fbpx

მერი ანდერსონი – ქალი, რომელმაც საქარე მინის საწმენდი შექმნა


გააზიარე სტატია

დღეს ავტომობილის შერჩევისას უამრავ დეტალს ვითვალისწინებთ: აქვს თუ არა სმარტფონისთვის უსადენო დამტენი, AppleCar Play-სა და AndroidAuto-ს მხარდაჭერა და ასე შემდეგ, თუმცა იყო დრო, როცა მძღოლებს წვიმასა და თოვლში ავტომობილის საქარე მინის წმენდაც კი ხელით უხდებოდათ. მე-20 საუკუნის დასაწყისში ავტოინდუსტრია ავტომობილებს საქარე მინის საწმენდის გარეშე აწარმოებდა. პრობლემას წერტილი მერი ანდერსონმა დაუსვა. სწორედ ამერიკელმა გამომგონებელმა შექმნა საქარე მინის საწმენდი, რომელიც დღეს ავტომობილის განუყოფელი ნაწილია.

მერი ანდერსონი 1866 წლის 19 თებერვალს გრინ ოლქში, ალაბამაში დაიბადა. მას  საწმენდის შექმნის იდეა 1903 წლის ზამთარში, ნიუ-იორკში ვიზიტის დროს მოუვიდა. თოვლში ტრამვაით მგზავრობისას  შეამჩნია, რომ მძღოლს ფანჯრის გაღება ხშირად უწევდა, რათა საქარე მინიდან თოვლი და ყინული ხელით გადაეწმინდა. ეს პროცესი კი მოძრაობას მნიშვნელოვნად აფერხებდა. სწორედ ამ სანახაობით შთაგონებულმა ანდერსონმა გამოიგონა საქარე მინების საწმენდი მოწყობილობა, რომლის მართვაც ავტომობილის შიდა სივრციდანაც შესაძლებელი იქნებოდა.

მერი ანდერსონმა საკუთარი გამოგონება 1903 წელსვე დააპატენტა და მას „ფანჯრის საწმენდი მოწყობილობა“ უწოდა. ის ავტომობილის სალონში დამონტაჟებული ბერკეტისგან შედგებოდა, რომელიც რეზინის პირს, საქარე მინის გარე მხარეს აკონტროლებდა. დანის ამოძრავება მძღოლს ბერკეტის აწევით შეეძლო.

მიუხედავად იმისა, რომ ანდერსონის გამოგონება მნიშვნელოვანი ინოვაცია იყო საავტომობილო უსაფრთხოებისა და კომფორტის მიმართულებით, თავდაპირველად ის მაინც ნაკლებად საინტერესო აღმოჩნდა მწარმოებლებისთვის.  საქარე მინის საწმენდები მხოლოდ 1920-იანი წლებიდან იქცა ავტომობილის აღჭურვილობის განუყოფელ ნაწილად.

რა შეცვალა მერი ანდერსონის გამოგონებამ? – საწმენდის შექმნამდე მძღოლებს ხელით უნდა გაესუფთავებინათ საქარე მინები წვიმისგან, თოვლისგან ან მტვრის ნაწილაკებისგან, რაც ხელს უშლიდა მხედველობას და, შესაბამისად, პრობლემას ქმნიდა მგზავრთა უსაფრთხოებისთვის. ანდერსონის საქარე მინის სამწმენდი კი მოსახერხებელი და ეფექტური გადაწყვეტა იყო უამინდობის დროს ხილვადობის შესანარჩუნებლად. მძღოლებს აღარ უწევდათ ხშირად გაჩერება მინების ხელით გასაწმენდად.

მიუხედავად იმისა, რომ ანდერსონის გამოგონებას თავდაპირველად წინააღმდეგობა შეხვდა ავტომობილების მწარმოებლების მხრიდან, ის დღეს უსაფრთხოების აუცილებელ პირობად არის აღიარებული და სტანდარტული აღჭურვილობაა თანამედროვე ავტომობილებში. ანდერსონის გამჭრიახობამ  საავტომობილო ინდუსტრიაში შთამბეჭდავი მემკვიდრეობა დატოვა.


მიიღე ყოველდღიური განახლებები!
სიახლეების მისაღებად მოგვწერეთ თქვენი ელ.ფოსტა.