთ მხატვრებს მოიცავდა, როგორებიც იყვნენ რემბრანდტი და ტიციანი. გარდნერი ევროპული მხატვრობის მიღმაც გავიდა და აზიური და ისლამური ხელოვნების ნიმუშები შეიძინა, რომლებიც დასავლურ ნამუშევრებთან ერთად გამოფინა. 

 

გერტრუდ სტაინი  

ხელოვნების კოლექციებით ამერიკელმა მწერალმა გერტრუდ სტაინმა პარიზში ავანგარდისტ მხატვრებს შორის  დაიმკვიდრა თავი. მან აღმოაჩინა საზოგადოება, რომელიც მის ექსპერიმენტულ შემოქმედებასა და ქვიარ ცხოვრების წესს უჭერდა მხარს. 1901 წელს სტაინმა ჯონ ჰოპკინსის სამედიცინო სკოლა მიატოვა და მის მხატვარ ძმას, ლეოს ლონდონში და შემდეგ პარიზში გაჰყვა. ლეოს მეშვეობით, სტაინმა მონმარტრის მახლობლად მცხოვრები ბოჰემური მხატვრები გაიცნო. 1905 წელს სტაინი პაბლო პიკასოს შეხვდა. მხატვარმა მისი პორტრეტის დახატვა დაიწყო, რომელიც მომდევნო წელს დაასრულა. ეს იყო გადამწყვეტი ნაბიჯი მოდერნიზმის განვითარებაში. 

1900-იანი წლების დასაწყისში სტაინის მფარველობა პიკასოს მხატვრობის გაგრძელებაში დაეხმარა, სანამ  ის საერთაშორისო აღიარებას მოიპოვებდა. სტაინი ასევე სეზანის, გრისისა და მატისის ნამუშევრებსაც აგროვებდა. ამავდროულად, სტაინმა საკუთარი ლიტერატურული კრებული გამოსცა, მათ შორის – „სამი სიცოცხლე“. 

 

კეტრინ სოფი დრეიერი

კეტრინ სოფი დრეიერმა 1900-იან წლებში თანამედროვე ხელოვნებას ამერიკაში  გაუწია პოპულარიზაცია.  ის კონცეპტუალური ხელოვნების ერთ-ერთი ყველაზე ადრეული მხარდამჭერი იყო. ბრუკლინში დაბადებულ დრეიერს კარიერის გაგრძელება ხელოვნების სფეროში სურდა. ის თავის ნამუშევრებს გერმანიაში ფენდა და გერტრუდ სტაინის პარიზის სალონში სხვადასხვა არტისტებს ხვდებოდა. 1913 წელს Armory Show-მ, რომელმაც ამერიკელი აუდიტორია ავანგარდულ ხელოვნებას გააცნო, დრეიერი მიიწვია, სადაც მან ორი ნახატი გამოფინა და ერთ-ერთ არტისტს – მარსელ დიუშანს დაუმეგობრდა. ხელოვანი იმედგაცრუებული იყო იმით, თუ რამდენად ცუდად ეხმაურებოდა ამერიკელი საზოგადოება შოუში პროგრესულ ახალ ესთეტიკას. მისი Cooperative Mural Workshop ნიუ-იორკში ხელოვნების სკოლად იქცა და მოდერნისტი არტისტების გამოფენებსა და პერფორმანსებს ახალისებდა, მათ შორის – მოცეკვავე ისადორა დუნკანს. 1916 წელს დრეიერმა და დიუშანმა მან რეისთან ერთად Société Anonyme შექმნეს, რომელიც შეერთებულ შტატებში თანამედროვე ხელოვნებისა და ევროპელი დადაისტების პოპულარიზაციას გულისხმობდა. ისინი ერთად აწყობდნენ გამოფენებს, რომლებზეც კანდინსკის, კლეეს და ლეჟეს ნამუშევრები იყო წარმოდგენილი. 

 


მიიღე ყოველდღიური განახლებები!
სიახლეების მისაღებად მოგვწერეთ თქვენი ელ.ფოსტა.