fbpx

ავტოპორტრეტი მგრძნობიარე საგნების გარემოცვაში


გააზიარე სტატია

ავტორი: ხათუნა ხაბულიანი
ფოტოები: ლელი ბლაგონრავოვა

მაკა ჯიშკარიანის სოლო გამოფენა –  ყოფიერების ავტოპორტრეტი დამთვალიერებლებს სტუმართმოყვარე მასპინძლის კეთილგანწყობით ხვდება Novo Gallery – ნოვო გალერეის  ვინტაჟურსა და ელეგანტურ ინტერიერში. ექსპოზიცია ფილმივით იკითხება ეკრანული ეფექტის გამო, სადაც ჰაეროვნად ვითარდება ინტიმური დღიურების ახალი ვერსია, ფსიქოემოციური მდგომარეობები კი დახვეწილად, დიდი სიფრთხილითა და ტაქტით არის გადმოცემული. ვიზიტორი სივრცეში ისე მოგზაურობს, თითქოს ოდესღაც ნანახ კინოკადრებს უყურებს. ექსპოზიცია უწყვეტ ინსტალაციად აღიქმება, სადაც პრივატული გარემოს დაუცველობა, პირადი განცდების ისტორიებით გაჯერებული ატმოსფერო ეფემერულ გამოსახულებებში, მსუბუქად მონიშნულ ეროტიზმსა და შეკითხვების მომცველ ბუნდოვან დაბნეულობაში ვლინდება სხვადასხვა ფორმატის ერთმანეთში ძალდაუტანებელი გადასვლით. პრინტები ქსოვილზე, მოხატული ავეჯი-სკულპტურები და ფაიფურის თეფშები, საყვავილეები აკვალანგისტის მოტივებზე და ბუდუარის პიკანტური ელემენტები თანმიმდევრულად აგებს ეგზისტენციალურ პორტრეტს, სადაც მხატვარი სრულიად გულახდილი და უშუალო მთხრობელია თვითირონიის სხვადასხვა სიძლიერის ელფერით. 

მაკა ჯიშკარიანის სტილი პოპ-არტისა და ნეო-ექსპრესიონიზმის თავისებური ნაერთია, სადაც ტირაჟირება, პრინტი, კომპიუტერული გრაფიკა, აკრილით შესრულებული ფერწერა ორიგინალური ხედვით გადმოიცემა, მკაფიოდ გამოკვეთილია ინდივიდუალური რაკურსი, რომელშიც წამყვანი თემა ავტოპორტრეტია.

მხატვარი თითქოს ყველა თემისგან ავტოპორტრეტს ქმნის, – არჩეული სტილის შესაბამისად, გამოსახულებები ისე იგება, როგორც რეკლამისთვის სახასიათო სპეციფიკური მეტყველება მოითხოვს, – ისინი პლაკატურად სიბრტყობრივია, სუფთა ფერების მკაფიო და ფართო ლაქებით, პირობითი ხაზებით, თუმცა, გადალახულია სწორხაზოვნება და მთავარ ამოცანად ემოციური ნიუანსების მოხელთება რჩება. 

„გაზაფხული მალე მოვა,“ – ამ გზავნილით იწყება ექსპოზიცია და კომიქსის ალუზიით აგებული დიდი ზომის ორი პრინტი ხალისიან, სიცოცხლის დამამკვიდრებელი განწყობის ორ ფლორას წარმოადგენს, სადაც ეფექტური ხასხასა მწვანე განსაკუთრებულ მგრძნობელობას იძენს ფონის – თეთრი ხავერდის ქსოვილის ფაქტურის გამო  და თავიდანვე განსაზღვრავს გამოფენის სენსიტიურ აქცენტს. ექსპოზიცია ერთი შეხედვით თითქოს სათამაშო სახლების (dollhouse) იმიტაციაა, რომლებითაც ბავშვები „დიდობანას“ თამაშობენ, რთავენ ინტერიერს და ქმნიან ოცნებების სახლს, ზრდასრულები კი იუმორნარევი ნოსტალგიით უყურებენ, ახსენდებათ საკუთარი ბავშვობის ატმოსფერო და სახლის იმდროინდელი განცდა.

ამგვარი ასოციაციები ჩნდება პირველ დარბაზში, სადაც ორი მწვანე ფლორა თითქოს dollhouse-ში გათამაშებული ინტერიერის სურათებია, ხოლო ბუხრის სიახლოვეს ორი „შინაურულად“ წამოწოლილი  პორტრეტი თვითონ სახლის პატრონს აჩვენებს სხვადასხვა რაკურსით. აკვალანგისტის სკაფანდრიანი საყვავილეები და მაგიდა, რომელიც ერთმანეთთან მოცეკვავე წყვილის ფეხებზე დგას, ამ თამაშს აგრძელებს უკვე რეალურ, „დიდების“ სამყაროში. 

ყოფიერების ავტოპორტრეტი  ჰგავს კადრების კოლექციას ზრდასრულთათვის შექმნილი ანიმაციური სერიალიდან; ფლორების დუეტის დარბაზიდან გამავალი თაღის კონტურში ჩაწერილია  მოპირდაპირე კედლის რიტმული ტრიო – სკულპტურული სარკის სადგამები, სადაც ანტიკური მენადების სტილიზებული მოტივი ასევე კომიქსური ალუზიებით წარმოადგენს სამ ფიგურას წრიული სარკით ხელში. სარკის სადგამის ამგვარი დიზაინი ხელოვნების ისტორიის სხვადასხვა ეპოქის რემინისცენციებით, ეფექტური და სახალისოა, მაყურებლის თვალწინ გარდაქმნის სივრცეს.

მენადები სარკეებით კვლავ ჩნდება სახეცვლილი სახით მრგვალი სუფრის პრინტზე, სადაც გეომეტრიული ორნამენტი ქალების იდენტური, ფრონტალური სილუეტებით არის აგებული, – ცენტრში მათი თავები ერთმანეთს ეხება და ვარცხნილობის ფორმებით იქმნება მცენარეული ორნამენტის მოტივი, ხელებს შორის მოქცეული წრეები (ამჯერად თეფშებისთვის განკუთვნილი მონიშვნა) კი ექსპოზიციის ქვეთემის – გეომეტრიული კომპოზიციების გაგრძელებაა; წრეების თემა ექსპრესიული ავტოპორტრეტი-ტონდოთი სრულდება, რომელიც 1970-80-იანი წლების კინოაფიშების ასოციაციას ქმნის სევდიანი „გლამურის“ განწყობით და ამავე დროს, ნეო-ექსპრესიონისტულ დაძაბულობასა და  საწყისი ფორმებისადმი ინტერესსაც ავლენს. ჟალუზის ზოლების ანარეკლი სახეზე, სავარაუდოდ, შთაგონებულია ერიკ ფიშლის ცნობილი ტილოს (ცუდი ბიჭი / Bad Boy) მოტივით, სადაც პროვოკაციული და ორაზროვანი სიტუაცია გულისხმობს უკიდურეს დაძაბულობას, რომელშიც საეჭვო ზრახვები ავლენენ თავს სრულიად შეუსაბამო სიტუაციაში.

მაკა ჯიშკარიანის ავტოპორტრეტში პირობითი ჟალუზის ზოლები თავისუფალი იმპროვიზაციით ვითარდება და წრიულ ტალღებად ვრცელდება ტონდოს ფონზე. პლაკატური პორტრეტი ამ ზოლების რიტმით განსაკუთრებით ექსპრესიული ხდება მინიშნებით ბევრად უფრო რთულ თემებზე, ვიდრე ეს ერთი შეხედვით ჩანს; აქ გრძელდება პოპ-არტის ისტორიის ცნობილი თემა, როცა „გლამურული“ პორტრეტების მიღმა საგრძნობია პიროვნული ტრავმები, შეუხორცებელი ჭრილობები, შინაგანი კონფლიქტები და მიუხედავად ამ ყველაფრისა, სიცოცხლის ძლიერი  სიყვარული. 

თავად მხატვარი სახლს აღწერს ილუზიებისა და რეალობის შეხვედრის ადგილად, „სადაც ოცნებობ და ამავდროულად, სინამდვილეს უსწორებ თვალს. სადაც შიშველი ხარ, ყველაზე სუსტი, საიდანაც სულ გარბიხარ და შემდეგ ისევ ბრუნდები. ბრუნდები, რომ შეისვენო და გაძლიერდე, მოიკრიბო ძალა და განაგრძო ცხოვრება.“ გადმოცემული აზრი გასაგებს ხდის სწრაფვას, გააცოცხლოს და პერსონიფიცირება მოახდინოს ყოფითი საგნების სფეროში, ბიოგრაფიის მატარებლად აქციოს ბენჩი, რომელიც მოსიყვარულე წყვილს გამოხატავს, ქალი-მაგიდა კი პერსონაჟად, რომელიც კომპანიონია ყავის დალევისას; სუფრა ყურადღებიანი და დახვეწილი მიმტანის როლშია, თეფშები პორტრეტებით კი სახალისო მოსაუბრეები სადილის დროს. 

მაკა ჯიშკარიანს, როგორც მხატვარსა და დიზაინერს, საზოგადოება კარგად იცნობს მისი საავტორო სტილის დამსახურებით. გამოფენა ყოფიერების ავტოპორტრეტი კი არის შესაძლებლობა, რომ მისი ხედვის კონცეპტუალურ მხარეს მიექცეს ყურადღება და გასაგები გახდეს ის გზა, რომელზეც ეს ხელოვანი სულიერ არსებებად და ყოველდღიური ცხოვრების სრულუფლებიან მონაწილეებად წარმოადგენს საგნებს, ეხება რუტინის ისეთ მხარეს, რომელიც ჯერ არ ამეტყველებულა. 


მიიღე ყოველდღიური განახლებები!
სიახლეების მისაღებად მოგვწერეთ თქვენი ელ.ფოსტა.