fbpx

ნათია გოცირიძე – სახელმწიფო კორპორაციული გაყიდვების მენეჯერი „თეგეტას“ გუნდიდან


გააზიარე სტატია

13 წელი გავიდა მას შემდეგ, რაც ნათია გოცირიძემ „თეგეტა ჰოლდინგში“ შეაბიჯა. მაშინ უნივერსიტეტის დამამთავრებელი კურსის სტუდენტი იყო და მეგობრის რჩევით კომპანიაში მოლარე ოპერატორის პოზიციაზე მივიდა. ეს ის პერიოდია, როცა „თეგეტა ჰოლდინგი“ ბაზარზე წამყვან პოზიციებს იკავებს და ნათიამ მიიჩნია, რომ ამ გუნდის წევრობა მისთვის პერსპექტიული იქნებოდა. არც შემცდარა, 13 წლის თავზე ნათია გოცირიძე „თეგეტა მოტორსის“ სახელმწიფო კორპორაციული გაყიდვების მენეჯერია.

ნათია გოცირიძე პროფესიით ეკონომისტია. როგორც ყველა სტუდენტისთვის, ნათიასთვისაც რთული გამოდგა პირველი ნაბიჯები შრომით ბაზარზე, რადგან, როგორც თავად იხსენებს, სტაჟირებების დაუსრულებელ სერიებს ბოლო არ უჩანდა; რთული აღმოჩნდა სტუდენტის გრაფიკზე მორგებული სამსახურის მოძიებაც, თუმცა, გამოცდილების დაგროვების მიზნით, ნათია წლების განმავლობაში ერთმანეთისგან სრულიად განსხვავებული პროფილის კომპანიებში მუშაობდა.

„ვცდილობდი, რომ სწავლის პროცესი არ შემეჩერებინა და სხვადასხვა კურსიც გამევლო, რათა დამატებითი ცოდნა მიმეღო. საკმაოდ რთული გზა გავიარე იმისთვის, რომ საბოლოოდ იქ ვყოფილიყავი სადაც დღეს ვარ“.

„თეგეტა ჰოლდინგის“ გუნდის ახალ წევრს განსაკუთრებით ხიბლავდა, რომ კომპანია თანამშრომლებს პროფესიული ზრდისა და დაწინაურების შესაძლებლობას აძლევდა, ბუნებრივია, ნათიასაც სურდა, მალე გამხდარიყო ერთ-ერთი მათგანი.

„საკმაოდ საინტერესო აღმოჩნდა მომხმარებელთან  მუშაობა, მიუხედავად იმისა, რომ გამოცდილება უკვე მქონდა. თეგეტაში  მოლარე-ოპერატორებს სხვა პასუხისმგებლობაც გვემატებოდა, ჩვენ სხვადასხვა დეპარტამენტთან ანგარიშვალდებულნი ვიყავით და, შესაბამისად, ვცდილობდით, ჩვენი საქმე უშეცდომოდ გვეკეთებინა“.

„თეგეტა მოტორსში“ მოლარე-ოპერატორის პოზიციაზე 1-წლიანი მუშაობის შემდეგ ნათიას კომპანიის ბუღალტერიის დეპარტამენტმა შესაძლებლობა მისცა, საკუთარი თავი სხვა პოზიციაზე გამოეცადა და ამ სფეროში არსებული ცოდნა საქმეში გამოეყენებინა. მთავარი ბუღალტრის ასისტენტად მუშაობის შემდეგ ნათია გაყიდვებით დაინტერესდა. სამუშაო სპეციფიკიდან გამომდინარე კი, ყველაზე მეტად სახელმწიფო კორპორაციული გაყიდვების განყოფილება ხიბლავდა და როგორც კი შესაძლებლობა მიეცა, გაყიდვების მენეჯერის პოზიციაზე გადაინაცვლა.

მიზანდასახულობაა ის, რაც ნათიას პროფესიულ წარმატებაში ეხმარება. თუმცა არამხოლოდ ეს. ამ გზაზე ნათია გარშემომყოფებისა და ოჯახის წევრების გვერდით დგომას არანაკლებ მნიშვნელობას ანიჭებს.

„რა თქმა უნდა, თითქმის 13-წლიან სამუშაო პერიოდში იყო მომენტები, როდესაც ფიქრობ, რომ უნდა დანებდე, რომ მეტი აღარ შეგიძლია, მაგრამ მერე გახსენდება გზა, რომელიც გავლილი გაქვს, გახსენება, როგორი შემართებით იწყებდი, რა მიზნები გქონდა. საკმაოდ დიდი ძალაა, იმ ადამიანების იმედი გქონდეს, ვისთან ერთადაც მუშაობ – ყოველ მომდევნო დღეს მათთან ატარებ და ხვდები, რომ ეს შენი მეორე ოჯახია, ესენი არიან ის ადამიანები, რომლებიც შენ გვერდით დგანან ყველა საკითხში“.

სახელმწიფო კორპორაციული გაყიდვები საკმაოდ საპასუხისმგებლო საქმეა. „თეგეტა მოტორსი“ ქვეყნის სახელმწიფო სტრუქტურებს თეგეტას პროდუქციით ყოველდღიურად ამარაგებს, უზრუნველყოფს სახელმწიფო ავტოპარკის გამართულ ფუნქციონირებას. „თეგეტა მოტორსი“ არც კოვიდპანდემიის პერიოდში გაჩერებულა, რამაც ნათია საკუთარი საქმის მნიშვნელობაში კიდევ ერთხელ დაარწმუნა.

წლებია, კომპანია გენდერთან დაკავშირებულ სტერეოტიპებს არღვევს. მიუხედავად იმისა, რომ ავტოინდუსტრია ჯერ ისევ მასკულინურ სფეროდ მიიჩნევა, ნათია გვეუბნება, რომ კომპანიაში გატარებული 1 დღეც საკმარისია იმისთვის, რომ „თეგეტა მოტორსში“ ქალის როლის მნიშვნელობაში დავრწმუნდეთ.

მიზანდასახულობასთან ერთად, პასუხისმგებლობა ის მორალური ღირებულებებია, რაზეც ნათია საკუთარ პროფესიულ ყოველდღიურობას აშენებს. „თეგეტა მოტორსში“  მუშაობა მისთვის მოვალეობის მოხდა არ არის, მთელი გულით უყვარს საქმე, რომელსაც ახლა აკეთებს.

სახელმწიფო კორპორაციული გაყიდვების განყოფილებაში გადასვლიდან 6 წლის თავზე, ნათია ფიქრობს, რომ სწორი გადაწყვეტილება მიიღო, რადგან არსებული პოზიცია საშუალებას აძლევს, კომპანიის განვითარებაში საკუთარი წვლილი შეიტანოს.

 


მიიღე ყოველდღიური განახლებები!
სიახლეების მისაღებად მოგვწერეთ თქვენი ელ.ფოსტა.