კრეატიული დირექტორის როლი საავტომობილო ინდუსტრიაში – თეონა კოხოძის უწყვეტი და დინამიკური სამუშაო პროცესი
„ამ სფეროში კრეატიულ დირექტორად მუშაობა ავტომობილის მომავლის გამოძერწვას ჰგავს“, – ასე ხედავს „თეგეტა ჰოლდინგის“ კრეატიული დირექტორის ამპლუაში საკუთარ თავს თეონა კოხოძე. დიდი ხანი არ არის, რაც გუნდი ჩაიბარა. კომპანიაში რამდენიმე თვის წინ მივიდა, მაგრამ უკვე კარგად იცის, რომ საავტომობილო ინდუსტრიის სწრაფი განვითარების ტემპს ერთი ნაბიჯითაც არ უნდა ჩამორჩეს. მომხმარებელთან საერთო ენა საინტერესო და ინოვაციური შეთავაზებებით უნდა გამონახოს და ურთიერთობები გრძელვადიან, ღირებულებით კავშირზე დაამყაროს.
„ზოგადად, კრეატიული დირექტორის როლი მულტიფუნქციურია და საჭიროებს კრეატიულობის, ლიდერობის, კომუნიკაციისა და სტრატეგიული აზროვნების, უნარების ერთობლიობას. ის გადამწყვეტ როლს ასრულებს კომპანიის შემოქმედებითი მიმართულების წარმართვაში, უზრუნველყოფს და ხაზს უსვამს მის ავთენტიკურობას.
კრეატიული დირექტორობა ჩემთვის უწყვეტ ფიქრსა და სიახლეების ძიებას ნიშნავს. ეს კი, თავის მხრივ, უახლესი ტენდენციების, ტექნოლოგიებისა და ტექნიკის ათვისებას გულისხმობს, რაც შემდგომ შემოქმედებით პროცესებში აისახება“, – ამბობს თეონა კოხოძე, „თეგეტა ჰოლდინგის“ კრეატიული დირექტორი.
მანამ, სანამ სათქმელი კომპანიის კედლებს გასცდება, ხანგრძლივი სამუშაო პროცესია. ერთ-ერთი მთავარი და პირველი მიზანი გუნდის შემოქმედებითი შთაგონება და მათი პოტენციალის სწორად გამოყენებაა. გრაფიკოსი დიზაინერების, არტდირექტორებისა თუ სხვა შემოქმედებითი პროფესიონალების იდეებსა და რესურსს შესაბამისი მიმართულება სჭირდება, რაც ახალი ხედვისა და ექსპერიმენტების საშუალებას იძლევა. საბოლოოდ, რა ფორმას მიიღებს გემოვნებისა და საინტერესო იდეების შერწყმა – ეს უკვე კრეატიულ დირექტორზეა დამოკიდებული.
„პირველ რიგში, სანამ უშუალოდ ვიზუალურ მასალაზე ვიწყებ მუშაობას, ვსწავლობ კომპანიის არქეტიპს, მის ღირებულებებს, ფასეულობებს, ვიკვლევ სამიზნე აუდიტორიას.
საავტომობილო ინდუსტრია ისეთი სივრცეა, რომელიც მუდმივ სიახლეებზეა დამყარებული. შესაბამისად, ამა თუ იმ პროდუქტზე ამბის თხრობა ინოვაციური, ინტერაქციული და თანადროული უნდა იყოს. მაგალითად, ამის ილუსტრაცია შეიძლება იყოს ინტერაქციული ვირტუალური რეალობის სატესტო დრაივები ან AR (გაძლიერებული რეალობის) შოურუმები, რომლებიც მომხმარებლის გამოცდილებას უფრო საინტერესოსა და დასამახსოვრებელს ხდის“.
იცის, რომ ყველა პროექტი სითამამითა და შემოქმედებითობით უნდა გამოირჩეოდეს. კომპანიაში, რომლის მთავარი მამოძრავებელი ძალა განვითარებისკენ სწრაფვაა, სხვაგვარად წარმოუდგენელია. ამბობს, რომ განსაკუთრებული პასუხისმგებლობაა, მუშაობდე დღეს უკვე რეგიონის საავტომობილო ინდუსტრიის ლიდერ კომპანიაში, რომლის ისტორიაც 29 წლის წინ საავტომობილო ნაწილებით მოვაჭრე პატარა მაღაზიით დაიწყო.
„ტრანსფორმაცია, პროგრესულობა, გამბედაობა, პასუხისმგებლობის გრძნობა – ეს ის მახასიათებლებია, რომლებიც ჩემთვის „თეგეტა ჰოლდინგთან“ ასოცირდება. გარდა ბრენდის გაიდლაინის დაცვისა, როგორც ბეჭდურ, ისე ციფრულ მედიაში ყურადღებას ვაქცევ ისეთ დეტალებს, რომლებიც მხოლოდ თეგეტასთვის არის დამახასიათებელი. ამავდროულად, ჩემთვის არანაკლებ მნიშვნელოვანია ვიზუალური თანმიმდევრულობა ყველა საკომუნიკაციო არხში.“
საავტომობილო ინდუსტრიაში მუშაობს და არ გაჰკვირვებია შეკითხვა კომპანიაში ქალთა მხარდაჭერის შესახებ. „თეგეტა ჰოლდინგის“ კრეატიული დირექტორი გვეუბნება, რომ წინსვლისა და განვითარების შესაძლებლობა ყველას თანაბრად აქვს – მთავარი სურვილია. თუმცა სკეპტიკოსებს კიდევ ერთხელ ახსენებს:
პორშეც უყვარს და არც სითამამე და ცნობისმოყვარეობა აკლია. ასეა საქმეშიც და ასე იყო განათლების მიღების პროცესშიც. თბილისის სამხატვრო აკადემიაში დაზგური ფერწერის ფაკულტეტის დასრულების შემდეგ თანამედროვე ხელოვანების შეკრების ერთ-ერთ გამორჩეულ ქალაქში, ლაიფციგში, კერძოდ კი, Spinnerei-ს ერთ-ერთ რეზიდენციაში მიიწვიეს, როგორც ქართველი არტისტი. ჯგუფურ თუ სოლო გამოფენებს მიუნხენის სახელმწიფო სამხატვრო აკადემიაში გრაფიკის ფაკულტეტი მოჰყვა. მერე იყო ბერლინი და მეორე საბაკალავრო პროგრამა, გრაფიკული დიზაინის განხრით. პარალელურად, თეორიულ ცოდნას პრაქტიკული გამოცდილებით იმყარებდა და სანამ ევროპულ განათლებას სამშობლოში ჩამოიტანდა, ნამუშევრები Mercedes Benz Arena Berlin-შიც გამოფინა.
თეგეტაში ახალი შესაძლებლობების კარი შეაღო. სურს, ჰოლდინგის სათქმელი, რომელსაც სრულად იზიარებს, მომხმარებლამდე გასაგები და ამავე დროს შემოქმედებითი ფორმით მიიტანოს.