fbpx

ევროთასებიდან ელ კლასიკომდე


გააზიარე სტატია

 

ავტორი: აჩიკო ბენაშვილი

 

როდესაც ლუკა მოდრიჩი „მანჩესტერ სიტის“ და მადრიდის „რეალის“ მატჩის დასრულების შემდეგ, თერთმეტმეტრიანის ნიშნულთან თანაგუნდელთაგან პირველი მივიდა, ტრიბუნების გუგუნისაგან მას მყისიერად დაეხშო ყურთასმენა, ერთი წამით თითქოს ირგვლივ ყველაფერი გაიყინა და… დარტყმის მიმართულება მეკარე ედერსონმა გამოუცნო!

ბურთის ტრაექტორიის შემყურე მსოფლიოს 2018 წლის ჩემპიონატის საუკეთესო ფეხბურთელის თვალწინ კი მთელმა მადრიდულმა კარიერამ ჩაიარა. 

რამდენჯერ ჰყავდა მას აქამდე გადარჩენილი „სამეფო კლუბი“ და რამდენი ტიტული აქვს მოპოვებული მსოფლიო ფეხბურთის გრანდს მისი ძალისხმევით?

თუნდაც შარშანწინდელი მეოთხედფინალი გავიხსენოთ „ჩელსისთან“, როდესაც რომ არა მოდრიჩი, „რეალის“ მიერ ლიგის მოგებაზე საუბარი ზედმეტი იქნებოდა. 

ამიტომ, როდესაც მეკარე ედერსონმა ბურთი მოიგერია, დიდმა ფეხბურთელმა თავდაცვის ინსტინქტიდან გამომდინარე, შეიძლება თავი დაიმშვიდა კიდეც და გონებაში გადაწყვიტა, რომ მისი წლევანდელი მთავარი ამოცანა ხორვატიის ნაკრების ევროპის ჩემპიონატის მოსაგებად დარაზმვაა და დაე, „რეალის“ გადარჩენა დღეს სხვებმა ითავონ, რომ მასაც მიეცეს წლის ბოლომდე ჩემპიონთა ლიგის ტურნირზე გამოსვლის საშუალება.

საბოლოოდ ასეც მოხდა და მოდრიჩი როგორც თანაგუნდელებმა, ისე „მანჩესტერ სიტიში“ მოთამაშე თანამემამულე კოვაჩიჩმაც იხსნა. აი ახალგაზრდა ხორვატ იოშკო გვარდიოლს კი არც უფიქრია თერთმეტმეტრიანის შესრულებაზე… 

პენალტების სერიებს მიუჩვეველი „მანჩესტერ სიტი“ აშკარად მგლის ხახაში ჩავარდა მატჩის 120 წუთის ამოწურვის შემდეგ, რადგან უეცრად მას დამრტყმელების დეფიციტიც კი შეექმნა. 

აბა ვის გაუგია, რომ მეოთხე პენალტი მეკარეს შეესრულებინოს? ცივსისხლიანი ჰალანდი, დე ბრიუინე და გრილიში უკვე სათადარიგოთა სკამზე ისხდნენ. სამაგიეროდ, სამხრეთელ ბერნარდუ სილვას ნერვებმა უმტყუნა, ხოლო ახალგაზრდა დოკუმ კი იოშკო გვარდიოლის მსგავსად, დარტყმა ვერ გაბედა.

ანჩელოტი ამ თვალსაზრისით გაცილებით წინდახედული აღმოჩნდა თავის კოლეგასთან შედარებით.

იტალიელმა სპეციალისტმა პენალტების სერიის მოახლოებასთან ერთად ზედმეტად ემოციური და თავშეუკავებელი ბრაზილიელი ვინისიუსი გააქრო და მის ნაცვლად მოედანზე ცივსისხლიანი ლუკას ვასკესი შემოიყვანა, რომელიც პენალტის არ გააფუჭებდა!

თერთმეტმეტრიანების სერია ლატარია რომ არაა, „ასტონ ვილას“ და „ლილის“ შეხვედრაშიც დადასტურდა, რომლის ძირითადი და დამატებითი დროის მიხედვით, ინგლისელები ნაკლებად იმსახურებდნენ პენალტებით მოგებას.

მაგრამ მათ კარში ემილიანო მარტინესი ჰყავდათ, რომელმაც თვით საფრანგეთის ნაკრების დამარცხებაში ითამაშა მთავარი როლი მსოფლიო ჩემპიონატის ფინალში და უბრალო ფრანგული კლუბის ფეხბურთელებს ორ თერთმეტმეტრიანს ვეღარ აუღებდა?!

საინტერესოა, რომ ის პიროვნება, ვინც ხელი მოაწერა მისი 2020 წელს „არსენალიდან“ გაშვებას, კლუბში კვლავ აგრძელებს საქმიანობას…

„ბაიერნთან“ მატჩში კი „არსენალს“ მსოფლიოს ვერც ერთი მეკარე ვერ გადაარჩენდა, რადგან ლონდონელთა მარცხი მხოლოდ გამოცხადებული სიკვდილის ქრონიკა იყო მძვინვარე „რეკორდმაისტერთან“ დაპირისპირებაში, რომელმაც მეორე ტაიმში ზეწოლა გაზარდა „გამოუცდელ“ მეტოქეზე და ერთადერთი, ოღონდ გარანტირებული გოლით გაიკვალა ნახევარფინალის გზა მადრიდის „რეალისკენ“.

ინგლისელთაგან განსხვავებით, ორივე გერმანული კლუბი აგრძელებს ასპარეზობას ჩემპიონთა ლიგის ტურნირზე და მიუხედავად იმისა, რომ არცერთ ნახევარფინალურ წყვილში ისინი ფავორიტად არ მოიაზრებიან, ვინ იცის, იქნებ კარს მომდგარი ევროპის ჩემპიონატიდან გამომდინარე, ამჟამინდელი საფეხბურთო ბაკქხანალიაც დაეხმაროს გერმანელებს ჩემპიონთა ლიგის 2012/2013 წლების ფინალის გამეორებაში…

ჩვენი მოლოდინისამებრ, მადრიდის „ატლეტიკოს“ ფეხბურთელებმა ვერ გაარღვიეს მოედანზე თუ მის მიღმა აღმართული „ყვითელი კედელი“ და მასპინძელმა დორტმუნდის „ბორუსიამ“ ორჯერ და რაც მთავარია, საბოლოოდ ორი ბურთით შეძლო დაწინაურება დიეგო სიმეონეს გუნდთან, რომელსაც ამ მატჩის წინ ლა ლიგის გათამაშებაში „ჟირონასთან“ თამაშის მოტრიალებასთან შედარებით, ფიზიკური ძალების მაქსიმალური დაზოგვა მართებდა.

აი „პარი სენ-ჟერმენმა“ კი ზედმიწევნითი სიზუსტით შეაფასა „ბარსელონასთან“ პირველი მატჩის წაგების მიზეზები და „კამპ ნოუზე“ მოურიდებლად მიწასთან გაასწორა მომდევნო ეტაპზე გასვლის მომლოდინე მასპინძლები.

ერთი მხრივ, შეხვედრის განვითარების სცენარიდან გამომდინარე, ისეთი შთაბეჭდილება შეიქმნა, თითქოს არაუხოს გაძევებამ გამოიწვია „ბარსელონას“ განადგურება, მაგრამ, მეორე მხრივ, პარიზელთა მწვრთნელ ლუის ენრიკეს შეფასებით, მისი გუნდი ნებისმიერ შემთხვევაში მოიგებდა მატჩს.

შეიძლება მართალიც იყოს ლუის ენრიკე, რომელიც 2015 წელს იმ შეუდარებელ „ბარსას“ წვრთნიდა, რომლის შემადგენლობაშიც მესისთან, ნეიმართან და სუარესთან ერთად, ჩავი ერნანდესიც ბრწყინავდა. 

მაგრამ ჩავი-მწვრთნელი ისეთივე შეგირდის როლში აღმოჩნდა თავის მასწავლებელთან, როგორც ზუსტად ერთი წლის წინათ ჩაბი ალონსო ჟოზე მოურინიოსთან, როდესაც „ლევერკუზენმა“ „რომასთან“ აქამდე უკანასკნელი მარცხი განიცადა.

ბედის ირონიით ერთ კვირაში ჩაბი ალონსოს გუნდი ევროპის ლიგის ნახევარფინალში კვლავ „რომას“ დაუპირისპირდება, მაგრამ „რომას“ ამჟამად მოურინიოს ნაცვლად, დანიელე დე როსი წვრთნის, რომელიც გუნდში მისვლის დღიდან ჩაბი ალონსოს მაგალითისამებრ თამაშებს ზედიზედ იგებს, რაც საკუთარ თავზე „მილანმაც“ გამოცადა ევროპა ლიგის ორივე მეოთხედფინალურ მატჩში.

განვლილ უიკენდზე „ლევერკუზენმა“ „დორტმუნდთან“ მატჩის დამატებით მე-7 წუთზე აღადგინა წონასწორობა და ჩაბი ალონსომ და მისმა ფეხბურთელებმა ისეთი სიხარული გამოხატეს მოპოვებულ ქულასთან დაკავშირებით, თითქოს წინა ტურში მათ ოფიციალურად არ გაეფორმებინოთ ბუნდესლიგის ჩემპიონობა „ბაიერნთან“ 16-ქულიანი უპირატესობით. 

მატჩმა მთლიანობაში კი დაგვანახვა, რომ გერმანული საკლუბო ფეხბურთი წლეულს საოცარ აღმავლობას განიცდის და თამაშის ხარისხის მიხედვით ის შეიძლება არც კი ჩამოუვარდებოდა იმავე დღეს გამართულ „ელ კლასიკოს“, რომლის ბედიც მატჩის დამატებულ პირველ წუთზე ბელინგემის გოლმა მადრიდის „რეალის“ სასარგებლოდ გადაწყვიტა.

„ბარსელონამ“ ამ მატჩში ორჯერ მოახერხა დაწინაურება, მაგრამ საბოლოოდ მაინც დამარცხდა, რაც მისი გულშემატკივრებისთვის მძიმე აღსაქმელია რამდენიმე დღის წინ ჩემპიონთა ლიგის ტურნირთან გამომშვიდობების შემდეგ.

„ბარსელონასგან“ განსხვავებით, ჩემპიონთა ლიგაზე წარუმატებლობის შემდეგ „მანჩესტერ სიტიმ“ გაახარა საკუთარი ქომაგები, როდესაც დაძაბულ ბრძოლაში „ჩელსი“ ანგარიშით 1:0 დაამარცხა და ინგლისის ასოციაციის თასის ფინალში გავიდა, სადაც შარშანდელი სეზონის მსგავსად, „მანჩესტერ იუნაიტედს“ დაუპირისპირდება.

ჩვენთვის კი „ელ კლასიკოდ“ „ლე ავრის“ და „მეცის“ დაპირისპირება იქცა, რომლის ბედიც გიორგი მიქაუტაძემ მეორე ტაიმის დასაწყისში გატანილი ერთადერთი ბურთით გადაწყვიტა.

ბოლო ორ მატჩში ქართველი ფორვარდის სამმა გოლმა აუტსაიდერ „მეცს“ 6 ქულა მოუტანა და სატურნირო ცხრილში გასავარდნი ზონიდან ამოიყვანა.

გარდა ამისა, მიქაუტაძე მარტიდან მოყოლებული შვიდი გოლით საფრანგეთის ლიგა I-ის საუკეთესო ბომბარდირია 2018 წლის მსოფლიოს ჩემპიონი და 2022 წლის მსოფლიოს ვიცე-ჩემპიონი ფორვარდების გვერდზე, რომლებმაც გასულ კვირას“კამპ-ნოუზე“ თავბედი აწყევლინეს „ბარსელონას“…

 


მიიღე ყოველდღიური განახლებები!
სიახლეების მისაღებად მოგვწერეთ თქვენი ელ.ფოსტა.