fbpx

Workshop Fest – თბილისში ვორქშოპების პირველი ფესტივალი ჩატარდება


გააზიარე სტატია

27-28 აპრილს თბილისში, აბრეშუმის ფაბრიკის  ტერიტორიაზე სრულიად ახალი კონცეფციის ღონისძიება – Workshop Fest ტარდება. ეს არის ვორქშოპების ყველაზე მასშტაბური ფესტივალი, რომელშიც 50-ზე მეტი კომპანია  მონაწილეობს. ორი დღის განმავლობაში ფესტივალი 700-მდე ვორქშოპს გააერთიანებს.  საგანმანათლებლო და გასართობი ინტერაქციული ფორმატით, ღონისძიება მონაწილეებს საშუალებას მისცემს გაიღრმაონ ცოდნა მათთვის საინტერესო მიმართულებებით, გაეცნონ ახალ პროფესიებს, აღმოაჩინონ  საინტერესო საქმე ან იპოვონ ჰობი, რომელიც შესაძლოა სამომავლოდ პროფესიადაც კი იქცეს. 

ვორქშოპების ფესტივალის ორგანიზატორია  Alice Q, რომლის გუნდსაც ღონისძიებების ორგანიზების 19-წლიანი გამოცდილება აქვს. გუნდის მიერ ორგანიზებულია 600-მდე ღონისძიება, მათ შორის –  სხვადასხვა სფეროს ცნობილი ფესტივალები, რომლებმაც ჩვენს ქვეყანაში კონკრეტული ინდუსტრიის განვითარებაში დიდი როლი ითამაშა.  ღონისძიებების ჩამონათვალში ვხვდებით ისეთ პლატფორმებს, როგორებიც არის: Sport Fest, Kiketi Fest,  Kiketi Forest Downhill Cup და სხვები. 

დეტალი, რომელიც Alice Q-ს ფესტივალებს აერთიანებს, ინტერაქციული ხასიათია, რაც საგანმანათლებლო თუ გასართობ ღონისძიებას თითოეული მონაწილისთვის განსაკუთრებულად დასამახსოვრებელ გამოცდილებად აქცევს. 

At.ge ფესტივალის იდეის, კონცეფციის, დაგეგმილი აქტივობებისა და სამომავლო გეგმების შესახებ Alice Q-ს გუნდს ესაუბრა:

“ჩვენი გუნდი უკვე მრავალი წელია, რაც ღონისძიებებს უწევს ორგანიზებას.  როგორც საქართველოში, ასევე ქვეყნის საზღვრებს გარეთ ჩატარებული გვაქვს 600-მდე კორპორაციული  ღონისძიება, კონფერენცია, ოფიციალური მიღება, გამოფენა და სხვა.  გამოცდილებამ გვაჩვენა, რომ წარმატებული ღონისძიების თუ ფესტივალის მთავარი კომპონენტი სტუმრების მიერ მიღებული გამოცდილებაა. ამ იდეით 3 წლის წინ დავაფუძნეთ Sport Ferst, რომელმაც  დაგვანახა, რამდენად მნიშვნელოვანია სტუმრებს მივცეთ საშუალება, ერთ სივრცეში შეხვდნენ სპორტულ ორგანიზაციებს და ადგილზე გამოცადონ თავი სხვადასხვა  სახეობაში, აღმოაჩინონ ახალი გატაცება. წელს კი სწორედ ამ კონცეფციის დაცვით პირველად ვატარებთ ვორქშოპების ფესტივალს.” 

როგორც ფესტივალის ორგანიზატორები ამბობენ, გამოცდილებაზე დაფუძნებული სწავლება უფრო და უფრო მეტ მნიშვნელობას იძენს და სწორედ ამ ხედვით გაჩნდა ვორქშოპების  ფესტივალის იდეაც. მრავალფეროვანი აქტივობების და ორგანიზაციების ერთ სივრცეში თავმოყრით, ეს პლატფორმა მონაწილეებს ცნობისმოყვარეობის გაღვიძებისაკენ უბიძგებს და ახალ სფეროში თავის გამოცდის, ან უკვე არსებული ცოდნის გაღრმავების მოტივაციას  აძლევს.  

ვორქშოპები  საათში ერთხელ ერთმანეთის პარალელურად, ერთ დიდ სივრცეში ჩატარდება და მრავალ სხვადასხვა სფეროსთან დაკავშირებულ აქტივობებს მოიცავს. მათ შორის არის: კოქტეილების და ლიმონათების მომზადება, დეკორატიული ლესვა, ტანგოს ვორქშოპი, ავეჯის რესტავრაცია, ხალიჩების ქსოვა, მცენარეების გადარგვა, ხმის ინჟინერია მარტივად, მუსიკალური ინსტრუმენტების იმპროვიზაცია, დრამზე დაკვრა, მენტალურ ჯანმრთელობაზე ზრუნვა, პირველადი დახმარების ვორქშოპი. აღსანიშნავია, რომ ფესტივალი ერთნაირად ფოკუსირდება როგორც შემოქმედებით და პრაქტიკულ პროფესიებზე, ასევე ეხება ტექნოლოგიურ სფეროსაც. მაგალითად, ერთ-ერთი ვორქშოპი ხელოვნური ინტელექტის გამოყენებაა. პროგრამაში ასევე ვხვდებით საზღვარგარეთ სწავლისათვის მომზადებას,  პროფესიის და უნივერსიტეტის არჩევას, რაც შესაძლოა მოზარდებისათვის განსაკუთრებით ღირებული ინფორმაცია აღმოჩნდეს პროფესიული მომავლის  დაგეგმვისას. 

ვორქშოპების ფესტივალის მრავალფეროვანი პროგრამიდან გამომდინარე, ეს ღონისძიება ყველა ასაკის და ინტერესების ადამიანებისთვის არის განკუთვნილი. აქ მოზარდებს შეუძლიათ აღმოაჩინონ პროფესია, რომელსაც სამომავლოდ აირჩევენ;  ზრდასრულებს საშუალება აქვთ იპოვონ საქმე, რომელიც მათი ჰობი ან სულაც ახალი პროფესია გახდება; ბავშვები ფესტივალზე  გასართობი აქტივობების პარალელურად, შემეცნებით ინფორმაციას  მიიღებენ.   

Workshop Fest-ის ორგანიზატორთა გუნდი ჩვენთან საუბრისას ამბობს, რომ სამომავლოდ ფესტივალის მასშტაბები კიდევ უფრო გაიზრდება. 

“უკვე დაგეგმილი გვაქვს შემოდგომაზე შემდეგი ფესტივალის ჩატარება. ვორქშოპების და მონაწილეთა რიცხვი გ თანდათან გაიზრდება და შინაარსიც მუდმივად განვითარდება.  საბოლოოდ გვინდა შევქმნათ კულტურა, რომელიც შთააგონებს ადამიანებს, იპოვონ  პროფესიული გატაცება ან ჰობი ცხოვრების ნებისმიერ ეტაპზე და ამით საზოგადოებაში დადებითი ცვლილებების მოხდენა შევძლოთ,” – ამბობს Alice Q-ს გუნდი. 

 

ფესტივალის შესახებ მეტი დეტალისათვის ეწვიეთ ბმულს.

 


მიიღე ყოველდღიური განახლებები!
სიახლეების მისაღებად მოგვწერეთ თქვენი ელ.ფოსტა.