fbpx

სალომე დევაძის სოლო გამოფენის დახურვა “არტარეას” საგალერეო სივრცეში


გააზიარე სტატია

3 აპრილს, 18:30-ზე არტარეას საგალერეო სივრცეში სალომე დევაძის სოლო გამოფენის დახურვა გაიმართება. ფინისაჟზე იგეგმება საუბარი ხელოვანთან და გამოფენის ფარგლებში გამოცემული ხელოვანის ტექსტების და ნამუშევრების კრებულის პრეზენტაცია. სალომე დევაძის სოლო შოუ ორგანიზებულია სახელოვნებო ორგანიზაცია R.A.V.-ის (Reach Art Visual) მიერ.

 

სალომე დევაძემ at.ge-ს შეკითხვებს უპასუხა.

თქვენი პირველი სოლო გამოფენა “გზები, რომლებიც იკვეთებიან” წარმოადგენს ბოლო პერიოდის ნამუშევრებს, ე.წ. ნიუ-იორკის სერიას, რომელზე მუშაობაც ბრუკლინში, პრატის ინსტიტუტში სწავლის დროს დაიწყეთ. შეგიძლიათ, უფრო დაწვრილებით გვითხრათ, როგორ იმოქმედა თქვენმა გამოცდილებამ ამერიკასა და საქართველოში ამ სერიის ფორმირებაზე?

სერია “გზები რომლებიც იკვეთებიან” დაიწყო ამერიკაში, მეოთხე კურსის პერიოდში. ვქმნიდი ნამუშევრებს, რომლებშიც  ჩემს მეტაფორულ სამყაროს წარმოვაჩენდი, და ასევე ხაზს ვუსვამდი იმ გზებს, რომლებიც ჩემს ცხოვრებაში ამა თუ იმ ადამიანთან გადაკვეთილა. ვქმნიდი ნამუშევრებს, რომლებიც ჩემზე და ყველაზე საუბრობს. საქართველოში ჩამოსვლისას განვავრცე სერია “ტყეში”, ჩემი მთავარი სერიის ქვესერია. ამერიკაში ყოფნისას ცოტა  ჩემს თავში ჩავიკეტე. “გზები, რომლებიც იკვეთებიან” არის მცდელობა ჩემი აზრების სუბლიმაციის და განვრცობის.

“გზები, რომლებიც იკვეთებიან” დაიწყო ამერიკაში და დასრულდა საქართველოში. ჩემი აზრით, ეს დამთხვევა არ არის. 

 

რა იყო თქვენთვის ყველაზე დიდი გამოწვევა ამერიკიდან საქართველოში დაბრუნების შემდეგ? 

საქართველოში ჩამოსვლისას ვამჩნევ, რომ ყველაფერი ნაცრისფერია. ნიუ-იორკი უფრო ფერადია და, ჩემი აზრით, აქედან დაიწყო ჩემი სიყვარული მკაფიო ფერებისადმი. საქართველოში ჩამოსვლისას მიმძაფრდება მკაფიო ფერებისადმი სიყვარული. გეგონება, ჩემში ორი სალომე იბრძვის, ერთი ამერიკელი და მეორე ქართველი, რომლებიც ერთმანეთთან ფერებით კინკლაობენ.  ჯერჯერობით ვსწავლობ ქართული ხელოვნების კულტურას. ვეცნობი სხვადასხვა მხატვარს, გალერეებსა თუ კურატორებს. ჩემთვის ეს ყველაფერი ძალიან საინტერესოა. 

თქვენი გამოფენის ბროშურაში ნახსენები გაქვთ, რომ ფერები თქვენს ნახატებში ასახავს თქვენს შინაგან მდგომარეობას. შეგიძლიათ გვესაუბროთ, რა პრინციპით არჩევთ ფერებს, რათა გადმოსცეთ კონკრეტული ემოციები ან კონცეფციები თქვენს ნამუშევრებში? 

როცა ვსაუბრობ ფერებზე, მე მხოლოდ საღებავის ფერებს განვიხილავ. საღებავის სურნელი მიზიდავს, და ამ არომატის დახმარებით ვქმნი კავშირს ფერებთან. მაშინ, როცა საღებავს ვასხამ და ტუბიდან ამომავალი სურნელი აღწევს ჩემამდე, შევდივარ იმ ფერთა აღქმის განზომილებაში, სადაც მხოლოდ ფერმწერი შედის. საღებავის ფერებში იმალება უსასრულო შესაძლებლობები. აქ ყველაფერი შეიძლება მოხდეს. სტუდია ხდება მაგიური ადგილი, სადაც ყველა შესაძლებლობა განიხილება. 

ჩემს ახალ სერიაში განვიხილავ კონტრასტულ ფერებს. ეს ფერები ერთმანეთთან ვიბრაციას ქმნის, რომელიც ვიზუალური ხელოვანისთვის ყველაზე მთავარ ორგანოს, თვალს, გამოწვევას აძლევს. შემიძლია ვთქვა, რომ თვალის გამოწვევა არის ჩემი ამჟამინდელი მისია. 

ჩემს ნამუშევრებში ფერს იმის მიხედვით ვარჩევ, თუ რას ვგრძნობ მე იმწამს, და იმ საღებავის ფერთან მიმართებაში,  რასაც ვიყენებ. ხშირაც ვიყენებ კაშკაშა ფერებს, რათა დავაბალანსო ის მძიმე და ღრმა საკითხები, რომლებსაც ჩემს ნამუშევრებში განვიხილავ. ეს არის ჩვენი ისტორიული პერიოდის ამოძახილი ჩემში. ხელოვნება იმ ირონიულ პერიოდს ასახავს, სადაც ყველა აზრი ერთმანეთთან წინააღმდეგობრივად კავშირდება. 

როგორ მიმდინარეობს თქვენი შემოქმედებითი პროცესი? საიდან იწყებთ და როგორ ვითარდება იდეა ნამუშევრამდე? 

ხანდახან ნამუშევარი არაფრისგან იწყება. შეიძლება ნამუშევრის დაწყების წინ იდეაც არ მქონდეს თავში, და ერთი ფუნჯის მონასმით აზროვნება სულ სხვა მიმართულებით წავიყვანო. თუ არსებობს იდეა, სახელოსნო არის იდეალური ადგილი იდეის რეალიზებისთვის, რადგან სახელოსნოში ყველაფერი შესაძლებელია. 

 

ჩემთვის ნამუშევრის შექმნა ქალის ორსულობის პერიოდთან ასოცირდება. მე ვჭიმავ და ვგრუნტავ ჩემივე ტილოებს, რადგან ბავშვი მე, დედამ, უნდა გავაჩინო. ბავშვი არაფრისგან ჩნდება, და ამავდროულად, აქვს პოტენციალი, რომ ყველაფერი გახდეს. ზუსტად ასე ვუყურებ ჩემს გადაჭიმულ ტილოს და მასზე პოტენციურად დახატულ ნამუშევრებს. ამ ტილოს დედა მე ვარ, და ვაჩენ ბავშვს, რომელიც შემდეგში ნამუშევარი ხდება. 

თქვენი ნამუშევრებისთვის დამახასიათებელია სიმბოლიზმი. საიდან მომდინარეობს ეს მითო-პოეტური შრე და რა წყაროებიდან იღებთ შთაგონებას?  

როცა პრატში ვაბარებდი, მომიწია რომში წასვლა. მაშინ დაიწყო ჩემი ინტერესი ბიბლიური ნამუშევრებისადმი. ჯოტოს, რაფაელის და მიქელანჯელოს ნამუშევრები გაჯერებულია მითო-პოეტურობით. გამიკვირდა, რომ ეს თემები, რომლებსაც მაშინ ხატავდნენ, ჯერ კიდევ, ოცდამეერთე საუკუნეშიც კი აქტუალურია… ეს მხატვრები ხატავდნენ უკვდავ თემებს, რომლებიც სხვადასხვა საუკუნეში მნიშვნელობას არ კარგავდნენ. ვეძებ ხელოვნებას, რომელიც მუდმივია. აი, ასე დავინტერესდი მითო-პოეტურობით და დავიწყე ჩემი სიმბოლოების ძებნა. მინდოდა შემექმნა ისეთი ნამუშევრები, სადაც ყველა ადამიანს თავისი იდეა და წარმოსახვა ექნებოდა ამა თუ იმ გმირზე. მინდოდა მეპოვნა ისეთი სიმბოლოები, სადაც გამოვიწვევდი მაყურებელს და შევიყვანდი სხვა რეალობაში, იქ, სადაც მათი წარმოსახვა მართავს სამყაროს.  ჩემი ამჟამინდელი შთაგონება მოდის ჩემივე ცხოვრებიდან. ვახდენ ჩემი ცხოვრების სუბლიმაციას ხელოვნებაში. 

 

თქვენი ნამუშევრები ხშირად აღწერენ ფანტასმაგორიულ, “მიღმიერ” სამყაროს. რა მნიშვნელობა აქვს ამ სამყაროს და როგორ გეხმარებათ იგი რეალობის უკეთ გააზრებაში?

მიყვარს ისეთი მოჩვენებითი სამყაროს შექმნა, რომელიც ეწინააღმდეგება რეალობას. ჩემი აზრით, ეს წინაღობა გვეხმარება რეალობის უკეთ აღქმაში. როცა საწინააღმდეგო ფერებს ერთმანეთთან დებ, მაგალითად, ყვითელს იასამნისფერთან, ყვითელი უფრო ყვითელი ჩანს, და იასამნისფერი უფრო იასამნისფრად გვეჩვენება. ზუსტად ამის გამო ვცდილობ შევქმნა ისეთი რეალობა, რომელიც ამ წინააღმდეგობით კიდევ უფრო ხაზს უსვამს ჩვენს რეალობას. Ჩემი  პერსონაჟები განასახიერებენ ჩემი ცხოვრების ამა თუ იმ ასპექტს. ეს გმირები არ არიან ფიქსირებული პერსონაჟები. ხშირად არ ვიცი, რას აღნიშნავენ ნამუშევრის დასრულების შემდეგაც კი. ჩემი პერსონაჟები არ არიან მხოლოდ ჩემი წარმოსახვის ნაწილი. ისინი არიან იარაღები, რომლებიც ეხმარებიან მაყურებელს ნამუშევარში შეღწევაში. 

 

როგორ ინარჩუნებთ დისციპლინას ხატვისა და შემოქმედების პროცესში? 

ხშირად ხალხს ავიწყდება, რომ მხატვრობა პროფესიაა. როგორც სამსახურში ცხადდები ყოველდღე, 9 საათზე, ასევე არის სახელოსნოც. სახელოსნომ არ იცის, როდის მოგდის მუზა. მაგიურად მუზის მოსვლის არ მჯერა. მჯერა იმ მომენტების, როცა გონებაში ყველაფერი ფაზლივით ლაგდება. თუ მუზა არ მოდის, უნდა მოიყვანო. ხატვის დისციპლინა ეხმარება ხელოვანს გახდეს საკუთარი თავის უკეთესი ვერსია და შექმნას დაცული სივრცე, სადაც მას შეეძლება ტილოსთან სხვადასხვა ექსპერიმენტის ჩატარება. მაშინაც კი, როცა იდეები არ მომდის, ვცდილობ გამოვცხადდე სტუდიაში, რათა შევინარჩუნო  დისციპლინა. 

გამოფენის დახურვის დღეს აპირებთ თქვენი წიგნის პრეზენტაციას, რომელზეც პარალელურად მუშაობდით ნამუშევრების მომზადებასთან ერთად. მოგვიყევით, რა შინაარსისაა ეს წიგნი გარდა ნამუშევრების რეპროდუქციებისა? რა საკითხებს ეხება,  რამდენად მნიშვნელოვანია თქვენთვის კონცეფციების განვითარება შემოქმედებით პროცესთან ერთად?

3 აპრილს, 18:30 არტარეას საგალერეო სივრცეში ვგეგმავთ წიგნის პრეზენტაციას: “გზები, რომლებიც იკვეთებიან, კვლავ გადაიკვეთებიან”. ამ წიგნში არის შეკრებილი ის ნაწერები, რაზეც ვმუშაობდი ჩემი სერიის შექმნის დროს. ასევე ვისაუბრებ ჩემს ამერიკულ გამოცდილებაზე და ნამუშევრებზე. 

 

ძალიან მიყვარს წერა. მეოთხე კურსზე ბევრს ვწერდი, რათა უკეთ მომესმინა ჩემი შემოქმედებითი ხმისთვის. წერა მეხმარებოდა მნიშვნელობა მიმეცა ამა თუ იმ ნამუშევრისთვის. ჩემი ვიზუალური ნამუშევრები არ არსებობენ წერის გარეშე. წერისას დრო ნელდება და ყველაფერს უფრო ღრმად და დეტალურად აღვიქვავ. წერის დროს განვიხილავ სხვადასხვა სიუჟეტს თუ კონცეფციას, რომელიც არსებობს ჩემს გონებასა თუ ვიზუალურ ნამუშევრებში. Წერას ამჯერად საქართველოში ვაგრძელებ და ამ შთაგონებით განვაგრძობ ჩემი ნამუშევრების შექმნას.


მიიღე ყოველდღიური განახლებები!
სიახლეების მისაღებად მოგვწერეთ თქვენი ელ.ფოსტა.