რა მოხდება, მყინვარები რომ გადნება?
2023 მსოფლიოში საშუალოდ ყველაზე თბილი წელი იყო. ტემპერატურის მატება ყველგან თანაბრად არ დაფიქსირებულა – ზოგ ადგილას დაიკლო, თუმცა უფრო მეტ ადგილას მოიმატა. ამბობენ, შეუძლებელი იყო ასეთი სწრაფი მატების განჭვრეტაო. 1
დათბობის მიზეზები მკვლევრებს შორის განხილვის საგანია – ნაწილი მიიჩნევს, რომ მთავარი გავლენა ატმოსფეროში სათბური გაზების მატებასა და მის გამომწვევ ანთროპოგენურ, ანუ ადამიანების ქმედებებთან დაკავშირებული ფაქტორებს აქვთ, ნაწილი, კი, ბუნების ციკლურობასა და მზისგან მომავალი გამოსხივების ცვლილებებისკენ მიუთითებს. ასეა თუ ისე, კლიმატის ცვლილებების არსებობასა და მის შედეგებთან დაკავშირებით აზრთა სხვადასხვაობა არ არსებობს.
ტემპერატურის ცვლილება ბევრ კლიმატურ მოვლენაზე ახდენს გავლენას, მათ შორის პირდაპირ აისახება მყინვარების დნობის სიჩქარეზე. მყინვარები კლიმატში, ეკოლოგიასა და ეკონომიკაში ერთ-ერთ უმნიშვნელოვანეს როლს ასრულებენ.
ბოლო აღწერით, საქართველოში დაახლოებით 700-ზე მეტი მყინვარია. 1960 წელს საქართველოს მყინვარების საერთო ფართობი 1~563 კმ2-ს შეადგენდა; 2000 წელს 446.6 ± 19.9კმ2 -ს, 2020 წელს, კი – 340.8 ± 11.2 კმ2-ს. 2000-2020 წლის პერიოდში, მთლიანად კავკასიონის მყინვარის ფართობი შემცირებულია 23.2 ± 3.8 %-ით რაც დაახლოებით 320.6 ± 45.9 კმ2-ს შეადგენს. 2
დნობის მაჩვენებლით საქართველოს სხვა, დაახლოებით იმავე ზომის მყინვარებთან შედარებით, ორწვერი, იგივე გერგეთი პირველ ადგილზეა. ბოლო 60 წლის განმავლობაში ~1 კილომეტრით უკან დაიხია მყინვარის ენამ.
ტემპერატურის ზრდასთან ერთად, მდინარეებში იმატებს წყლის დონე, რამდენადაც მათი ერთ-ერთი მთავარი კვების წყარო სწორედ მყინვარებია. დაჩქარებული დნობის ფონზე, მოსალოდნელია გახშირებული ბუნებრივი სტიქიები – წყალმოვარდნები, ღვარცოფები და მეწყრული პროცესები. ტემპერატურის ზრდასთან ერთად, ხშირია მყინვარის მექანიკური ნგრევებიც, რაც კიდევ უფრო აჩქარებს დნობის პროცესს.
მყინვარების ასაკისა და ბუნების გამო, მათი შესწავლით შესაძლებელია ათასწლეულებზე გაწელილ კლიმატის ცვლილებზე დაკვირვება. მტკნარი წყლის მარაგების გარდა, მყინვარები დედამიწის განვითარების შესახებ უდიდესი ინფორმაციის რეზერვუარებია. მათი ზედაპირი პერიოდულად იფარება მსოფლიოს სხვადასხვა წერტილიდან ჰაერის მასების მიერ მოტანილი მყარი ნაწილაკებით, რომელთა ქიმიური ანალიზითაც შესაძლებელია საუკუნეების წინანდელი ბუნებრივი და ადამიანის საქმიანობასთან დაკავშირებული მოვლენების დადასტურება და დათარიღება.
მყინვარების მნიშვნელობაზე საუბრისას, გასათვალისწინებელია მათი როლი ეკონომიკაში. 2023 წლის მონაცემებით, საქართველოში წარმოებული ელექტროენერგიის დაახლოებით 75% ჰიდროელექტროსადგურებზე მოდის.3 საქართველოს ყველაზე დიდი და ენერგეტიკული თვალსაზრისით მნიშვნელოვანი მდინარეები მყინვარების ნადნობი წყლით საზრდოობენ. ჰიდროელექტროსადგურების დაპროექტებისას აუცილებელია მყინვარებისა და ჩამონადენი წყლების სხვადასხვა მიმართულებით შესწავლა, რათა ერთი მხრივ ეფექტურობა სწორად შეფასდეს და, რაც ყველაზე მნიშვნელოვანია, სტიქიის შემთხვევაში ადამიანების სიცოცხლეს საფრთხე არ დაემუქროს.
ენერგეტიკული და სამეცნიერო ღირებულების გარდა, მაღალმთიანი რეგიონების ტურისტული განვითარების თვალსაზრისითაც დიდ როლს თამაშობენ მყინვარები – ზუსტი სტატისტიკა არ არსებობს, თუმცა დაახლოებით ვიცით, რომ მხოლოდ გერგეთის მყინვარზე ბოლო პერიოდში ყოველწლიურად დაახლოებით 500 ადამიანი ადიოდა, მათი უდიდესი ნაწილი უცხოელები იყვნენ.
კლიმატის ცვლილება გარდაუვალი და ამ დროისთვის შეუქცევადად მიმართული პროცესია, შესაბამისად, გარდაუვალია მასთან დაკავშირებული ბუნებრივი სტიქიების მატებაც. ასეთ პროცესებთან ბრძოლის უმთავრესი კომპონენტებია ადაპტაცია, მზადყოფნის ამაღლება და საკანონმდებლო და პრაქტიკულ დონეზე ბუნებრივი კატასტროფების შედეგების შემამცირებელი წინასწარ გასატარებელი ღონისძიებების დანერგვა.
მასლა მომზადდა გაერთიანებული სამეფოს მთავრობის მიერ მხარდაჭერილი პროგრამის “გარემოს დაცვის, კლიმატის ცვლილებისადმი მედეგობის და დემოკრატიული მდგრადობის ხელშეწყობა საქართველოში” ფარგლებში, რომელსაც ახორციელებს ვესტმინსტერის დემოკრატიის ფონდი (WFD) საქართველოში.
აღნიშნულ მასალაში გამოთქმული მოსაზრებები შესაძლებელია არ ასახავდეს გაერთიანებული სამეფოს მთავრობისა და ვესტმინსტერის დემოკრატიის ფონდის მოსაზრებებს.
წყაროები:
2.Tielidze, L. G., Nosenko, G. A., Khromova, T. E., and Paul, F.: Strong acceleration of glacier area loss in the Greater Caucasus between 2000 and 2020, The Cryosphere, 16, 489–504, https://doi.org https://tc.copernicus.org