fbpx

საფეხბურთო ფერხული ნაპოლის გარეშე


გააზიარე სტატია

ავტორი: აჩიკო ბენაშვილი

 

საფეხბურთო გაზაფხული ჩვენ ქვეყანაში განსაკუთრებული სილამაზით შემოვიდა. გულშემატკივრები ერთმანეთს ულოცავენ ნაკრების წარმატებას და უცნობ ადამიანებს შორისაც არ წყდება აზრთა გაცვლა-გამოცვლა ჩვენი გუნდის შესაძლებლობების შესახებ, იქნება ეს ქუჩაში, ტრანსპორტში თუ სოციალურ ქსელებში.

ზოგჯერ უცნაურ თუ სახალისო ფრაზებსაც წავაწყდებით ხოლმე, მაგრამ ეს ხომ არ არის მთავარი.

მთავარი ისაა, რომ უკვე თითოეულმა ჩვენგანმა ზეპირად იცის, რომ 18 ივნისს საქართველოს ნაკრები თურქეთს, 22-ში ჩეხებს და 26-ში პორტუგალიელებს შეხვდება და ჯგუფი რომ ურთულესია, მაგრამ არა „სიკვდილისა“.

და კიდევ ის, რომ მრავალი ჩვენი თანამემამულე გაემგზავრება გერმანიაში თავისი გუნდის საგულშემატკივროდ. 

საბერძნეთთან გადამწყვეტ დაპირისპირებაზე უკვე ყველაფერი ითქვა, დაიწერა და ის მატჩი ისტორიას ჩაბარდა. 

თუმცა, უნდა აღინიშნოს, რომ საქართველოს ნაკრების გასვლა გერმანიის ევროპის ჩემპიონატზე ნეიტრალური გულშემატკივრისთვისაც ალბათ უფრო მისაღებია თუნდაც მისი ორი კაშკაშა ვარსკვლავის – გიორგი მამარდაშვილის და ხვიჩა კვარაცხელიას გამო, რომელთა ხილვაც ტურნირზე შეიძლება უფრო საინტერესო აღმოჩნდეს, ვიდრე მთელი საბერძნეთის ნაკრებისა.

სანაკრებო კვირის შემდეგ კი ფეხბურთელები თავ-თავიანთ კლუბებს დაუბრუნდნენ და გასული უიკენდის თამაშებმაც სანახაობრივი თვალსაზრისით ყოველგვარ მოლოდინს გადააჭარბა, რაც ეტყობა, ევროპის ჩემპიონატის მოახლოებასთან ერთად, ფეხბურთელების სათამაშო დონის საგრძნობი ამაღლების შედეგია.

საოცარი თამაშები ჩატარდა ბუნდესლიგაში, სადაც გათამაშების ლიდერი „ლევერკუზენი“, მატჩის დასრულებამდე სულ რაღაც სამიოდე წუთით ადრე, შინ „ჰოფენჰაიმთან“ შეხვედრაში მარცხდებოდა. 

სტუმრები პირველ ტაიმშივე დაწინაურდნენ და შესვენების შემდეგ ზედიზედ 38 მატჩში წაუგებელი სერიის მქონე მძვინვარე მასპინძლებს გაუვალი დაცვითი ზღუდეები დაახვედრეს.

მაგრამ „ლევერკუზენის“ ფეხბურთელებს, განსაკუთრებით ამ ბოლო ხანს, ასეთი მატჩების შემობრუნების დიდი გამოცდილება დაუგროვდათ. მათ იმდენად დიდი ზეწოლა განახორციელეს მეტოქის კარზე, რომ „ჰოფენჰაიმის“ მეკარე ბაუმანს საბოლოოდ 10 „სეივის“ გაკეთება მოუწია მისთვის ამ დასამახსოვრებელ მატჩში.

მაგრამ მას შემდეგ, რაც რობერტ ანდრიხმა ერთი წუთის განმავლობაში  ჯერ სტუმართა კარის ხარიხა შეაზანზარა, ხოლო შემდეგ გოლი გაიტანა, მაყურებლებმა მსაჯის მიერ კომპენსირებულ დროში უკვე ჩაბი ალონსოს გუნდის მოგებაც წარმოიდგინეს.

მაგრამ ამისათვის მათ დიდი ხნის ლოდინი არ დასჭირვებიათ, რადგან პირველ დამატებით წუთსვე ჩეხეთის შემადგენლობაში საქართველოს ნაკრების მეტოქე პატრიკ შიკმა „ყარაბაღთან“ ორივე მატჩის მსგავსად, გამარჯვება მოუტანა საკუთარ გუნდს.

ამ მოგების შემდეგ „ლევერკუზენმა“ 13-მდე გაზარდა ქულათა სხვაობა მიუნხენის „ბაიერნთან“, რომელიც მოგვიანებით შინ „დორტმუნდს“ უნდა შეხვედროდა.

სანახაობრივი თვალსაზრისით ამ დაპირისპირებამაც გაამართლა და რაც მთავარია, „დორტმუნდის“ ფეხბურთელებმა ნავსი გატეხეს და „ოლიმპიაშტადიონზე“ ზედიზედ ცხრა წაგების შემდეგ, როგორც იქნა, ანგარიშით 2:0 გაიმარჯვეს.

სტუმრებმა ეს მატჩი შესანიშნავად ჩაატარეს და მათ კართან შექმნილი მრავალი საგოლე მომენტის თუ მატჩის ბოლოს არ ჩათვლილი გოლის მიუხედავად, სრულიად დამსახურებულად გაიმარჯვეს.

„დორტმუნდმა“ ორივე ბურთი კონტრშეტევით გაიტანა და გოლზე დაგეშილ წინ წასულ მასპინძელთა კართან კიდევ არაერთი საგოლე ეპიზოდი შექმნა. 

შეუდარებელი იყო მატს ჰუმელსი, რომელმაც გარდა იმისა, რომ თავგანწირული ქმედებებით არაერთ ეპიზოდში უზრუნველყო სტუმართა კარის უსაფრთხოება, შეტევაში სიმწვავეც შემატა მათ კომბინაციებს.

უცნაურად გამოავლინეს თავი „ერთგულმა და მადლიერმა“ მიუნხენელმა გულშემატკივრებმა, რომლებმაც მატჩის დასრულებამდე დაახლოებით 10 წუთით ადრე, სტადიონის მასობრივი დატოვება დაიწყეს, რაც ტელეოპერატორებსაც არ გამოჰპარვიათ. 

სწორედ ამ მომენტში გაიტანა ჰარი კეინმა საეჭვო თამაშგარე მდგომარეობის გამო გაუქმებული გოლი, რომელიც რომ ჩათვლილიყო, თამაში შეიძლებოდა „ლევერკუზენური“ სცენარითაც გაგრძელებულიყო.

„დორტმუნდმა“ ამ უმნიშვნელოვანესი მოგების შემდეგ სატურნირო ცხრილში  სამქულიანი უპირატესობით გაიმყარა პოზიცია მეხუთე ადგილზე მყოფ „ლაიპციგთან“, რომელიც გასავარდნ ზონაში მყოფ „მაინცთან“ მხოლოდ ქულას დასჯერდა. 

თუკი „ლევერკუზენმა“ 0:1-ის შემობრუნება შეძლო, „ნიუკასლსა“ და „ ვესტ ჰემს“ შორის ინგლისის პრემიერლიგის 29-ე ტურის მატჩში მასპინძლები 77-ე წუთისთვის ანგარიშით 1:3 მარცხდებოდნენ, მაგრამ საბოლოოდ ისაკის და ბარნსის ორ-ორი გოლის წყალობით, ანგარიშით 4:3 გაიმარჯვეს. 

„ბრაიტონთან“ შეხვედრაში ანგარიშით 0:1 თავდაპირველად  „ლივერპულიც“ მარცხდებოდა, მაგრამ „ლევერკუზენისგან“განსხვავებით, პრემიერლიგის გათამაშების ლიდერმა და კერძოდ, სალაჰმა, მატჩის საბოლოო შედეგი 2:1 უკვე 65-ე წუთზე დააფიქსირა.

პრემიერლიგის და ზოგადად უიკენდის ცენტრალურ მატჩში კი „მანჩესტერ სიტიმ“ ლონდონის „არსენალს“ უმასპინძლა და მთელი 90 წუთის განმავლობაში  მაქსიმალური მცდელობის მიუხედავად, სტუმრების კართან ერთი რეალური საგოლე ეპიზოდიც ვერ შექმნა.

შეხვედრის მე-60 წუთზე პეპ გვარდიოლამ უპრეცედენტო მანევრი განახორციელა, როდესაც მეტოქის კარზე ზეწოლის გასაძლიერებლად დე ბრიუინესა და ბერნარდუ სილვას მხარდამხარ, მოედანზე გრილიში და დოკუ ერთდროულად შეუშვა. 

მაგრამ „არსენალს“, როგორც ჩანს, ეს ვარიანტიც გათვლილი ჰქონდა, რადგან მანჩესტერელთა ცვლილებების საპასუხოდ, ყველგან მყოფი ედეგორისა და ჰავერცის გვერდზე, მოედანზე თომას პარტეის და ტაკეჰირო ტომიასუს გამოჩენამ კიდევ უფრო გააძლიერა „არსენალის“ დაცვითი ზღუდეები.

ანგარიში 0:0 დღევანდელი გადასახედით ხელს აძლევს „ლივერპულს“, რომელიც ჩემპიონატის დასრულებამდე 9 ტურით ადრე „არსენალს“ 2 და „მანჩესტერ სიტის“ 3 ქულით უსწრებს. მაგრამ, სინამდვილეში, არავინ იცის, მომავალში რა მოხდება. 

ჩემპიონთა ლიგის დაპირისპირების წინ „არსენალის“ მწვრთნელ მიკელ არტეტას მიერ პეპ გვარდიოლას გუნდის წინააღმდეგ აგებული თავდაცვითი ზღუდეების მექანიზმს კი კარლო ანჩელოტი ალბათ უკვე შეისწავლის, რადგან „მანჩესტერ სიტისთან“ შარშანდელი 0:4-ის გამეორება წლეულს უნდა გამოირიცხოს…

განვლილ უიკენდზე მადრიდის „რეალმა“ როდრიგოს დუბლით, შინ მშვიდად 2:0 დაამარცხა „ბილბაო“ და „ბარსელონასთან“ და „ჟირონასთან“ შესაბამისად, რვა და ათქულიანი უპირატესობა შეინარჩუნა.

„ვალენსიამ“ „მალიორკას“ უმასპინძლა და ფრედ 0:0 დაასრულა მატჩი. შედეგი ლოგიკურია, რადგან სატურნირო ცხრილიდან გამომდინარე, იგი ორივე გუნდს აკმაყოფილებს.

უიკენდის საფეხბურთო ფერხულში ვერ ჩაერთო „ნაპოლი“, რომელმაც ხვიჩა კვარაცხელიას გარეშე, შინ „ატალანტასთან“ ანგარიშით 0:3 განადგურებით, პრაქტიკულად დაასრულა ბრძოლა ჩემპიონთა ლიგის საგზურისათვის.

ჩემპიონატის დასრულებამდე კიდევ დიდი დროა, მაგრამ დღევანდელი „ნაპოლის“ პოტენციალის მქონე გუნდისგან წარმოუდგენელია მოგებების სერიის დაწყება.

 


მიიღე ყოველდღიური განახლებები!
სიახლეების მისაღებად მოგვწერეთ თქვენი ელ.ფოსტა.