fbpx

ფლორენს ლოურენსი – ამერიკელი მსახიობი, რომელმაც ავტომობილის ციმციმა და სამუხრუჭე სიგნალი გამოიგონა


გააზიარე სტატია

ფლორენს ლოურენსი კანადელი წარმოშობის ამერიკელი მსახიობი იყო, თუმცა ამჯერად ჩვენს ობიექტივში კარგი სამსახიობო ოსტატობის გამო არ აღმოჩენილა. საქმე ისაა, რომ ლოურენსის გამოგონებამ ავტოინდუსტრია თავდაყირა დააყენა. კანადური წარმოშობის ქალმა მანქანის ციმციმა და სამუხრუჭე სიგნალი შექმნა – ავტომობილის განუყოფელი დეტალი, რომელიც დღემდე პირვანდელი სახითაა შემორჩენილი, თანამედროვე ავტომწარმოებლები მხოლოდ მისი დიზაინის ცვლილებით შემოიფარგლნენ.

ფლორენს ლოურენსი 1886 წლის 2 იანვარს ჰამილტონში დაიბადა. მას წარმატებული სამსახიობო კარიერა ჰქონდა, ასობით ფილმშია გადაღებული, თუმცა ძირითადად მუნჯი კინო იყო მისი სამოღვაწეო ასპარეზი.

რაც შეეხება ავტოინდუსტრიის განვითარებაში მის წვლილს, ლოურენსის გამოგონება მიზნად ისახავდა გზაზე მძღოლებს შორის კომუნიკაციის გაუმჯობესებას, უსაფრთხოების გაძლიერებასა და საავარიო რისკების შემცირებას. მანქანის ციმციმას მაშინ „ავტომატური სასიგნალო მკლავი“ ერქვა და მისი ფორმა რადიკალურად განსხვავდებოდა დღევანდელი ციმციმასგან. ის შედგებოდა მანქანის უკანა ბამპერზე დამაგრებული მექანიკური მკლავისგან, რომელიც ავტომობილის სალონიდან იმართებოდა. შესაძლებელი იყო მისი მარჯვნივ ან მარცხნივ გადახრა მოხვევის მისანიშნებლად, დამუხრუჭებისას კი – აწევა ან დაწევა. სწორედ ლოურენსის გამოგონება უდევს საფუძვლად  თანამედროვე ციმციმასა და სამუხრუჭე სიგნალს.

მიუხედავად იმისა, რომ ლოურენსის გამოგონებები მნიშვნელოვანი ინოვაცია იყო, თავდაპირველად ფართო აღიარება ვერ მოიპოვა.  მთავარი მიზეზი კი იმ დროის საავტომობილო ინდუსტრიის წარმოების  შეზღუდული შესაძლებლობები და მარეგულირებელი მოთხოვნების არარსებობა აღმოჩნდა.

აღსანიშნავია, რომ ლოურენსმა ხელი შეუწყო საზოგადოებაში უსაფრთხოების აუცილებლობის შესახებ ცნობიერების ამაღლებასაც. მოგვიანებით სხვადასხვა ქვეყნის ხელისუფლებამ და მარეგულირებელმა ორგანოებმა საკანონმდებლო ცვლილებები დააინიციირეს, რომელთა მიხედვითაც შემობრუნებისა და სამუხრუჭე ციმციმების ინტეგრირება ყველა ახალ ავტომობილში აუცილებელი გახდა.

დღეს, რა თქმა უნდა, ეს ფუნქციები ავტომობილის სტანდარტული აღჭურვილობის ნაწილია. წლების განმავლობაში შემობრუნებისა და სამუხრუჭე სიგნალები მნიშვნელოვნად განვითარდა. თანამედროვე წარმოებაში მანიშნებლები უსაფრთხოების სისტემებთან მეტად ინტეგრირებულია, დიზაინი, ტექნოლოგია სრულად შეცვლილია, თუმცა ლოურენსის გამოგონებას, შეგვიძლია თამამად ვთქვათ, დრომ ვერაფერი დააკლო. იდეა, რომელიც მან ავტოინდუსტრიას შესთავაზა, დღესაც პირვანდელ დატვირთვას ინარჩუნებს.

 


მიიღე ყოველდღიური განახლებები!
სიახლეების მისაღებად მოგვწერეთ თქვენი ელ.ფოსტა.