fbpx

ისტორიული დრამა „ვანდა მეტროპოლიტანოზე“


გააზიარე სტატია

 

ავტორი: აჩიკო ბენაშვილი

 

როდესაც მადრიდის „ატლეტიკოს“ და „ინტერის“ მატჩის უკანასკნელ წუთზე, უკანასკნელი დარტყმით, რიკელმემ ბურთი ძელს ზემოდან გადააცილა და გუნდები მატჩის დამატებითი დროის სათამაშოდ გაემზადნენ, მადრიდელთა მწვრთნელ დიეგო სიმეონეს ნერვებმა უმტყუნა და ის „ვანდა მეტროპოლიტანოს“ ბოლომდე გავსებული ტრიბუნების წინაშე მიწაზე გაიშოტა…

ერთი მხრივ, სიმეონეს თვალწინ წარმოუდგა 2016 წლის ჩემპიონთა ლიგის ფინალი, რომელიც მისმა გუნდმა პენალტების სერიაში წააგო მადრიდის „რეალთან“, 

მეორე მხრივ კი, ალბათ არგენტინელი იმედოვნებდა, რომ ამჯერად საქმე თერთმეტმეტრიანებამდე აღარ მივიდოდა და მგზნებარე გულშემატკივრობით გამხნევებული „ატლეტიკო“ დამატებით დროში მოიგებდა, თორემ იან ზომერი დახელოვნებულია პენალტების მოგერიებაში და მან თვით იტალიის ნაკრებიც შეიწირა ამ თვალსაზრისით არცთუ ისე დიდი ხნის წინ… 

მაგრამ საქმე თერთმეტმეტრიანების სერიამდე მივიდა და „ატლეტიკოსთვის“ მეოთხედფინალის საგზური ჰოლივუდის ფილმებისათვის დამახასიათებელი „ჰეფიენდის“ სცენარით გათამაშდა.

რიკელმეს პენალტის შესრულებისას ნერვი არ აუტოკდა, როდესაც იან ზომერი ბურთის მიმართულების საპირისპირო კუთხეში გადაახტუნა, მემფის დე პაიმ და კორეამ კი შვეიცარიელ მეკარეს ძელიდან ასხლეტილი აუღებელი დარტყმები აგემეს. 

ამის საპირისპიროდ სანჩესს და კლასენს იან ობლაკმა აუღო, ხოლო ლაუტარო მარტინესის გადამწყვეტი დარტყმა კი კარს ზემოდან გადასცდა.

თვით თამაშის ხარისხი ჩემპიონთა ლიგის ფინალის ტოლფასადაც შეგვიძლია შევაფასოთ და თამამად შეგვიძლია ვთქვათ, რომ ფეხბურთის მოყვარულებმა „ლივერპულის“ და „მანჩესტერ სიტის“ პრემიერლიგური დაპირისპირების შემდეგ, ერთი კვირის მანძილზე კიდევ ერთი დაუვიწყარი მატჩი იხილეს ისეთი სიმბოლური შიდა პაექრობებით, როგორიც მეკარეებს – ორ იანს, მწვრთნელებს – ორ სიმონეს და მსოფლიო ჩემპიონებს – გრიზმანს და ლაუტაროს შორის იყო.

მატჩში გარდატეხა მოედანზე მემფის დე პაის გამოჩენას მოჰყვა, რომლის ქმედებების წინააღმდეგაც „ინტერის“ გაუვალი დაცვა თურმე უძლური უნდა ყოფილიყო.

ძირითადი დროის დასრულებამდე ათიოდე წუთით ადრე ლაუტაროს მიერ მეკარე ობლაკთან პირისპირ გაყვანილი ტიურამის და ბარელას განიავებული მომენტები კი „ინტერისთვის“ მატჩის მიწურულს საბედისწეროდ უნდა ქცეულიყო მფრინავი ჰოლანდიელის დიდოსტატური გოლის გამო, რომელმაც იტალიელთათვის სასურველი სცენარით დაწყებული თამაში ავბედით დამატებით დროში გადაიყვანა…

„კამპ ნოუზე“ „ბარსელონას“ და „ნაპოლის“ კიდევ ერთ ესპანურ – იტალიურ დაპირისპირებაში კი, სტუმართა ცალკეული გაელვებების მიუხედავად, გამოცდილი გიუნდოგანის და ლევანდოვსკის მხარდამხარ მოთამაშე რამდენიმე ნორჩი ფეხბურთელის ძალისხმევით, „ბარსელონამ“ მატჩი ძირითად დროშივე მოიგო და „რეალთან“ და „ატლეტიკოსთან“ ერთად ესპანური კლუბების სამეული შეადგინა ჩემპიონთა ლიგის მეოთხედფინალურ ეტაპზე.

„ნაპოლის“ ცივი შხაპი შეხვედრის დებიუტში სამი წუთის მანძილზე გაშვებულმა ორმა გოლმა გადაავლო. 

სტუმართა დაცვითი ხაზის ასეთმა უნიათო თამაშმა მატჩისადმი დიდი პასუხისმგებლობით მომზადებული „ბარსელონას“ ფეხბურთელებიც კი დააბნია, რომლებიც ესპანეთის ჩემპიონატში „მალიორკას“ და „ალავესის“ მსგავს გუნდებთანაც კი ვერ ქმნიან ასე იოლად საგოლე მომენტებს.

საბოლოოდ თამაში ორმხრივი შეცდომების კასკადში გადაიზარდა, მდევრის როლში მყოფმა „ნაპოლის“ ფეხბურთელებმა კი ამ მხრივ მეტოქეს „აჯობეს“, მატჩის ბოლოსკენ გადამწყვეტი შეცდომა დაუშვეს და საბოლოოდ ანგარიშით 1:3 დამარცხდნენ.

„დორტმუნდმა“ ანგარიშით 2:0 საკმაოდ იოლად სძლია ნიდერლანდების ჩემპიონ „პსვ-ს“, ხოლო ლონდონის „არსენალმა“ კი მადრიდის „ატლეტიკოს“ მსგავსად, თერთმეტმეტრიანების სერიით გაიკვალა გზა მეოთხედფინალისაკენ. 

„მეთოფეებმა“ ერთადერთი გოლი საკმაოდ თამამად მოთამაშე „პორტოს“ კარში პირველი ტაიმის მიწურულს გაიტანეს. 

მატჩის მეორე ნახევრიდან მოყოლებული პორტუგალიელები უფრო ჩაიკეტნენ, მასპინძლები კი ვერ ბედავდნენ მთელი ძალებით შეტევაში წასვლას. ამგვარი სტრატეგიის შედეგად გოლი მეტი აღარ გასულა, ჯამური ანგარიში 1:1 დაფიქსირდა და პენალტები უკეთ „არსენალმა“ შეასრულა, რაც ფეხბურთის ნეიტრალური მოყვარულებისთვის ალბათ სასურველია.

ამრიგად, მეოთხედფინალში ესპანეთის ლა ლიგას სამი, ინგლისის პრემიერლიგას და გერმანიის ბუნდესლიგას ორი და საფრანგეთის ლიგა I-ს ერთი გუნდი განასახიერებს, ხოლო იტალიის სერია A-ს კი არცერთი… 

სასწაულებრივ განვითარდა მოვლენები ევროპის ლიგის განმეორებით შეხვედრაში „ლევერკუზენსა“ და „ყარაბაღს“ შორის, რომელშიც პირველი მატჩის მსგავსად, აზერბაიჯანული გუნდი მატჩის 70-ე წუთამდე ანგარიშით 2:0-ს იგებდა!

საინტერესოა, რომ გასვლით შეხვედრაში „ყარაბაღის“ ფეხბურთელებმა მეორე ბურთი მოედანზე ათი კაცის შემადგენლობით ყოფნისას გაიტანეს, ხოლო მიმდინარე სეზონში დაუმარცხებელმა „ლევერკუზენმა“, კერძოდ კი, პატრიკ შიკმა, ანგარიში ამჯერადაც მსაჯის მიერ დამატებულ მეორე წუთზე გაათანაბრა. 

განსხვავება მხოლოდ ის იყო, რომ მასპინძელთა ჩეხმა ფორვარდმა საპასუხო მატჩის დამატებით მე-8 წუთზე გამარჯვების გოლიც გაიტანა, რამაც ბუნდესლიგის ლიდერს ზედიზედ 37-ე დაუმარცხებელ თამაშთან ერთად, მეოთხედფინალის საგზური შეხვედრის ძირითად დროშივე შესძინა.

ჩემპიონთა ლიგის კენჭისყრის შედეგები კი ლამის მერვედფინალურ მატჩებზე არანაკლებ საინტერესო გამოდგა, რაც მადრიდის „რეალის“ და „მანჩესტერ სიტის“ წყვილმა განაპირობა.

ტურნირის „ნაადრევ ფინალს“, რა თქმა უნდა, „მანჩესტერ სიტის“ მიერ „სამეფო კლუბის“  შარშანდელი უკიდურესად დამამცირებელი  განადგურება ამძაფრებს, რაც კარლო ანჩელოტის პეპ გვარდიოლაზე შურისძიებას ავალდებულებს…

ჩვენი ყურადღების ეპიცენტრი კი ამ კვირაში „დინამო არენაზე“ გადაერთვება, სადაც საქართველოს ნაკრები ლუქსემბურგს დაუპირისპირდება, გამარჯვების შემთხვევაში კი საბერძნეთისა და ყაზახეთის ეროვნულ გუნდებს შორის მოგებულს უმასპინძლებს.

საქართველოს ნაკრების კარს მომდგარი ასპარეზობის პროგნოზირება ჩვენგან აზრს მოკლებულია, რადგან ამას ნეიტრალური მხარე უნდა აკეთებდეს. 

მაგრამ უნდა აღინიშნოს, რომ გულშემატკივართა მხრიდან დიდი მითქმა-მოთქმა გამოიწვია ნაკრებისთვის ჩემპიონთა ლიგის H ჯგუფის სიმბოლურ ნაკრებში შესული ირაკლი აზაროვის და თუნდაც ლუქსემბურგთან შეხვედრაში ხვიჩა კვარაცხელიას არყოფნიდან გამომდინარე, გიორგი არაბიძის გამოუძახებლობამ.

მწვრთნელმა ვილი სანიოლმა პირველის გამოუძახებლობის მიზეზად  ფეხბურთელის მიერ მისი დავალებების ზედმიწევნით შეუსრულებლობა, ხოლო მეორის კი „ნაკლები ინტენსივობით  თამაში“  დაასახელა.

ამასობაში კი მათგან, ვინც ნამდვილად ითამაშებს, განვლილ უიკენდზე ბრწყინვალე მატჩი ჩაატარა საქართველოს ნაკრების მეკარე გიორგი მამარდაშვილმა, რომელმაც არაერთი რთული ბურთის აღებასთან ერთად, თერთმეტმეტრიანის მოგერიებაც შეძლო.

„ვილიარელს“ დიდი უპირატესობა ჰქონდა „ვალენსიასთან“ მატჩში და საბოლოოდ მამარდაშვილის გუნდი ანგარიშით 0:1 დამარცხდა, მაგრამ ამას არც ჩვენთვის და ლა ლიგის სატურნირო ცხრილიდან გამომდინარე, არც „ვალენსიასთვის“ ჰქონია დიდი მნიშვნელობა. მთავარია, რომ მამარდაშვილი შესანიშნავ ფორმაშია და პენალტების მოსაგერიებლადაც მზად არის…

ბუდუ ზივზივაძის „კარლსრუემ“ გერმანიის მეორე ბუნდესლიგის მატჩში ანგარიშით 7:0  „მაგდებურგი“ გაანადგურა. ქართველმა თავდამსხმელმა ამ შეხვედრაში  დუბლთან ერთად საგოლე გადაცემაც მიითვალა, რაც გიორგი მიქაუტაძესთან ერთად, მის სრულ მზადყოფნას მოასწავებს ლუქსემბურგის ნაკრებთან მატჩისათვის. 

 


მიიღე ყოველდღიური განახლებები!
სიახლეების მისაღებად მოგვწერეთ თქვენი ელ.ფოსტა.