fbpx

კვლავ რეალი…


გააზიარე სტატია

ავტორი: აჩიკო ბენაშვილი

 

ვისაც  უნდა ვგულშემატკივრობდეთ და როგორც  უნდა ვაფასებდეთ თანამედროვე ფეხბურთში მიმდინარე პროცესებს, არსებობს ყველასგან განცალკევებული და აუცილებლად მაღლა მდგომი საფეხბურთო ორგანიზაცია, მადრიდის „რეალი“ რომ ჰქვია, რადგან წლიდან წლამდე გვაკვირვებს ამ კლუბის წარმატებათა თანმიმდევრულობა, მათი რაოდენობა და ხარისხი, რომელიც ზოგჯერ თითქოს ეჭვს იწვევს…

მიუნხენის „ბაიერნის“ ძლევის შემდეგ „სამეფო კლუბს“ ერთი ნაბიჯიღა აშორებს მორიგ ტრიუმფთან და „პარი სენ-ჟერმენთან“ „დორტმუნდის“ გმირული გამარჯვების მიუხედავად, „რეალს“ აშკარა მოწინააღმდეგენიც კი ფავორიტად მიიჩნევენ ჩემპიონთა ლიგის კარსმომდგარ ფინალში.     

მაგრამ როგორ შევაფასებდით კარლო ანჩელოტის გუნდის მიერ „ბაიერნის“ დამარცხებას? როგორ ხდება, რომ „რეალს“ გაჭირვების ჟამს ხან მოწინააღმდეგე გუნდის მეკარე, ხან მწვრთნელი, ხან მსაჯი და ხან კიდევ ყველანი ერთად ეხმარებიან?!

როდესაც ალფონსო დევისმა მატჩის 68-ე წუთზე შორეულ კუთხეში აუღებელი დარტყმით სტუმრები დააწინაურა, სეირის მოყვარული გულშემატკივრები ხელების ფშვნეტით მოემზადნენ შეხვედრის დასკვნითი ნაწილის საყურებლად, რადგან „რეალის“ „ჩამოწერა“, რა თქმა უნდა, უადგილო იქნებოდა გაშვებული გოლის მიუხედავად.

მაგრამ მატჩის 85-ე წუთზე თომას ტუხელის მიერ ჰარი კეინის ჩუპო-მოტინგით ჩანაცვლებამ „ბაიერნის“ გულშემატკივრებში არასასიამოვნო წინათგრძნობა აღძრა, რადგან კეინი თავის საქმეს შესანიშნავად ასრულებდა და „რეალის“ მცველებსა და ნახევარმცველებს ოდნავი მოდუნების საშუალებას არ აძლევდა. 

გარდა ამისა, „რეალს“ ხომ საკმარისი დრო ჰქონდა ანგარიშის გასათანაბრებლად და დამატებით დროში იქნებ ინგლისელი უფრო საჭირო ყოფილიყო, ვიდრე უთამაშებელი კამერუნელი ცენტრფორვარდი, რომელიც დაცვაშიც ნაკლებ სარგებლობას მოუტანდა „რეკორდმაისტერს“?

მაგრამ რას იფიქრებდა ტუხელი, რომ მისი გუნდი დარჩენილ დროში ორ ბურთს გაუშვებდა, დამატებით დროს ვერც ეღირსებოდა და მას მალე სახელგანთქმული ნოიერი და მსაჯიც „შეეწეოდნენ“?

უსარგებლობის გამო კეინის გაყვანა ნამდვილად არ ყოფილა სწორი გადაწყვეტილება, ხოლო თუკი ის გადაიღალა, ნუთუ არ უნდა ეფიქრა მწვრთნელს ამ საშიშროების შესახებ? ხომ არ აჯობებდა, დასვენებული ინგლისელი ფორვარდის მატჩის დასკვნით ნაწილში გამოყვანა, როგორც ამას უკვე კარგა ხანია ანჩელოტი მოდრიჩთან დაკავშირებით აკეთებს?

მოდრიჩი მოედანზე სწორედ მადრიდელთათვის გაჭირვების ჟამს, კომანის გოლისთანავე გამოჩნდა. ხორვატმა საგრძნობლად გამოაცოცხლა მასპინძელთა შემტევი პოტენციალი, რასაც მალე ჯერ ნოიერის მიუტევებელი შეცდომა, შემდეგ კი დაცვის ცენტრში ჩავარდნა მოჰყვა. 

ამ ორივე ეპიზოდში მოდრიჩის მსგავსად შეცვლაზე შემოსულმა ხოსელუმ ისარგებლა, რომელმაც ისტორიული დუბლით დაიმშვენა გოლების აქტივი.    

„ბაიერნმა“ კი გაიტანა მაშინ, როდესაც ამას თვით მატჩის არბიტრიც არ ელოდა, რომელმაც VAR-ის შემდგომი ეპოქის ფეხბურთის დაუწერელი კანონიც კი დაივიწყა!  რატომ არ დააცადა მან სტუმრებს შეტევის დასრულება და გვერდით მსაჯთან შეთანხმებით, ასე ამაყად და დარწმუნებით, ნაადრევად რატომ აღნიშნა თამაშგარე მდგომარეობა? 

ამით მან ხომ ეპიზოდის გადახედვის საშუალებაც მოუსპო საკუთარ თავს, რადგან „რეალის“ ფეხბურთელები „გაჩერდნენ“ და გოლი ამიტომაც გავიდა…  

ბოდიში კი, როგორც იტყვიან,  გასახდელშიო, რადგან „რეკორდმაისტერი“ წლეულს ტიტულის გარეშე დარჩება. 

ალბათ უკვე დროა, რომ „ბაიერნში“ ნოიერის შემცვლელზეც იზრუნონ. ამ თვალსაზრისით კი გიორგი მამარდაშვილზე უკეთესს, რომელიც დისკვალიფიკაციიდან დაბრუნებისთანავე „ვალენსიას“ და „რაიო ვალეკანოს“ მატჩის საუკეთესო ფეხბურთელად დაასახელეს, ნამდვილად ვერ იპოვიან. 

კონსპიროლოგების აზრით, წარუმატებლობის მიზეზი შეიძლება ჰარი კეინიც იყოს, რადგან ინგლისური ფეხბურთის ვარსკვლავს თავისი ხანგრძლივი კარიერის მანძილზე ერთი გუნდური ტიტულიც არ აქვს მოპოვებული… 

გერმანული ფეხბურთის გულშემატკივრებს კი კოვზი ნაცარში ჩაუვარდათ, რადგან 2013 წლის „უემბლის“ ფინალი ვეღარ განმეორდება.

გარდა ამისა, „დორტმუნდს“ ფინალში განსაკუთრებული მისია ექნება შესასრულებელი, რადგან თუკი ის დამარცხდება, მაშინ გამოვა, რომ „რეალს“ ჩემპიონთა ლიგის მიმდინარე სეზონში ჯგუფურ ეტაპზე ბერლინის „უნიონის“ ჩათვლით, ტურნირის მონაწილე ოთხივე გერმანული გუნდი ეყოლება დამარცხებული, რაც ცოტა არ იყოს შეურაცხმყოფელი იქნება ბუნდესლიგისათვის. 

სამაგიეროდ „ლევერკუზენი“ „ტრიპლეტთან“ უკვე მაქსიმალურად ახლოსაა, თანაც „რომასთან“ განმეორებით შეხვედრაში მორიგმა „ჯადოსნურმა გოლმა“ ჩაბი ალონსოს გუნდის წაუგებელი მატჩების სერია 49-მდე გაზარდა.

ჯადოსნურ გოლებამდე კი „ლევერკუზენი“ ხშირად გუნდურ ჩხუბს და ალიაქოთს სტეხს ხოლმე მოედანზე და გამონაკლისი ამ მხრივ „რომასთან“ მატჩიც არ ყოფილა. იქნებ ასეთი ეპიზოდებიც ჩადებულია ჩაბი ალონსოს წარმატების მოდელში, სადაც ზედმეტი უბრალოდ ვერაფერი იქნება?

რა საინტერესო იქნება მომავალ სეზონში „ლევერკუზენის“ მონაწილეობა ჩემპიონთა ლიგაზე, თუკი ალონსო გუნდში დარჩება და გერმანიის მოქმედი ჩემპიონი პლეიოფში მადრიდის „რეალს“ შეხვდება. 

ამჟამად კი წლევანდელი სეზონის აღმოჩენა ევროპის ლიგის ფინალში კიდევ ერთ იტალიურ გუნდს – „ატალანტას“ დაუპირისპირდება, რომელიც აწი ევროარენაზე იტალიური ფეხბურთის ღირსებას „ფიორენტინასთან“ ერთად დაიცავს.

„ბრიუგესთან“ კონფერენს ლიგის საპასუხო მატჩში „ფიორენტინამ“ ჩემპიონთა ლიგაზე „დორტმუნდის“ წინააღმდეგ „პარი სენ-ჟერმენის“ მსგავსად, ძელების კორიანტელი დააყენა, მაგრამ საბოლოოდ მაინც მოახერხა პენალტის გატანა, რამაც ვინჩენცო იტალიანოს გუნდი ამ ტურნირის ფინალში უკვე ზედიზედ მეორედ გაიყვანა.

იქ კი მისი მეტოქე ძალზედ ბრაზიანი და ძნელად გასატეხი პირეოსის „ოლიმპიაკოსი“ იქნება, რაც ჩვენ ამ გუნდის „ასტონ ვილასთან“ ჩატარებულმა საპასუხო შეხვედრამ გვიჩვენა.

„ასტონ ვილა“ მატჩის დებიუტშივე გადავიდა მეტოქის ნახევარზე, რადგან ორი ბურთი ჰქონდა გასაქვითი, მაგრამ მასპინძლებმა პირველივე კონტრიერიში გოლად აქციეს, რამაც ინგლისელებს ფინალში გასვლის ყოველგვარი იმედი გადაუწურა.

უნაი ემერის გუნდს სეზონი ნებისმიერ შემთხვევაში წარმატებული გამოუვიდა, რადგან ის ახლოსაა მომავალ წელს ჩემპიონთა ლიგაზე ასპარეზობასთან. პრემიერლიგის ჩემპიონობისათვის ბრძოლა კი მას შემდეგ გაგრძელდა, რაც ლონდონის „არსენალმა“ ტროსარის ერთადერთი გოლის წყალობით გასვლაზე „მანჩესტერ იუნაიტედი“ დაამარცხა და სატურნირო ცხრილის სათავეში დაბრუნდა.

მაგრამ ინგლისის ჩემპიონის ვინაობა დიდი ალბათობით უკვე შუა კვირაში, ტურნირის დასრულებამდე ერთი ტურით გადაწყდება და ის „ტოტენჰემის“ ხელშია, რადგან, თუკი „მამლები“ შინ გამოტოვებულ შეხვედრაში „მანჩესტერ სიტისთან“ დამარცხდებიან, ძნელად დასაჯერებელია, რომ ბოლო ტურში პეპ გვარდიოლას გუნდმა საკუთარ მოედანზე „ვესტ ჰემს“ ვერ მოუგოს და პრემიერლიგის ზედიზედ მეოთხედ მოგების შანსი ხელიდან გაუშვას.

ამაზე  ფიქრი კიდევ დასაშვები იქნებოდა, „მანჩესტერ სიტის“ ჩემპიონთა ლიგაზე ასპარეზობა რომ გაეგრძელებინა, მაგრამ ახლა გუნდი მთლიანად პრემიერლიგაზეა გადართული, რაც განვლილ უიკენდზე საკუთარ თავზე საწყალობელმა „ფულემმა“ გამოცადა. 

„მეცის“ შემადგენლობაში მორიგი შესანიშნავი მატჩი ჩაატარა გიორგი მიქაუტაძემ, რომელმაც ჯერ მე-13 ბურთი გაიტანა „სტრასბურგის“ შემადგენლობაში, ცოტა ხანში კი საუცხოო გარღვევა განახორციელა და მეტოქის კარის ძელი შეარყია. 

მაგრამ „მეცის“ წყალწაღებულმა მცველებმა მატჩის ბოლო წუთებზე ორი მიუტევებელი შეცდომა დაუშვეს, ორი გოლი გაუშვეს და ქართველ ფორვარდს წყალში ჩაუყარეს არა მხოლოდ ამ მატჩის, არამედ საკმაო ალბათობით მთელი სეზონის ნაღვაწი, რადგან საფრანგეთის ჩემპიონატის ბოლო ტურში „მეცს“ თვით „პარი სენ-ჟერმენი“ ესტუმრება…


მიიღე ყოველდღიური განახლებები!
სიახლეების მისაღებად მოგვწერეთ თქვენი ელ.ფოსტა.