fbpx

ანა ზონინაშვილი – „თეგეტას“ ფინანსური დირექტორის მოადგილის პროფესიული გზა


გააზიარე სტატია

 

როდესაც ანა ზონინაშვილი „თეგეტას“ გუნდს შეუერთდა, არც კომპანია იყო დღევანდელი მასშტაბების და არც ავტოინდუსტრია ქალი თანამშრომლებით განებივრებული. თუმცა, პროფესიულ წარმატებას რომ სურვილი და მიზანდასახულობა განსაზღვრავს, ამის დასტურია მისი კარიერული გზა ჰოლდინგში. ანა დღეს მილიარდიანი ბრუნვის მქონე კომპანიაში, „თეგეტა ჰოლდინგში“, ფინანსური დირექტორის მოადგილის პოზიციას იკავებს.

16 წლის წინ თეგეტაში 300-მდე ადამიანი იყო დასაქმებული, თუმცა მოტივირებულ თანამშრომლებსა და მომავლის პროექტებში კომპანია ინვესტიციას არ ზოგავდა.

,,თეგეტაში 2008 წლიდან ვმუშაობ. ისეთ გუნდში ამიყვანეს და ისეთ საქმეში ჩავერთე, რომელიც ახალი იყო არა მხოლოდ კომპანიისთვის, არამედ ქვეყნისთვისაც. ინერგებოდა ბიზნესპროცესების ადმინისტრირების ავტომატიზებული პროგრამა SAP. ამ პროგრამასთან გერმანიაში სწავლისა და მუშაობის პროცესში უკვე მქონდა შეხება, ამიტომაც ჩემთვის უცხო არ იყო და სიამოვნებით შევუერთდი SAP-ის დანერგვის და მხარდაჭერის გუნდს. ამ დეპარტამენტშივე გავხდი ფინანსური გუნდის ხელმძღვანელი და შემდეგ უკვე SAP-ის დანერგვისა და მხარდაჭერის გუნდის ხელმძღვანელი. იმ პერიოდისთვის პროგრამის დანერგვა საკმაოდ ძვირი იყო და მილიონ დოლარზე მეტი დაჯდა. იმ მაშტაბების კომპანიისთვის, როგორიც მაშინ თეგეტა იყო, შესაძლოა, მოგეჩვენოთ, რომ ეს საკმაოდ დიდი თანხა იყო, თუმცა დიდი იყო თეგეტას პოტენციალიც და სამომავლო გათვლებიც. კომპანია სწრაფ განვითარებას გეგმავდა, შესაბამისად, ეს ინვესტიცია გამართლებული იყო“, – გვიყვება ანა ზონინაშვილი.

ამბობს, მაშინვე იგრძნობოდა, რომ მომავალზე ორიენტირებულ კომპანიაში მოხვდა. თვითონაც ასეთივე კურსი ჰქონდა აღებული და არც ტემპის შენელებას აპირებდა. ამიტომაც გეზი მალევე იქით აიღო, რაც უფრო მეტად აინტერესებდა და ფინანსური დეპარტამენტი ჩაიბარა. შესაბამისად, გაიზარდა მისი უფლება-მოვალეობები, იზრდებოდა კომპანიაც, ახალ მიმართულებებს იმატებდა და საზღვრებს აფართოებდა.

დრო დაჩქარდა საქმეშიც და კარიერულ წინსვლაშიც. ანამ „თეგეტა ჰოლდინგის“ ფინანსური დირექტორის მოადგილის პოზიციაზე გადაინაცვლა და დღემდე ამ თანამდებობას იკავებს. ორი ასეული თანამშრომლიდან დასაქმებულთა რაოდენობა ჰოლდინგში 3000-მდე გაიზარდა და ქალთა ავტოინდუსტრიით დაინტერესებაც სულ უფრო თვალსაჩინო გახდა.

თეგეტასა და მისი შვილობილი კომპანიების ფინანსური მენეჯმენტი და ფინანსური პროგნოზირება, საერთაშორისო ვაჭრობა, ინვესტორებთან ურთიერთობა თუ ფასიანი ქაღალდების კაპიტალის ბაზარზე განთავსება – კომპანიის რესურსების მართვა სწორედ ფინანსების გუნდს აკისრია, რომელიც მეტად საპასუხისმგებლო საქმეს სხვადასხვა დეპარტამენტთან მჭიდრო კომუნიკაციით უძღვება.

ბოლო პერიოდის ერთ-ერთ ყველაზე საამაყო პროექტად ფინანსური დირექტორის მოადგილე „თეგეტა ჰოლდინგის“ მიერ განხორციელებულ ემისიებს ასახელებს. განსაკუთრებით მოქალაქეთა დიდი ინტერესი და მოთხოვნა ახარებს, რაც კომპანიის მიმართ მაღალი ნდობის მთავარი ინდიკატორია.

„თეგეტა წლებია, ავტოინდუსტრიაში პრეცედენტებს ქმნის. თუმცა გასული 2023 წელი, სხვა პროექტებთან ერთად, თეგეტას მიერ განხორციელებული ემისიებით იყო გამორჩეული. შარშან პირველად გამოვეცით ფასიანი ქაღალდები ფიზიკური პირებისათვის. დაინტერესებამ მოლოდინს გადააჭარბა. დღეს უკვე 500-ზე მეტი ბონდჰოლდერი გვყავს. ამ ადამიანებმა თეგეტას ობლიგაციებში ჩადეს ინვესტიცია, რაც მთავარ სათქმელს ამბობს – „თეგეტა ჰოლდინგი“ გამორჩეულად მაღალი ნდობით სარგებლობს“,– ამბობს ანა ზონინაშვილი, „თეგეტა ჰოლდინგის“ ფინანსური დირექტორის მოადგილე.

გასული წელი წარმატებით ჩაიხურა, უკვე დაგეგმილია მიმდინარე 2024-ც. ზუსტად იცის, რომ წინ კიდევ ბევრი საამაყო და მასშტაბური პროექტი ელოდება. იმაშიც დარწმუნებულია, რომ კარიერულ არჩევანს კონკრეტული სპეციალობის მიმართ ინტერესი განაპირობებს. შესაბამისად, პროფესიული წინსვლაც მხოლოდ სურვილსა და მონდომებაზეა დამოკიდებული.

 


მიიღე ყოველდღიური განახლებები!
სიახლეების მისაღებად მოგვწერეთ თქვენი ელ.ფოსტა.