fbpx

“სამოთხიდან გაქცეულები” – სოხუმის დაცვა, 14-16 მარტი


გააზიარე სტატია

ავტორი: ბექა ქურხული

14–15 მარტის ღამეს, როცა შოთიკოს  და მის  თანამებრძოლებს  ოჩამჩირეში, რომელიღაც ნაცრისფერი კანტორის შენობაში დაღლილ–დაქანცულებს ეძინათ, უცებ ოთახის კარი შემოინგრა და გიგა არველაძე და გიგა გელაშვილი შემოცვივდნენ.

 – სოხუმს შემოუტიეს, უკვე ქალაქში არიან ეგ ბოზიშვილები! დროზე უნდა მივეშველოთ! – გიგა არველაძეს ხელში დიდი პარაფინის სანთელი ეჭირა და ჩაბნელებულ ოთახს ანათებდა.

დაფეთებული და ნამძინარევი მებრძოლები წამოიშალნენ, სიბნელეში დაბორიალობდნენ, ერთმანეთს აწყდებოდნენ, ტანსაცმელს, იარაღს და მჭიდებს ეძებდნენ.

– ხომ გეუბნებოდი, გაგვყიდის ეგ პიდარასტი, გაგრას გვიჩალიჩებს, – იღრიალა ვიღაცამ.

– ეხლა მაგის დრო არ არის. ვინც ცუდი სიზმარი ნახეთ, გული ცუდს გიგრძნობთ, რამე გაწუხებთ ან ოჯახი მოგენატრათ, აქ დარჩით, ვინც ხოდზე ხართ, წამოდით.

აღმოჩნდა, რომ სიზმრების არავის ეშინოდა და არც არავინ აპირებდა დარჩენას. ყველა უკლებლივ გამოჯლიგინდა კანტორის ეზოში და ნამდვილი ზედახორა დაიწყო.

– ბიჭო, ყველა ვერ წამოხვალთ, არ არი საჭირო ამდენი, ძმაო, აქაც

ხომ გვჭირდება ხალხი!..

ეზოში ნახევრად აშლილი, ორჯერ აფეთქებული ჯავშანმანქანა იდგა, რომელიც ძლივს დაქოქეს, ვინც შიგნით შესხლტომა მოასწრო, მოასწრო, დანარჩენები ზევით აცვივდნენ და ჯავშანმანქანა ისე დაიხუნძლა, ერთმანეთი ხელით ეჭირათ. ჯავშანმანქანის გარდა ერთი “ჟიგული”, ერთი “ვოლგა” და ერთიც “ვილისი” იდგა.

– ყველანი ვერ წამოხვალთ, ტრანსპორტიც არ არის, თან აქაურობას ვის უტოვებთ? ვაა, თქვენ ვინა ხართ, ტოო? – ხმის ჩახლეჩამდე ყვიროდა გიგა არველაძე, მაგრამ არავინ უსმენდა. იყო ერთი დასწრება, მანქანებში შევარდნა, სხვისი გადმოგდება, თავად შეძრომა, საბარგულის გაღება და შიგ თავით ჩახტომა, ჩხუბი, ჰაერში სროლა, გაბუტვა, გინება და ფეხით გამოკიდება. შოთიკომ თავიდანვე  იშუსტრა, “ვილისში” შეხტა, უკან მიყუჩდა და გაიტრუნა, ცოტა ხანში იმდენი ხალხი შემოეტენა მანქანაში, რომ თავი აღარ უჩანდა. როგორც იქნა, ძრავების ღრიალით მოაბრუნეს მანქანები, რაღაც სასწაულით იქვე არ დაამტვრიეს ერთმანეთი და საბურავების წივილით გაფრინდნენ სოხუმისკენ…

ცოტა ხანში შორს, ბომბდამშენი თვითმფრინავებიდან გადმოკიდებული გირლანდებითა და ხანძრის ალით განათებული სოხუმი გამოჩნდა, რომელიც განუწყვეტლივ იბომბებოდა და ყრუდ ისმოდა  კანონადის ხმა.

– გვბომბავენ ამათი!… – ჩაიღრინა საჭესთან მჯდომმა ჯორჯიაშვილმა, გაზს ფეხი მიადგა და მის წინ მიმავალ ჯავშანმანქანას გადაასწრო. ჯავშანმანქანაზე მჯდომები რაღაცას ღრიალებდნენ. შოთიკომ წამით დაინახა სიბნელეში გალანდული მათი სახეები და ფიგურები.

– ვინმე აზრზე მოსული რომ დაგვხვდეს, ეგრევე ჰაერში აგვწევენ.

თქვა რომელიღაცამ.
 – აგერ დაგვახტნენ!

შოთიკო საოცარმა ჟილკამ აიტანა, შიშის ნასახსაც ვერ გრძნობდა. ერთი სული ჰქონდა როდის შეცვივდებოდნენ ცეცხლწაკიდებულ სოხუმში, რომელიც უმოწყალოდ იბომბებოდა და თავგანწირვით ებრძოდა სიკვდილს და როდის მიეშველებოდა თავისიანებს. უცებ იგრძნო, როგორ უყვარდა თავისი ალში გახვეული მოგრუხუნე ქალაქი, რომელიც რუსი ჟანდარმებისგან ალყაში მოქცეული და განწირული აბრაგივით ბოლომდე, უკანასკნელ ტყვიამდე ისროდა. როგორ უყვარდა თავის ნაგიჟარი  თანამებრძოლები, რომლებიც თავზე ესხდნენ და მასავით მოუთმენლად ელოდნენ, მათ მიწაზე შემოვარდნილ სიკვდილთან შეხვედრას.

14–15 მარტს, ღამის ორ საათზე რუსეთმა მოულოდნელად სოხუმის მასირებული დაბომბვა დაიწყო. ქალაქი იბომბებოდა როგორც ხმელეთიდან, ასევე ჰაერიდან. მასშტაბური საარტილერიო ცეცხლის გარდა, სოხუმს ზღვიდან კატარღებიც ცხრილავდა. რუსულმა ბომბდამშენებმა ღამის ცაში მანათობელი გირლანდები დაკიდეს, რომ განათებული სოხუმი უფრო კარგად გადაებუგათ. სამხედრო პოზიციების გარდა უმოწყალოდ იბომბებოდა მშვიდობიანი მოსახლეობის საცხოვრებელი სახლები, საავადმყოფოები, სკოლები, ჰოსპიტალი… პარალელურად მტერმა მდინარე გუმისთის გასწვრივ ფრონტზე მთელი ძალებით, ჯავშანმანქანებითა და  და ტანკებით შემოუტია, რამდენიმე ადგილას გაარღვია ქართველების თავდაცვის ზღუდეები და ქალაქში შემოიჭრა, სოხუმის გარეუბნებში, განსაკუთრებით კი ახალ რაიონში, მაღალსართულიან კორპუსებთან ნამდვილი ხელჩართული ბრძოლები დაიწყო. მთელი სოხუმი დენთის და ცეცხლის სუნით იყო გაჟღენთილი, რაც ქალაქში შემოსვლისთანავე იგრძნეს. დაბომბვა გრძელდებოდა, გარშემო ყველაფერი იწვოდა. მიწა ისე ზანზარებდა, რომ ყოველი ჭურვის დაცემის შემდეგ, ამსიმძიმე გადაჭედილი “ვილისი” ბურთივით ხტოდა. გამაყრუებელი კანონადა სულ უფრო და უფრო ახლოდან ისმოდა, შოთიკოს უცებ გადაუარა ეიფორიამ და ფერი ეცვალა. რკინიგზის ვაგზალთან ჯავშანმანქანამ ისევ გადაუსწროთ და ძრავას ღრიალით ცეცხლის ხაზისკენ გაენთო. სროლა სულ უფრო გახშირდა, ისე რომ უკვე ერთმანეთსაც ვერ აგებინებდნენ. უცებ კუთხეში ცეცხლწაკიდებული  ტანკი დაინახეს. მოულოდნელად ტანკმა მტრის პოზიციებისკენ ისროლა. ტანკზე წაკიდებული ცეცხლი სულ უფრო ძლიერდებოდა, მაგრამ  სროლას არ წყვეტდა.

– სოხუმელების ტანკია! – იღრიალა რომელიღაცამ.

– პირტავაა! – დააზუსტა მეორემ – პირტავას ტანკია!

– იწვიან, ბიჭო, თან!

უცებ იქაურობა გრიალმა გააყრუა, ცეცხლი ალი თითქოს მიწიდან ამოვარდა, გზის პირას მდგარი ჯიხური ჰაერში აიყოლია და გააქრო. აფეთქების ტალღამ “ვილისი” როგორც ყინულზე, ისე მოაცურა გვერდზე…

– ავიწიეთ! – გაისმა ვიღაცის სასოწარკვეთილი და მხიარული ყიჟინა.

– არა, გადავრჩით…

წინ ისევ ჯავშნოსანი მიგრუხუნებდა ზედ შეხუნძლული მეომრებით…    

– უკან გაიხედეთ, აბა ჩვენები მოგვდევენ?.. – იყვირა ჯორჯიშვილმა.

სწორედ ამ დროს უკან ბუთქა. დენთის კვამლში ჯერ “ჟიგული” გამოჩნდა, მერე “ვოლგა”…

– ჩვენები ხო, მაგრამ, მგონი, პირტავას ტაკი აფეთქდა, – თქვა ჩამწყდარი ხმით იმან, ვინც წეღან სოხუმელების ტანკი იცნო. ძიძარიას ქუჩაზე მათ წინ მიმავალი ჯავშანმანქანა უცებ გაჩერდა და ზედ მჯდომი ბიჭები დაბლა ჩამოხტნენ, უფრო სწორად, ჩამოცვივდნენ.  უკან მომყოლებიც გაჩერდნენ და ყველა ჯავშანმანქანას შემოეხვია. 

– აჰა, აბა რა ხდება, რა ვშვრებით?

– მორჩა, მოვედით. აქედან უკვე უნდა გავიშალოთ და ძაან ფრთხილად. მანქანებს ვტოვებთ, “ბეტეერს” მივყვებით. და ლიხაჩობის გარეშე!

– აქამდე შემოვიდნენ, ტო?    

– აქამდე კი არა, ნახევარი სოხუმი აღებული აქვთ. ჭანბას ქუჩა მაგრა დადგა. ეხლა ყარყარამ ალყაში მოაქცია და დედას!.. ფრონტის ხაზი უნდა გავასწოროთ და მერე ვნახოთ. გუმისთაზე და ახალ რაიონში ეხლაც ხელჩართული მიდის.
– წავედით მერე, რაღას ვუცდით?

ჯავშანმანქანა ისევ წინ გაუძღვათ, ოღონდ ნელა, რომ ფეხით მიმავლებისთვის არ გაესწროთ. შოთიკო დაძაბულობისგან ისე უჭერდა ავტომატს ხელს,  რომ ბოლოს იგრძნო, თითები როგორ ეტკინა.

ტყვიები კრაზანებივით სულ სხვადასხვა ხმაზე წუოდნენ მათ გარშემო, ტყვიების სტვენას დროდადრო ჭურვის ხათქუნის, ცივი მეტალის ხმა ახშობდა. რამდენჯერმე ტყვია და ჭურვის ნამსხვრევი ჯავშანმანქანაზეც გარაკუნდა და წივილით დაიკარგა ჰაერში… 

– რიკოშეტზე ფრთხილად!..

შოთიკომ ცეცხლისფრად განათებულ ქუჩებში საკუთარ სისხლში გაშოტილ ცხედრებს მოჰკრა თვალი. მათ შორის – სამხედრო ფორმიანებს, რომლებსაც იარაღი შერჩენოდათ ხელში. ტანში გასცრა, გარდაცვლილებს თვალი აარიდა. რაც უფრო უახლოვდებოდნენ გუმისთას, მით უფრო მეტი დაღუპული ხვდებოდათ.

უცებ მოწინააღმდეგის მხრიდან ცეცხლი გახშირდა. შოთიკოს თავზე გადაუარა ტყვიებმა, ერთმა კი ისე ახლოს ჩაუარა, სიმხურვალეც კი იგრძნო.

ჯავშანმანქანა უცებ გაჩერდა. მეორე მხრიდან ცეცხლის წერტილები სულ უფრო და უფრო ხშირად ანათებდა, სროლის ხმას იქაურობა მიჰქონდა. მიჯრით, განუწყვეტლივ ისროდნენ. ალყაში მოქცეული მტერი გააფთრებით იცავდა თავს. ჯავშანზე ტყვიების კაკუნი სულ უფრო გახშირდა.

– აგერ! – აგე, სად არიან! – გაისმა ღრიალი და თავისივე თანამებრძოლის გაშვებულმა ჯერმა გააყრუა. ჯავშანმანქანამ ტყვიამფრქვევის ლულა დაბლა დასწია და არახუნდა.

შოთიკომ ჯავშანმანქანას მარცხიდან მოუარა, იქვე ბოგირთან უზარმაზარი აკაციის ხესთან ჩაჯდა, ავტომატი გადატენა და დაუშვა.

ნელ-ნელა ინათა. აღმოსავლეთიდან ამოსული  მზე ფრთხილად, თითქოს მოკრძალებით ანათებდა ნაომარ, გადამწვარ და ცხედრებით მოფენილ სოხუმს. გარიჟრაჟი ძლივს აღწევდა კვამლში გახვეულ, მხრჩოლავ ქალაქში. ღამის უკუნი და სიბნელე ნელა იხევდა უკან. უცებ შოთიკო მის ზურგს უკან წამოსულმა ბათქანმა და ზრიალმა გააყრუა. მერე თავზე აკაციის ტოტები და მტვერი გადაეყარა. ზევით, ცაში, სტვენით და გრუხუნით გადაიშხუილა გიგანტური სანთლების ალმა და გუმისთის გაღმა, მდინარის ნაპირზე ყველაფერი დაადუღა. გრიალი და სროლა სულ უფრო ძლიერდებოდა. დასავლეთისკენ შემზარავი ყივილით მფრინავი ჭურვებიც სულ უფრო მატულობდა და მდინარის გაღმა ცეცხლის კედელი აღიმართა.

 – წავიდაა! – წავიდააა! – წაიღეთ აწი სამში გრძელი, სქან დიდაშ ფხოდუნქ მა! – გაისმა ვიღაცის ყვირილი, – წავიდააა! – აჰაა დაიჭირეთ ვასია, ა, თქვენ სოხუმი, თქვენი ბოზისქუა, ნაბურშალა დიდა ფხოდი!..

  – სოსო, ბჟალავა ცოცხალი ხარ, ტო? – შოთიკომ თანამებრძოლის ხმა იცნო. – შენები სად არიან?

– ჩამოვრჩი, წიე,  უცებ შეცვალეს პრიკაზი და აგერ ამოვყავი თავი თქვენთან…

– პირტავას ტანკი ვნახე!.. იწვებოდა, მარა ბოლომდე ურახუნებდა…

– დაიბრიდა პირტავა! მაგი და მაგის პადდელნიკი! – ჩაიწვა ცხონებული. არ გადმოვიდა არაფრით ტანკიდან. მაინც მიაქვთ სოხუმიო. წავაგეთო, იფიქრა საწყალმა და…

– აუ ჩემი…

– აბაა…

შოთიკო უცებ მოეშვა, პირდაპირ ასფალტზე დაჯდა და ზურგით ტყვიებით დაცხრილულ და  ტოტებდალეწილ აკაციას მიეყრდნო. მიხვდა, რომ მოიგეს. რაღაც უმნიშვნელოვანესი მოხდა მის ცხოვრებაში, გაიმარჯვა, დაიცვა თავისი ქალაქი. ეიფორიის და ნირვანის რაღაც უცნაურ ნაზავთან ერთად, უცებ ყველაფერი სულერთი გახდა. მთელი ტანით გრძნობდა, როგორ აზანზარებდა მიწას არტილერიის ცეცხლი და უცებ უცნაურმა აზრმა  გაუელვა, ჯერ აფხაზური მხრიდან ანგრევდა და არყევდა სოხუმს საარტილერო ცეცხლი, ახლა კი ქართული მხრიდან ეშერასკენ და ახალი ათონისკენ თხრიდა ყველაფერს და ორივე შემთხვევაში ეს საბჭოთა, რუსული იარაღი იყო. მერე გაახსენდა, რომ სიგარეტი ჰქონდა, რომ ცოცხალი იყო და შეეძლო მოეწია. ეწეოდა და სადღაც შორიდან ესმოდა სროლის, თანამებრძოლების ლაპარაკის და სიცილის ხმა.

იმ ღამეს გია ყარყარაშვილმა თავისი გვარდიელებით – “თეთრი არწივის” ბატალიონით ქალაქში შემოჭრილი მტერი ალყაში მოაქცია, უკან დასახევი გზა მოუჭრა, ფრონტის ხაზი გაასწორა, მტერმა მთელი რეზერვი ჩართო, ალყაში მოქცეული თანამებრძოლების დასახმარებლად და სოხუმზე შეტევის გასავითარებლად, მაგრამ ქართული არტილერიის ზუსტმა და გრიგალისებურმა ცეცხლმა მათი შეიარაღებული ძალები გუმისთაზევე გადაცხრილა და ქალაქში ჩარჩენილი მტერი ბოლომდე გაანადგურა. 

რუსეთი, რომელიც მთელი თვის განმავლობაში საგულდაგულოდ ამზადებდა ამ შეტევას, უბრალოდ გააოგნა  მათთვის მოულოდნელმა და გამანადგურებელმა მარცხმა. იმის მიუხედავად, რომ თავად მანამდე მორცხვად უარყოფდა თავის პირდაპირ მონაწილეობას საქართველოს წინააღმდეგ ომში, ტყვედ ჩავარდნილთა უმეტესობა რუსეთის არმიის კადრის ოფიცრები აღმოჩნდნენ. არტილერისტები და ავიაცია რომ აფხაზების მხარეს ომობდა, ამას ვერც უარყოფდნენ, იმიტომ რომ აფხაზებს, ბუნებრივია, არტილერია, სამხედრო ფლოტი და სამხედრო მოიერიშე თვითმფრინავები ვერ ეყოლებოდათ, მაგრამ აღმოჩნდა, რომ რუსის კაზაკების უმეტესობა, რომლებსაც რუსეთი “ვერ აკონტროლებდა”, ასევე რუსეთის არმიის ოფიცრები იყვნენ. 

სოხუმზე პირდაპირ შეტევას უზარმაზარი მსხვერპლი მოჰყვა, რამაც მოწინააღმდეგის სრული დეზორგანიზაცია და დემორალიზება გამოიწვია. არსებობს კადრები, სადაც სოხუმზე შეტევის შემდეგ სამხედრო საბჭოზე ვლადისლავ არძინბა გამწარებული კიოდა: “ყოველი მეორე დასახვრეტი ხართ. ქართველები უკვე დაგვცინიან, ვეცოდებით და ამბობენ, გაჩერდით, რა ვქნათ, რა გინდათ, მართლა ასე კურდღლებივით გაქცეულებს ხომ არ ამოგხოცავთო”. 

ბრძოლები 16 მარტის ჩათვლით გაგრძელდა და ქართული მხარის სრული გამარჯვებით  დამთავრდა. გუმისთის იქით გუდაუთამდე გზა ხსნილი იყო, მტერი პანიკაში ჩავარდა. ამის შემდეგ სოხუმში დაისვა საკითხი, რომ სამხედრო გამარჯვება კიდევ უფრო განევითარებინათ, კონტრშეტევაზე გადასულიყვნენ და ბოლოს და ბოლოს დაემთავრებინათ ეს წყეული ომი. თუმცა სახელმწიფო საბჭოს თავმჯდომარე ედუარდ შევარდნაძე კვლავ კატეგორიული წინააღმდეგი იყო შეტევაზე გადასვლის.

 


მიიღე ყოველდღიური განახლებები!
სიახლეების მისაღებად მოგვწერეთ თქვენი ელ.ფოსტა.