fbpx

აპრილის ლიტერატურული კალენდარი


გააზიარე სტატია

ავტორი: მათე წიკლაური

 

„…მე დავიბადე აპრილის თვეში…“

ტიციან ტაბიძე

 

ტიციან ტაბიძის მსგავსად მსოფლიოს ბევრ გამოჩენილ ავტორს შეუძლია თქვას სიტყვები: „მე დავიბადე აპრილის თვეში“. ამ მწერლებმა სხვადასხვა დროს ჩვენი ცხოვრება შეცვალეს და მკითხველის განუყრელ მეგობრებად იქცნენ. თითოეული მათგანის შემოქმედებამ წარუშლელი კვალი დატოვა მსოფლიო ლიტერატურის ისტორიაში, ჩვენ კი კალენდრის სახით შექმნილ სტატიაში აპრილის  იუბილარებზე ვისაუბრებთ. 

 

  • 1 აპრილი – ანტუან ფრანსუა პრევო და მილან კუნდერა

თანამედროვე კლასიკოსი მილან კუნდერა 1929 წლის პირველ აპრილს დაიბადა. ჩეხ მწერალს ქართველი მკითხველი შესანიშნავად იცნობს. „ყოფიერების აუტანელი სიმსუბუქე“, „უმნიშვნელობის ზეიმი“, „შეუცნობელი“ და „გამოსათხოვარი ვალსი“ – ის რომანებია, რომლებიც დღემდე არ კარგავს აქტუალობას. მილან კუნდერა 2023 წელს გარდაიცვალა, მაგრამ, ეჭვგარეშეა, რომ მისი კვალი თანამედროვე ლიტერატურულ რუკაზე წარუშლელია.

წარსულში თუ დავბრუნდებით, XVIII საუკუნეში პოპულარული ფრანგი კაცის სახელი და გვარიც მოგვაგონდება. ანტუან ფრანსუა პრევო საქართველოშიც ძალიან პოპულარულია. მისი „კავალერ დე გრიესა და მანონ ლესკოს ამბავი“ ქართულად 1939 წელს ითარგმნა და მკითხველის მეხსიერებაში სამუდამოდ დარჩა. 

 

  • 2 აპრილი – ტიციან ტაბიძე და ჰანს ქრისტიან ანდერსენი

1895 წლის 2 აპრილს სოფელ ჭყვიშში „ვაშლების გაშლილ ყვავილებიდან“ დაიბადა ტიციან ტაბიძე. XX საუკუნის ქართველ სიმბოლისტ პოეტთა გაერთიანება, რომელიც „ცისფერყანწელების“ სახელითაა ცნობილი, წარმოუდგენელია ტიციან ტაბიძის გარეშე. ეჭვგარეშეა, ტიციანი გამორჩეული სახეა ქართული პოეზიისა. ქართული ლიტერატურა სწორედ მას და სხვა „ცისფერყანწელებს“ უნდა უმადლოდეს პოეზიის ახალ რელსებზე გადასვლას. 

ჰანს ქრისტიან ანდერსენის გარეშე სულაც ბავშვობაა წარმოუდგენელი, თუმცა თავად ყოველთვის აღნიშნავდა, რომ მისი შემოქმედება იყო ყველასა და არა საზოგადოების კონკრეტული ნაწილისათვის. ჟანრში ერთ-ერთი ბრწყინვალე დანიელი პოეტი და მეზღაპრე 1805 წლის 2 აპრილს დაიბადა. მთელი ცხოვრება ოპერის მომღერლობა უნდოდა, მაგრამ ბოლოს შეგირდ მოცეკვავედ ამოყო თავი სამეფო თეატრში. ანდერსენი ლიტერატურის უდიდესი გენიოსი იყო, მისი შემოქმედებითი სამყარო კი უდავოდ დაუვიწყარი მსოფლიოს ლიტერატურული ისტორიისათვის.

 

  • 4 აპრილი – მაინ რიდი 

ქართველი მკითხველი ამ შესანიშნავ მწერალს ბრწყინვალედ იცნობს. მან მსოფლიოს  სათავგადასავლო რომანებით დაამახსოვრა თავი. მოგზაურმა ბუნებამ რიდი შოტლანდიიდან ამერიკაში მიიყვანა. წერდა ლექსებს, მოთხრობებს, პიესებსა და ესეებს. რომანები – „ოცეოლა“, „თეთრი თათმანი“, „უთავო მხედარი“ და სხვა ნამუშევრები დღესაც არ კარგავენ აქტუალობას, XIX საუკუნის ლიტერატურაზე საუბარი  კი საერთოდ წარმოუდგენელია მის გარეშე. მაინ რიდი გახლდათ პირველი ავტორი, რომლის რომანიც ინდიელების ენაზე ითარგმნა. ბევრი მოზარდისთვის მაინ რიდის შემოქმედების გაცნობა ლიტერატურაში პირველი ნაბიჯების გადადგმასთანაც კი ასოცირდება. 

 

  • 9 აპრილი – შარლ ბოდლერი

ფრანგული პოეზიის თვალსაჩინო წარმომადგენელი შარლ ბოდლერი 1821 წლის 9 აპრილს პარიზში დაიბადა. მისი პოეტური კრებულები ფილოსოფიური სიღრმითა და ზოგადსაკაცობრიო თემებითაა განმსჭვალული. „ბოროტების ყვავილები“ ბოდლერმა კონტრასტზე დაყრდნობით ააგო და მკითხველს სიცოცხლისა და სიკვდილის თემატიკის დაპირისპირება შესთავაზა. შარლ ბოდლერის შემოქმედება სხვა არაერთი კრებულითაა ცნობილი და მკითხველზე მუდამ წარუშლელ შთაბეჭდილებას ტოვებს. 

 

  • 13 აპრილი – სემიუელ ბეკეტი

ირლანდიელი პოეტი, პროზაიკოსი და დრამატურგი 1906 წლის 13 აპრილს დუბლინთან ახლოს მდებარე ფოქსროკში დაიბადა. მისი სახელი აბსურდის დრამას უკავშირდება. ქართველმა მკითხველმა ბეკეტი პიესებთან ერთად, რომან „მოლოითაც“ გაიცნო და მისი სხვა მხარეც დაინახა, მაგრამ ირლანდიელის მთავარ ნამუშევრად მაინც 1952 წელს დაწერილი პიესა „გოდოს მოლოდინში“ მიიჩნევა. ეს არის ადამიანური არსებობის მიმართ პესიმისტური დამოკიდებულების ილუსტრაცია. 1976 წელს სან-ფრანცისკოს ერთ-ერთ თეატრში ხუთასამდე პატიმრის წინაშე დადგეს სპექტაკლი „გოდოს მოლოდინში“. სპექტაკლმა რამდენიმე საათს გასტანა, პატიმრები, რომლებსაც განზრახული ჰქონდათ წარმოდგენის ჩაშლა, ჩაიძირნენ ბეკეტის მორევში და უდიდესი ყურადღებით უყურეს დადგმას.   

 

  • 15 აპრილი – ჰენრი ჯეიმზი  

ამერიკელი მწერალი და ლიტერატურული კრიტიკოსი, რომელიც უმეტესად ევროპაში მოღვაწეობდა,  XIX-XX საუკუნეების ძალიან მნიშვნელოვანი ავტორია.  ჰენრი ჯეიმზი ცნობილია ისეთი ნაწარმოებებით, როგორებიცაა „მარწუხებში“, „ამერიკელი“, „ქალბატონის პორტრეტი“ და სხვა. მისი ორი ნამუშევარი ერთ წიგნად 2019 წელს „სულაკაურის გამომცემლობამ“ გამოსცა და ქართველ მკითხველს ძალიან კარგი საჩუქარი გაუკეთა. 

 

  • 16 აპრილი – ანატოლ ფრანსი

„ბალთაზარი“, „ანგელოზთა აჯანყება“, „პინგვინთა კუნძული“, „ღმერთებს სწყურიათ“ – ეს იმ ნაწარმოებთა ჩამონათვალია, რომელთა გამოც ანატოლ ფრანსი ქართველ მკითხველს ძალიან უყვარს. ფრანგი მწერალი 1844 წლის 16 აპრილს ბუკინისტის ოჯახში დაიბადა. მწერლის ნამდვილი სახელი და გვარია ანატოლ ფრანსუა ტიბო. 

 

  • 21 აპრილი – შარლოტა ბრონტე

შარლოტა შეიქნა ცნობილი მწერალი: ლონდონი, დაპატიჟებები, პატივისცემა…“ – წერს აკა მორჩილაძე ბრონტეების ოჯახზე დაწერილ შესანიშნავ ესეიში – „ჩემი მაგარი გოგოები“. ეჭვგარეშეა, „ჯეინ ეარი“ ყველა დროის წიგნია. რომანი ნებისმიერი თაობის მკითხველს განაცვიფრებს. 1816 წელს თორნტონში, აკას თქმისა არ იყოს, „საოცარ ოჯახში“ დაიბადა დიდი შარლოტა ბრონტე. ბრწყინვალე ავტორი იყო მისი დაც, ემილი ბრონტე („ქარიშხლიანი უღელტეხილის“ ავტორი),  მაგრამ მისი შემოქმედება მაინც ცალკე განხილვის საგანია. 

 

  • 23 აპრილი – უილიამ შექსპირი

ამბობენ, 1564 წლის 23 აპრილს დაიბადა ინგლისელი დრამატურგიო, და თუ ეს ასეა, მაშინ საქმე, ალბათ, ყველა დროის ყველაზე დიდი მწერლის დაბადების თარიღთან გვქონია. შექსპირი არ არის ის ავტორი, რომლის ვინაობასაც მკითხველს რომელიმე ცნობილი პიესითა და სონეტით შევახსენებთ. უილიამის ნებისმიერი ნაწარმოები უდიდეს გარდაქმნებს გვთავაზობს ლიტერატურის ისტორიაში, ლიტერატურა იყოფა შექსპირამდე და შექსპირის შემდეგ. ისაა მწვერვალი, რომელიც თითქოს ყველა ავტორის მთავარ სათქმელს იკრებს და აერთიანებს თითოეულ პიესაში.  შექსპირზე ლაპარაკი დაუსრულებლად შეიძლება, რადგან ის არის მსოფლიო ლიტერატურის ცენტრი, მისი „ჰამლეტი“ კი დასტური იმისა, რომ ადამიანს სრულყოფილებამდე მისვლა შეუძლია. 23 აპრილს რუსი მწერლის, ვლადიმირ ნაბოკოვის დაბადების დღეც გახლავთ. 

 

  • 24 აპრილი – დანიელ დეფო

ალბათ, ყველა დარჩენილა კუნძულზე მარტო საკუთარ წარმოსახვაში, ყველას უფიქრია, რას წაიღებდა და რა გამოადგებოდა მარტოობასთან გასამკლავებლად – ფანტაზიის ეს ნაყოფი, ფანტაზიის საზღვრების გახსნა – დანიელ დეფოს „რობინზონ კრუზოს“ დამსახურებაა. XVII-XVII საუკუნეების ლიტერატურა არ არსებობს მის გარეშე. ინგლისელი მწერალი 1660 წლის 24 აპრილს დაიბადა. უამრავი წიგნი დაწერა, მუშაობდა სხვადასხვა ჟურნალში და აქვეყნებდა სტატიებს   პოლიტიკურ, კრიმინალურ, რელიგიურ და სხვა მნიშვნელოვან თემებზე. 

როგორც ვხედავთ, ძალიან ბევრი დიდი ავტორი  დაიბადა  აპრილში. ამ მწერალთა გარეშე  ლიტერატურაზე მსჯელობა წარმოუდგენელია. ლიტერატურის ისტორია არ არსებობს მათ გარეშე. სხვადასხვა დროს თითოეული მათგანი მკითხველს საოცარ, ახალ სამყაროში გადაისვრის, უკან დააბრუნებს, მაგრამ, ერთი კი ცხადია, რომ წიგნის გვერდებზე მოგზაურობისას დაუფლებული ემოცია არსად არ იკარგება.


მიიღე ყოველდღიური განახლებები!
სიახლეების მისაღებად მოგვწერეთ თქვენი ელ.ფოსტა.