fbpx

გადამწყვეტი მატჩის წინ


გააზიარე სტატია

ავტორი: აჩიკო ბენაშვილი

ის, რაც ქართველმა მაყურებლებმა ხუთშაბათის საღამოს იხილეს, დაუვიწყარ შთაბეჭდილებად ჩაეწერება თაობათა მეხსიერებაში, რადგან საქართველოს ნაკრებმა ბოლომდე შევსებული „დინამო არენის“ ტრიბუნების წინაშე, უკვე მეორედ გადადგა ნაბიჯი ევროპის ჩემპიონატის ფინალური ეტაპისკენ, სადაც მოხვედრა სულ მალე, საბერძნეთის ნაკრების დამარცხების შემთხვევაში იქნება შესაძლებელი.

ამ შანსის გამოყენებას კი მთელი ქვეყანა სულმოუთქმელად ელის, რადგან უკვე მომწიფდა ოცნების რეალობად ქცევის დრო.

ლუქსემბურგის ნაკრებთან ჩვენებმა ბეწვის ხიდზე გაიარეს, ანგარიშით 2:0 გაიმარჯვეს და აურაცხელ სიხარულთან ერთად, უამრავი საფიქრალიც დაგვიტოვეს, რადგან თუკი საღი გონებით მივუდგებით საკითხს, საბერძნეთის ნაკრების დასამარცხებლად ის სათამაშო დონე არ იქნება საკმარისი, რაც ჩვენებმა ლუქსემბურგთან გამოავლინეს. 

თამაშამდე წარმოთქმული ისეთი არაფრისმთქმელი და არაფრისმომცემი ფრაზები კი, როგორიცაა „მჯერა, რომ აუცილებლად მოვიგებთ“, ან „თუ ფეხბურთელები მოედანზე დავალებებს ზუსტად შეასრულებენ, გავიმარჯვებთ“, გვერდზე უნდა გადავდოთ და მიზნის მისაღწევად გონებას და არა გრძნობებს მოვუხმოთ, რადგან ფარხმალის დაყრას, არც მეტოქე აპირებს.

მიმდინარეობდა მატჩის მე-12 წუთი, როდესაც ჩაკვეტაძემ ქუსლით დაუბრუნა ბურთი ბუდუ ზივზივაძეს და ამ უკანასკნელმაც ლუქსემბურგელთა კარის ძელი შეაზანზარა. 

მეტოქის კარის აღების პირველ რეალურ მცდელობას მალე ზივზივაძის მიერ გატანილი გოლიც მოჰყვა, მაგრამ გამოცდილმა ესპანელმა მსაჯმა ქართველი თავდამსხმელის მხრიდან სტუმართა გოლკიპერზე წესების დარღვევა დააფიქსირა და ყვითელი ბარათითაც „დაასაჩუქრა“ იგი.

ამ ეპიზოდებმა უკვე აშკარად გამოავლინა მატჩის მიმდინარეობის სამომავლო სცენარი, რომლის მიხედვითაც სტუმრები ყველანაირად ეცდებოდნენ ჩვენების მიერ შეთავაზებული სათამაშო რიტმის ჩაკვლას და ნებისმიერი შეცდომით მყისვე სარგებლობას.

„ჩაკვლა“ კი ძირითადად მინდორზე გაუთავებელ გორაობაში გამოიხატებოდა, რაზედაც მსაჯი იძულებული იყო, რომ რეაგირება მოეხდინა და თამაში გაეჩერებინა. 

აი ლუქსემბურგელთა კარზე გამუდმებით დაგეშილ ჩვენ სწრაფ ნახევარცველებსა თუ ფორვარდებს კი ტემპის დაგდება ხელს არ აძლევდათ. ამიტომ მეტოქის „ნოკდაუნში“ ჩასაგდებად პირველ ტაიმშივე სასურველი იყო გოლის გატანა, რასაც საქართველოს ნაკრებმა მატჩის მე-40 წუთზე მიაღწია.   

ლევან შენგელიას მიერ კუთხურიდან ჩამოწოდებული ბურთი ლუქსემბურგელთა ცენტრალურმა მცველმა ბუდუ ზივზივაძეს პირდაპირ ფეხზე დაუგდო, ქართველმა ცენტრფორვარდმაც ისარგებლა ასეთი საჩუქრით და ახლო მანძილიდან ახლო კუთხეში უძლიერესი დარტყმით გახსნა ანგარიში.  

ამ გოლმა ერთ მუშტად შეკრული ქართული საზოგადოებრიობა ამაღლებულ განწყობაზე გაიყვანა შესვენებაზე და თუკი მატჩის დაწყებამდე ფეხბურთელებს და სტადიონზე მისულ გულშემატკივრებს UFC-ში  მსოფლიო ჩემპიონის ქამრის მფლობელმა ილია თოფურიამ მიმართა სიტყვით, შესვენებაზე უკვე ევროვიზიაზე საქართველოს ულამაზესმა წარმომადგენელმა ნუცა ბუზალაძემ გაამხნევა აუდიტორია შესანიშნავი სიმღერით. 

ასეთი აურის მიუხედავად, მეორე ტაიმი ჩვენთვის არასასურველი სცენარით განახლდა, რადგან უმარტივესი კომბინაციის შედეგად სტუმრებს პირველად მიეცათ გოლის გატანის შანსი, ხოლო გიორგი მამარდაშვილს კი „სეივის“ შესაძლებლობა.

მალე კი პრაქტიკულად ანალოგიური მარტივი კომბინაციის შემდეგ, რაც უკვე დამაფიქრებელია, ლუქსემბურგელებმა საპასუხო გოლი გაიტანეს საქართველოს ნაკრების კარში, რომელიც ჩვენთვის საბედნიეროდ, რამდენიმე წამით ადრე სტუმართა გუნდის კართან შექმნილი სადავო სიტუაციის გამო, VAR-ის ოთახიდან მიღებული მითითების შედეგად, მსაჯის განხილვის ობიექტი შეიქმნა. 

საქმე ეხებოდა გიორგი მიქაუტაძეზე საჯარიმო მოედანზე წესის დარღვევას, რაც მსაჯის მხრიდან დაფიქსირების შემთხვევაში საქართველოს ნაკრების კარში გოლის ჩათვლის ნაცვლად, ავტომატურად ლუქსემბურგელთა კარში პენალტის დანიშვნის საბაბად უნდა ქცეულიყო. 

საბოლოოდ გადავრჩით, რადგან განხილვის შედეგად მსაჯმა წესების დარღვევა კი დააფიქსირა, მაგრამ საჯარიმო მოედნის გარეთ, ხოლო VAR-ის ოთახში ეს რომ შეენიშნათ, ეპიზოდს გადასასინჯად მსაჯს აღარც მიაწვდიდნენ. 

„მხოლოდ ჯარიმა“ ჩვენებმა კინაღამ გოლად აქციეს, როდესაც ბუდუ ზივზივაძის შემდეგ, უკვე ლევან შენგელიამ გაარტყა ბურთი მეტოქის კარის ძელს, მაგრამ მთავარი ის იყო, რომ სტუმრებს საჯარიმო მოედნის მისადგომებთან წესების დარღვევა მოედანზე ათი კაცის შემადგენლობით დარჩენად დაუჯდათ. ეს კი უკვე თითქმის გამარჯვებას ნიშნავდა! 

აწი უკვე თამამად შეიძლებოდა საქართველოს ნაკრების თამაშის ხარისხის შეფასება, რასაც უცნაურ დაკვირვებამდე მივყავართ.

საქმე ისაა, რომ, ერთი მხრივ, სათამაშო სქემიდან ამოვარდნილი ან ნაკლებად აქტიური არავინ ყოფილა და საკუთარ ამპლუას თითოეული მოთამაშე შესანიშნავად ასრულებდა. აქედან გამომდინარე, გვარების ჩამოთვლას ან ვინმეს გამოყოფას უბრალოდ ვერ შევუდგებით.

მეორე მხრივ კი,  საქართველოს ნაკრების დაცვით ფაზაში პატარ-პატარა ხვრელები შეინიშნებოდა, რაც ნახევარმცველებსა და მცველებს შორის შეუთანხმებელი თამაშის შედეგი იყო.

ამის გამოსწორება ბერძნებთან აუცილებელი იქნება, თორემ ვერაგი მოწინააღმდეგე ამ ხვრელების გაზრდას ყველანაირად ეცდება. ამაზე კი ჩვენი მომავალი მეტოქის მიერ ყაზახეთის ნაკრების ანგარიშით 5:0 განადგურება გვაფიქრებინებს. 

საქართველოს ნაკრების შემტევ ფაზას აუცილებლად გააძლიერებს ხვიჩა კვარაცხელია, მაგრამ დაცვაში თამაშის გაუმჯობესების გარეშე ძალიან რომ გაგვიჭირდება, ესეც ნათელია.

ევრო 2004-ის გამარჯვებული საბერძნეთის ნაკრები გამოცდილი გუნდია, რომელიც განსაკუთრებით საშიშია რანგით შედარებით დაბალი და თანასწორი  გუნდებისთვისაც კი, რაზეც მისი ბოლოდროინდელი სტატისტიკა მეტყველებს.  

მაგალითად, ევრო 2024-ის შესარჩევ ციკლში მან ორივე მატჩში დაამარცხა ირლანდიის ნაკრები, ფრედ ეთამაშა საფრანგეთს და ჯგუფში მესამე ადგილი საფრანგეთის და ნიდერლანდების შემდეგ დაიკავა.

საქართველოს ნაკრებს საბედნიეროდ, გააჩნია მასზე სახელოვანი გუნდების ძლევის გამოცდილება, რაზედაც სხვადასხვა დროს ბულგარეთის, შოტლანდიის, პოლონეთის, უნგრეთის თუ ბოლოს შვედეთის ნაკრების დამარცხება მიგვანიშნებს.

სწორედ ასეთი, გამარჯვებულის და ყოვლად უშიშარი სულისკვეთებით გამოსვლა გვმართებს საბერძნეთის ნაკრებთან შეხვედრაში, რომელთანაც ამ ბოლო ხანს ხვიჩას ბრწყინვალე გოლით ფრედ კი ვითამაშეთ, მაგრამ იმ მატჩის მოგებაც შეგვეძლო, ისე რომ მეტოქისთვის არაფერი დაგვითმია.   

ბუდუ ზივზივაძის დუბლი ძალიან მნიშვნელოვანია საბერძნეთის ნაკრებთან თამაშის წინ, რადგან ქართველმა ფორვარდმა მეორე ბუნდესლიგის უკანასკნელ მატჩშიც ანალოგიურად დუბლი შეასრულა და საგოლე გადაცემაც მიითვალა.

კარგია, რომ ჩვენებმა არაერთი საგოლე მომენტი შექმნეს ლუქსემბურგის ნაკრების კართან და გიორგი ჩაკვეტაძეც მზადაა საგოლე გადაცემების დასარიგებლად თავისი პარტნიორებისთვის. 

კარგია, რომ შინ ვთამაშობთ და სტადიონი კვლავ ბოლომდე გადავსებული იქნება, რაც ნაკრებს საბოლოო მიზნის მიღწევაში აუცილებლად უნდა დაეხმაროს!

აი უკრაინის ნაკრები კი გასვლაზე ბოსნია და ჰერცეგოვინის დამარცხების შემდეგ,  ევროპის ჩემპიონატზე მოსახვედრად ისლანდიას პოლონეთის ქალაქ ვროცლავში „უმასპინძლებს“.

 

   

 


მიიღე ყოველდღიური განახლებები!
სიახლეების მისაღებად მოგვწერეთ თქვენი ელ.ფოსტა.