fbpx

სერვისის მრჩეველი პირველი ქალი თეგეტაში


გააზიარე სტატია

„ვინმე ბიჭს დაუძახე, შენ ვერ გაიგებ, რას ვამბობ…“ – ესმის ასეთი ან მსგავსი წინადადება მისი მისამართით ნათქვამი, ის კი დაჟინებით განაგრძობს სტერეოტიპებით და ავტომობილის პრობლემებით მისული მომხმარებლის დარწმუნებას, რომ, პირველ რიგში, ზუსტად შეუძლია გაიგოს, რა პრობლემა აქვს მის მანქანას და რომ პროფესიას სქესი არ აქვს.

„მანქანა რა შენი საქმეაო“, მარიამისთვის ოჯახში არავის უთქვამს, თუმცა იმას ხშირად ისმენდა, რომ ვერ შეძლებდა და ამის შიში თავადაც ჰქონდა. ავტომობილების ინტერესმა მაინც აჯობა უსაფუძვლო შიშებს და 21 წლის იყო, თეგეტაში რომ მივიდა.

ავტომობილის განსაკუთრებული ინტერესი და სიყვარული გახდა მიზეზი, დაეწყო სწავლა „თეგეტა აკადემიაში“. თვენახევრიანი კურსი მოიცავდა თეორიულ და პრაქტიკულ სამუშაოებს, რაც მოითხოვდა მაქსიმალურ ჩართულობას, საკუთარი თავის რწმენასა და შრომისმოყვარეობას.

მარიამის ინტერესი ავტომობილების მიმართ ღრმა ბავშვობაში, ბიჭებთან მეგობრობითა და ონლაინთამაშებით იწყება, თუმცა პირველად პროფესიად სულ სხვა მიმართულება აირჩია. ეს ინტერესი სერიოზულად აღსაქმელი რომ იყო, მხოლოდ მაშინ გაიაზრა, როცა პირადი ავტომობილი შეიძინა და გადაწყვიტა, მის მოვლაზე სრული პასუხისმგებლობა თავად აეღო. მაშინ მხოლოდ ერთი მოდელი შეისწავლა საფუძვლიანად, დღეს კი მის მოვალეობაში შედის, სრულყოფილად იცოდეს თითქმის ყველა მოდელის აგებულება და პრობლემების აღმოფხვრის გზები.

ეს სამუშაო ბევრად უფრო მრავლისმომცველი ყოფილა, ვიდრე წარმომედგინა. ყოველ ეტაპზე მიწევს რაღაც ახლის სწავლა და ახალი გამოცდილების დაგროვება. ზრდისა და განვითარების პროცესი დღემდე არ ჩერდება, რაც ძალიან მახარებს.

კარიერის პირველ ეტაპზე კონსულტანტი ვიყავი საცხებ-საპოხი მასალების მიმართულებით. მახსოვს, პირველმა მომხმარებელმა პირველი კითხვა რომ დამისვა ავტომატური კოლოფის ზეთზე, რომელიც ახალი ნასწავლი მქონდა და ძალიან მომწონდა ეს მიმართულება, იმდენად ამომწურავი პასუხი გავეცი, რომ ჩემი თავით გაკვირვებული დავრჩი. იმ დღის შემდეგ უფრო მეტი მოტივაცია გამიჩნდა, კიდევ უფრო მეტი მესწავლა. მომწონდა, ბევრი რომ ვიცოდი და შემეძლო ამ ცოდნის გაზიარება“.

როგორც მარიამი იხსენებს, გარემოს გარდა, სტერეოტიპების გადალახვა საკუთარ თავშიც მოუწია. მაშინ, როცა თეგეტაში დაიწყო მუშაობა და ირგვლივ დიდ უმრავლესობაში მყოფი მამაკაცები დაინახა, ისიც დაუშვა, რომ შესაძლოა, ეს მართლაც მამაკაცების საქმე იყო და დიდი სურვილის მიუხედავად, იქნებ მართლა არაფერი გამოსვლოდა, თუმცა მორიდება და ეჭვი მალევე დაძლია.

მარიამმა სირთულე მალე გადალახა და ამაში სწორედ თანამშრომლები დაეხმარნენ. კოლეგების ძალისხმევით ირწმუნა საკუთარი შესაძლებლობების და დღეს ის თეგეტას ერთ-ერთი წარმატებული თანამშრომელია.

 


მიიღე ყოველდღიური განახლებები!
სიახლეების მისაღებად მოგვწერეთ თქვენი ელ.ფოსტა.