„საუბარი კათედრალში“ – დიდი ლიტერატურა რამდენიმე გზაზე ერთად სიარულია
ავტორი: მათე წიკლაური
„ჯერაც წინ ჰქონდა ის ღამე, როდესაც ყოველს სინათლე მოეფინებოდა, მთავარი ღამე მის ცხოვრებაში, როდესაც ბოლოს და ბოლოს საკუთარ სახეს იხილავდა, ბოლოს და ბოლოს გაიგონებდა საკუთარ სახელს. სწორედ ის ღამე გახდიდა საცნაურს მთელ მის ცხოვრებას“.
ხორხე ლუის ბორხესი – “ცხოვრება ტადეო ისიდორო კრუსისა (1829-1874)”
საქართველოში სტუმრად ჩამოსულმა ორჰან ფამუქმა ერთ-ერთ ინტერვიუში სიამაყით აღნიშნა, რომ მას გაუმართლა და ნაბოკოვის მსგავსად, „ერთი რომანის ავტორად“ არ იქცა. კარგად თუ ჩავუღრმავდებით ამ დაკვირვებას, ვნახავთ, რომ მსგავსი რამ გუსტავ ფლობერს და ბევრ სხვა დიდ ავტორს დაემართა. რა თქმა უნდა, ორჰან ფამუქი სულაც არ გულისხმობდა, რომ „ერთი რომანის ავტორებს“ სხვა კარგი არაფერი დაუწერიათ, ის უბრალოდ მიანიშნებდა, საყოველთაო აღიარების მოპოვებასა და არაერთი ტექსტით მკითხველის გულის მოგებას ცოტა მეტი იღბალიც სჭირდება. პერუელი კლასიკოსი – მარიო ვარგას ლიოსა ფამუქის თვალით დანახულ უიღბლო ავტორთა სიაში ნამდვილად ვერ მოხვდება, რადგან მისი თითოეული ნაწარმოები უკვე შედევრადაა აღიარებული და რთულად თუ მოიძებნება ვინმე, ვინც მეოცე საუკუნის ლიტერატურაზე საუბრისას ლიოსას გამოტოვებს, მაგრამ, როგორც თავად ავტორი ამბობს, მისი საუკეთესო რომანია „საუბარი კათედრალში“, რომელიც მთელი სიცხადით აღწერს 1948-1956 წლებში პერუელი დიქტატორის, მანუელ ოდრიას ძალადობრივ ეპოქას.
მარიო ვარგას ლიოსა თანამედროვე ლიტერატურის ერთ-ერთი გამორჩეული წარმომადგენელია. ის 1936 წელს დაიბადა. მსოფლიო ლიტერატურულ ასპარეზზე არაერთი ესეისა და რომანის გამოქვეყნებით დაიმკვიდრა თავი. ლიოსას ცხოვრება მნიშვნელოვანია იმდენად, რამდენადაც, გარდა მისი სამწერლო კარიერისა, მან საპრეზიდენტო არჩევნებშიც იყარა კენჭი, თუმცა დამარცხდა. მწერალმა არაერთხელ შეიცვალა პოლიტიკური მსოფლმხედველობა და ბოლოს ლიბერალიზმის ერთ-ერთ მთავარ დამცველად იქცა. ქართველი მკითხველი მას არაერთი რომანით იცნობს, იქნება ეს „საუბარი კათედრალში“, „ვაცის ნადიმი“, „ქალაქი და ძაღლები“, „დეიდა ხულია“, „ცუდი გოგოს ოინები“ თუ სხვა. ეჭვგარეშეა, რომ ჩვენ ძალიან გაგვიმართლა, რადგან ლიოსას ნაწარმოებთა უმრავლესობა ესპანურიდან ლანა კალანდიამ თარგმნა. მთარგმნელობით სფეროში მისი თარგმანები მწვერვალადაც კი შეგვიძლია მივიჩნიოთ. მარიო ვარგას ლიოსა მრავალმხრივი ავტორია და ნაწარმოებებში უამრავ ასპექტს განიხილავს, მაგრამ ერთ-ერთი მთავარი ხაზი მისი შემოქმედებისა დიქტატურა და მის წიაღში დაბადებული ადამიანების ტკივილია.
მარიო ვარგას ლიოსა შესანიშნავ ესეიში „სამყარო რომანების გარეშე“ აყალიბებს რამდენიმე მიზეზს, რომელთა გამოც რომანების კითხვა მოცლილთა საქმიანობად არ უნდა მივიჩნიოთ. მწერალი განმარტავს, რომ: „ლიტერატურა, მეცნიერებისა და ტექნიკისგან განსხვავებით, იყო, არის და იქნება საერთო მნიშვნელი, რომლის წყალობით ადამიანები ეცნობიან ერთმანეთს და ამყარებენ დიალოგურ მიმართებებს ერთმანეთთან…“ მთავარი კი, რაც ლიოსას შემოქმედების უნიკალურ მხარეში უნდა დავინახოთ, გახლავთ იდეა, რომელიც ერთმანეთთან აახლოებს ადამიანებს, წარმოაჩენს მათ შინაგან სამყაროსა და ფარულ განწყობებს. პერუელმა ავტორმა 2010 წელს სტოკჰოლმში წაიკითხა სანობელე ლექცია, რომელიც ავტობიოგრაფიული ცნობებით დაიწყო, – თქვა, რომ კითხვა ხუთი წლისამ ისწავლა და თუკი რაიმე შემთხვევია ცხოვრებაში მნიშვნელოვანი, – სწორედ ეს. მას სწამს, რომ ლიტერატურას და, კერძოდ, რომანებს ადამიანებში თავისუფლების ხარისხის გაზრდა შეუძლიათ, რასაც მისი თითოეული ნამუშევარი ადასტურებს, განსაკუთრებით კი „საუბარი კათედრალში“, რომელიც გასაოცარ, მსოფლიო ლიტერატურაში, ვფიქრობ, ყველაზე მრავლისმთქმელ დიალოგს ეფუძნება და პერუს სოციალურ-პოლიტიკურ ყოფაზე გვიამბობს.
მარიო ვარგას ლიოსას რომანებიდან პირველი „დეიდა ხულია“ წავიკითხე და შესანიშნავი შთაბეჭდილება დამრჩა, მაგრამ იყო რაღაც, რაც უცნაურ ემოციას აღძრავდა, თითქოს აქამდე ყველა წიგნში ვიცოდი რაც მოხდებოდა და ეს იყო პირველი, რომელმაც მოულოდნელი ისტორია მიამბო. შემდეგ იყო „ცუდი გოგოს ოინები“, „ქალაქი და ძაღლები“ და სხვა. რაც უფრო მეტს ვკითხულობდი ლიოსას, მით უფრო მიმტკიცდებოდა აზრი, რომ ეს მოულოდნელობების ენციკლოპედიაა, ერთდროულად ბევრ ისტორიაში ხეტიალი.
„საუბარი კათედრალში“ სათაურშივე შეიცავს მსგავს ასპექტს და საერთოდ სხვა მოლოდინს აღძრავს, ეს მოლოდინი კი იმდენად ძლიერი და ცხადია, რომ წაკითხვამდე ხშირად მიფიქრია, წიგნის ყდებს კათედრალი რატომ არ ახატია-მეთქი. რეალურად „კათედრალი“ დაბალი კლასის დუქანია, რომელიც იმდროინდელი პერუს სიმბოლოდ გვევლინება. დაულაგებელ, ბინძურ სამიკიტნოში ერთმანეთს ნაწარმოების მთავარი გმირები ოლიგარქ დონ ფერმინ სავალას ვაჟი, სანტიაგო და ოლიგარქისავე მძღოლი ამბროსიო შემთხვევით ხვდებიან ერთმანეთს და ოდრიას დიქტატორულ ეპოქაზე საუბრობენ.
ეს უზარმაზარი დიალოგი და მის გარშემო აღმოცენებული ისტორია, რომელიც, როგორც თავად ავტორმა თქვა, სამი ათასი გვერდი იყო და შვიდასამდე ჩამოვიდა, მრავალ შრეს შეიცავს და, ამდენად, არასტანდარტულია. მრავალშრიან დიალოგებთან ერთად რთულად აღსაქმელია სინტაქსიც. აქ ერთად ოთხი ან ექვსი ადამიანიც კი საუბრობს, ზოგჯერ არის შეკითხვები, მაგრამ „არ არის პასუხი!“
მკითხველს თავიდან შეიძლება ერთგვარი სქემაც კი დასჭირდეს, რომ გაარჩიოს, თუ ვინ ვის და რას ეუბნება რომანში, მაგრამ, მიუხედავად ამ სირთულისა, მაინც მალევე ხერხდება ლიოსას რთულ და საოცარ თხრობის ხერხებთან შეგუება. დიალოგების თავბრუდამხვევ ლაბირინთებში გასარკვევად ამბროსიოს სანტიაგოსთან საუბრის მანერა გვეხმარება: ასაკით უფროსი, მაგრამ სტატუსით უმცროსი მძღოლი ბიჭოთი და თქვენობით საუბრობს. აქ ვერ შეხვდებით ტრადიციული დიალოგის ფორმებს, მაგალითად, არსად არ წერია, რომ ესა თუ ის სიტყვები სანტიაგომ ან ვინმე სხვამ თქვა, მთავარი გასაღები შრეებიდან ამოსაძრომად „თქვა“ და „ამბობს“ სიტყვებია, – სწორედ ეს ორი სიტყვა გვეხმარება იმის დადგენაში, თუ ვინ ვის რა უთხრა.
რეალურად, ოდრიას დიქტატურა სხვებისაგან განსხვავებით ნაკლებად ძალადობრივი იყო. მაგალითად, ასტურიასისა და მარკესის დიქტატორები, იგივე ლიოსას ტრუხილიო, განსაკუთრებული სისასტიკით გამოირჩევიან, მაგრამ ოდრიას მმართველობის ტრაგიზმი სხვა რამაა – მან კორუფცია დაამკვიდრა ქვეყანაში და მორალურად გახრწნა პერუს მოსახლეობა. მისი გავლენა აბსოლუტურად ყველა სფეროს შეეხო, იქნება ეს სახელმწიფო სტრუქტურა, საროსკიპო თუ ნებისმიერი სხვა. რომანის დასაწყისშივე მკითხველმა იცის, თუ რა შეკითხვას უნდა გასცეს პასუხი: „როდის ეტირა ყოფა პერუს?“ რა თქმა უნდა, ამ შეკითხვაზე პასუხის გაცემა მხოლოდ დიქტატურის სისასტიკეზე საუბრით შეუძლებელი იქნებოდა, ამიტომ ლიოსამ მთელი პოლიტიკური ყოფა აღწერა: ადამიანები სხვადასხვა იდეოლოგიათა ტყვეობაში, „ოდრისტებისა“ და „აპრისტების“, პოლიტიკური პარტიების დაპირისპირება, ოჯახური, სასიყვარულო ტრაგედიები და ა.შ.
მარიო ვარგას ლიოსას იგავური სტილის თხრობა ახასიათებს, რაც ეხმარება, ერთდროულად სხვადასხვა გზაზე ატაროს მკითხველი. მაგალითად, რომანში „ვაცის ნადიმი“ ერთმანეთის პარალელურად ვითარდება ურანია კაბრალის ისტორია და ტრუხილიოს ცხოვრება. ეს სხვადასხვა სიუჟეტური ხაზები ლიოსას ნაწარმოებთა ფინალებში მუდამ იკვეთებიან და ერთ მთლიანობად იქცევიან, გამონაკლისი არაა „საუბარი კათედრალშიც“. რომანი, თითქოს პატარ-პატარა იგავებისგანაა შეკოწიწებული და საბოლოოდ, ერთ მთლიან, პერუში შექმნილ ტრაგიკულ სურათს წარმოგვიჩენს. სანტიაგომ, იმიტომ, რომ მამამისი დიქტატორის და სახ. აპარატის უფროსის, კაიო ბერმუდესის მსახურად მიიჩნია, არ ისურვა მისი ქონების გამოყენება და ჟურნალისტად მუშაობა, – სიღარიბეში ყოფნა აირჩია. სწორედ ამ იდეოლოგიური განსხვავებულობის გამო გაფუჭდა მისი ჰაკობოსა და აიდას მეგობრობა, – ჰაკობომ და აიდამ იქორწინეს და მარქსიზმს უერთგულეს, ხოლო სანტიაგო მარტო გაუყვა თავისივე არჩეულ გზას.
ეს ისტორია, გარდა სამეგობროს დაცალკევებისა, რომანტიკული განწყობისაა და ქალის არჩევანზე, ამდენად მისგან გამოწვეულ ადამიანურ სირთულეებსა და ემოციურ ტრაგიზმზე მიუთითებს. თუმცა სანტიაგოს სასიყვარულო ისტორია უფრო ღრმაა – სამედიცინო მუშაკი ანა, მას ავარიაში გაიცნობს, შეიყვარებს, მაგრამ ვერ გაუგებს და იმის გამო, რომ სანტიაგო მამამისის ქონებას უარყოფს, დაშორდება. სანტიაგოს ქმედება გაქცევაა დიქტატურისგან, მას აღარ უნდა, რომ ყოველივე ამის ნაწილი იყოს. ზუსტად ასე გარბის ურანია კაბრალი „ვაცის ნადიმში“. ის ტრუხილიოს მარჯვენა ხელის შვილია, რომელმაც დაიფიცა, რომ აღარასდროს აღარ დაბრუნდება სამშობლოში, მაგრამ მაინც ჩამოდის, სტუმრობს ლოგინად ჩავარდნილ მამას და შემზარავ წარსულს იხსენებს. ლიოსა ურანიას სახით დიქტატურის მემკვიდრეობას წარმოაჩენს და გვიჩვენებს, რომ სასტიკი რეჟიმის გავლენები მოქალაქეებსა და სახელმწიფოს დიდხანს, 35 წელსაც კი მიჰყვებათ. ჩვენ ვიცით რა მოვლენაა სულზე დაღის დასმა: „რაც ერთხელ ცხოვლად სულს დააჩნდების, საშვილიშვილოდ გარდაეცემის.“ ზუსტად ამ პასაჟის გაგრძელებაა სანტიაგოც, რომელშიც ლიოსას ახალგაზრდობა და პერსონაჟის სულიერი ტრაგიზმი უნდა დავინახოთ.
დასაწყისში მოულოდნელობებზე ვსაუბრობდი და, მიუხედავად იმისა, რომ ამ რომანში რამის გამოცნობა თითქმის შეუძლებელია, მთავარ მოულოდნელობად მაინც ოდრიას საკითხი რჩება. უზარმაზარი წიგნი, რომელიც დიქტატორზეა და, რომელშიც დიქტატორი ერთხელ ჩანს გაკვრით – ეს უბრალოდ უდიდესი ოსტატობაა და მეტი არაფერი, ლიოსა პერსონაჟად აქცევს კაცს, რომელიც წიგნში, ფაქტობრივად, არ გხვდება და სხვათა მონათხრობის საფუძველზე სრული სიცხადით დგება ჩვენ თვალწინ. მის გარშემო დაუსრულებელი საუბრებია და თითოეული ისტორია არის პასუხი იმ უმძიმესი შეკითხვისა: „როგორ ეტირა ყოფა პერუს?“ ამ კითხვაზე პასუხი, როგორც აღვნიშნე, უამრავია, უბრალოდ თითოეულ ისტორიას კორუფციის კვალდაკვალ დაბადებული ადამიანთა მორალური დაცემა აერთიანებს. ამ თავბრუდამხვევ ისტორიებში ერთდროულად მოგზაურობაა სწორედ დიდი ლიტერატურის თვისება. ბორხესიანული ლიტერატურა წარმოსახვასა და ცხოვრებას შორის ზღვარს შლის, მაგრამ არსებობს სია მთელი რიგი დიდი ავტორებისა, რომლებმაც ამ ზღვრის გამკვეთრება განიზრახეს, მაგალითად, უილიამ ტრევორი, რომლის მოთხრობები ამ ზღვრის გამკვეთრებაზე საუბრის ბრწყინვალე ნიმუშად გვევლინება. ამიტომაცაა „საუბარი კათედრალში“ მაგიური რეალიზმის მთავარი პრინციპებისგან დისტანცირებული. ლიოსას მთავარი აქცენტი პერუს ტრაგედიის ცხადად გამოკვეთაზე აქვს გაკეთებული და წარმოსახვასა და ფანტასტიკურ ელემენტებს შეგნებულად ერიდება.
რომანმა ძალიან ბევრი აჩვენა, მაგრამ მთავარი მაინც კორუფციის ხელით პერუს მოსახლეობაში ადამიანური ღირსებების ჩაკვლაა და ის მხოლოდ ფინანსური თვალსაწიერიდან არ ხასიათდება. ერთ-ერთ პერსონაჟს კაიო ბერმუდესის ბრძანებით აპატიმრებენ, ქმრის დასაცავად მისულ მეუღლეს კი, ვითომ უნებლიედ, ასმენინებენ ისეთ ფაქტებს მეუღლის ცხოვრების შესახებ, რომ ქალს კაცის დაცვის ყველანაირი სურვილი გაუქრეს, მაგრამ მიზანი მხოლოდ ამით არ იფარგლება – ეს ქალი გმირის ცოლი არაა და არც თვითონ ითვლება ღირსეულ პიროვნებად. დიქტატურა ამ აქტით აჩვენებს პერსონაჟს, თუ ვის იცავს ის. კაიოს ქალი სხეულსაც სთავაზობს, მაგრამ დიქტატურის მსახური ბოლომდე ამცირებს ქალს და ეუბნება, რომ საჭირო არაა, მას უკვე გადახდილი აქვს ფული. ამ სტილის იგავური პასაჟებით ლიოსა წარმოგვიდგენს, თუ რა მიზნები ამოძრავებთ ჯალათებს – ისინი მოქალაქეებს ღირსების შელახვით სპობენ. ზუსტად ასე წაართვეს თავისუფლება სანტიაგოს მამასაც, ოდრიამ ის კონტრაქტებზე მიაჯაჭვა და ამით დაიმონა. რომანში ყოველი ახალი თავი კორუფციის გასაოცარი დონის ჩვენებაა – საროსკიპოში გავლენების გამო აღდგენილი მეძავი, რომელსაც პირდაპირ ეუბნებიან, რომ არ სჯერათ მართლა ბანაობს თუ არა, და უამრავი სხვა ისტორია, რომელთა სიცხადემ და ტრაგიკულობამ ადამიანებს ყველაფერი წაართვა.
მარიო ვარგას ლიოსა ბრწყინვალე რომანს „ცუდი გოგოს ოინები“ ჩილელი დების ისტორიით იწყებს. მირაფლორესში სტუმრად ჩამოსულ ლილის და ლუსის, პერუელებისგან განსხვავებით, აქვთ უფლება გვიანობამდე გამომწვევად იცეკვონ. საბოლოოდ აღმოჩნდება, რომ დები პერუელები არიან და ჩილელებად უბრალოდ თავს ასაღებენ. ლიოსას მიზანი უბრალოდ შემოპარული დების ისტორიის მოყოლა კი არა, რეალურად გაცილებით უფრო დიდ სიღრმეში ჩასვლაა. მწერალს უნდა გვაჩვენოს, რომ ცეკვა, როგორც თავისუფლების სიმბოლო დიქტატორულ ყოფაში აკრძალულია, რომ ადამიანებს გასაოცარი გადაწყვეტილებების მიღება უხდებათ თავისუფლად ყოფნისათვის. „საუბარი კათედრალშიც“ ამ პასაჟის გაგრძელებაა, რადგან შეკითხვაზე „როდის ეტირა ყოფა პერუს?“ პასუხი იმ შემთხვევაში გვექნება, თუ გავიაზრებთ, როგორ დაანგრია ყველაფერი ადამიანური ოდრიას ნაკლებად ძალადობრივმა, მაგრამ ყველაზე ბინძურმა რეჟიმმა. ეს წიგნი დანგრეულ სიყვარულზე, მამასა და შვილს შორის გაჩენილ უფსკრულზე, ქვეყანაში არსებულ ძალიან ღრმა ჭაობებზეა. ამ ჭაობში კი საზოგადოება იმდენად ღრმადაა ჩაფლული, რომ ამოსვლის ილუზიასაც კი ვეღარ აგნებს.
ამდენად, როდესაც რომანი დასასრულისკენ მიდის და ჩვენც ვეფლობით პერუში დამკვიდრებულ სისასტიკეში, გონებაში ერთი აზრი გვიღვივდება, – ის სამიკიტნოც ზუსტად ასეთი ბინძური, დაულაგებელი და აყროლებულია, როგორიც ქვეყანა. მართალია, რომ ტრუხილიოს რეჟიმი ბევრად უფრო სასტიკი იყო, მაგრამ დიქტატურის მავნებლობა მხოლოდ დახოცილი ადამიანების სიმრავლეში არ ვლინდება, ოდრიას რეჟიმმა ადამიანებს სიცოცხლის ხალისი წაართვა, მორალური კანონი გაუნადგურა და ურთიერთობებს შორის უფსკრული გააჩინა, რაც, შეიძლება, ბევრად უფრო მძიმე სასჯელიც კია, ვიდრე სიკვდილი – სწორედ ამ აზრის ჩვენება სურს ლიოსას, ის ბევრ სიუჟეტურ გზაზე დაატარებს მკითხველს და თითოეული ისტორიით თავისუფლების ფასის შესახებ უამბობს, შემდეგ ყველა ეს გზა ერთ წერტილში იყრის თავს და შენ ხვდები, რომ ცხოვრება აბსოლუტურად შეუძლებელია თავისუფლების გარეშე, დიდი ლიტერატურა კი ამის გასააზრებლად ბევრ გზაზე ერთად სიარულს გთავაზობს.