fbpx

ლევერკუზენის ჯადოსნური გოლები გრძელდება


გააზიარე სტატია


ავტორი: აჩიკო ბენაშვილი

 

ყოველ სეზონს აქვს რაღაც განსაკუთრებული, მხოლოდ მისთვის დამახასიათებელი, იქნება ეს კლუბებთან, ნაკრებებთან, კონკრეტულად ფეხბურთელებთან თუ მწვრთნელებთან დაკავშირებით. 

მაგრამ წლევანდელი „ლევერკუზენის“ ფენომენი სრულიად განსხვავებულია, რადგან ამ კლუბის მსგავს ასპარეზობას ვერსად შეხვდებით მსოფლიო ფეხბურთის სულ მცირე, 60-წლიან ისტორიაში მაინც. 

იქამდე კი ფეხბურთი სხვანაირი იყო, რადგან ამდენი ერთდროულად მიმდინარე  ტურნირი, უბრალოდ, არ არსებობდა. 

უახლოეს წარსულში და დღევანდელ დღესაც როგორ არ გვინახავს, ერთი შეხედვით უძლეველი და შემადგენლობის თვალსაზრისით ამჟამინდელ „ლევერკუზენზე“ უფრო ძლიერი გუნდები. 

მაგალითად, პეპ გვარდიოლას „ბარსელონა“ და „მანჩესტერ სიტი“, კარლო ანჩელოტის და ზინედინ ზიდანის „რეალი“, სერ ალექს ფერგიუსონის „მანჩესტერ იუნაიტედი“, ფლიკის „ბაიერნი“ და კიდევ „მილანი“ და „აიაქსი“ უფრო ძველად. 

იყო არსენ ვენგერის „არსენალიც“, რომელმაც პრემიერლიგის ერთი სეზონი წაგების გარეშე ჩაატარა, მაგრამ ჩემპიონთა ლიგა მან ვერ გაქაჩა.

მაგრამ მთელი სეზონის მანძილზე წაგების გარეშე აქ ჩამოთვლილ მონსტრთაგან ერთიც არ დარჩენილა, თვით მესის, სუარესის და ნეიმარის, ლუის ენრიკეს მწვრთნელობის პერიოდის „ბარსელონაც“ კი. 

აი წლევანდელი სეზონის მთავარი აღმოჩენა „ლევერკუზენი“ კი უკანასკნელად შარშან, 11 მაისს „რომასთან“ ევროპის ლიგის პირველ ნახევარფინალურ მატჩში დამარცხდა. 

ბედის ირონიით ეს გუნდები ამ კვირაში იმავე ტურნირზე, ისევ ნახევარფინალში და პირველ მატჩში ისევ რომში დაუპირისპირდებიან ერთმანეთს. ნუთუ კვლავ იტალიის დედაქალაქში უნდა წააგოს ჩაბი ალონსოს გუნდმა?

ახალგაზრდა ესპანელმა სპეციალისტმა ცხრილის ქვედა ნაწილში მყოფი გუნდი 2022 წლის შემოდგომაზე ჩაიბარა და სეზონი მას მეექვსე ადგილზე ჩაამთავრებინა.

წლეულს კი „ლევერკუზენი“ წაუგებელია, არსებობის მანძილზე პირველად გახდა გერმანიის ჩემპიონი და კიდევ ევროპა ლიგის და გერმანიის თასის მოგებასაც უმიზნებს. 

„ლევერკუზენი“ გუნდში ჩაბი ალონსოს მისვლამდეც  წლების განმავლობაში  გერმანული ფეხბურთის ერთ-ერთი წამყვანი ძალა იყო, თუმცა მუდმივი მეორეადგილოსანი „ლუზერის“ რეპუტაცია ამ გუნდს ვერ მოსცილდებოდა იმ სტატისტიკური მაჩვენებლებიდან გამომდინარე, რომლებიც მას ლამის ოთხი ათეული წლის განმავლობაში დაუგროვდა.

„ლევერკუზენს“ ხუთჯერ აქვს მეორე ადგილი დაკავებული ბუნდესლიგაში და აქედან ორჯერ მან ჩემპიონობა ბოლო ტურში წაგებების შემდეგ გაანიავა. ერთხელ გუნდი ჩემპიონთა ლიგის ფინალშიც აღმოჩნდა, მაგრამ იქ „რეალთან“ დამარცხდა. 

ახლა კი „ლევერკუზენი“ ევროპული სეზონის ყველა დროის ერთადერთი დაუმარცხებელი გუნდია, რომელიც ამ ბოლო ხანს მსაჯის მიერ დამატებულ წუთებზე გატანილი ჯადოსნური გოლების წყალობით არ აგებს მატჩებს.

ბოლო წამებზე გადარჩენილ შეხვედრებში კი ანგარიში 2:2 დომინირებს. 

„ლევერკუზენმა“ მსაჯის მიერ დამატებულ წუთებზე „ყარაბაღთან“ ევროპის ლიგაზე ორჯერ ამოქაჩა ორბურთიანი ჰანდიკაპი და ამ მეტოქესთან საპასუხო მატჩის მოგებაც შეძლო. 

იქამდე მსაჯის მიერ დამატებულ წუთზე ანგარიში 2:2 ალონსოს გუნდმა ბუნდესლიგაში გასვლაზე „ბაიერნთან“ თერთმეტმეტრიანით გახადა, ხოლო ბოლო ტურის მატჩში „შტუტგარტთან“ ანალოგიური შედეგი მან სტანდარტული სიტუაციის შესრულების შემდეგ დააფიქსირა.

როდესაც „შტუტგარტი“ მატჩის 57-ე წუთზე ორბურთიანი უპირატესობით დაწინაურდა, „ლევერკუზენმა“ ერთი ბურთის გაქვითვა სწრაფადვე შეძლო, მაგრამ მას შემდეგ, რაც გერმანიის ჩემპიონი მესამე გოლს ბეწვზე გადაურჩა და სტუმრების კონტრშეტევებმა უფრო საშიში ხასიათი მიიღო, ვიდრე მასპინძელთა ზეწოლამ, თითქოს სტადიონზე მისული გულშემატკივრებიც შეეგუვნენ საყვარელი გუნდის სეზონში პირველ – საპატიო მარცხს.

წინა ტურში „ლევერკუზენმა“ გასვლაზე „დორტმუნდთან“ თამაში ჯადოსნური გოლით მსაჯის მიერ დამატებულ მე-7 წუთზე გადაარჩინა. „შტუტგარტთან“ მატჩში კი მსაჯმა 5 წუთი დაამატა და ეს დროც უკვე ამოწურული იყო, როდესაც მასპინძლებმა აუტი მოიპოვეს.

„შტუტგარტის“ სათადარიგოთა სკამზე ფეხბურთელები სრულიად სამართლიანად გამოცოცხლდნენ, როდესაც მსაჯს მატჩის დასრულებისკენ მოუწოდეს. მაგრამ ამის ნაცვლად რამდენიმე წამში მასპინძლებმა უკვე სტანდარტული სიტუაციის შესრულების უფლება მოიპოვეს, რომელსაც მოჰყვა კიდეც მორიგი ჯადოსნური გოლი…

საინტერესო კი ისაა, რომ „ლევერკუზენის“ წაუგებლობის ერთგვარი აზარტი თითქოს მსაჯს და VAR-ის ბრიგადასაც გადაედოთ, რადგან ანდრიხის გოლის ჩათვლამდე, საეჭვო სიტუაცია ალბათ უნდა გადამოწმებულიყო ხელით თამაშთან დაკავშირებით…

ჩაბი ალონსოს გუნდმა წინა ტურში „დორტმუნდის“ მსგავსად, ამჯერადაც ისე იზეიმა ჯადოსნური გოლით მოპოვებული ქულა, თითქოს ბუნდესლიგის ტიტული ახლა მოეპოვებინოს. 

აი „დორტმუნდს“ კი მაინცდამაინც ჩემპიონთა ლიგის ნახევარფინალური მატჩის წინ მეტოქედ „ლაიპციგი“ აღმოაჩნდა, რომელმაც დიდი ანგარიშით 4:1 გაანადგურა ცალი თვალით „პარი სენ-ჟერმენთან“ დაპირისპირებისკენ მაცქერალი გუნდი, რომელიც უშუალო კონკურენტთან წაგების შემდეგ, მომავალ სეზონში ჩემპიონთა ლიგის საგზურის მოპოვებას, ამჟამად მიმდინარე ტურნირის მოგების შემთხვევაში თუ შეძლებს.

„დორტმუნდს“ „პარი სენ-ჟერმენმაც“ მიჰბაძა, რომელიც მხოლოდ ქულას დასჯერდა შინ აუტსაიდერ „ლე ავრთან“ შეხვედრაში, ხოლო მეორე ნახევარფინალის მეწყვილეებმა „ბაიერნმა“ და „რეალმა“ კი თავ-თავიანთი მატჩები დიდი ძალისხმევის გარეშე მოიგეს.

„სოსიედადის“ და მადრიდის „რეალის“ შეხვედრაში ერთადერთი ბურთი არდა გულერმა გაიტანა, რომელიც მატჩის საუკეთესო მოთამაშედაც დაასახელეს. საქართველოს ნაკრების მცველებს ახალგაზრდა თურქი ფორვარდის უვნებელყოფა სულ მალე, 18 ივნისს მოუწევთ ევროპის ჩემპიონატზე F ჯგუფის პირველ მატჩში.

„ლე ავრმა“ კი ნაჩუქარი ქულით და უკეთესი ბურთების სხვაობის წყალობით პლეიოფის ზონაში  ჩააგდო „მეცი“, რომელიც განვლილ უიკენდზე ლიგა I-ის მატჩში შინ „ლილთან“ ანგარიშით 1:2 დამარცხდა.

მატჩის დებიუტშივე თერთმეტმეტრიანით გატანილი ბურთი გიორგი მიქაუტაძისთვის მე-11 აღმოჩნდა „მეცის“ შემადგენლობაში, რომელშიც ის გოლის გარეშე არ ტოვებს მოედანს.

ხვიჩა კვარაცხელიას „ნაპოლიმ“ კი განვლილ ტურში „რომას“ უმასპინძლა, რომლისთვისაც იტალიის სერია A-ს მოქმედ ჩემპიონთან გამარჯვება აუცილებელი იყო “ბოლონიასთან“ მარცხის და მასთანვე მეოთხე ადგილისათვის ბრძოლაში ქულათა სხვაობის შესამცირებლად.

„რომა“ მადაზე „ბოლონიას“ მიერ „უდინეზესთან“ ნათამაშევმა ფრემაც მოიყვანა და როდესაც მატჩის 59- წუთზე პაულო დიბალამ აუღებელი პენალტით გახსნა ანგარიში. თითქოს რომაელებს საქმე ბოლომდე უნდა მიეყვანათ, მაგრამ ოლივეირამ ცოტა ხანში მიმდინარე სეზონში იტალიის ჩემპიონატში გატანილი პირველი და საკმაოდ შემთხვევითი გოლით ანგარიში გაათანაბრა.

მთავარი ამბები კი თამაშის დასკვნით ნაწილში განვითარდა, როდესაც ჯერ ხვიჩა კვარაცხელიამ გამოიმუშავა პენალტი და ოსიმენმა დააწინაურა მასპინძლები, ხოლო შემდეგ კი ოლივეირას მსგავსად, რომაელმა აბრაჰამმაც მიმდინარე სეზონში პირველი ბურთი გაიტანა და როგორც გაირკვა, მატჩის საბოლოო ანგარიში 2:2 დააფიქსირა.

საკვირველია ნეაპოლელთა მწვრთნელ კალცონას უცნაური გადაწყვეტილება მატჩის 85-ე წუთზე მოედნიდან მასპინძელთა მხრიდან აშკარად საუკეთესო მოთამაშის – ხვიჩა კვარაცხელიას გაყვანასთან დაკავშირებით, რასაც ცოტა ხანში მოჰყვა კიდეც „ნაპოლის“ კარში რომაელთა გოლი. 

 


მიიღე ყოველდღიური განახლებები!
სიახლეების მისაღებად მოგვწერეთ თქვენი ელ.ფოსტა.