fbpx

სიმყუდროვე, ლინგვისტიკა და ავღანური ხალიჩები – რას გავიგებ დღეს N18


გააზიარე სტატია

ავტორი: ქეთი ბზიკაძე

 

რით დავიწყებ? იმით დავიწყებ, რომ ძალიან მიყვარს სიმყუდროვე, ყველას ჩვენი უნიკალური შეგრძნება გვაქვს სიმყუდროვის, კი, ზოგიერთები სხვებს ჰბაძავენ და ჰგონიათ, რომ სხვისი სიმყუდროვე მათი სიმყუდროვეა, მაგრამ მგონი, ყველამ ძალიან კარგად ვიცით, ვის რა გვემყუდროება. ჰოდა, ჩვენს მყუდროებას გაუმარჯოს, რომელიც შფოთვისგან თავშესაფრად გვევლინება და ემოციური წონასწორობით უზრუნველგვყოფს.

ოდა, ანუ ხოტბა მყუდროებას

სიმყუდროვეზე გამახსენდა ეს ილუსტრაციები – Squirrel Life, by Franco Matticchio

ამასობაში სიტყვა „მყუდროს“ წარმოშობაზე ვფიქრობ. „ყუდრ“-ი არის სიტყვის ფუძე, რაც „სიტყვის კონაში“ ქარუხვედრ ადგილს ნიშნავს. გურულ დიალექტზე „ყუდრ-ო“ მშრალი ადგილია. მიყვარს ბგერები, სიტყვები, წინადადებები, ხანდახან მათი ხშირი გამეორება შინაარსის დასაკარგად, ხანდახან კი ჟღერადობაზე დასაკვირვებლად. ჩემი ოთხი პროფესია რომ არა, ენათმეცნიერებას მივუძღვნიდი თავს. ლამაზი შინაარსის სიტყვა „მყუდრო“ google translate-ს სხვადასხვა ენაზე ვათარგმნინე ჰარმონიული ჟღერადობების ძიებაში. სამოელებისთვის კომფორტი ასე ჟღერს – „mafanafana”, ლინგალაზე (რაზეც კონგოს დემოკრატიულ რესპუბლიკაში საუბრობენ) – „malamu”, თურქულად „მყუდრო“ „rahat” არის, რაზეც „rahat lokum” გამახსენდა. სიტყვა „ლუკმა“ ხო ჩვენ არ გვეკუთვნის, უფრო სწორად, უკვე იმდენად ჩვენიცაა, რომ ზმნადაც ვაქციეთ და გემრიელად ვილუკმებით ხოლმე.

საერთოდ, რატომ დავიწყე სტატია სიმყუდროვეზე საუბრით? მინდოდა, ხალიჩებზე მესაუბრა. ხალიჩა, ფარდა, ფარდაგი, ტილო… ტაბლაზე/სუფრაზე გადასაფარებელი და ქსოვილით შექმნილი სხვადასხვა ნივთი ძალიან მიყვარს, მითუმეტეს, თუ არა კონვეიერული, არამედ  უნიკალური და ხელნაკეთია. ძაფით ნაქსოვი ფაქტურები და ტექსტურები, მათი შუქჩრდილები, მოცულობითობა, გამჭვირვალობა, სიფაფუკე ან სიმძიმე ინტერიერში განსაკუთრებულ როლს ასრულებს (ინტერიერსაც გააჩნია და კიდევ გარემოსაც, სადაც ეს ინტერიერია). 

ბოლო წერტილის შემდეგ იმდენჯერ გავიმეორე სპარსული ჟღერადობით სიტყვები „ფარდა“ და „სუფრა“ და იმდენ ხანს ვიფიქრე, რატომ დაარქვეს ამ ნივთებს ამ ბგერების კომბინაცია, რომ წერის სურვილი გამიქრა. ყურადღების გადასატანად ჩემს ახალ მეგობარს მივწერე, რომელიც პარასკევ საღამოს იმავე ბარში ატარებდა, სადაც ჩემი ბავშვობის მეგობრები. ასე დავუბრუნდი რეალობას, სადაც სიტყვებს მხოლოდ ბგერებად აღარ აღვიქვამ და სადაც სიამოვნებით მოვინახულებდი ორანგუტანგს, რომლის არტიკულაცია თითქმის ისეთი დახვეწილი და კომპლექსურია, როგორც ადამიანების ხელების მოქნილობა და ფუნქციურობა (დღეს ინსტაგრამზე დაუჯერებელი reels ვნახე).

კარგი, მოვრჩი მაიმუნობას, რაც, არც მეტი, არც ნაკლები, სპარსული სიტყვაა და სპარსულშიც ზემოთ ხსენებულ უმშვენიერეს, ექსპრესიულ, ბანანის და პაპაიას მოყვარულ ბეწვიან არსებას ჰქვია. 

კოგნიტიური ადამიანები პრიმატებისგან განსხვავებით, შემოქმედებითი ნიჭით ვართ დაჯილდოებულები, ჰოდა  გამოყენებითი ხელოვნების ჩემს ერთ-ერთ საყვარელ მიმართულებაზე უნდა გესაუბროთ – ხალიჩებზე, კონკრეტულად ავღანურ ხალიჩებზე, ავღანურ საომარ ხალიჩებზე – ამ კვირის აღმოჩენაზე. 

სპარსული ხალიჩები

ბავშვობიდან მახსოვს სპარსული ხალიჩების ფენომენი: წითელი, ყავისფერი და ლურჯი ისლამური ორნამენტებისა და ფონების საოცრად სიმეტრიული, დინამიკური გამოსახულებები. აჭრელებულ, აციმციმებულ, ანარეკლებით სავსე სასახლეებში, კაბაში გამოწყობილი უსასრულო წვერით მოსიარულე სამეფო კარის წარმომადგენლები და იქვე გიგანტურ თავბრუდამხვევ ხალიჩაზე მოთამაშე ბავშვები. ხალიჩები წარმომედგინა ყველგან, ინტერიერის ყოველ კუთხესა და კუნჭულში. ჩემი მყუდრო სახლიც ასეთი წარმომიდგენია – რბილი ქსოვილებით შექმნილი „უგრავიტაციო“ გარემო. 

სულ ახლახან ვუყურე გადაცემას, სადაც ექსტრემალურ ცხელ წერტილებში მოსიარულე მამაცი მოგზაური ამჯერად ავღანეთში იმყოფებოდა. კარდამონიანი მწვანე ჩაის მსმელი პუშტუნებისა და ხაზარების, სიღარიბის და ყოველ ორმოცდაათ მეტრში მომხდარი აფეთქებების გარდა, ხალიჩებსაც მოვკარი თვალი. ირანის მსგავსად, როგორც ცენტრალური აზიის ისლამური ქვეყანა, ავღანეთიც მრავალსაუკუნოვანი ქსოვის ტრადიციული ტექნიკით გამოირჩევა და ავღანელი ქალების ერთ-ერთ მნიშვნელოვან საქმიანობას წარმოადგენს. ახლანდელი ავღანეთის სოციალური და პოლიტიკური მდგომარეობის აღსაწერად შარიათის (არაბულად ნიშნავს  პირდაპირ, სწორ გზას) კანონების და თალიბანის ხსენებითაც დავკმაყოფილდებოდი, მაგრამ გადავწყვიტე, ხელოვნების მედიატორობით დავინახო წლების განმავლობაში მიმდინარე საფრთხით და შიშით მოცული იქაური ყოფა.

   PHOTOS BY KEVIN SUDEITH COURTESY OF WARRUG.COM

ცივი ომის ფარგლებში 1979 წელს საბჭოთა კავშირი შეიჭრა ავღანეთში. კონფლიქტი ცხრა წელს გაგრძელდა, რასაც ბუნებრივია, ტრაგიკული შედეგი და ადგილზე დარჩენილი თუ იძულებით გადასახლებული მოსახლეობის მსოფლაღქმის ცვლილება მოჰყვა. ამ ცვლილებებს ხელოვანების თვითგამოხატვაც ორგანულად აეწყო. ზემოთ ხსენებულ ტრადიციულ ხალიჩებში ფლორისა და ფაუნის მოტივები და სხვადასხვა დეკორატიული ფორმები მოულოდნელი ბრუტალური ფორმებით ჩანაცვლდა: ტანკები, ვერტმფრენები, იარაღი და ეს ყველაფერი კვლავ ტრადიციული სკრუპულოზური მანერით. საბჭოთა კავშირმა დატოვა ავღანეთი, მაგრამ ომი არ დასრულებულა.  სამოქალაქო დაპირისპირება მოჯაჰედებსა და ავღანეთის ჯარს შორის თალიბანის გამარჯვებით დასრულდა, რამაც კიდევ უფრო ექსტრემალურ პირობებში მოაქცია საზოგადოება, განსაკუთრებით კი ქალები. სწორედ ამ მძიმე, შეზღუდულ და უსამართლო რეჟიმებს მოჰყვა მეტი იზოლირებული, გარიყული ქალი, შესაბამისად კი მეტი მილიტარისტული სიმბოლიკით გამდიდრებული ხალიჩა (მაგ., ცეცხლში გახვეული 11 სექტემბრის ცათამბჯენი „ტყუპები“). 

PHOTO BY KEVIN SUDEITH COURTESY OF WARRUG.COM

რა უცნაურია, არა? ორიენტალური ისლამური ორნამენტებით, ჩარბაღებით და ნაცნობი ტრადიციული ვიზუალით მდიდარი კულტურული მემკვიდრეობა საომარი პარაფერნალიით (ატრიბუტიკით) „დამშვენდა“. არა, უცნაური კი არა, ძალიან ტრაგიკულია. ცენტრალური აზიის სავიზიტო ბარათმა – ხალიჩებმა, რომლებიც სიმდიდრის, კეთილდღეობის, დახვეწილი ხელოვნებისა და ოსტატობის ნიშანია, სრულიად ახალი შინაარსი შეიძინა, ყოველდღიური დესტრუქციისა და შიშის თვალსაჩინოებად იქცა. 

დიდი შრომით, შავი იუმორით და პირდაპირი სათქმელით მდიდარი ნამუშევრები ავღანეთის საზღვრებს გასცდა, მრავალ თანამედროვე ხელოვანზე იქონია გავლენა, კოლექციონერებთან იპოვა თავშესაფარი და შეაღწია ადამიანების სახლებში, უსაფრთხო სივრცეებში, მანიფესტირებს ნგრევას, ძალადობას, სიბნელეს, გვახსენებს ადამიანებს, რომლებიც ექსტრემისტული მსოფლმხედველობის მსხვერპლნი არიან.

PHOTOS BY KEVIN SUDEITH COURTESY OF WARRUG.COM

მოკლედ, ასე მოხდა ჩემი სიმყუდროვის დისკომფორტად გადაქცევა. თუმცა როგორც ადეკვატური და ორგანული ხელოვნება, ეს ხალიჩები ძალიან შთამბეჭდავია და მომხიბვლელი კოლორიტით და კომპოზიციით მიჩენს სურვილს, რომ  სახლში ჩამოვკიდო რომელიმე კედელზე. შერეული გრძნობები მიჩნდება. ალბათ – თქვენც. 

 


მიიღე ყოველდღიური განახლებები!
სიახლეების მისაღებად მოგვწერეთ თქვენი ელ.ფოსტა.