fbpx

ტრიპლეტი ვიდრე წაგება


გააზიარე სტატია

ავტორი: აჩიკო ბენაშვილი

 

წლეულს გულშემატკივრებს ნამდვილად გაუმართლათ, რადგან ნახევარფინალის საგზურები გუნდებმა სამივე ევროტურნირზე სრულიად დამსახურებულად მოიპოვეს. ამ დროს შეიძლება ვიკითხოთ – კი მაგრამ, „მანჩესტერ სიტი“ რომ არ არის, ნუთუ პრემიერლიგის სავარაუდო ჩემპიონი ღირსი არ იყო ამ ოთხეულში ყოფნისო? 

მაგრამ ამ კითხვაზე პასუხს თვით ამ გუნდის ფეხბურთელი ბერნარდუ სილვა გაგვცემს, რომელმაც პენალტებით წაგებული მატჩის შემდეგ განაცხადა, რომ „რეალი“ ძალზედ უცნაური გუნდია, რადგან მასთან უპირატესობა რომც გქონდეს, მაინც მარცხდები და ვერ ატყობ, როგორო…

საკმაოდ უცნაური აზრია პორტუგალიელისგან, რადგან მას თითქოს ორი რამ დაავიწყდა ამ მჭევრმეტყველებისას. 

პირველი – რა დღე აყარა მისმა გუნდმა და კონკრეტულად მან შარშან იმავე „რეალს“ და მეორე – როგორი თერთმეტმეტრიანი შეასრულა მან საპასუხო მატჩის შემდგომ სერიაში…

გულშემატკივრები კი ამ გუნდების წლევანდელი დაპირისპირების შემდეგ მაინც მოგებულნი დარჩნენ, რადგან მათ შორის ორი მატჩისგან შემდგარი ნაადრევი ფინალი იხილეს. აი ნამდვილ ფინალში დაჯახების შემთხვევაში კი მხოლოდ ერთხელ ექნებოდათ ასეთი სიამოვნება.

ჩემპიონთა ლიგის ნახევარფინალური წყვილებიდან ნაადრევ ფინალისტობაზე პრეტენზია ამჯერად „დორტმუნდის“ და „პარი სენ-ჟერმენის“ წყვილთან შედარებით, „ბაიერნისა“ და „რეალის“ დაპირისპირებას უნდა ჰქონოდა, მიუხედავად იმისა, რომ წლევანდელი სეზონი „რეკორდმაისტერს“ ია-ვარდით მოფენილი ნამდვილად არ ჰქონია, რადგან მან პირწმინდად წააგო ბუნდესლიგური ბრძოლა ფენომენალურ „ლევერკუზენთან“.

„ბაიერნისა“ და „რეალის“ პირველი დაპირისპირება სანახაობრივი თვალსაზრისით შესანიშნავი გამოდგა. „რეალმა“ ისევე როგორც „სოსიდადთან“ ლა ლიგის წინა მატჩში, მეტოქის ნახევარზე პრაქტიკულად პირველივე გადასვლა გოლით აღნიშნა. 

ტონი კროოსმა განუმეორებელი „კროსით“ ვინისიუსი „ბაიერნის“ მეკარე ნოიერთან პირისპირ გაიყვანა და ანგარიშიც გაიხსნა. 

აღსანიშნავია, რომ გოლამდე და მას შემდეგაც კროოსის გრძელი გადაცემები ცალკე ხიბლი იყო ამ დიდებული მატჩისა, რომლის მართვის სადავეებსაც გატანილი გოლის შემდეგ ტაიმის ბოლომდე სტუმრები დაეპატრონნენ.

ასე გაგრძელდა მეორე ტაიმის საწყის წუთებშიც, მაგრამ ლეროი სანეს მიერ უძლიერესი დარტყმით ახლო კუთხეში გატანილმა ბურთმა „ალიანს არენაზე“ მისული „რეკორდმაისტერის“ ქომაგებიც გამოაცოცხლა. „ბაიერნმა“ ხელთ იგდო სათამაშო ინიციატივა და მალე ჰარი კეინმა პენალტით დააწინაურა მასპინძლები.

მაგრამ ბოლოს მოხდა ის, რასაც „რეალი“ ხშირად აკეთებს ხოლმე გადამწყვეტ მომენტში, რადგან ვინისიუსის მიერ მატჩის 83-ე წუთზე გატანილი პენალტი შეიძლება განმეორებითი შეხვედრის შემდეგ მწარედ გაახსენდეთ „ბაიერნის“ ფეხბურთელებს და კონკრეტულად მეკარე ნოიერს, რომელმაც ერთხელაც ვერ შეძლო თანაგუნდელთა გადარჩენა. თუმცა, რა მისი ბრალი იყო…

„პარი სენ-ჟერმენის“ ფეხბურთელებსაც მწარედ შეიძლება გაახსენდეთ ერთადერთი გაშვებული ბურთი „დორტმუნდთან“ მატჩში, რომელიც სანახაობრივი თვალსაზრისით არაფრით ჩამოუვარდებოდა პირველ ნახევარფინალს.

აი სათამაშო ხარისხის მიხედვით კი ამ წყვილებს უკვე ფინალი შეგვადარებინებს. თუმცა, ერთი კია, რომ დორტმუნდელებმა ყურადღება გაამახვილეს დაცვაში უშეცდომო თამაშზე, რისი გენერალური რეპეტიციაც მათ ამ ცოტა ხნის წინ ბუნდესლიგაში „ლევერკუზენის“ წინააღმდეგ შეხვედრაში გაიარეს, რომელშიც გოლი მსაჯის მიერ დამატებულ მე-7 წუთზე გაუშვეს.

პარიზელებთან კი ისინი აშკარად მხოლოდ ერთხელ გადარჩნენ, როდესაც მეორე ტაიმის ერთ-ერთი შეტევისას ჯერ მბაპემ და შემდეგ ჰაკიმმა მათი კარის ძელს მოახვედრეს ბურთი.

როგორ არ გავიხსენოთ ამ დროს თბილისის „დინამოს“ 1964 წლის „ოქროს მატჩი“ მოსკოვის „ტორპედოს“ წინააღმდეგ, სადაც მიხეილ მესხის დარტყმის შემდეგ ძელიდან ასხლეტილი ბურთი სლავა მეტრეველმა ერთი შეხებით უკვე მეორე ძელს მოარტყა. ანალოგიური სიტუაცია შეიძლება მსოფლიო ფეხბურთშიც ვერ მოიძებნოს…

ფულკრუგის ერთადერთ გოლში კი, ნიკო შლოტერბეკის შესანიშნავი გადაცემის მიუხედავად, პარიზელთა მეკარე დონარუმას დადანაშაულებაც შეიძლება.

სანახაობრივი და დაძაბულობის თვალსაზრისით არანაკლებ საინტერესო გამოდგა ევროპის და კონფერენს ლიგის დაპირისპირებები.

კვლავ მოწოდების სიმაღლეზე იყო „ლევერკუზენი“, რომელმაც „რომას“ გასვლაზე ანგარიშით 2:0 ფაქტობრივად „ცალი ფეხით“ მოუგო, გააცამტვერა რა თურმე სრულიად უსაფუძვლო ინტრიგა ამ იტალიურ კლუბთან ზუსტად ერთი წლის შემდეგ შესაძლო ხელმეორე წაგების შესახებ.

„რომასთან“ გამარჯვების შემდეგ „ლევერკუზენი“ წლევანდელ სეზონში უკვე „ტრიპლეტის“ შესრულებასთან ალბათ უფრო ახლოსაა, ვიდრე ვინმესთან წაგებასთან. 

პირველი ნახევარფინალების შემდეგ არ უნდა გაგვიკვირდეს, რომ თუკი შარშან სამივე იტალიურმა გუნდმა სამივე ევროთასის ფინალში ფიასკო განიცადა, ამჯერად მათ იქამდე ვეღარც მიაღწიონ.

შინ „ოლიმპიაკოსთან“ ანგარიშით 2:4 წაგების შემდეგ, „ჩამოწერასთან“ახლოსაა კონფერენს ლიგის მოგების ერთ-ერთი ფავორიტი „ასტონ ვილა“, რადგან გასვლაზე ორბურთიანი დეფიციტის აღდგენა ისეთ ბრაზიან ერთობლიობასთან, როგორიც პირეოსის კლუბი და მისი გულშემატკივრებია, უნაი ემერის გუნდს ძალიან გაუჭირდება.

 

უჭირს „ბარსელონასაც“, რომელიც ეტყობა, ვერ გამოდის „პარი სენ-ჟერმენთან“ მარცხის სტრესიდან, რადგან განვლილ უიკენდზე კატალონურ დერბიში შინ – „კამპ ნიოუზე“ „ჟირონასთან“ წაგებამ ის ლა ლიგის სატურნირო ცხრილში მესამე ადგილზე ჩამოაქვეითა.

პარადოქსი კი ისაა, რომ მეორეადგილოსანმა „ჟირონამ“ მრისხანე მეტოქეს ორივე მატჩში ერთი და იმავე ანგარიშით – 4:2 მოუგო. ხომ არ მოვიდა დრო, რომ ჩავი ერნანდესმა პეპ გვარდიოლასგან მიიღოს რჩევები კრიზისიდან გამოსასვლელად, თუკი დასცალდება…

„ბარსელონას“ მსგავსად, წააგო „ბაიერნმაც“, მაგრამ „რეალთან“ საპასუხო მატჩის წინ „რეკორდმაისტერს“ ალბათ სხვა გამოსავალი არც ჰქონდა. „შტუტგარტი“ კი, რომელმაც უკანასკნელ ოთხ ტურში იქამდე გასვლაზე „დორტმუნდს“ მოუგო და შემდეგ კინაღამ „ლევერკუზენიც“ მიაყოლა, „ბაიერნის“ დამარცხების შანსს ხელიდან როგორ გაუშვებდა.

აი „მანჩესტერ სიტი“ კი როგორც ჩანს, პრემიერლიგის გათამაშების ბოლომდე ყველა თამაშს მოიგებს და ტიტულს „არსენალს“ არ დაუთმობს.

განვლილ ტურში პეპ გვარდიოლას გუნდმა „ვულვერჰემპტონი“ ანგარიშით 5:1 გაანადგურა, ერლინგ ჰალანდმა კი „პოკერი“ შეასრულა, ხოლო საფრანგეთის ლიგა I-ში „ლე ავრმა“ „სტრასბურგთან“ მოგების შემდეგ „მეცს“ უკვე სამი ქულით გადაასწრო. 

ჩვენთვის მთავარი „მეცში“ გიორგი მიქაუტაძის მორიგი ფეიერვერკი იყო, როდესაც მან ჯერ პირველ ტაიმში „რენის“ კარიდან წინ გამოსულ მეკარეს ეფექტურად თავზე გადაატარა ბურთი და მიმდინარე სეზონში თავისი გუნდის შემადგენლობაში უკვე მე-12 ბურთი გაიტანა, ხოლო მეორე ტაიმში ჯერ საგოლე გადაცემა შეასრულა, შემდეგ კი იგი მატჩის დამატებით მე-5 წუთზე მოედნიდან გააძევეს.

სეზონის დასკვნით ნაწილში „მეცს“ ქართველი ფეხბურთელის გარეშე დარჩენა და შესაძლო გავარდნა მოუწევს, მაგრამ რატომ არ შეიძლება სამომავლოდ მისით „ნაპოლი“ დაინტერესდეს?! 

 

თუკი ხვიჩა იქ დარჩება, ეს უნიკალური ქართული დუეტი იქნება შეტევაში, რომელიც ნებისმიერ მეტოქეს შიშის ზარს დასცემს და რა თქმა უნდა საქართველოს ნაკრებზეც კეთილისმყოფელ გავლენას მოახდენს.

მაგრამ რომც არ დარჩეს, განა აზრიანი არ იქნება რომელიმე წამყვანი კლუბის მიერ მათი ერთობლივი შეძენა? იმედია საქართველოს ნაკრების ევროპის ჩემპიონატზე გამოსვლა ამ აზრს გააჩენს.






მიიღე ყოველდღიური განახლებები!
სიახლეების მისაღებად მოგვწერეთ თქვენი ელ.ფოსტა.