fbpx

ბასკური ზეიმი სევილიაში


გააზიარე სტატია

ავტორი: აჩიკო ბენაშვილი

 

ესპანეთის თასის გათამაშება ხშირად მადრიდის „რეალის“ სტრატეგიის პირდაპირი გამოძახილია ამა თუ იმ სეზონში. 

თუკი „სამეფო კლუბი“ ჩემპიონობას და ჩემპიონთა ლიგის მოგებას უმიზნებს, მაშინ ის, როგორც წესი, ეთიშება „კოპა დელ რეის“ გათამაშებას, მაგრამ, თუკი თასი მისი წლის ერთადერთი ტიტული შეიძლება იყოს, ამ შემთხვევაში „რეალი“ ამ ტურნირზე ბოლომდე იბრძვის და ფინალში ამარცხებს, მაგალითად, „ოსასუნას“, როგორც ეს შარშან მოხდა.

წლეულს კი „რეალს“ ნახევარფინალის გზაზე მეტად უხერხული მეტოქე „ატლეტიკო“ გადაეღობა, რომელმაც დაასრულებინა კიდეც ანჩელოტის გუნდს სათასო ასპარეზობა. 

ნახევარფინალში „ატლეტიკო“ ბილბაოს „ატლეტიკს“ გადაეყარა, რომელმაც მიმდინარე სეზონში ზედიზედ მესამედ და თანაც მშრალი ანგარიშით დაამარცხა წყვილის პოტენციური ფავორიტი და ფინალში, „მალიორკას“ წინააღმდეგ მატჩში უკვე თავად წარდგა ფავორიტის როლში.

თუმცა, სავსებით შესაძლებელი იყო, რომ ფინალი ბასკური ყოფილიყო, რადგან „მალიორკამ“ ნახევარფინალში „სოსიედადი“ გასვლაზე და თანაც თერთმეტმეტრიანების სერიაში დაამარცხა. 

პენალტების სერია „მალიორკას“ ფეხბურთელებს თურმე ფინალში კიდევ ერთი ბასკური გუნდის წინააღმდეგ უნდა დაერტყათ, მაგრამ ამჯერად მათ მოგება აღარ ეწერათ, რადგან „ბილბაო“ რისი „ბილბაო“ იქნებოდა, თუკი ამ საუკუნეში თასის მეექვსედ მოპოვების შანსს უფრო სუსტ გუნდთან ხელიდან გაუშვებდა? პენალტების სერია კი ლატარია სულაც არ არის…

ვალვერდეს ბიჭებმა ოთხი აუღებელი პენალტი შეასრულეს და ისე, რომ ბოლო დარტყმა აღარც დასჭირვებიათ, სევილიას „ესტადიო ლა კარტუხას“ გადავსებული ტრიბუნების წინაშე თავიანთ ისტორიაში ქვეყნის თასი 24-ჯერ აღმართეს. ამ შედეგით ბასკური კლუბი მხოლოდ „ბარსელონას“ ჩამორჩება.

მიმდინარე სეზონში „ბილბაო“ ჩემპიონთა ლიგის საგზურსაც უმიზნებს, რადგან ესპანეთის ლა ლიგის გათამაშებაში, 30 ტურის შემდეგ, ის მეხუთე ადგილზე იმყოფება და მადრიდის „ატლეტიკოს“ მხოლოდ ორი ქულით ჩამორჩება.

ესპანეთის თასის ფინალის გამო ჩემპიონატში აღებული ერთკვირიანი პაუზის გამო, მადრიდის „ატლეტიკო“ პრივილეგირებულ მდგომარეობაში აღმოჩნდა ჩემპიონთა ლიგაზე მის მეტოქე „დორტმუნდთან“ შედარებით, რომელსაც გერმანიის ბუნდესლიგის გათამაშების განვლილ ტურში მეტოქედ მაინცდამაინც „ბაიერნთან“ მეორე ადგილისათვის მებრძოლი „შტუტგარტი“ აღმოაჩნდა.

წინა ტურში, გასვლაზე „ბაიერნის“ მძლეველ „დორტმუნდს“ საკუთარ კედლებში ექვსი ქულის ტოლფას მატჩში წაგება ჩემპიონთა ლიგის ოთხეულიდან ამოვარდნად დაუჯდა, რადგან „ლაიპციგმა“ „ფრაიბურგი“ დაამარცხა და ჩემპიონატის დასრულებამდე ექვსი ტურით ადრე სატურნირო ცხრილში მეოთხე ადგილზე განთავსდა.  

„დორტმუნდის“ მსგავსად, განვლილ ტურში ჩემპიონთა ლიგის მეოთხედფინალისკენ ცალი თვალი „ბაიერნსაც“ ეჭირა და გარკვეულწილად ამ მიზეზით და გარკვეულწილად მოტივაციის ნაკლებობიდან გამომდინარე, „რეკორდმაისტერი“ დებიუტანტ „ჰაიდენჰაიმთან“ დამარცხდა, სატურნირო ცხრილში „შტუტგარტს“ გაუთანაბრდა და „ლევერკუზენთან“ ჩამორჩენა 16 ქულამდე გაზარდა.

ჩაბი ალონსოს გუნდი კი კვლავ შეუჩერებელი იყო განვლილ უიკენდზე, რადგან მას არ ანაღვლებს ევროპის ლიგის კარსმომდგარი მატჩი „ვესტ ჰემთან“. 

ბერლინის „უნიონთან“ მოგებამ კი მიმდინარე სეზონში უკვე ორმოცამდე გაზარდა „ლევერკუზენის“ წაუგებელი შეხვედრების სერია. 

„ბარსელონასთან“ მატჩის წინ სირბილით თავი მაინცდამაინც არ მოუკლავთ საფრანგეთის მომავალ ჩემპიონ „პარი სენ-ჟერმენის“ ფეხბურთელებს, რომლებიც შინ აუტსაიდერ „კლერმონთან“ მხოლოდ ქულას დაჯერდნენ. 

კილიან მბაპე მხოლოდ 67-ე წუთიდან შევიდა სათამაშოდ მოედანზე და მატჩის დასრულებამდე ხუთი წუთით ადრე საგოლე გადაცემა შეასრულა.

აი პრემიერლიგის ტიტულისთვის მებრძოლი ჩემპიონთა ლიგის მეოთხედფინალისტებისთვის კი ოდნავი მოშვებაც არ არსებობს, რაც განვლილმა ტურმაც დაადასტურა, როდესაც შესაბამისად, „ბაიერნთან“ და „რეალთან“ უმნიშვნელოვანესი მატჩების წინ, ლონდონის „არსენალმა“ და „მანჩესტერ სიტიმ“ გასვლებზე „ბრაიტონი“ და „კრისტალ პალასი“ დამაჯერებელი ანგარიშებით დაამარცხეს.

ამ შედეგების მცოდნე „ლივერპული“ კი უკვე ვალდებული იყო, რომ მეორე დღეს „ოლდ ტრაფორდზე“ „მანჩესტერ იუნატედი“ დაემარცხებინა, რადგან მოგების შემდეგ ლონდონის „არსენალმა“ მერსისაიდელები სატურნირო ცხრილში მეორე პოზიციაზე ჩამოაქვეითა, ხოლო „მანჩესტერ სიტი“ კი მას ქულებით გაუთანაბრდა.

მაგრამ „ლივერპულმა“ ეს ამოცანა ვერ შეასრულა და წლის ბოლოს „მანჩესტერ იუნაიტედთან“ დაკარგული ორი ქულა იურგენ კლოპის გუნდს შეიძლება ჩემპიონობის დაკარგვადაც დაუჯდეს.

შესვენებამდე სტუმრები აშკარად ჯაბნიდნენ მეტოქეს, მაგრამ მხოლოდ დაწინაურება შეძლეს, როდესაც კუთხურიდან მოწოდებული ბურთი დარვინ ნუნიესმა ლუკას დიასს გადააწოდა და უკანასკნელმაც სამსვლიანი კომბინაცია გოლად აქცია მანჩესტერელთა კარში.

მეორე ნახევარიც „ლივერპულის“ სასურველ რიტმში განახლდა, ისე რომ მერსისაიდელთა კარის მიმართულებით თითქოს დარტყმაც კი წარმოუდგენელი იყო, მაგრამ უეცრად მოხდა სრულიად გაუთვალისწინებელი რამ. 

კლოპის მიერ დაცვის ცენტრში განთავსებულმა ქუანსამ მინდვრის შუაგულში პარტნიორის მისამართით განივი გადაცემის გაკეთება გადაწყვიტა, ბურთი ბრუნო ფერნანდეშმა გადაჭრა და პრაქტიკულად მოედნის ცენტრიდან გადაგზავნა წინ გამოსული კელერის კარში.

„ლივერპული“ გაშვებულმა გოლმა დააბნია, ცოტა ხანში კი მერსისაიდელებმა  საკუთარ კარში კომი მაინუსგან გოლი – შედევრი მიიღეს, რომელსაც სეზონის დასრულების შემდეგ, სავარაუდოდ, პრემიერლიგის გოლების საუკეთესო ათეულშიც ვიხილავთ.  

მინდვრის შუაგულის მოთამაშე მაინუმ თავად წამოიწყო შეტევა, რომელიც თავადვე დააგვირგვინა დაფარული, ჩახვეული და რაც მთავარია, აუღებელი დარტყმით. 

ამ გოლმა  „ლივერპული“ უკვე წაგების საფრთხის წინაშე დააყენა, მაგრამ სტუმრები ვან ბისაკამ „გადაარჩინა“, რომელმაც უვნებელ სიტუაციაში ელიოტის წინააღმდეგ  წესი დაარღვია საკუთარ საჯარიმოში და სალაჰმაც პენალტით აღადგინა წონასწორობა – 2:2.

თუკი ინგლისში ყველაფერი წინაა, იტალიის სერია A-მ „ინტერის“ მიერ პრაქტიკულად „სკუდეტოს“ მოპოვებისა და ჩემპიონთა ლიგიდან გამოვარდნის შემდეგ, საზოგადო ინტერესი აშკარად დაკარგა.   

„ნაპოლი“ კი უღიმღამო ასპარეზობის ფონზე, ჩემპიონთა ლიგის საგზურის მომტანი მეოთხე ადგილისთვის იბრძვის. 

განვლილ უიკენდზე იტალიის მოქმედი ჩემპიონის ოთხმა ფეხბურთელმა ოთხი ულამაზესი გოლი გაიტანა „მონცას“ კარში და საბოლოოდ „ნაპოლიმ“ ანგარიშით 4:2 გაიმარჯვა, მაგრამ ხვიჩა კვარაცხელია მხოლოდ ერთი საგოლე გადაცემით გამოირჩა სიტუაციაში, რომელსაც იმ საღამოს სხვები ქმნიდნენ.

გიორგი მიქაუტაძის შემთხვევაში კი პირიქით იყო – მისი გუნდი ანგარიშით 3:4 კი დამარცხდა მეორე ადგილოსან „ბრესტთან“ შეხვედრაში, მაგრამ ქართველმა ფორვარდმა ამ მატჩში დუბლი შეასრულა. 

პირველ შემთხვევაში მან ეფექტურად მიიღო პარტნიორისგან გადაცემა და ბურთი ფეხებშუა გაუტარა კარიდან წინ გამოსულ მეტოქეს, ხოლო მეორე გოლის გატანისას კი ქართველმა თავდამსხმელმა დასწრებაზე ყველას აჯობა და მატჩის საბოლოო შედეგი ახლო მანძილიდან აუღებელი დარტყმით დააფიქსირა.


მიიღე ყოველდღიური განახლებები!
სიახლეების მისაღებად მოგვწერეთ თქვენი ელ.ფოსტა.