fbpx

პროფესიული თავგადასავლის 3 წელი – პერსონალური მენეჯერი „თეგეტას“ გუნდიდან


გააზიარე სტატია

ლონდა მახნიაშვილი „თეგეტა ჰოლდინგის“ VIP მომსახურების პერსონალური მენეჯერია. ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტში ბიზნესის ადმინისტრირების მიმართულება, მენეჯმენტი დაამთავრა, პარალელურად, ბავშვობის ოცნება აისრულა და მეორად ფაკულტეტად  სამსახიობო აირჩია. მუშაობა ჯერ კიდევ სტუდენტმა დაიწყო, მოსინჯა რამდენიმე სფერო და პოზიცია. თავდაპირველად სამსახურის დაწყების მთავარი მოტივაცია საკუთარი შემოსავლისა და კარიერული  განვითარების სურვილი იყო. თუმცა იმედი არაერთხელ გაუცრუვდა.

 

„თეგეტა ჰოლდინგის“ გუნდს ლონდა სამი წლის წინ შეუერთდა. ამბობს, რომ ესაა სამსახური, სადაც ჯანსაღ სამუშაო გარემოს, საყვარელ საქმესა და საკუთარ თავსაც მიაგნო.

„თეგეტა ჰოლდინგთან“ ლონდას თანამშრომლობა 2021 წელს დაიწყო, მანქანის ნაწილების კონსულტანტის პოზიციაზე. მანამდე კომპანიაშივე გაიარა სწავლება, ტრენინგები, სადაც საფუძვლიანად აითვისა მანქანის აგებულება. ამბობს, რომ საავტომობილო კომპანიაში შემთხვევით არ მოხვედრილა – ბავშვობიდან უყვარდა მანქანები. ფიქრობს, რომ მისი ინტერესების ჩამოყალიბებას ხელი მამამ შეუწყო, რომელმაც მანქანის მართვა ასწავლა.

ტრენინგების დასრულების შემდეგ ჩააბარა გამოცდა და დასაქმდა ნაწილების კონსულტანტად. აქ დაახლოებით წელიწადი იმუშავა. პოზიციის ცვლილების შესაძლებლობა მალევე მიეცა და VIP მომსახურების პერსონალური მენეჯერის პოზიციაზე გადაინაცვლა, სადაც დღემდე მუშაობს.

პერსონალური მენეჯერის პოზიცია მომხმარებლებისთვის სწრაფი, ხარისხიანი და კომფორტული გამოცდილების შეთავაზებას გულისხმობს. ლონდა უზრუნველყოფს სერვისცენტრში მათ ჩაწერას, უგეგმავს ვიზიტს ისე, რომ მომხმარებელმა ლოდინის გარეშე, უმოკლეს დროში მიიღოს მომსახურება.

ლონდა ამბობს, რომ კომპანიაში მისი მიმართულების სირთულეს საქმის სპეციფიკურობა განსაზღვრავს. ავტომობილების მრავალფეროვნება, მუდმივად განახლებადი ინფორმაცია სისტემატურ სწავლას, სიახლეებისთვის ფეხის აწყობას მოითხოვს.

ლონდა ამბობს, რომ მისთვის სასიამოვნო საქმიანობაში არაერთხელ შესჯახებია სტერეოტიპულ მიდგომებს, რომლებიც ქალისა და მამაკაცის საქმიანობის სფეროებს  ერთმანეთისგან მიჯნავს და ქალის პროფესიულ არეალს „ქალური“ პროფესიებით ზღუდავს, კონკრეტულ პოზიციებზე კი მხოლოდ მამაკაცებს მოიაზრებს.

„სამი წლის განმავლობაში მომხმარებლებს არაერთხელ პირდაპირ უთქვამთ ან ირიბად მიუნიშნებიათ, რომ უცნაურად ეჩვენებათ ამ პოზიციაზე დასაქმებული ქალი; რომ რადგან გოგო ხარ და, თან, მით უმეტეს, ნაწილები ყველაზე რთული მიმართულებაა, დაუჯერებელია, კარგად გესმოდეს ის, რასაც აკეთებ. ცინიკური დამოკიდებულებაც მიგრძნია. ერკვევი? იცი? – მსგავსი კითხვები ხშირად დაუსვამთ. პირდაპირაც უთქვამთ, შენ გოგო ხარ, რა უნდა გელაპარაკო, ვინმე ბიჭს დაუძახეო“.

როგორი გამაღიზიანებელიც არ უნდა იყოს მსგავსი აღქმა მომხმარებლის მხრიდან, ლონდას აზრით, კეთილგანწყობის შენარჩუნება მნიშვნელოვანია. ამაში ეხმარება საკუთარი საქმის მნიშვნელობის განცდა და ოჯახი, რომელიც მისი მხარდამჭერია ყველა წამოწყებაში.

სირთულეებს სამუშაოს გარდაუვალ ნაწილად მიიჩნევს და კრიტიკულ ვითარებაში გამოსავლის ძებნას იწყებს. ეს უმარტივებს მოულოდნელად წამოჭრილ სირთულეებთან გამკლავებას. ამბობს, რომ საკუთარი სამსახური მრავალფეროვნების, ღირებული გამოცდილების შეძენის შესაძლებლობის გამო უყვარს; რომ „თეგეტა ჰოლდინგში“ ყველა დღე ერთმანეთისგან განსხვავებულია და გამოწვევები საქმეს ხშირად პროფესიულ თავგადასავლადაც აქცევს.


მიიღე ყოველდღიური განახლებები!
სიახლეების მისაღებად მოგვწერეთ თქვენი ელ.ფოსტა.