აღმოაჩინე განსხვავებული სამყარო Mastercard-თან ერთად: თბილისის ოპერისა და ბალეტის თეატრის შეუფასებელი ისტორია
თბილისის გულში, სადაც მრავალსაუკუნოვანი, მრავალკულტურული და თითქმის დაუჯერებელი ისტორიები ერწყმის ერთმანეთს და ქალაქის მომაჯადოებელ აურას ქმნის, ხელოვნების გამორჩეული ნიმუში, თბილისის ოპერისა და ბალეტის თეატრი დგას. შენობა, რომელსაც ქალაქის დინამიკურ ტემპში იმდენად სწრაფად ვუვლით გვერდს, რომ ვეღარც ვამჩნევთ. არადა, თუკი ერთი წამით შევჩერდებით და შევისვენებთ, იმ ამბებს გავიხსენებთ, დედაქალაქის არქიტექტურული თუ კულტურული სიმბოლო რომ ინახავს. დღეს სწორედ ამ შეუფასებელი ისტორიის გახსენებას შევეცდებით.
თუკი ისტორიას დავუჯერებთ, 1844 წელს, როდესაც მეფისნაცვალი მიხეილ ვორონცოვი თბილისში ჩამოვიდა, პირველი თეატრი მოიკითხა. პასუხად კი მიიღო, რომ ასეთი შენობა, ევროპული ყაიდის თეატრი, ქალაქში უბრალოდ არ არსებობდა. სწორედ ასე დაიწყო თბილისის ოპერის შეუფასებელი ამბავი. იმ დროს დღევანდელ თავისუფლების მოედანს ერევნის მოედანი ეწოდებოდა და მაშინაც ქალაქის გულს წარმოადგენდა. სწორედ ამ ადგილას, თავლებისა და სამიკიტნოების გაყოლებაზე, მეფისნაცვალმა თეატრის აშენება გადაწყვიტა. მშენებლობაში დახმარება კი ადგილობრივ ვაჭრებს სთხოვა და სანაცვლოდ დაჰპირდა, რომ შენობის ნახევარი ქარვასლა იქნებოდა, რომელიც მათ გადაეცემოდა. თუმცა წინადადება თბილისელმა ვაჭრებმა უარყვეს და მხოლოდ გაბრიელ თამამშევი, თბილისელი სომეხი ვაჭარი დათანხმა მეფისნაცვლის სარისკო წინადადებას.
მშენებლობა 1947 წელს დაიწყო, პროექტის ავტორი იტალიელი არქიტექტორი ჯოვანი სკუდიერი იყო. მშენებლობის დაწყებიდან 4 წელში კი ქალაქის ახალი სიმბოლო დაიბადა – „ქარვასლის თეატრი“ ან „თბილისის იტალიური ოპერა“, როგორც მას ხალხში უწოდებდნენ.
წარმოიდგინეთ, 1851 წლის 9 ნოემბრის საღამო – თბილისში ჯერ არ ცივა, უფრო მეტიც, ჰაერში ჯერ კიდევ იგრძნობა სითბო. ნათელი საღამოა, ქალაქელები ოპერაში მიიჩქარიან და ჯერ არ იციან, რომ პირველი საოპერო სეზონი თბილისში ახალი, შეუფასებელი ცხოვრების დასაწყისი გახდება.
თბილისის ოპერა გახდა ქალაქის მთავარი ადგილი. ადგილი, რომელმაც ალექსანდრე დიუმაც კი აღაფრთოვანა. სამწუხაროდ, თბილისის სიმბოლო მხოლოდ 23 წლის განმავლობაში ამშვენებდა ქალაქს – ძალიან მალე, 1874 წელს ხანძარმა შენობა მთლიანად გაანადგურა. მართალია, თბილისი ოპერის გარეშე დარჩა, მაგრამ დასმა მუშაობა არ შეწყვიტა და დროებით „საზაფხულო თეატრის“ სცენაზე გადაინაცვლა.
22 წლის შემდეგ, 1896 წლის 3 ნოემბერს გოლოვინის პროსპექტზე, ახლანდელ რუსთაველის გამზირზე, არქიტექტორ ვიქტორ შრეტერის მიერ დაპროექტებული ახალი, ე. წ. „სახაზინო თეატრის“ მშენებლობა დამთავრდა. სწორედ ეს შენობაა ახლანდელი თბილისის ოპერისა და ბალეტის თეატრი – ადგილი, რომელიც დღეს, გახსნიდან თითქმის 130 წლის შემდეგაც კი განსაზღვრავს ქალაქის კულტურულ რეალობას. თუმცა თბილისის ოპერის შეუფასებელ ისტორიაში კიდევ ერთი ხანძარია – 1973 წელს ცეცხლმა თითქმის მთლიანად დააზიანა ინტერიერი და გაანადგურა სერგო ქობულაძის ლეგენდარული ქმნილება – ფარდა.
42 წლის შემდეგ, 2015 წელს თბილისის ოპერისა და ბალეტის თეატრმა მთავარი სავიზიტო ბარათი დაიბრუნა. სერგო ქობულაძის შეუფასებელი ფარდის ასლი გერმანიაში დამზადდა. ეს არის პრინტი, რომლის ესკიზზე მხატვარი სიცოცხლის ბოლო წლებში მუშაობდა. ფარდის საბოლოო ესკიზზე ქართველმა სპეციალისტებმა იმუშავეს და თანამედროვე ციფრული ტექნოლოგიების გამოყენებით ნაჭერზე გადაიტანეს. ფარდის აწევის დროს ოპერის თეატრის სიმფონიურმა ორკესტრმა და გუნდმა შეასრულა ფრაგმენტი ზაქარია ფალიაშვილის ოპერიდან „აბესალომ და ეთერი“. ამ დღის შემდეგ ქალაქის კულტურული სიმძიმის ცენტრი და მისი სიმბოლო კვლავ მაყურებლის მოლოდინში არიან.
ეზიარე ოპერის და ბალეტის ხელოვნებას Mastercard-თან ერთად და აღმოაჩინე განსხვავებული სამყარო ფარდის მიღმა. ბრენდირებული ლოჟები, კულისებზე წვდომა და შეხვედრები მსახიობებთან – მიიღე შეუფასებელი თეატრალური გამოცდილება!