კორსეტის ახალი სიცოცხლე
ავტორი: ნინკა მამულაშვილი
წლის პირველ სავსემთვარეობაზე ჯონ გალიანომ მოდის ჩვენება ჯადოსნურ მოვლენად აქცია: პარიზში, ალექსანდრე III-ს ხიდზე განათებული თაღები, დანგრეული კედლები და იატაკზე დასხმული სასმელი… ჯონ გალიანოს 2024 წლის გაზაფხულის კოლექცია მეისონ მარჯიელასთვის, თამამად შეიძლება ითქვას, რომ მოდის ისტორიის მნიშვნელოვან ნაწილად იქცევა.
„გალიანომ კიდევ ერთხელ შეგვახსენა, რომ ის საკუთარ ლიგაშია. ეს შოუ ისტორიაში შევა.“
ეს ნამდვილი თეატრალური პერფორმანსი იყო, რომელიც ტულუზ ლოტრეკის გაცოცხლებულ ნახატებს წააგავდა. დამსწრეთა ნაწილი ხიდის ქვეშ, კაფეს მაგიდების გარშემო ისხდა. ჩვენება კორსეტში გამოწყობილმა ფრანგმა მოდელმა და მომღერალმა Lucky Love-მა გახსნა.
მაშინ, როდესაც პანდემიის დროს ფიზიკური მოდის ჩვენებები გამოწვევას წარმოადგენდა, გალიანომ ფილმების სერია შეადგინა, რომელიც ბნელ, ავანგარდულ ჰორორად შეგვიძლია განვიხილოთ. სწორედ ამ პროცესში მან ადამსების ოჯახის მაღალი მოდის ვერსია შემოგვთავაზა. 2024 წლის გაზაფხულის კოლექციაზე დიზაინერმა ფილმის ელემენტი დააბრუნა – ანტიკური სარკეები ვიდეო მონიტორებად აქცია, რომელიც ფეტიშისტური კორსეტის, ვნებისა და ძარცვის კადრებს აერთიანებდა. როგორც თავად გალიანომ აღნიშნა, კადრები უნგრელ-ფრანგი ფოტოგრაფის, ბრასაის შემოქმედებით იყო შთაგონებული.
შოუს მთავარმა „პერსონაჟმა“, კორსეტმა, მონიტორიდან მოდელების ტანზე, პარიზის ქუჩებში გადმოინაცვლა. თითოეული სამოსი წარმოსახვისა და ხელოსნობის ნამდვილ ტრიუმფს წარმოადგენდა. შოუს კულმინაცია მსახიობ გვენდოლინ კრისტის პოდიუმზე გამოსვლა იყო, რომელმაც ჩვენება ლატექსის კაბით დახურა.
მარჯიელას ჩვენების შემდეგ კიდევ ერთხელ გახდა აშკარა, რომ მოდა ყოველთვის ბრუნდება, ამჯერად კორსეტის სახით, რომელიც დიდი ხნის განმავლობაში პატრიარქალურ ინსტრუმენტად მიიჩნეოდა. კორსეტი მოდის ისტორიაში ტანსაცმლის ერთ-ერთ ყველაზე საკამათო ელემენტს წარმოადგენს. მას ქალები ძირითადად დასავლურ სამყაროში, გვიანი რენესანსიდან მე-20 საუკუნემდე ატარებდნენ, თუმცა კორსეტის მსგავსი სამოსი ქრისტესშობამდე 1600 წლით ადრე იღებს სათავეს. ის, რაც მჭიდროდ მორგებულ, უმკლავო ბოდიუსად დაიწყო, ტანსაცმლის ქვეშ სამოსად იქცა, რომელიც ვეშაპის ძვლისგან, შემდეგ კი ფოლადისგან მზადდებოდა და წელის შეკუმშვას ისახავდა მიზნად.
კორსეტის ფორმამ, ბუნებრივია, 400 წლის განმავლობაში ტრანსფორმაცია განიცადა, ზოგი თეძოებს ფარავდა, ზოგი მხოლოდ წელზე აკეთებდა აქცენტს. კორსეტი ე.წ. „ქვიშის საათის“ სილუეტის ჩამოყალიბებას უწყობდა ხელს, რომელიც განსაკუთრებული პოპულარობით სარგებლობდა 1800-იან წლებში.
მსჯელობა იმის შესახებ, რომ კორსეტი ქალის ჯანმრთელობისთვის საზიანოა, მე-19 საუკუნეში წამოიჭრა, როდესაც კორსეტის მოხმარება ყველაზე აქტიური იყო. მას როგორც მაღალი, ასევე საშუალო კლასის წარმომადგენელი ქალები ატარებდნენ. ვიქტორიანულ ეპოქაში იმდენად მნიშვნელოვანი იყო იმ პერიოდის სილამაზის სტანდარტებზე მორგება, რომ ქალები მზად იყვნენ საკუთარი ჯანმრთელობაც კი გაეღოთ მსხვერპლად. თხელი სხეულის გამოსაჩენად ისინი იმდენად მჭიდრო კორსეტებს ატარებდნენ, რომ ხშირად სუნთქვის უკმარისობისგან გული მისდიოდათ. აქედან გამომდინარე, ზოგიერთი ექიმი კორსეტს რესპირატორული დაავადებების, ნეკნების დეფორმაციის, შიდა ორგანოების დაზიანების, თანდაყოლილი დეფექტებისა და მუცლის მოშლის ერთ-ერთ მთავარ მიზეზად ასახელებდა, ზოგი კი პირიქით, ამტკიცებდა, რომ კორსეტები, რომლებიც ნაკლებად ხისტი იყო, ქალებს სხეულის შენარჩუნებაში ეხმარებოდა.
მე-20 საუკუნეში, კერძოდ, 1920-იან წლებში, მოდის რევოლუციასთან ერთად, ელასტიკური მასალის შემოღებამ უფრო მოქნილი კორსეტები წარმოშვა. მეტიც, ქალების უმრავლესობამ კორსეტის ტარება საერთოდ შეწყვიტა, რაც მოდის ტრანსფორმაციას უკავშირდება, რამაც ქალებს თავიანთი სხეულისადმი დამოკიდებულების შეცვლისკენ უბიძგა. მიუხედავად ამისა, მე-20 საუკუნის დასაწყისში Vogue-ში კორსეტების რეკლამები და სტატიები მათი უახლესი სტილის შესახებ იმაზე მიანიშნებდა, რომ ქალები კვლავ ეძებდნენ გარე ტანსაცმელს, რომელიც მათი სხეულის ფორმების შენარჩუნებას შეუწყობდა ხელს. 1960-70-იან წლებში კორსეტი, როგორც ქვედა სამოსი, თითქმის აღარ არსებობდა. სამოსზე დაყრდნობის ნაცვლად, საკუთარ სხეულზე კონტროლისთვის ქალები უკვე დიეტას, ვარჯიშს და პლასტიკურ ქირურგიას მიმართავდნენ.
მეოცე საუკუნის ბოლოს ქუჩის სტილმა, როგორიცაა პანკი და ახალი რომანტიზმი, კორსეტი კვლავ აქტუალური გახადა, თუმცა როგორც გარე ტანსაცმელი, კორსეტის ხელახლა გამოჩენა ცხადყოფს, თუ როგორ იცვლება ტანსაცმლის მნიშვნელობა ეპოქებთან ერთად.
სექსუალური ლიბერაციის მოძრაობის კვალდაკვალ 1970-იან წლების დასაწყისში ლონდონის პანკისა და გოთების სუბკულტურის წარმომადგენელმა ქალებმა კორსეტი აჯანყების სიმბოლოდ აქციეს. კორსეტს ძირითადად ატარებდნენ ახალგაზრდები, რომლებიც „რადიკალურ“ ან „ტრანსგრესიულ“ სექსუალობას გამოხატავდნენ.
ავანგარდისტმა მოდის დიზაინერებმა, კერძოდ, ვივიენ ვესტვუდმა, კორსეტს ახალი სიცოცხლე შესძინა. ვესტვუდი კორსეტს მისი ისტორიული, პანკ ესთეტიკისთვის იყენებდა, რითაც ფემინისტებისა და მოდის ისტორიკოსების კორსეტის შესახებ მოსაზრება, თითქოს ის ქალების ოპრესიის და ჩაგვრის ობიექტია, ეჭვქვეშ დააყენა. დიზაინერის ხელში ის გარე ტანსაცმელი იყო და არა ქალთა ტკივილის საიდუმლო იარაღი, რომელიც ბლუზის ან კაბის მიღმა იმალებოდა. მას მოსწონდა იდეა, რომ ქალს არჩევანი აქვს ტანსაცმლით სხეულის „მუტაცია“ მოახდინოს. ვესტვუდის მიერ კორსეტის გაცოცხლება, დიზაინერის ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვან წვლილად შეიძლება ჩაითვალოს მე-20 საუკუნის მოდაში.
ჟან-პოლ გოტიემ და ტიერი მიუგლერმა კორსეტები თავიანთ დიზაინში 1980-იან წლებში შეიტანეს. გოტიეს ვარდისფერი ატლასის კორსეტი, რომელიც მადონას 1991 წლის Blonde Ambition ტურნეზე ამშვენებდა, მომღერალმა ქალის სექსუალური გაძლიერების სიმბოლოდ აქცია. დიზაინერების უმეტესობამ, მათ შორის: სტელა მაკარტნიმ, ივ სენ-ლორანმა, ტომ ფორდმა, ნიკოლა გესკიერმა და ბალენსიაგამ კორსეტის დიზაინში არაერთი ექსპერიმენტი ჩაატარეს. კორსეტს აგრეთვე ხანგრძლივი ტრადიცია და ისტორია აქვს მოდის ფოტოგრაფიაში, სადაც ის ძირითადად ქალის სექსუალობის ნაწილად გამოიყენება.
მოდის სამყაროში კულტურულ ნიშნებს, როგორიც კორსეტია, ფიქსირებული მნიშვნელობა აქ აქვთ. კაცობრიობის ისტორიის განმავლობაში ყველა კულტურაში ადამიანი საკუთარი სხეულზე „ექსპერიმენტის“ სურვილს ავლენდა იმისთვის, რომ სილამაზის, ეროტიკის, სტატუსის და კონფორმულობის სოციოკულტურულ იდეალებს მორგებოდა. 21-ე საუკუნეში, Gen Z თაობის ნოსტალგიის ციკლმა მნიშვნელოვანი როლი შეასრულა კორსეტების ხელახლა პოპულარიზაციაში. მიუხედავად იმისა, რომ ის შეიძლება აღარ იყოს ქალის ყოველდღიური რუტინის ნაწილი, კორსეტი არასოდეს გასულა მოდიდან.