fbpx

ფონტაინიაში – კლდის პირზე, მდინარის გასწვრივ – “პორტუგალიაში #2”


გააზიარე სტატია

ავტორი:  მიხეილ ციხელაშვილი

სატატიას წარმოგიდგენთ: “წიგნები ვაკეში”

 

პორტუში ჩამოსული მეგობრები პირველ რიგში ფონტაინიაშის* გადმოსახედთან მიმყავს. ეს იდეალური ადგილია თბილი საღამოს თუ მზიანის დღის გასატარებლად. ვიღაც ყოველთვისაა გაწოლილი ბოძებს შორის გაბმულ ჰამაკში – მუსიკას უსმენს, მუშაობს, წიგნს კითხულობს ან უბრალოდ უქმად აგდია და სახე მზისთვის აქვს მიშვერილი. ადგილობრივები კალათბურთს თამაშობენ. მდინარის გასწვრივ რკინიგზის მიტოვებული ხაზი გადის, გვირაბები ცარიელია. ეს ადგილი ცალკე 2-3-საათიანი ექსკურსიის ნაწილია. გადმოსახედს ქვემოთ ახალი რკინიგზა და კომუნალური ბაღებია, რომელთა მოსავლელადაც ქალაქის ყველა უბნიდან მოდიან. დილაა თუ საღამო, თითქმის ყოველთვის დალანდავთ შრომით დაღლილ სენიორ ტეიშეირას, ადგილობრივ პენსიონერს, რომელიც მხარზე ბარგადადებული ჩაუვლის ძველისძველ სარეცხ ავზებს (დღემდე რომ იყენებენ უბანში) და გადმოსახედზე მიწაგამჯდარი თითებით სიგარეტის გასაბოლებლად ამოდის.

ეს ჩემი საყვარელი ადგილია მთელ ქალაქში და მიამიტურად მჯერა, მაშინაც კი, როცა პორტუს ჯენტრიფიკაციის დიდი მონსტრი მთლიანად გადაყლაპავს, ფონტაინიაში მაინც გაიბრძოლებს და დარჩება ქალაქის ბოლო ველურ და ავთენტურ სივრცედ.

– ტაქსისტმა გვკითხა, აქ რა ჯანდაბა გინდათ, მისამართი ხომ ნამდვილად სწორად მონიშნეთო. – იცინის რუ.

მას და ჯონის სწორედ ფონტაინიაშში ვხვდები. უკვე გვიანი საღამოა, გარშემო მოსაწევით გაბრუებული ადგილობრივები წამოკოტრიალებულან. ჯერ ზაფხული არაა, ამიტომაც უკვირს მძღოლს ტურისტების აქეთ წამოყვანა. არადა, საკმარისია ივნისი დადგეს, მთელი ქვეყანა სადღესასწაულოდ და საზეიმოდ ემზადება, შენ ოღონდაც წმინდანის სახელი გაიფიქრე, – წმინდა ჟოაო, წმინდა მაფალდა, წმინდა ანტონიო, წმინდა პეტრე, – ყველა იმსახურებს მინიმუმ ორკვირიან გულაობას, პორტუგალიურ არდადეგებს. ჰოდა, აქაურობაც მთლიანად კარუსელებითა და საჭმლის ჯიხურებით იფარება და ფონტაინიაში დიდი სადღესასწაულო ცენტრი ხდება, სადაც ერთად ცეკვავენ ერასმუსის სტუდენტები და ადგილობრივი გუნები (გუნა, გუნაშ – იქაური ბაბულიკა, ძველი ბიჭი), ხანშიშესული ქალები და პოლიციელებიც კი. მახსოვს სან-ჟოაოს ღამით, დასამახსოვრებლად არაფხიზელი მე და მარიანო როგორ ჩავებით საცეკვაო მატარებელში ბებიის ტოლ ქალებთან ერთად და უბანი ხტუნვა-ხტუნვით მოვიარეთ.

აქაურობა დაახლოებით 170 წლის წინ დასახლდა, პორტუგალიური ინდუსტრიალიზაციის ხანაში, როცა სოფლებში გაბნეული მოსახლეობა სამუშაოს საძებნელად პორტუსკენ დაიძრა. ახალმოსულები დღევანდელ ჩვილი ენრიკის (მეფე ჟუან  I-ის შუათანა ვაჟი, რომელიც ისტორიას ენრიკ ზღვაოსნის სახელით შემორჩა) ხიდთან დაფუძნდნენ. მოგვიანებით კი ბრაზილიელი, ანგოლელი და კაბოვერდელი ემიგრანტების შემოერთებას უბნის გაფართოება მოჰყვა და ფონტაინიაში მამა ბალთაზარ გედეშის ობოლთა სკოლა-პანსიონამდე გადაიჭიმა. 1903 წელს სკოლა დაიხურა, თუმცა ტექსტილის ინდუსტრიის ზრდასთან ერთად გაიზარდა მოსახლეობაც. მიუხედავად ამისა, XX საუკუნეში ქვეყანამ იმდენად უყურადღებოდ დატოვა ახალი დასახლება, რომ ფონტაინიაში ურბანული ხრწნის მაგალითად გადაიქცა დასავლეთ ევროპაში: ვიწრო და ხმაურიანი ქუჩებისა და ფერადი შენობების მიღმა, დღემდე ადგილობრივი სუსტი ქვით, ხით, მეტალითა თუ უბრალოდ ქუჩაში ნაპოვნი მასალით ნაგებ საცხოვრისებს გადაეყრებით. 

„არჩევნების დროსაც კი არავის ვახსენდებით. მთავრობა მხოლოდ იმას ელის, მდინარეში როდის ჩაიქცევა მთელი უბანი“, – ბღვერით ამბობენ მკვიდრები. ვერ გაამტყუნებ, მდგომარეობა მართლა სავალალოა. თხელკედლებიან და ზამთარში მარად ყინვაგამჯდარ ქოხმახებს ცხელი წყალი კუსტარულად ჩამონტაჟებული გამათბობლებით თუ მიეწოდება – ცენტრალურ გათბობაზე საუბარი ხომ მთელ პორტუშიც კი ზედმეტია. 2000 წელს მომხდარმა წყალდიდობამ უბნის გარკვეული ნაწილი ჩამოაქცია და 50-ზე მეტ ოჯახს ადგილის დატოვება მოუწია. სწორედ მაშინ დაიწყო ფონტაინიაშის, როგორც კომუნის, კოლექტიურობაზე დაფუძნებული მიკრო-საზოგადოების რღვევა; პროცესი კიდევ უფრო გააველურა  შუაგული 2000-იანი წლების პორტუს ჯენტრიფიკაციის მძიმე ტალღამ. 

ფონტაინიაშს რთულად უდგება საზოგადოებრივი ტრანსპორტიც. ამიტომაცაა, რომ მთელი უბანი – ტურისტებისთვის მიმზიდველი მდებარეობის მიუხედავად – ქალაქს მოწყვეტილი სივრცის განცდას გიჩენს, სადაც ადგილობრივებთან გადაკვეთის ადგილი სწორედ რომ გადმოსახედი მოედანია. ბოლო პერიოდია აქაურობა კურიერების საბირჟაო ადგილიცაა; მიუხედავად იმისა, რომ გარშემო მხოლოდ ორი ისეთი კაფეა, საიდანაც არასდროს არავინ არაფერს გამოიძახებს, როგორც ჩანს, აქაურობა ადვილი სანავიგაციო წერტილია პოვეიროშის მოედნისკენ, ასევე ლუიშ I-ის ხიდისკენ და თუ საჭიროა ქვემოთ, სანაპიროზეც.

მაგრამ სანაპირომდე, ბაღებსა და მდინარეს შორის კლდეზე ჩასეირნება თუ არ დაგეზარება, იქნებ პალეტების სავარძლებით მოწყობილ მოსასვენებელ სივრცესაც მიაგნო, რომლის შორიახლოსაც არ გაგიკვირდეს კარვებში დაბანაკებულ თავქარიან მოგზაურებსაც თუ დაინახავ. ამ ადგილას კიდევ უფრო სიმშვიდისმომტანი და საამოა წამოჯდომა და მდინარის ყურება, მეგობრებთან ერთად დროის გატარება; კლუბში დათენებული ღამის შემდეგაც შეგიძლია აქ დაელოდო მზის ამოსვლას. მარცხნივ მარია პიას ხიდია, რომელსაც შეხედავ თუ არა, მაშინვე მიხვდები, ვისი ნამუშევარია. 1877 წელს გუსტავ ეიფელის მიერ აგებული ეს ხიდი ერთ-ერთი პირველი დიდი პროექტია არქიტექტორის კარიერაში, თავად ქალაქში კი პირველი ხიდია: ვიწრო, კოხტა და მშვენიერი, რომელიც დღეს აღარ ფუნქციონირებს და პორტუს დეკორაციად აქვს შემოტოვებული. მომწონს იმაზე ფიქრი, რომ ფუნქციაგამოცლილი არქიტექტურა შეიძლება ლამაზ, საიმიჯო გაფორმებად გადაიქცეს და მაინცდამაინც ფინანსურ სარგებლიანობაზე ფიქრით არ დაიტვირთოს. 

მარჯვნივ ჩვილი ენრიკის ხიდია, რომელიც დიზაინის გამო, 2000-იან წლებში ექსტრემალი სკეიტბორდერების თავშეყრის ადგილი გახდა. ხიდის ქვედა ნაწილზე ასვლა მთავრობამ აკრძალა და მავთულხლართებით ჩაკეტა. მაგრამ ამ ხიდიდანაა ყველაზე კარგი ხედები – ორივე მხარეს ეიფელის პროექტები – ლუიშ I-ს ხიდი ხომ საერთოდაც პორტუს მთავარი ღირსშესანიშნაობაა! ამ ხიდებზე მერე ცალკე მოგიყვებით.

ენრიკის ხიდის ქვემოთ ძველად ნავების გაჩერება იყო, საიდანაც უბნის დაუნდობელ აღმართს შეუდგებოდნენ ხოლმე კარკეიას (სამკურნალო მცენარე, რომელიც გამოიყენება ტრადიციულ პორტუგალიურ მედიცინაში) ძნებით დატვირთული გარემოვაჭრე ქალები. გადმოსახედზე ამ ქალების და ზოგადად მშრომელი კლასის პატივსაცემი ძეგლიც დგას.

არსებობს ლეგენდა, რომ უბანში კეთილი სული სახლობდა და სწორედ ის ეხმარებოდა ამ ქალებს მძიმე ძნების თრევაში. ამ ლეგენდას ჯულიენი მიყვება, წლების წინ თბილისში გაცნობილი ფოტოგრაფი, რომელიც ბრექსიტის მერე ლონდონიდან პორტუში გადაცხოვრებულა და ჩვენც სწორედ აქ განვაახლეთ ნაცნობობა; იმ დღეს სწორედ ფონტაინიაშის მიტოვებულ რკინიგზას ვედექით, მე ქალაქის საგულდაგულოდ გაცნობის იდეით ვიყავი შეპყრობილი, მას კი უკვე გავლილი ჰქონდა ეს ფაზა და სეირნობისას სამსახურზე წუწუნებდა რაღაცას. მე მის წუწუნს ვერაფრით ვიგებდი, რადგან ჯულიანი ჩემი საყვარელი ბენდების ფოტოგრაფია და ალბათ პირველი სამყაროს იმ პრობლემით ასტკივებოდა თავი, არჩევანი რომელზე შეეჩერებინა – ტურში Massive Attack-ს გაჰყოლოდა თუ Slowdive-ს. აი, ამიტომაც ვერ ვიგებდი მე, თუ რა იყო საწუწუნო მის ჯადოსნურ სამსახურში. 

ქანდაკების წინ ვდგავართ. გადავწყვიტეთ, სანამ ჯერაც მზეა, ლუდი მოპირდაპირე კაფეში მოვწრუპოთ. 

თვეების შემდეგ იმავე კაფეში ივნისის ერთ ცხელ დღეს ერასმუსელ მეგობრებს ვაცილებთ. ჩვენგან 8-10 მეტრში გუნა ბიჭები ერთმანეთს დაერევიან. მიდის ირგვლივ აგურების სროლა, ბოთლები კაი ხანია გაიხარჯა. აუდიტორია: 20-25 ადამიანი – უმეტესობას არ გვიკვირს. გუნების სიმრავლის მიუხედავად უბანში სტუმრებს მაინც აქვთ დაცულობის განცდა. თუმცა კი აგურების ჩხუბის მერე აღარ გამკვირვებია, რატომ დაეჭვდა რუს და ჯონის მძღოლი ტურისტების აქ მოყვანაში. 

უკვე ბევრს ვიცნობ ქალაქში ისეთს, ვისთვისაც საყვარელი ადგილია ეს გადმოსახედი. „თან მაგარია, ირგვლივ ხომ უამრავი მოსაფსმელი ადგილია!“ – მხიარულად აღნიშნავს ივნისის იმ დღეს პაულა და ბევრნი ვეთანხმებით, სან-ჟოაო ახალი გამოვლილი გვაქვს. 

– უამრავი მოსაფსმელი ადგილი! – რა გადასარევი სათაური იქნებოდა სიმღერისთვის. – იდეას ინიშნავს მარიანო.

ჩვენს ფავორიტ მოსაფსმელ ადგილს ბოლო თვეებია ბულდოზერები დაეპატრონნენ, რაღაც დიდი მშენებლობაა წამოწყებული. მაგრამ ფონტაინიაშს მაინც იმდენი აქვს თავისი ავთენტური, მარტივად ვერ აითვისებენ. ამიტომ ვაჯერებ თავს, რომ დასავლეთ ევროპის დიდი ქალაქებიდან ყველაზე მოურჯულებელი პორტუ იქნება, რომელსაც სამწუხაროდ, მაინც მოარჯულებენ; მაგრამ ფონტაინიაშის მოსარჯულებლად სხვა ძალაა საჭირო.

* ამავე სახელის მქონე ფაველა არის/იყო ლისაბონის გარეუბანშიც, სადაც რეჟისორ პედრუ კოშტას დაუნდობელი ტრილოგია ვითარდება. ის უბანიც ცალკე ტექსტს იმსახურებს.

 

ბლოგში გამოყენებულია კატარინა მანთეის, მარიანო როდრიგესის, და ჯაკომო ტურას ფოტოები.


მიიღე ყოველდღიური განახლებები!
სიახლეების მისაღებად მოგვწერეთ თქვენი ელ.ფოსტა.