fbpx

ოსკარი 2024 – 96-ე დაჯილდოების გამარჯვებულები


გააზიარე სტატია

 

ავტორი: ნინკა მამულაშვილი

 

წლისა და კინემატოგრაფიაში ერთ-ერთ ყველაზე მნიშვნელოვანი მოვლენა, ოსკარის 96-ე დაჯილდოების ცერემონია 10 მარტს, ტრადიციულად Dolby Theatre-ში ჩატარდა, რომელმაც ჰოლივუდის ყველაზე კაშკაშა ვარსკვლავებს მოუყარა თავი. 

ოსკარის ისტორია 1929 წლიდან იღებს სათავეს. პირველი ცერემონია Hollywood Roosevelt Hotel-ში გაიმართა და ის 15 წუთის განმავლობაში გაგრძელდა. 

ცერემონიის წამყვანი კომიკოსი ჯიმი კიმელი იყო, რომელიც მონოლოგში ამერიკის სცენარისტთა მსახიობების გილდიის გაფიცვას შეეხო. კიმელი ასევე „ბარბისთან“ დაკავშირებულ სკანდალსაც გამოეხმაურა (გრეტა გერვიგი და მარგო რობი ოსკარის ნომინანტების სიაში ვერ მოხვდნენ) და ფილმს „ფემინისტური ხატი უწოდა“. 

96-ე ცერემონიის მთავარი ტრიუმფატორი კრისტოფერ ნოლანის „ოპენჰაიმერი“ გახდა. ფილმმა წამყვანი ნომინაციებიდან 4-ში გაიმარჯვა: საუკეთესო ფილმი, საუკეთესო რეჟისორი – კრისტოფერ ნოლანი, საუკეთესო მსახიობი კაცი – კილიან მერფი და საუკეთესო მეორეხარისხოვანი როლის შემსრულებელი მსახიობი კაცი – რობერტ დაუნი უმცროსი. 

„მინდა, მადლობა გადავუხადო ჩემს საშინელ ბავშვობას და აკადემიას, ამ თანმიმდევრობით“.  – განაცხადა მსახიობმა სცენაზე ასვლისას. 

ფილმი ამერიკელი ფიზიკოს-თეორეტიკოსის, რობერტ ოპენჰაიმერის შესახებ მოგვითხრობს, რომელიც მანჰეტენის პროექტის სამეცნიერო ხელმძღვანელი იყო, რომლის ფარგლებშიც მეორე მსოფლიო ომის დროს პირველი ბირთვული იარაღი შეიმუშავეს. ოპენჰაიმერს ხშირად „ატომური ბომბის მამად“ მოიხსენიებენ. 

საუკეთესო მსახიობ ქალად ემა სთოუნი დასახელდა, იორგოს ლანთიმოსის ფილმში „საბრალო არსებები“, რითაც ის ორგზის ოსკაროსან  მსახიობ ქალებს შეუერთდა. რაც შეეხება საუკეთესო მეორეხარისხოვანი როლის შემსრულებელ მსახიობ ქალს, ოსკარი და’უაინ ჯოი რენდოლფს გადაეცა (The Holdovers). 

The Holdovers ოსკარის საუკეთესო ფილმის ნომინანტებს შორის ერთ-ერთი ფავორიტი იყო. ფილმი მოსამზადებელი სკოლის მასწავლებლის შესახებ მოგვითხრობს, რომელიც საშობაო არდადეგების დროს იძულებულია კამპუსში დარჩეს ბავშვებთან ერთად, რომლებსაც არსად აქვთ წასასვლელი. The Holdovers-ის განსაკუთრებულობა მდგომარეობს იმაში, თუ რამდენად ადვილია ნებისმიერ პერსონაჟში საკუთარი თავის დანახვა და ამასთან ერთად მათი გულშემატკივრობა. 

ოსკარი საუკეთესო ადაპტირებული სცენარისთვის ქორდ ჯეფერსონის „American Fiction“-მა მიიღო – სატირა რასისა და ფარისევლობის შესახებ ლიტერატურის სამყაროში. ფილმი პერსივალ ევერეტის 2001 წლის წიგნზე – Erasure-ზეა დაფუძნებული. 

ბუნებრივია, გამარჯვებულებს მიღმა არ დარჩენილა 2023 წლის კანის კინოფესტივალის მთავარი პრიზის მფლობელი „დაცემის ანატომია“.  ჯასტინ ტრიეს იურიდიული დრამა ისეთ მნიშვნელოვან და საკვანძო თემებს უყრის თავს, როგორებიცაა: ოჯახი და ქალის პროფესიული აქტიურობა, სექსიზმი და მიზოგინია. 

საუკეთესო საერთაშორისო ფილმის კატეგორიაში ჯონათან გლეიზერის „ინტერესის ზონამ“ გაიმარჯვა. 

საუკეთესო სრულმეტრაჟიანი ანიმაციური ფილმის კატეგორიაში – ლეგენდარული იაპონელი რეჟისორის, ჰაიაო მიაძაკის „ბიჭი და ყანჩამ“. ფილმი რეჟისორის ანიმეებში ნაცნობ თემებს – მწუხარებას, ოჯახს და პასუხისმგებლობას  ახალგაზრდა ბიჭის პარალელურ სამყაროში მოგზაურობით იკვლევს. 

ცერემონიის გამორჩეული მომენტი რაიან გოსლინგის მუსიკალური პერფორმანსი იყო, რომელმაც „ბარბის“ ჰიტი „I’m Just Ken“ შეასრულა და მთელი დარბაზი აამღერა. 

 


მიიღე ყოველდღიური განახლებები!
სიახლეების მისაღებად მოგვწერეთ თქვენი ელ.ფოსტა.