fbpx

ორი პენალტი და ორი მოგება


გააზიარე სტატია

ავტორი: აჩიკო ბენაშვილი

 

როდესაც „ძლიერთა ამა ქვეყნისათა“ მიერ რომელიმე მატჩის გაჭირვებით მოგებისას მათი თამაშის ხარისხს ვაფასებთ, ხშირად ვიშველიებთ ხოლმე გაცვეთილ ფრაზას – კლასის ხარჯზე მოიგოო. 

სინამდვილეში კი ზოგჯერ საქმე სხვაგვარადაა და მდიდარ კლუბებს მსაჯებიც ეხმარებიან ხოლმე. 

სულ ცოტა ხნის წინათ მადრიდის „რეალი“ კი დაიჩაგრა „ვალენსიას“ კარში ბოლო წამს გატანილი გოლის არჩათვლის გამო, მაგრამ მსაჯთა ბრიგადამ მას მხარდაჭერა „ლაიპციგთან“ ჩემპიონთა ლიგის გაცილებით მნიშვნელოვან მატჩში გაუწია და ეს ამბავი სრულიად მოულოდნელი სცენარით წარმართული დაპირისპირების რამდენიმე ეპიზოდმა განსაზღვრა.

ერთ-ერთი მათგანი უკავშირდება ტონი კროოსის გამოხატულ უხეშობებს, რომელსაც ყვითელი ბარათი არა მატჩის ბოლოსკენ, არამედ უფრო ადრე უნდა მიეღო. ასევე ყვითელი ბარათით შეიძლებოდა დასჯილიყო ფედერიკო ვალვერდე მეკარე ლუნინისკენ პირისპირ დაძრულ „ლაიპციგის“ მარცხენა გარემარბ ხავი სიმონსზე საჯარიმო მოედნის მისადგომებთან წესის დარღვევის შემდეგ, ხოლო ვინისიუსი კი ყვითელი ბარათის მიღების ნაცვლად, გასაგდები იყო მოედნიდან არასპორტული საქციელის გამო.

დანარჩენზე მატჩის ოფიციალური სტატისტიკა მეტყველებს, საიდანაც აშკარაა, რომ მადრიდის „რეალი“ არა კლასის, არამედ გამართლების ხარჯზე გავიდა მომდევნო ეტაპზე „ლაიპციგთან“ შეხვედრაში, რომლის კარის ჩარჩოშიც, თვით „სანტიაგო ბერნაბეუს“ სტადიონზე, ვინისიუსის გოლამდე მხოლოდ ერთხელ დაარტყეს მასპინძლებმა.

„ლაიპციგმა“ წონასწორობის აღდგენა გოლის გაშვებისთანავე სულ მალე, 68-ე წუთზე შეძლო, ანგარიში მატჩის ბოლომდე აღარ შეცვლილა და ფრემ „სამეფო კლუბი“ მომდევნო ეტაპზე ორი შეხვედრის ჯამში ერთი გოლის უპირატესობით გაიყვანა.

აღსანიშნავია, რომ მსაჯის მიერ დამატებულ დროში ოლმომ ჩახვეული დარტყმით მადრიდელთა კარის ხარიხას „დაასვა“ ბურთი, რითაც „რეალის“ გულშემატკივრებს ცივი შხაპი მიაღებინა, ჩვენ კი საქართველოს ნაკრების კარში ბოლო წამზე  „ჩასმული“ გოლი და დასანანი მარცხი გაგვახსენა ესპანელთა წინააღმდეგ მატჩში.

„რეალისგან“ განსხვავებით „პარი სენ-ჟერმენმა“ შესანიშნავად ჩაატარა „სოსიდადთან“ საპასუხო შეხვედრა, რომელიც ანგარიშში კილიან მბაპეს ორი შესანიშნავი გოლით აისახა, ხოლო „ბაიერნი“ შინ დიდი ანგარიშით – 3:0 გაუსწორდა იტალიის სერია A-ს მიმდინარე გათამაშების მეათე ადგილოსან „ლაციოს“. 

მბაპეს მსგავსად დუბლი ჰარი კეინმაც შეასრულა, რამაც მიუნხენელთა ჩემპიონთა ლიგის მომდევნო ეტაპზე გასვლა განაპირობა.

„მანჩესტერ სიტიმ“ „კოპენჰაგენთან“ მატჩში ტრადიციას არ უღალატა და ჩემპიონთა ლიგის მიმდინარე ტურნირზე უკვე ზედიზედ მერვე შეხვედრაში სამი ბურთი გაიტანა, ანგარიში 3:1 კი მეხუთეჯერ დააფიქსირა.

მიმდინარე სეზონში კვლავ დაუმარცხებელია „ლევერკუზენი“, რომელმაც „ყარაბახთან“ ევროპა ლიგის პირველ მერვედფინალურ გასვლით მატჩში მსაჯის მიერ დამატებულ მეორე წუთზე აღადგინა წონასწორობა – 2:2. 

„ლივერპული“ და „რომა“ შესაბამისად, პრაღის „სპარტას“ და „ბრაიტონის“ ოთხბურთიანი სხვაობით დამარცხების შემდეგ პრაქტიკულად უკვე ამავე ტურნირის მეოთხედფინალში არიან, ხოლო ოთარ კიტეიშვილის „შტურმმა“ კი შინ „ლილთან“ პირველ მერვედფინალურ დაპირისპირებაში ანგარიშით 0:3 წაგებით, მინიმუმამდე დაიყვანა კონფერენს ლიგის ტურნირის მეოთხედფინალში გასვლის შანსი.

სერია A-ს გათამაშების 28-ე ტურში „ნაპოლის“ შემადგენლობაში გაიბრწყინა ხვიჩა კვარაცხელიამ, რომელმაც გარდა იმისა, რომ „ტორინოს“ კარში შესანიშნავი ბურთი გაიტანა, მაყურებლებს დაანახვა რეალური სახე იტალიის მოქმედი ჩემპიონისა, რომელიც ქართველი ფეხბურთელის გარეშე, სავარაუდოდ, სატურნირო ცხრილის ზედა ათეულს მიღმა იქნებოდა.

აღსანიშნავია, რომ ხვიჩა გოლის გარეშე მოედანს სერია A-ს ჩემპიონატში უკვე ზედიზედ მესამე თამაშია არ ტოვებს, „ნაპოლის“ კი „ტორინოს“ ტიპის გუნდებთან ქულების კარგვა მომავალ სეზონში ჩემპიონთა ლიგის ტურნირის მიღმა დარჩენას უქადის.

ცალი თვალით ჩემპიონთა ლიგაზე „ბარსელონასთან“ მატჩისკენ მაცქერალ „ნაპოლის“ დახმარების ხელი „ინტერმა“ გაუწია, რომელმაც მადრიდის „ატლეტიკოსთან“ კარს მომდგარი დაპირისპირების გამო შესუსტებული შემადგენლობით, გასვლაზე „ბოლონია“ მაინც დაამარცხა.

მაგრამ „ბოლონიას“ გარდა „ნაპოლის“ სერია A-ს სატურნირო ცხრილში ხომ კიდევ „რომა“ და „ატალანტა“ უსწრებენ, რომლებმაც გასვლაზე ფრედ 2:2 დაასრულეს შეხვედრები შესაბამისად, „იუვენტუსთან“ და „ფიორენტინასთან“.

„ინტერი“ „ატლეტიკოსთან“ მატჩს ომახიანად ხვდება

„ნაპოლისთან“ კარს მომდგარი მატჩის წინ „ბარსელონამ“ ესპანეთის ლა ლიგის გათამაშების 28-ე ტურში „მალიორკას“ გაჭირვებით, ანგარიშით 1:0 მოუგო, ხოლო მადრიდის „ატლეტიკო“ კი აუტსაიდერ „კადისთან“ მოულოდნელად ანგარიშით 0:2 დამარცხდა.

„ვალენსიას“ შემადგენლობაში მორიგი შესანიშნავი მატჩი ჩაატარა საქართველოს ნაკრების მეკარე გიორგი მამარდაშვილმა, რომელმაც არაერთ ეპიზოდში იხსნა საკუთარი გუნდი „ხეტაფესთან“ შეხვედრაში და შეიძლება გადამწყვეტი როლიც კი შეასრულა 3 თებერვლის შემდეგ „მესტალიას“ სტადიონზე „ვალენსიას“ პირველ გამარჯვებაში.

ერთადერთი გოლი მატჩის პირველ ნახევარში უგო დურომ გაიტანა, რომელმაც ისარგებლა „ხეტაფეს“ გოლკიპერ დავიდ სორიას კარიდან დაუფიქრებელი გამოსვლით და ბურთი თავზე გადაატარა მას.

ლუქსემბურგის ნაკრებთან თამაშის მოახლოებასთან ერთად, მნიშვნელოვანი იყო გიორგი მიქაუტაძის მორიგი დიდებული მატჩი საფრანგეთის ლიგა I-ში „კლერმონის“ წინააღმდეგ, რომელშიც „მეცმა“ მის მიერ უკვე ზედიზედ მეორე მატჩში გატანილი თერთმეტმეტრიანით, ზედიზედ მეორე გამარჯვება იზეიმა.

ინგლისის პრემიერლიგის 28-ე ტურში კი „ლივერპულსა“ და „მანჩესტერ სიტის“ შორის ზოგადად უიკენდის ცენტრალური დაპირისპირება შედგა. 

იმ მატჩის მოლოდინს, რომელმაც ბოლო წლებში ხარისხობრივად ესპანურ „ელ კლასიკოსაც“ გადააჭარბა, სატურნირო ცხრილში წინა დღით ლონდონის „არსენალის“ გალიდერებაც ამძაფრებდა. 

საკუთარ კედლებში მოგებას განსაკუთრებით დიდი მნიშვნელობა ექნებოდა „ლივერპულელთა“ მწვრთნელ იურგენ კლოპისთვის, რადგან სეზონის ბოლოს მერსისაიდული კლუბის დატოვების წინ, პრემიერლიგის ჩემპიონის ტიტულის ხელიდან გაშვების შემთხვევაშიც კი, პეპ გვარდიოლასთან რევანში „მანჩესტერ სიტისთან“ ბოლო ხანს განცდილი ორი წაგებისთვის მას გმირად დატოვებდა „ლივერპულის“ ქომაგების წინაშე.

მაყურებლებმა უმაღლესი დონის ფეხბურთი იხილეს. შედეგი 1:1 კი სრულიად სამართლიანად ასახავს მატჩის მიმდინარეობას, რომელშიც გუნდებმა უმაღლესი დონის მომზადება გამოავლინეს და შეცდომების რაოდენობა მინიმუმამდე დაიყვანეს.

ამ თვალსაზრისით საკვირველია სტუმრების მიერ „ლივერპულის“ კარში გატანილი გოლის ეპიზოდი, როდესაც დე ბრიუინეს მიერ კუთხურის ჩაწოდებისას მასპინძლებმა ახლო ძელი მოაშიშვლეს და ჯონ სტოუნზს წინააღმდეგობის გარეშე მისცეს მეკარისგან ახლო კუთხის დალაშქვრის შესაძლებლობა. 

აკეს შეცდომის შემდეგ ნუნიესის მიერ გამომუშავებული პენალტით კი „ლივერპულმა“ მეორე ტაიმის დასაწყისშივე შეძლო წონასწორობის აღდგენა, რის შემდეგაც, ორივე გუნდის მხრიდან არაერთი მცდელობის მიუხედავად, ანგარიში აღარ შეცვლილა.

„ლაციოსთან“ მოგებამ მადაზე მოიყვანა „რეკორდმაისტერი“, რომელმაც განვლილ უიკენდზე ანგარიშით 8:1 გაანადგურა ბუნდესლიგის ერთ-ერთი აუტსაიდერი „მაინცი“. ამ მატჩში ჰარი კეინმა უკვე ჰეთთრიკით გამოიჩინა თავი, ხოლო სერჟ გნაბრიმ კი ტრავმის შემდგომი მობრუნება ქუსლით გატანილი შესანიშნავი გოლით აღნიშნა. 

„ბაიერნის“ გამარჯვებას მეორე დღესვე გამოეხმაურა ბუნდესლიგის ლიდერი „ლევერკუზენი“, რომელმაც „ვოლფსბურგის“ მოკრძალებული ანგარიშით – 2:0 დამარცხებით ათი ქულის უპირატესობა შეინარჩუნა მრისხანე მდევართან.  


მიიღე ყოველდღიური განახლებები!
სიახლეების მისაღებად მოგვწერეთ თქვენი ელ.ფოსტა.