fbpx

მეხსიერება, ძალაუფლება და ცდუნებები – თედო რეხვიაშვილის სოლო გამოფენა


გააზიარე სტატია

 

კურატორი: ხათუნა ხაბულიანი

პროექტს წარადგენს Kera Gallery 

 

თედო რეხვიაშვილის სოლო გამოფენა მულტიმედიური პროექტია და მოიცავს ნამუშევრებს, რომლებიც ბოლო ორი წლის განმავლობაში შესრულდა. ექსპოზიციის ერთ-ერთ აქცენტს დიდი ფორმატის ინსტალაცია წარმოადგენს, სადაც ერთ დროს მნიშვნელოვანი და დღისთვის სრულიად უსარგებლოდ ქცეული  სხვადასხვა საგნები ერთად არის შეკრებილი როგორც გამქრალი ისტორიის შეხსენება. ინსტალაცია განვრცობილია თბილისის ისტორიული ნაგებობის – ივერიის ფერწერული გამოსახულებით, მეხსიერების თემაზე შექმნილი კოლაჟითა და ობიექტით, – ისტორია თავისი წინააღმდეგობრივი კონტექსტებით, რომელიც მხოლოდ მეხსიერებაში დარჩა.

დროის მსვლელობა, წარმავალობა, ოპტიმიზმი მიუხედავად ფატალური მოტივებისა, ერთიანდება ისეთ მეტაფორებში. როგორიც არის მატარებლის უწყვეტი მოძრაობა, მითოლოგიური ცხოველები, განდეგილის უკაცრიელი სამყოფელი. მატერიალური სამყარო კი მართულია ცდუნებებით და ხასიათდება ძალაუფლებაზე კონცენტრირებული პერვერსიებით,  – პური და სანახაობა, ტრადიციის ნიღაბს ამოფარებული  დეგრადაცია, კონფლიქტები და  პანდემიით განპირობებული იზოლაცია.

თედო რეხვიაშვილის ფერწერული ნამუშევრები, მრავალშრიანი კოლაჟები და ინსტალაციები მკვეთრი და შთამბეჭდავია; პრობლემატური თემების კრიტიკული გააზრებისას კი ისტორიული მხატვრობის თვისებები ორიგინალურად ერწყმის თანამედროვე ტექნოლოგიების ენას.

თედო რეხვიაშვილმა 2014 წელს დაამთავრა თბილისის სახელმწიფო სამხატვრო აკადემია მაგისტრის წოდებით და ამავე წელს ჰქონდა ორი სოლო გამოფენა. შემდეგ სწავლა გააგრძელა ნიუ-იორკის სამხატვრო აკადემიაში, რომელიც ასევე წარმატებით დაასრულა 2020 წელს. ამ პერიოდში ის უკვე იღებს მონაწილეობას გამოფენებზე, რომლებიც საერთაშორისო სახელოვნებო სცენის სტანდარტების მიხედვით ხორციელდება. დღეისთვის ის მრავალი გამოფენის, ფეარის და სხვადასხვა პროექტის მონაწილეა. ნიუ-იორკიდან დაბრუნების შემდეგ მეხსიერება, ძალაუფლება და ცდუნებები მისი პირველი სოლო გამოფენაა.

 

 


მიიღე ყოველდღიური განახლებები!
სიახლეების მისაღებად მოგვწერეთ თქვენი ელ.ფოსტა.