fbpx

პელე, გარინჩა, მიქაუტაძე!


გააზიარე სტატია

 

ავტორი: აჩიკო ბენაშვილი

 

ჩემპიონთა ლიგის მეოთხედფინალური წყვილების ისტორიას თვალს თუ გადავავლებთ, ძნელია ისეთი შემთხვევის პოვნა, როდესაც მაყურებლებმა ოთხივე მატჩში უხვი გოლებითა თუ მახვილგონივრული გადაწყვეტილებებით აღსავსე შესანიშნავი სანახაობრივი ფეხბურთი იხილეს.

აბა სხვა რა შეიძლება ითქვას ბერნარდუ სილვას მიერ „სანტიაგო ბერნაბეუზე“ მატჩის პირველ წუთზე გატანილ გოლზე, როდესაც პორტუგალიელმა ასეთი დარტყმის მხოლოდ ჩაფიქრების გამო, უკვე დიდი თავხედობა გამოიჩინა?

ან ვინ ელოდა რაფინიას ასეთ საოცარ თამაშს „პარი სენ-ჟერმენთან“ მატჩში? ბრაზილიელმა ხომ პრაქტიკულად მარტომ მოუგო მასპინძლებს, შეასრულა რა დუბლი ასეთ მნიშვნელოვან შეხვედრაში.

გაიხარა ტრიბუნებზე მყოფმა საფრანგეთის ნაკრების მწვრთნელმაც, როდესაც უსმან დემბელემ ერთი მოძრაობით გამოითავისუფლა თავი მჭიდრო მეურვეობისგან და უძლიერესი დარტყმით გაათანაბრა ანგარიში. 

„პარი სენ-ჟერმენმა“ მალე დაწინაურებაც შეძლო, მაგრამ ცოტა ხანში „ბარსელონას“ მწვრთნელ ჩავი ერნანდესთან ერთად, ესპანეთის ნაკრების მწვრთნელიც იხალისებდა, დაინახავდა რა მოედანზე წუთით ადრე გამოჩენილი პედრისგან იშვიათი სიზუსტის გადაცემას, რომელიც რაფინიამ საოცარი სილამაზის გოლად აქცია.

კრისტენსენის დამაგვირგვინებელმა აკორდმა კი განმეორებითი მატჩის წინ წყვილში ფავორიტად „ბარსელონა“ წარმოაჩინა. თუმცა, ფრანგები ფარ-ხმალს ბოლომდე რომ არ დაყრიან და ესპანელებთან რევანშს ეცდებიან, ესეც ფაქტია.

გაკვირვებას იწვევს მბაპეს ძალიან სუსტი თამაში. როგორც ჩანს, „რეალში“ გადასვლის გადაწყვეტილების მიღების გამო „პარი სენ-ჟერმენის“ გულშემატკივრებმა იმდენი ლანძღეს ვარსკვლავი, რომ ამ უკანასკნელს მატჩისთვის სათანადო მომზადების ყოველგვარი ხალისი დაუკარგეს. აი მწვრთნელი ლუის ენრიკე კი მას ბოლომდე ენდო…

რამდენად მნიშვნელოვანია მოთამაშეების ფსიქოლოგიური ფაქტორი ასეთი დონის მატჩებში, „რეალის“ და „მანჩესტერ სიტის“ დაპირისპირებამაც ცხადყო.

დუელი გრძელდება…

გოლის გაშვების შემდეგ „რეალმა“ თამაშის შემოტრიალება და ტაიმის მოგებაც შეძლო, მაგრამ ეს შეხვედრა მისი მოსაგები რომ არ იყო, მატჩის მეორე ნახევარში სტუმრების ხელმეორედ დაწინაურებამ დაადასტურა.

საგულისხმოა, რომ კარლო ანჩელოტიმ გაჭირვების ჟამს ორივე ბრაზილიელი ფორვარდი – ვინისიუსი და როდრიგო შეცვალა, მაგრამ სამაგიეროდ, მოედანზე ბოლო იმედი – ლუკა მოდრიჩი შეუშვა, ვინც განაპირობა კიდეც მადრიდის „რეალის“ მიერ თამაშის მეტოქის ნახევარზე გადატანა და წინა ხაზზე თამაშის გამოცოცხლება.

ანგარიშის გათანაბრებაში კი მოედნის დატოვებამდე ცოტა ხნით ადრე ვინისიუსს მიუძღვის წვლილი, როდესაც მისი გამჭოლი გადაცემის შემდეგ „მანჩესტერ სიტის“ მცველთათვის მოულოდნელად საჯარიმო მოედანზე გაჩენილმა ფედერიკო ვალვერდემ მიწიდან ასხლეტილი აუღებელი დარტყმით გაახვია ბურთი სტუმართა კარის ბადეში.

აი პეპ გვარდიოლა კი შეიძლება შეცდა კიდეც, როდესაც მოედანზე ლუკა მოდრიჩის შესვლის შემდეგ, მისი თანამემამულე იოშკო გვარდიოლი სათადარიგოთა სკამზე არ დასვა.

უსაზღვროდ დიდია ახალგაზრდა მცველის პატივისცემა ყველა დროის უდიდესი ხორვატი ფეხბურთელის მიმართ, რაც მას არაერთ ინტერვიუში უთქვამს. დაცვაში გარკვეული რიდით თამაში კი ასეთი დონის მატჩში კარგს ვერაფერს მოუტანდა სტუმრებს.

შარშანდლის მსგავსად პირველი მატჩის ფრედ დასრულება იმას ნიშნავს, რომ კარლო ანჩელოტი მთელი ეს კვირა მშვიდად ვერ დაიძინებს, რადგან ვინ გამორიცხავს, რომ საპასუხო დაპირისპირებაში გვარდიოლა ჩვეული მახვილგონივრული სვლებით კიდევ ერთხელ არ შეარცხვენს მთელი მსოფლიოს თვალწინ დიდ იტალიელს თავის ნაქებ ვარსკვლავებთან ერთად?

კარსმომდგარი ევროპის ჩემპიონატის გამო დიდი საფეხბურთო აჟიოტაჟია გაჩაღებული ტურნირის მასპინძელ გერმანიაში, სადაც „ბაიერნი“ და „დორტმუნდი“ საპასუხო შეხვედრებში შესაბამისად, „არსენალს“ და „ატლეტიკოს“ უმასპინძლებენ.

როდესაც ფეხბურთის მოყვარულები ამა თუ იმ წყვილიდან გუნდების წარმატების შანსებს აფასებენ, ალბათობის თეორიასაც იშველიებენ ხოლმე.

თუკი, ერთი მხრივ, შარშანდელ სეზონს გავიხსენებთ, როდესაც იტალიურმა გუნდებმა სამივე ევროთასის ფინალი წააგეს, ვნახავთ, რომ ასეთი მიდგომა არ ამართლებს. მეორე მხრივ კი ალბათ ნაკლებად სავარაუდოა, რომ ნახევარფინალში ორიდან ერთი გერმანული გუნდიც ვერ ვიხილოთ. 

მეტიც, ორივე მათგანის გასვლის ალბათობა შეიძლება აღემატებოდეს კიდეც ორივე მათგანის გავარდნისას…

აქ გასათვალისწინებელი საკუთარი მოედნის ფაქტორიც იქნება, რადგან როგორც „ალიანს არენაზე“, ისე განსაკუთრებით „ვესტფალენ სტადიონზე“, გერმანელი ქომაგები ნამდვილ ჯოჯოხეთს მოუწყობენ სტუმრებს.

მადრიდის „ატლეტიკოს“ ნახევარფინალში მოსახვედრად აუცილებლად მართებს ამ რამდენიმე წლის წინათ „ლაიპციგთან“ გავარდნის მიზეზების ხელახალი შესწავლა, „არსენალმა“ კი სასურველია, ცოტა ხნით პრემიერლიგის ჩემპიონობაზე ფიქრი გადადოს, რაც „ასტონ ვილასთან“ განვლილ უიკენდზე მარცხმა თითქოს დაადასტურა კიდეც…

ლონდონელებს „ლივერპულმაც“ მიჰბაძა, რომელმაც ევროპის ლიგაზე „ატალანტასთან“ სამარცხვინო – 0:3-ის შემდეგ, „ენფილდზე“ ზედიზედ მეორე თამაში „კრისტალ პალასთან“ წააგო.

„ლივერპული“?…

აქედან გამომდინარე, წლის ბოლოს იურგენ კლოპს გუნდთან დამშვიდობება სულ რაღაც ერთი კვირის წინ არსებული ოთხი შესაძლო ტიტულის ნაცვლად, შეიძლება უკვე მოპოვებული მხოლოდ ინგლისის ლიგის თასით მოუწიოს.

წლევანდელი ევროპული სეზონის ყველაზე მომხიბვლელმა გუნდმა „ლევერკუზენმა“ კი, განვლილ უიკენდზე „ვერდერის“ შინ ანგარიშით 5:0 განადგურების შემდეგ, ბუნდესლიგის ტიტული პირველად და თანაც ჩემპიონატის დასრულებამდე ხუთი ტურით ადრე, „ბაიერნთან“ 16-ქულიანი უპირატესობით მოიპოვა.

ფლორიან ვირცის ჰეთთრიკი ამ მატჩში გერმანული კლუბის ძლევამოსილი 42-მატჩიანი დაუმარცხებელი სერიის სიმბოლური გამოხატულებაა, რის გაგრძელებადაც ტრიპლეტი შეიძლება იქცეს, რადგან ჩაბი ალონსოს გუნდი წლეულს კიდევ ორი ტიტულისთვის – გერმანიის და ევროპის ლიგის თასისთვის იბრძვის.

ლევერკუზენი ზეიმობს

„ლევერკუზენი“ პირველ მატჩში „ვესტ ჰემის“ 2:0 დამარცხების შემდეგ, სავარაუდოდ, უკვე ნახევარფინალშია, სადაც მისი მეტოქე შეიძლება “რომა“, ანუ ის გუნდი აღმოჩნდეს, რომელმაც შარშან, ამავე პერიოდში უკანასკნელად მოუგო ჩაბი ალონსოს გუნდს.

„რომას“ მაშინ ჟოზე მოურინიო წვრთნიდა და გუნდმა ტურნირის ფინალამდეც მიაღწია, სადაც „სევილიასთან“ დამარცხდა.

ახლა კი „რომამ“ შესანიშნავ მწვრთნელ დანიელე დე როსის ხელმძღვანელობით გასვლაზე „მილანს“ ანგარიშით 1:0 მოუგო და ამ გამარჯვებით წყვილში თავი აშკარა ფავორიტად წარმოაჩინა.

ამ ბუმბერაზი გუნდების ფონზე გვახარებს ჩვენი თანამემამულე გიორგი მიქაუტაძე, რომელიც თუკი სეზონის ბოლოს „მეცს“ საფრანგეთის ლიგა I-დან გავარდნისგან იხსნის, მართლაც საოცრებას ჩაიდენს.

ქართველმა თავდამსხმელმა ზედიზედ ორ მატჩში დუბლი შეასრულა და თანაც სატურნირო ცხრილის მე-2 და მისი დამსახურებით, უკვე მე-6 ადგილოსან გუნდებთან მატჩებში.

გოლები კი იმდენად შთამბეჭდავი გამოდგა, რომ მათ მიმართ გულგრილი ფეხბურთის მოყვარული ნეიტრალური გულშემატკივარიც ვერ დარჩება.

„ლანსთან“ შეხვედრაში პირველი გოლით ქართველმა თავდამსხმელმა თვით პელეს ცრუმოძრაობები და დარტყმის ხელწერა მოგვაგონა. მეორე გოლს კი ყველაზე უკეთ ალბათ გარინჩა შეაფასებდა, რომელსაც ზოგიერთნი თვით პელეზე მაღლა აყენებენ…

 


მიიღე ყოველდღიური განახლებები!
სიახლეების მისაღებად მოგვწერეთ თქვენი ელ.ფოსტა.