ვახო ბუღაძის გამოფენა “0, I, II”-ის შესახებ
ავტორი: შოთა იათაშვილი
104-ე საჯარო სკოლა
გალერეა ATINATI
ეს გავლილი თემაა: რომ ფოტოგრაფიის გაჩენამ მხატვრობას რეალისტური ასახვის ფუნქციები მოუხსნა და ამით მეტი თავისუფლება მიანიჭა, რაც მოდერნისა და ავანგარდის სხვადასხვა მიმართულებებში გამოიხატა. ვახო ბუღაძესთანაც ფოტოგამოსახულება ხდება ბიძგი ვიზუალური მრავალფეროვნების შესაქმნელად. ოღონდ იმ განსხვავებით, რომ კი არ გამორიცხავს და აქრობს ფოტოგრაფიულობას, არამედ პირიქით, ხდის ბაზისურს და მასზე ამყნობს თავის სტილისტურ ფანტაზიებს.
ფოტოგამოსახულების ვიზუალური გარდასახვა, რომელიც ცხოვრებაში გვხვდება, ძირითადად სწორხაზოვანია და რეალისტურ საზღვრებშია ჩაკეტილი: როდესაც მხატვარს ავალებენ ფოტოსურათიდან გადახატოს პორტრეტი, ან საფლავის ქვაზე ამოკვეთოს გარდაცვლილის გამოსახულება. ვახო ბუღაძე ანგრევს ამ პრიმიტიულ საზღვრებს და ექსპერიმენტულ ძიებებში გადადის, თუმცა ეს არც იმ ჰიპერრეალიზმის მორიგი ვერსიაა, რაც უკვე კაი ხანია დამახასიათებელია ფოტოესთეტიკის ფერწერული ტრანსფორმაციებისთვის.
მნიშვნელოვანია, რომ ამ გამოფენის ბაზისური ფოტოგამოსახულება (რომელიც მასთან სულ ორია) ბავშვობისდროინდელია. და რომ ის პორტრეტული კი არა, კოლექტიურია, ანუ არაა მხოლოდ “ეგოს” მატარებელი. და ისიც, რომ ფრიად სტანდარტულია. ასეთი ფოტოები ხომ საბჭოთა პერიოდში დაბადებულ და გაზრდილ ყველა ადამიანს აქვს სახლში შემორჩენილი. ვახო ბუღაძისთვის სტანდარტული შავ-თეთრი ფოტო, რომელიც კოლექტიური მეხსიერების ნაწილია, ხდება ამოსავალი წერტილი ფერადოვნებაში გადასული გრძელი ვარიაციული რიგის შესაქმნელად. ეს ვარიაციული რიგი ხან ინარჩუნებს პირველადი ანაბეჭდის კონკრეტულობას, ხან იწყებს დეფორმაციებს, დანაწევრებას, ფერთა გამისა და სამუშაო მასალის მოსინჯვას და ცვლას, ლუმინესცირებას, ხან კი აბსტრაქციაში გადადის, იმდენად, რომ დამწყები მოსწავლეების ერთობლივი ფოტოსურათი დათოვლილ მთაგრეხილსაც კი ემსგავსება.
რათა გარდაქმნების ეს პროცესი ემოციურად გულწრფელი იყოს (და არა მაინცდამაინც ინფანტილური), ის მუშაობისას იყენებს მელანს და საშრობს, ანუ მაშინდელი სკოლისდროინდელი ცხოვრების ყოველდღიურობას; გამოდის ორგანზომილებიანი სივრციდანაც და სამელნეებისაგან ქმნის ობიექტს, როგორც პროექტის შემკვრელ, დამაგვირგვინებელ ნიმუშს, და გარდა ამისა, აწყობს ლაბორატორიას, ფოტოების გასამჟღავნებელ ოთახს, ანუ მიგვითითებს იმ სიბნელისკენ, რომლის წიაღშიც იშვა მთელი ამ უზარმაზარი ექსპოზიციისთვის ინსპირაციის მომცემი ორი არაფრით გამორჩეული გამოსახულება. ცხადია, “არაფრით გამორჩეული” მხოლოდ მისი ზოგადი ტირაჟული ხასიათიდან გამომდინარე, თორემ ყოველი ჩვენგანისთვის ასეთი ფოტოები რომ სწორედაც გამორჩეული და განსაკუთრებული ემოციური მიჯაჭვულობის მატარებელია, სწორედ ამაზეა პროექტის კონცეპტუალური ხაზი აგებული.
და ბოლოს: ვახო ბუღაძე ბრუნდება იმ სივრცეში, რამაც გააჩინა ფერწერულ ვარიაციათა მთელი ეს რიგი და ექსპოზიციას აწყობს მშობლიური სკოლის ფოიესა და დერეფნებში. დამთვალიერებელი, მოსული ასეთ საგამოფენო სივრცეში, უკეთ შეიგრძნობს, თუ რამ “ჩაციკლა” ასე მხატვარი და რამ ამუშავა მთელი ერთი წელი კოლექტიური სასკოლო ფოტოსურათის დეკონსტრუქციაზე, მის ამდენ მეტამორფოზზე, ერთ სივრცეშიც კი რომ ვერ დაეტია და ორ ნაწილად გაიყო. ეს გამოფენა სრულიად შთამბეჭდავია, მაგრამ ალბათ ყველაზე შთამბეჭდავი იყო იმ მოსწავლეებისთვის, რომლებმაც სკოლაში მისულებმა მოულოდნელად აღმოაჩინეს ასე სახეცვლილი შენობა და მიჩვეულებმა მთელ იმ ნეგატივს, რაც სასწავლო პროცესს და მის დოკუმენტაციას მუდამ ახლავს თან, უეცრად პოზიტივით დამუხტულ ენერგეტიკულ ველში ამოჰყვეს თავი.