fbpx

ძაღლებსა და ადამიანებზე


გააზიარე სტატია

ავტორი: ლუკა ბაქანიძე                                         

   

რატომ ვწერ ახლა ამას: ათასი სტატუსი მხვდება სოცქსელში, როგორ დაკბინა მაწანწალა ძაღლმა ადამიანი. ათასი დებს ნაკბენის თუ ავი ძაღლის ფოტოს და რაიმე შემზარავ ამბავს ბოროტ ძაღლებზე. დოკუმენტირებულს თუ ფალსიფიცირებულს, ეს სხვა საკითხია. ცნება – უდანაშაულობის პრეზუმფცია ძაღლებზე არ მოქმედებს, ვიცით. არც ისე იშვიათად ხდება, როცა ზოგი, ძაღლისგან დაკბენილი, სულ სხვა, მშვიდობიანი ძაღლის ფოტოს გამოდებს სოცქსელში (პირადად გადამიმოწმებია რამდენიმე მსგავსი შემთხვევა). ასევე, ხშირია, როდესაც არ ვიცნობთ ძაღლის ქცევის წესებს, ამ დროს თავისუფლად შეიძლება ძაღლის მხრიდან, უბრალოდ, თამაშის სურვილის გამოხატვა აგრესიულ შემოტევაში შეგვეშალოს. ამ მიზეზების გამო, ზოგჯერ სრულიად უდანაშაულო, მშვიდობიანი ძაღლი გამხდარა საზოგადოების რისხვის ადრესატი. ლოგიკურად, ასეთ ფონზე, ადამიანების აგრესია და შიში მაწანწალა ძაღლების მიმართ მატულობს. 

ახლახან გავიგე და წარმოდგენაც არ მქონდა, რომ არსებულა ასეთი პროფესია – ძაღლების ფსიქოლოგი. ჰოდა, არც ძაღლების ფსიქოლოგი გახლავართ და საერთოდ, არც რაიმე შემეცნებითი კურსი მაქვს გავლილი ძაღლების საკითხში, მაგრამ დარწმუნებული ვარ, რომ  მაქვს ამ ტექსტის დაწერისთვის საკმარისი კომპეტენცია: ქუჩის ძაღლებთან ურთიერთობის, მეგობრობის და, გარკვეული მიზეზების გამო, ფაქტობრივად მათ მხარდამხარ ცხოვრების ბევრწლიანი გამოცდილება, ზოგადად, ძაღლების მიმართ ჩემს დიდ პატივისცემასა და სიყვარულზე რომ არაფერი ვთქვათ.

ერთზე ვთანხმდებით: რომ კი, ჭეშმარიტად, ბოლო წლებში შეიცვალა ქუჩის ძაღლის, ასე ვთქვათ – ქცევის კოდექსი. ჩემი დაკვირვებით, მიზეზი ორია – გასულ წლებთან შედარებით დიდი რაოდენობით მომრავლებული უმეთვალყურეო მაწანწალა ძაღლები და თავად ჩვენი, საზოგადოების დამოკიდებულება მათ მიმართ. გასულ წლებში ძაღლთა დიდი დაჯგუფებები თუ ძირითადად ქალაქგარეთ ან ქალაქში უშენ და უკაცურ ტერიტორიებზე ბინადრობდნენ და გადაადგილდებოდნენ, ახლა თითქმის ყოველ ქუჩას ქალაქში თავისი ძაღლების დაჯგუფება ჰყავს. როგორც წესი, ძაღლთა ჯგუფის ქცევას განაპირობებს ერთი რომელიმე მათგანი, ეგრეთწოდებული ლიდერი, დანარჩენები მას ჰბაძავენ. როდესაც ასეთი ქუჩის დაჯგუფება გამვლელს თავს ესხმის, მისი მიზანია თავისი უპირატესობის დამტკიცება და არა ადამიანის ნაკუწებად ქცევა. ის არ განიხილავს გამვლელს, როგორც მტერს. 

ძირითადად შეტევა ხდება ადრეულ დილას ან გვიან ღამით, როდესაც ქუჩები გამვლელებისგან მეტ-ნაკლებად თავისუფალია. ძაღლთა ჯგუფი იშვიათად შეუტევს რამდენიმე ადამიანს ერთად, ასევე, იშვიათად შეუტევს რაიმე საქმით დაკავებულ გამვლელს – ვთქვათ, მობილურზე მოლაპარაკეს, ანდაც სადმე სკვერში, სკამზე მჯდომარეს – ეს პოზა ძაღლისთვის ნეიტრალურია. შეტევა წარმოებს, ძირითადად, ამგვარად: ძაღლები შორიდანვე ამჩნევენ მარტო მყოფ გამვლელს და მოახლოებამდე ყურადღებით აკვირდებიან მას. მძაფრად განვითარებული ალღოთი, ძაღლი, ერთი უბრალო ჟესტით თუ მიმიკით, თუნდაც ნაბიჯის ოდნავი შენელებით მიხვდება გამვლელის მისდამი დამოკიდებულებას. შიშის თუ რიდის გამომხატველ, ელემენტარულ, სულ მცირე გრიმასას იოლად და ზუსტად აღიქვამს ქუჩის ძაღლი და აქ იწყება ერთგვარი თამაში: ლიდერი იწყებს ყეფას და დანარჩენებიც აჰყვებიან, თან გულმოდგინედ აკვირდებიან ყეფაზე გამვლელის რეაქციას; სწორედ ამ დროს დგება მომენტი, როდესაც ლიდერი წყვეტს, მარტო ყეფით შემოიფარგლონ თუ არა. 

თუ ლიდერმა გამვლელისგან იგრძნო საკმარისი შიში, პანიკა, გადმოდის შეტევაზე და დანარჩენებიც მოჰყვებიან. ვიმეორებ, შეტევა უმრავლეს შემთხვევაში არ გულისხმობს ადამიანის ნაკუწებად ქცევას. ძაღლები არ აღიქვამენ გამვლელს, როგორც მტერს. შეტევის მოტივაცია გამვლელის შეშინებაა, მისთვის ერთგვარად ადგილის მიჩენა. დამტკიცება, რომ ეს ტერიტორია მათია, ანდაც, უბრალოდ, ასე ცდილობს ლიდერი პოზიციების გამყარებას გუნდში. ამ დროს გაქცევა მიუტევებელი შეცდომაა, რადგან თითქმის ყოველთვის სწორედ გაქცევისას კბენს ადამიანს მაწანწალა ძაღლი. არც აგრესიული პასუხია გამოსავალი: თუ ჯგუფში რომელიმე ძაღლი, განსაკუთრებით, ჯგუფის ლიდერი, ჯერ არ გამხდარა ადამიანის მხრიდან რაიმე მნიშვნელოვანი ძალადობის, სიძულვილის მსხვერპლი, როგორც წესი, ის საკმაო სიმამაცით გამოირჩევა და აგრესიას დაუფიქრებლად უპასუხებს აგრესიით. მაშასადამე, არც გაქცევაა გამოსავალი და არც საპასუხო შეტევა. 

ჩემი დაკვირვებით, საუკეთესოდ მუშაობს ნეიტრალური პოზიციის, შეძლებისდაგვარად, დამაჯერებლად გამოხატვა. მაგალითად, უბრალოდ ჩაცუცქვა – ადამიანის ეს პოზა, როგორც ზემოთ ვთქვი, ძაღლთა სამყაროში მშვიდობის, გათანაბრების, კეთილი ზრახვების გამომხატველად ითვლება. ასევე ძაღლი უკიდურესად მგრძნობიარეა ხმის ტემბრის მიმართ – წყნარი, ალერსიანი ლაპარაკით თავისუფლად  შეიძლება აგრესიული ძაღლის „მოთვინიერება“. ცუდი შედეგი აქვს ყვირილს, წივილ-კივილს – ამას ძაღლი ან აგრესიის გამოხატულებად აღიქვამს, ან, უბრალოდ, იბნევა და მისი შემდგომი ქმედებანი არ იქნება იოლად გამოსაცნობი. 

რა თქმა უნდა, ეს ჩემი დაკვირვება და გამოცდილება, საფრთხის პირისპირ დარჩენილ ადამიანს, მითუმეტეს, თუ მას ძაღლების ფობიური შიში აქვს, დიდი ალბათობით არც გაახსენდება და იმოქმედებს სრულიად რეფლექსურად, თუმცა სიტუაციის უკეთ აღსაქმელად ასე თუ ისე გამოსადეგ ტექსტს ვწერ, ასე მგონია. მოკლედ, გამოვკვეთოთ რამდენიმე დეტალი: ქუჩის ძაღლთა ჯგუფი ადამიანს თავს ესხმის ძირითადად დილაუთენია ან გვიან ღამით, ან უკაცრიელ ადგილებში, როდესაც გამვლელი მარტოა. ასევე: მაწანწალა ძაღლების შეტევა გულისხმობს დაშინებას და არა გამვლელის დაგლეჯას. როდესაც ძაღლთა დაჯგუფება გვიტევს, მეტწილად შემოიფარგლება მხოლოდ ყეფით. კბენა, კბილის გაკვრა ძირითადად ხდება გაქცევის ან აგრესიული პასუხის შემთხვევაში. 

რაც შეეხება ჯგუფის გარეშე დარჩენილ მარტოხელა ძაღლს, რაც  უნდა პარადოქსულად ჟღერდეს, ის გაცილებით და ბევრად საშიშია, ვიდრე ძაღლთა, თუნდაც დიდი, რამდენიმე ათეული ძაღლისგან შემდგარი დაჯგუფება. ზოგადად, მარტოხელა მაწანწალა ძაღლი ძალიან იშვიათად გადმოდის შეტევაზე, როგორც წესი, უმრავლეს შემთხვევაში ქუჩის, სამეზობლოს, ადამიანების ნებიერაა, ანდაც არ გააჩნია კოლექტიური ქცევის კოდექსი – ის არც უპირატესობის დამტკიცებას ცდილობს, არც ტერიტორიის მითვისებას. თუ ასეთი ძაღლი მოგიახლოვდათ, მხოლოდ თქვენი კეთილგანწყობის მოსაპოვებლად ან სასუსნავის შოვნის იმედით. აგრესიას არასდროს არ უპასუხებს აგრესიით, პირიქით – იოლად ფრთხება თავად. მარტოხელა ძაღლი გაოცებული გააყოლებს თვალს, თუ გამვლელს შეეშინდება და გაიქცევა.  მისი გამორჩევა და მშვიდობიანი ზრახვები იოლი გამოსაცნობია – გვიახლოვდება კუდის ქიცინით, მის ყეფაში არ ისმის აგრესიული ნოტა. შეგვიძლია სრულიად თამამად მოვეფეროთ მას ან, უბრალოდ, ყურადღება არ მივაქციოთ და გავერიდოთ  – ის არ წარმოადგენს საფრთხეს. 

ახლა გადავიდეთ მარტოხელა ძაღლის მეორე ტიპზე, რომელსაც მე პირადად ყოველთვის ვერიდებოდი, ახლაც ვერიდები და მაქსიმალურად ვცდილობ მისგან დისტანცირებას, ახლო კონტაქტის თავიდან არიდებას – ეს ტიპი გახლავთ ამა თუ იმ მიზეზით უპატრონოდ დარჩენილი ჯიშიანი ძაღლი. ასეთი ძაღლის ქცევა სრულიად არაპროგნოზირებადია, რადგან მისი ფსიქოლოგიის, ხასიათის ჩამოყალიბება მეტწილად პატრონზეა დამოკიდებული. ამ ტიპის ძაღლთან შეხვედრისას წარმოდგენაც არ მაქვს, როგორმა გარემომ და ადამიანებმა განაპირობეს მისი ქცევების კოდექსი. რა არის მისთვის პრიორიტეტები. არასწორად აღზრდილი, ფსიქიკადამახინჯებული ძაღლისთვის სულ თავისუფლად შეიძლება, გამვლელი წარმოადგენდეს მტერს, და ამ დროს მისი ფუნქცია მტრის განეიტრალებაა. 

უპატრონოდ დარჩენილი როტვეილერი, ან პიტბული თუ ბულტერიერი ქუჩაში საკმაოდ დაბნეულია. ის ძნელად ასიმილირდება მაწანწალა ძაღლთა დაჯგუფებაში, ეს ჯიშები ვერ ჰგუობენ ქუჩაში ჯგუფურ ცხოვრებას. ჩემდა გასაკვირად, გერმანული და აღმოსავლეთ-ევროპული ნაგაზიც, ეს უჭკვიანესი ჯიშები, რთულად ეგუებიან ქუჩას. ბევრჯერ შეგვხვედრია ქუჩაში მარტოდ და ნაღვლიანი მზერით მოწანწალე სუფთა ნაგაზები და იშვიათად – მაწანწალა ძაღლთა ჯგუფებში. ჯგუფურ ცხოვრებას ძალიან იოლად და ბუნებრივად ეგუება ჰასკი – ბევრჯერ მინახავს მაწანწალა ძაღლებში ლიდერად ჰასკის ჯიშის ძაღლი. ასევე, მეძებარი ჯიშებიც იოლად ეგუებიან გუნდურ ცხოვრებას, მაგრამ ლიდერებად თითქმის არასდროს გვევლინებიან. ყველაზე საბრალონი უპატრონოდ დარჩენილი პატარა ჯიშის ძაღლები არიან – კოკერები, პუდელები და ა.შ. ამ ჯიშის ძაღლები ქუჩაში დიდხანს ვერ ძლებენ, თუ რომელიმე სამეზობლომ ან თავშესაფარმა არ შეიკედლა…

დავუბრუნდეთ სახიფათო მარტოხელა ძაღლებს – მათი ცნობა, ძირითადად, ასე შეიძლება: დაჟინებით აკვირდება გამვლელს, კუდი აქვს გაშეშებული, არ ყეფს, შეტევაზე მიახლოებამდე არ გადმოდის, მიახლოებისას შეიძლება ყრუდ დაიღრინოს. მისთვის გამვლელი უცებ შეიძლება იქცეს მოსისხლე მტრად, რომელიც უნდა განეიტრალდეს. მისია  მტრის ამოცნობა და მაქსიმალურად დაზიანებაა, ანდაც, უბრალოდ, აგრესიული ბუნების რაიმეზე, ვინმეზე კონცენტრირება, რომელიც შეიძლება გამვლელი აღმოჩნდეს. ასეთ ხასიათის ძაღლების არსებობა, თითქმის ყოველთვის, ძაღლის ფსიქიკაზე ადამიანის მიზანმიმართული ზემოქმედების შედეგია – ძაღლის არასწორად,  არასწორ გარემოში აღზრდის და სწავლების შედეგი. როდესაც ორ წელზე და ზემოთ ასაკის ძაღლის ქცევა არანორმატიულად აგრესიულია, ის უნდა განეიტრალდეს, რადგან თითქმის გამორიცხულია მისი დაავადებული ფსიქიკის აღდგენა-მკურნალობა. ეს ქცევა მისთვის უკვე რეფლექსიაა. ჩვევა. ინსტინქტი.  

აქვე დავამატებ, რომ სრული სისულელეა ე.წ. მებრძოლი ჯიშის ძაღლების, სიტყვაზე, პიტბულის დემონიზაცია, მაგრამ სამწუხაროდ, არცთუ უსაფუძვლო სისულელე – ბევრი მიზანმიმართულად ზრდის და აყალიბებს მას აგრესიულ ძაღლად, სხვადასხვა მიზნით. ამ ტიპის უპატრონოდ დარჩენილი ძაღლი, რა თქმა უნდა, საშიშია საზოგადოებისთვის, მაგრამ ზემოთ ხსენებული დოგმატის მსხვერპლი, სამწუხაროდ, ხშირად სრულიად მშვიდობიანი და კეთილმოსურნე პიტბულებიც ხდებიან. აქვე დავამატებ, რომ ჩემი დაკვირვება არ არის ასპროცენტიანი ფორმულა მაწანწალა ძაღლებთან ურთიერთობისას და ყოველთვის დასაშვებია არაპროგნოზირებადი ვითარებაც, მაგრამ, ჩემ მიერ ბევრი წლის განმავლობაში  მეხსიერებაში წარმოებული ერთგვარი სტატისტიკით, ძირითადი სურათი ასე გამოიყურება.

და ბოლოს: ნებისმიერ ვითარებაში, მაწანწალა ძაღლთან მშვიდობიანი კონტაქტის ერთი უებარი, მაგრამ საკმაოდ მოუხერხებელი მეთოდი არსებობს – ძეხვეულის ნაჭერი ჩანთაში. ტყუილად ვეცდებით ძაღლის კეთილგანწყობის მოპოვებას სხვადასხვა ცომეული ან ტკბილეული საკვებით, მაშინ, როდესაც ძეხვეულის პატარა ნაჭერს შეუძლია ნებისმიერი აგრესიულად განწყობილი ძაღლი თუ ძაღლთა ჯგუფი არათუ კეთილად განაწყოს, ჩვენს თავდადებულ დამცველად, მეგობრადაც აქციოს. ამისთვის სრულიად საკმარისია თუნდაც ერთხელ ან ორჯერ ძეხვეულის შეთავაზება და პრობლემა გადაჭრილია – მაწანწალა ძაღლს კარგი მეხსიერება აქვს და მისთვის წლების შემდეგაც ასოცირდებით ადამიანად, რომელსაც შეუძლია მას გემრიელი სასუსნავი შესთავაზოს…  

ამჯერად სულ ესაა. პრობლემა და მისი მნიშვნელობა, რა თქმა უნდა,  ბევრად განვრცობადია, ვიდრე ეს მოკლე, ზოგადი ხასიათის მიმოხილვა. აქ არაფერი მითქვამს არც ველოსიპედისტ თუ ბაიკერ მგზავრებზე თავდასხმებზე, არც სოფლის ან ტყეში გახიზნული მაწანწალა ძაღლების ქცევებზე – ამ უკანასკნელთა მოტივაცია სულ სხვა მიზეზ-შედეგობრივ გარემოებაზეა დამყარებული. შემოვიფარგლე, ძირითადად, ქვეითად გამვლელთა პრობლემით და ურბანული არეალით, რადგან ყოველდღე ვხედავ, რომ სწორედ ქალაქშია აქტუალური მაწანწალა ძაღლების საკითხი. ძირითადად ქალაქში ხდება მათი საყოველთაო, გაუმართლებელი დემონიზაცია.

სხვათა შორის, ამასწინათ ვარკეთილის ტერიტორიაზე დამკბინეს მაწანწალა ძაღლებმა და გულწრფელად, საჯაროდ ვაღიარებ ჩემს ბრალეულობას – თბილისის ზღვაზე თევზაობისას დიდი თევზი გამექცა, უგუნებოდ, თან მთვრალი  ვიყავი და გზად შემხვედრ მაწანწალა ძაღლთა დაჯგუფებას უწყინარ ყეფაზე გამოვეხმაურე სრულიად არაადეკვატურად – ანკესის ჯოხით დავერიე. 

ჰოდა, წამით არ გამნელებია უპირობო სოლიდარობა  და სიყვარული ქუჩის ძაღლების მიმართ. დაე, ვატარო ეს პატარა  იარა მუხლთან, ვითარცა დამღა, ჩემი უპატიებელი შეცდომის მოსაგონებლად. 


მიიღე ყოველდღიური განახლებები!
სიახლეების მისაღებად მოგვწერეთ თქვენი ელ.ფოსტა.