fbpx

ბერტა ბენცი – გამომგონებელი ქალი, რომელმაც 1888 წელს სამუხრუჭე ხუნდები შექმნა


გააზიარე სტატია

ქალების როლი ავტოინდუსტრიაში – ეს ამბავი ბერტა ბენცის ისტორიით იწყება. ქალი, რომელიც კარლ ბენცის მეუღლე და ბიზნესპარტნიორი იყო, იმ დროისთვის უნიკალურ მოგზაურობაში წავიდა საკუთარი მეუღლის მიერ შექმნილი ავტომობილით. ბერტამ Motorwagen Model III-ით 106 კილომეტრი დაფარა და ეს პირველი ყველაზე გრძელი მოგზაურობა იყო ავტომობილით.

წარმოიდგინეთ 1888 წელი –  ავტომობილი მაშინდელი მსოფლიო მოსახლეობის ნაწილს ნანახიც არ ჰყავდა, არათუ მისი მართვა შეეძლო; ამ დროს კი ბერტა ბენცი, ორ მოზარდთან ერთად, უკვე მანქანას მართავს და შორეულ მოგზაურობაში მიდის. გზაში კი  ავტომობილის დეფექტებს თავად ასწორებს, აანალიზებს, ინიშნავს და მოგზაურობიდან დაბრუნებული მეუღლეს, კარლ ბენცს, პრობლემის გადაწყვეტასაც სთავაზობს, რომლის გარეშე დღევანდელი ავტოინდუსტრიაც კი წარმოუდგენელია.

ბერტა ბენცის სახელს უკავშირდება სამუხრუჭე ხუნდების შექმნის იდეა. ამასთანავე, ავტოინდუსტრიაში ის იყო პირველი, ვინც ნეიტრალური სიჩქარის აუცილებლობას მიხვდა, რათა პრობლემის შემთხვევაში მანქანა მარტივად გაეგორებინათ.

ბერტა ბენცი პიონერი და ადრეული ნოვატორია, რომელმაც სათავე დაუდო ავტოინდუსტრიაში ქალების ჩართულობას. იყო პერიოდიც, როდესაც მთავარი ძალა ინდუსტრიის განვითარებისა სწორედ ქალები იყვნენ. მეორე მსოფლიო ომის დროს ავტოინდუსტრიაშიც უამრავი ქალი იყო დასაქმებული.

მას შემდეგ საუკუნეზე მეტი გავიდა და დრომაც დაადასტურა, რომ სამუხრუჭე სისტემა უსაფრთხოებისა და, ზოგადად, ავტომობილის მართვის პროცესში ერთ-ერთი მთავარი დეტალია. ტექნოლოგია განვითარდა – დღეს ავტომობილები ABS-ის სისტემითაა აღჭურვილი, რაც თითოეული ბორბლის ტრიალის სიჩქარეს სენსორებით აკონტროლებს. დამუხრუჭებისას სისტემა გრძნობს, რომ ერთი ან რამდენიმე ბორბალი შესაძლოა ჩაიკეტოს. გასრიალების თავიდან ასაცილებლად ავტომატურად თიშავს მუხრუჭს, ბორბალი ტრიალს განაგრძობს, შემდეგ კი ისევ ააქტიურებს. ეს ოპერაცია წამში 15-ჯერ მეორდება, რის შეგრძნებასაც მუხრუჭის სატერფული იძლევა. თუმცა არ უნდა დაგვავიწყდეს, რომ ამ უნიკალური სისტემის ჩამოყალიბებას საფუძველი სწორედ ბერტა ბენცის გამოგონებამ ჩაუყარა.

 

 


მიიღე ყოველდღიური განახლებები!
სიახლეების მისაღებად მოგვწერეთ თქვენი ელ.ფოსტა.