fbpx

გამოფენა „საბჭოთა მეხსიერებიდან 9 აპრილამდე“


გააზიარე სტატია

გამოფენის კურატორი – კოტე ბოლქვაძე

 

„საბჭოთა მეხსიერებიდან 9 აპრილამდე”- გამოფენა ამ სახელწოდებითა და კონცეფციით ქართული სახვითი ხელოვნების მუზეუმში 9 აპრილს გაიხსნა და 28 აპრილამდე გასტანს. ჯგუფურ გამოფენის კურატორი კოტე ბოლქვაძეა.

ექსპოზიცია წარმოდგენილია მუზეუმის კოლექციიდან საბჭოთა პერიოდის და იმ ეპოქის ამსახველი ნამუშევრების კონცეპტუალური ხედვით – ანტისაბჭოთა განწყობის არტისტების ხელოვნება დამთვალიერებელმა ლენინის ბიუსტის ფონზე უნდა შეაფასოს. 

გამოფენა “საბჭოთა მეხსიერებიდან 9 აპრილამდე” წარმოადგენს ერთგვარ რეფლექსიას საბჭოთა წყობის კრიტიკულ-ობიექტურ ასახვაზე. თხრობა აგებულია მე-20 საუკუნის საქართველოს ისტორიაზე, რომელმაც განვლო გზა გასაბჭოებიდან დამოუკიდებლობის მოპოვებამდე. ეს მძიმე პოლიტიკური გამოცდილება შეეხო ქვეყნის კულტურულ შრესაც, რასაც მკაფიოდ ასახავს გამოფენისთვის შერჩეული არტისტების ნამუშევრები. უმთავრესად გამოფენა აგებულია ნონკონფორმისტული და ანტისაბჭოთა ელემენტების შემცველი ნამუშევრებით.

გამოფენაზე წარმოდგენილი იქნება შემდეგი არტისტების ნამუშევრები მუზეუმის მუდმივმოქმედი კოლექციიდან თუ  ფონდიდან: 

  1. სოცრეალისტურ ტრადიციებს მეტ-ნაკლებად ინარჩუნებს: ქეთევან მაღალაშვილი. 
  2. დათბობის პერიოდის შემდეგ, „ფერის ზეიმის“ მხატვრებიდან სოცრეალისტური სკოლა სრულად უკუაგდო და ჩაანაცვლა ევროპულით – ჯიბსონ ხუნდაძემ.
  3. დავით კაკაბაძის შემდეგ, აკრძალული აბსტრაქტული მხატვრობა, ანუ ფორმალიზმი ქართულ მხატვრობაში შემოიტანა შურა ბანძელაძემ. 
  4. საბჭოთა იდეოლოგიასთან კონფლიქტში მყოფი არტისტები, რომლებსაც ნონკონფორმისტებად მოიხსენიებენ, არიან: თემო ჯაფარიძე, ოთარ ჩხარტიშვილი, სერგო ფარაჯანოვი და ვოვა კანდელაკი. 
  5. ეროვნულ-რელიგიურ მოტივებზე შექმნილი ნამუშევრებით საბჭოთა წყობას უპირისპირდება 1980-იანელთა თაობის 2 მხატვარი: ლევან ჭოღოშვილი და ირაკლი ფარჯიანი.
  6. საბჭოთა ყოფის  ერთგვარი პოსტსაბჭოთა ანალიზი  წარმოდგენილია ორი მხატვრის ნამუშევრებით, ესენი არიან ოლეგ ტიმჩენკო და ტატო ახალკაციშვილი.

ყველა თაობის თუ ხედვის არტისტის ერთ ჯგუფურ გამოფენაში თავმოყრით, უფრო თვალსაჩინო ხდება, როგორი განწირული იყო საბჭოთა კავშირი ჩამოშლისთვის ყოველ ათწლეულში. ამ მძიმე ეპოქის ისტორიული წერტილი კი 9 აპრილმა დასვა. 

საბჭოთა დროის მუხტის შეგრძნებას აძლიერებს გამოფენის კონცეპტუალური მხარე –  კონტრასტული ვიზუალური აქცენტი რევოლუციონერ ბელადზე – ექსპოზიციაზე წარმოდგენილია ლენინის ავთენტური, მაგრამ არაიდენტიფიცირებული ბიუსტი. 

საბჭოთა სიმბოლიკა – საკულტო ბიუსტი ამ გამოფენაზე გარდაიქმნება „ისტორიულ ფრაგმენტად“. საბჭოთა სკულპტურა საგამოფენო დარბაზის ცენტრშია – თითქოს  ბიუსტმა თავად უნდა შეაფასოს კრიტიკული პოზიციიდან  ისტორია. 

გამოფენის მიზანია – საზოგადოებას  აუმაღლოს ცნობიერება საბჭოთა წარსულზე და  კრიტიკული თვალით კიდევ ერთხელ გადააფასოს თითქოს დავიწყებული 70 წელი, რომლის დაღი საქართველოს დღემდე მოჰყვება. 

გამოფენაზე დასწრება თავისუფალია. 


მიიღე ყოველდღიური განახლებები!
სიახლეების მისაღებად მოგვწერეთ თქვენი ელ.ფოსტა.