fbpx

ისტორიული გამარჯვება!


გააზიარე სტატია

ავტორი: აჩიკო ბენაშვილი

 

2024 წლის 26 მარტი სამუდამოდ ოქროს ასოებით ჩაეწერება ჩვენი ქვეყნის  ისტორიაში, რადგან ამ თარიღს უკავშირდება დამოუკიდებელი საქართველოს ფეხბურთის პირველი და ჯერჯერობით უდიდესი წარმატება.

როდესაც 1981 წლის 13 მაისს თბილისის „დინამომ“ ევროპის თასის მფლობელთა თასის ტურნირის ფინალში იენის „კარლ ცაისი“ დაამარცხა, საბჭოთა საქართველოშიც კი ეს წარმატება თითქოს უკვე დამოუკიდებელი ქვეყნის გამარჯვებად აღიქმებოდა. 

საქართველოში კი ფეხბურთი ოდითგანვე გამორჩეულად უყვართ და სპორტის ამ სახეობას გარკვეული პერიოდით მაინც, ერის კონსოლიდაციის უნარი შესწევს…

მაგრამ მას შემდეგ უკვე 40 წელიწადზე მეტი გავიდა და საერთაშორისო წარმატება 2024 წლის 26 მარტამდე ჩვენთვის ოცნებად იყო ქცეული. 

სამწუხაროდ, წინა ევროპის ჩემპიონატზე მონაწილეობამდე სულ ცოტა დაგვაკლდა, ამჯერად კი გამარჯვების გარდა, თითქოს უკვე სხვა გამოსავალი აღარც იყო, რადგან მორიგი წარუმატებლობა ქართულ ფეხბურთს დეპრესიაში ჩავარდნის ხანგრძლივი პერსპექტივით ემუქრებოდა.

საბერძნეთის ნაკრებთან თამაშმა დაგვანახვა, რომ ჩვენებმა უპირველეს ყოვლისა სწორედ ამ ფაქტორის ბოლომდე შეცნობის ხარჯზე გაიმარჯვეს, რადგან უკან დასახევი გზა უბრალოდ არ იყო…

ამის თქმა ადვილია, მაგრამ როგორია ამ ამოცანის შესრულება, როდესაც შენ წინაშე ტურნირზე მოხვედრის არანაკლები წყურვილით შეპყრობილი უფრო სახელოვანი გუნდია, რომელთანაც თამაშების სრულიად უარყოფითი სტატისტიკა გაგაჩნია და რომელიც წყვილში აშკარა ფავორიტად მიიჩნევა?

აქამდე ჩვენ აღვნიშნავდით, რომ საბერძნეთის ნაკრებს ბოლოდროინდელი სტატისტიკის მიხედვით რანგით შედარებით სუსტი და მისი ტოლფასი გუნდების დამარცხების უნარიც შესწევს, მაგრამ საბედნიეროდ, თურმე დღევანდელ საქართველოს ნაკრებსაც შეუძლია უფრო გამოცდილი გუნდების დამარცხება, თუნდაც თერთმეტმეტრიანების სერიაში!

როდესაც ქოჩორაშვილმა პირველივე პენალტი „ინტერის“ წინააღმდეგ მადრიდის „ატლეტიკოს“ სტილში შეასრულა და ბერძენი გოლკიპერი აუღებელი „ცხრიანით“  დაასაჩუქრა, ერთი მხრივ, მან აშკარად გარისკა, მეორე მხრივ კი, ასეთი უშიშარი ქმედებით მან თანაგუნდელებს თავდაჯერებულობა შემატა, კარში გიორგი მამარდაშვილის და საკუთარი კედლების ფაქტორიდან გამომდინარე კი, დაწინაურების შემდეგ ფავორიტის სტატუსი უკვე საქართველოს ნაკრებს მიენიჭა!

ეს ამბავი სულ ცოტა ხანში გამჟღავნდა, როდესაც მამარდაშვილმა ბერძნებს პირველივე პენალტი აუღო, ხოლო ზურიკო დავითაშვილმა კი მახვილგონივრული დარტყმით მეტოქე კიდევ ერთხელ დაამწუხრა.

მართალია, მიქაუტაძის მცირეოდენმა უზუსტობამ ანგარიშის გათანაბრება გამოიწვია, მაგრამ დვალმა და კვეკვესკირმა გადამწყვეტი პენალტები უნაკლოდ, თვალის დახამხამების გარეშე შეასრულეს და ქართულ ფეხბურთს ისტორიული წარმატება მოუტანეს.

თამაში კი ძალიან მძიმე სცენარით წარიმართა, რადგან მეტოქე ძალიან ფრთხილობდა, უპირველეს ყოვლისა საკუთარი კარის უსაფრთხოებაზე ზრუნავდა და ჩვენების ინდივიდუალური ქმედებების ჩაშლას  ყველანაირი ხერხით ცდილობდა.

ერთი მხრივ, ამ მიზეზით სახიფათო მომენტების შექმნას საქართველოს ნაკრები ვერ ახერხებდა, მეორე მხრივ კი, მეტოქე იძულებული იყო უხეშად ეთამაშა და ყვითელი ბარათები „აეკიდა“. 

ხვიჩა კვარაცხელიამ სამი ბარათი „აჰკიდა“ მეტოქეს, პირველი ტაიმის ბოლოს შეხლა-შემოხლას კი სათადარიგოთა სკამიდან გიორგი ლორიას წითელი ბარათით დასჯა მოჰყვა.

ასეთი ეპიზოდები, რა თქმა უნდა, მოსალოდნელია ისეთ მატჩებში, სადაც ევროპის ჩემპიონატის საგზური თამაშდება. 

მაგრამ მთლიანობაში გამოჩნდა, რომ ამ უმნიშვნელოვანესი მატჩისთვის ჩვენი გუნდი სრულფასოვნად მოემზადა სპორტული დისციპლინის თვალსაზრისითაც, რომ აღარაფერი ვთქვათ თერთმეტმეტრიანებზე, რაც სულაც არაა სპორტული ლატარია…

აქ აუცილებლად უნდა შევჩერდეთ საქართველოს ნაკრების მწვრთნელ ვილი სანიოლზე, რომელიც მატჩამდე საგანგებოდ აღნიშნავდა, რომ გუნდი უმაღლეს დონეზეა მომზადებული პენალტების სერიისათვის. 

გაივლის ათწლეულები და ვილი სანიოლს ყოველთვის გაიხსენებენ, როგორც საქართველოს ნაკრების უდიდეს მწვრთნელს, რომელმაც პირველმა შეძლო ჩვენი გუნდის ევროპის ჩემპიონატზე გაყვანა და ქებათა ქება ფრანგ სპეციალისტს ქართულ ფეხბურთში დაუვიწყარი თარიღის დამკვიდრებისთვის. 

ევროპის ჩემპიონატის შესარჩევ ციკლში ნაკრების წარუმატებელი გამოსვლის პერიოდში იგი ხშირად შესაძლოა სამართლიანი კრიტიკის ქარცეცხლშიც კი აღმოჩნდებოდა ხოლმე, მაგრამ მიუხედავად ამისა, იგი „ბაიერნული“ უკომპრომისობით და შემადგენლობის შერჩევის თვალსაზრისით ერთგვარი სიჯიუტითაც კი არჩეული გზიდან არ უხვევდა და ამ გზით მან მიზანსაც მიაღწია. გამარჯვებულებს კი არ განსჯიან!

საქართველოს ნაკრებმა ისე მოიპოვა ევროპის ჩემპიონატის საგზური, რომ მას მეტოქის კართან პრაქტიკულად საგოლე მომენტი არც შეუქმნია, მაგრამ კაცმა რომ თქვას, ასე არ იყო ზემოთ ხსენებული იენის „კარლ ცაისის“ შემთხვევაშიც, როდესაც ვლადიმერ გუცაევმა და ვიტალი დარასელიამ მხოლოდ უმაღლესი ოსტატობის ხარჯზე შეძლეს მეტოქის კარის დალაშქვრა და 100%-იანი მომენტები ჩვენებს იმ ისტორიულ მატჩშიც არ ჰქონიათ? 

ერთი მხრივ, სამართლიანობა მოითხოვს აღვნიშნოთ, რომ ბერძნები უფრო ახლოს იყვნენ მიზანთან, როდესაც დამატებით დროში ჩვენი კარის ძელი შეაზანზარეს და გიორგი მამარდაშვილს რიკოშეტით ასხლეტილი საკმაოდ არასასიამოვნო დარტყმის მოგერიებაც მოუწია, მაგრამ მეორე მხრივ ხომ ძლიერებს უმართლებთ, რის დემონსტრირებასაც ამ უკანასკნელ წლებში განსაკუთრებით მადრიდის „რეალი“ ახდენს?!

უმარტივესი ლოგიკით ჩვენების უპირველესი ამოცანა ბერძნებთან შეხვედრაში ლუქსემბურგის ნაკრებთან ნაჩვენები თამაშის ხარისხის გაუმჯობესება იყო, რასაც ფეხბურთელებმა მეტი კონცენტრირების, შეთამაშების და შეცდომების ნაკლებად დაშვების ხარჯზე მიაღწიეს.

ხაზებს შორის ავტომატიზმამდე მიყვანილი შეკავშირება კი, რისი დეფიციტიც აშკარად იგრძნობოდა ლუქსემბურგის ნაკრებთან შეხვედრაში, ბერძნებთან გადამწყვეტ მატჩში, მართლაც რომ „ბაიერნულ“ შთაბეჭდილებას ახდენდა.

…ღამის თბილისი კი განუსაზღვრელმა სიხარულმა მოიცვა და ქუჩაში ბევრი ისეთი ადამიანიც გამოვიდა, ვისაც 1981 წლის 13 მაისის ღამე ახსოვდა. განსხვავება მხოლოდ ის იყო, რომ ამჯერად მათ ხელში დამოუკიდებელი საქართველოს დროშები ეკავათ, რაც 43 წლის წინათ წარმოუდგენელი იყო.

26 მარტის გამარჯვება უპირველეს ყოვლისა მნიშვნელოვანია ბავშვთა შორის ფეხბურთის პოპულარიზაციისათვის, რადგან აწი მთელი ქვეყნის მასშტაბით გაცილებით მეტი მოზარდი, თუნდაც ერთიმეორის წაბაძვით, გაერთიანდება სხვადასხვა ასაკოვან გუნდებში და აიფონში თამაშის ნაცვლად, ფეხბურთს სინამდვილეში ითამაშებს.

უფროსი თაობის წარმომადგენლებს კი საფიქრალი არ გამოელევათ, თუ რა უფრო მნიშვნელოვანი იყო – 1964 წლის ჩემპიონობა, 1978 წლის ჩემპიონობა, „ლივერპულთან“ მოგება, 1981 წლის ევროპის თასის მფლობელთა თასი თუ 2024 წლის ევროპის ჩემპიონატის საგზური. მაგრამ ფეხბურთის პოპულარიზაციისთვის ხომ ესეც კარგია?!


მიიღე ყოველდღიური განახლებები!
სიახლეების მისაღებად მოგვწერეთ თქვენი ელ.ფოსტა.