fbpx

მშვენიერეთი – საშიში ზღაპარი უფროსებისთვის


გააზიარე სტატია

ილუსტრაცია: თამარ ნადირაძე

 

17 მაისი, 5 ივლისი, მრავალფეროვნების გაერთფეროვნების არაერთი სასტიკი მცდელობა… 2015 წელს, სახელოვნებო გამოცემისთვის A PRETTY PRETTY ISSUE დავწერე ტექსტი Prettyland (მშვენიერეთი), რაც სამწუხაროდ, დღეს კიდევ უფრო აქტუალური მგონია. ეს არის (საშიში) ზღაპარი უფროსებისთვის. უფრო სწორად, ამ ტექსტს ზღაპრის ფორმა აქვს და იმ ადგილზეა, სადაც ყველაფერ განსხვავებულს ანადგურებენ. ეს საშიში რეალობა ქვიარ ადამიანების წინააღმდეგ დიდი ხანია სხვადასხვა ფორმით არსებობს. დღეს საქართველოში  უკვე საკანონმდებლო დონეზე განიხილება და ეხება, ავიწროებს, ებრძვის ყველას, ვინც ეწინააღმდეგება ქვეყნის რუსულ მმართველობაში გადასვლასა და საბჭოთა კავშირში დაბრუნებას, სხვა სიტყვებით – ისეთი გარემოს შექმნას, სადაც მავნებლები ბატონობენ და განსხვავებულის არსებობა უკვე დანაშაულია.

17 მაისი ჰომოფობიასთან, ტრანსფობიასა და ბიფობიასთან ბრძოლის საერთაშორისო დღეა.

დათა ჭიღოლაშვილი
კურატორი, ანთროპოლოგი

 

“ცხრა მთასა და ცხრა ზღვას იქით იყო ერთი ადგილი, რომელსაც მშვენიერეთი ერქვა. იქ მშვენიერი მდინარე მოედინებოდა და მზეც ყოველთვის მშვენივრად კაშკაშებდა, არასდროს წვიმდა. იქ მხოლოდ მშვენიერი ადამიანები ცხოვრობდნენ და ყოველი წუთი უხაროდათ – მათი მხარის თითქმის ყველა ნაწილში თავისებური მშვენიერება სუფევდა.

ერთ დღეს, მშვენიერმა გრძნეულმა თქვა – „მომავალი დავინახე, წვიმდა და მშვენიერეთი ჩვეულად მშვენიერი აღარ იყო“. მშვენიერეთის მშვენიერი მოსახლეობა შეშინდა. იმ დღის შემდეგ, ისინი მშვენიერეთის საზვრებსაც კი არ უახლოვდებოდნენ, მოსაზღვრე უცხო მხარეებს, სადაც განსხვავებული ადამიანებიც ცხოვრობდნენ. სჯეროდათ, რომ იქიდან დაბერილ ქარს მათთვის მშვენიერისგან განსხვავებულის მოტანა შეეძელო.

მშვენიერი ადამიანები მშვენიერ მწერალთან მივიდნენ და მოსთხოვეს, რომ მხოლოდ მშვენიერი ტექსტები დაეწერა. ყველაფერი განსხვავებული უნდა განადგურებულიყო, რამდენადაც წინასწარმეტყეველების ახდენა შეეძლო. მშვენიერი მწერლის საყვარელი წიგნი იმ განსხვავებულ ადამიანებზე იყო, ვინც მშვენიერეთის გარეთ ცხოვრობდნენ. განადგურება რთული იყო. წაიღეს და დაწვეს. ფერფლი მდინარეს სხვა მხარეში გაატანეს. სჯეროდათ, რომ მათთვის მშვენიერისგან განსხვავებული რაც იყო, შეიძლება წვიმას უკან მოეტანა.

ისინი მშვენიერ ხელოვანთან მივიდნენ და მოსთხოვეს, რომ მხოლოდ მშვენიერი ნამუშევრები შეექმნა. ყველაფერი განსხვავებული უნდა განადგურებულიყო, რამდენადაც წინასწარმეტყეველების ახდენა შეეძლო. მშვენიერი ხელოვანის საყვარელი ნამუშევარი მშვენიერეთისთვის უჩვეულო ამბებზე იყო. განადგურება რთული იყო. წაიღეს და დაწვეს. ფერფლი მდინარეს სხვა მხარეში გაატანეს. სჯეროდათ, რომ მათთვის მშვენიერისგან განსხვავებული რაც იყო, შეიძლება წვიმას უკან მოეტანა.

ისინი მშვენიერ ოჯახებთან მივიდნენ და მოსთხოვეს, რომ მხოლოდ მშვენიერეთის საკვები მოემზადებინათ და მხოლოდ მშვენიერი ტანსაცმელი ჩაეცვათ. ყველაფერი განსხვავებული უნდა განადგურებულიყო, რამდენადაც წინასწარმეტყეველების ახდენა შეეძლო. ზოგს სხვა მხარის რეცეპტები ჰქონდა და მოსწონდა; ზოგს ისეთი ტანსაცმელი ჰქონდა, სხვებს დიდად რომ არ მოსწონდათ. განადგურება რთული იყო. წაიღეს და დაწვეს. ფერფლი მდინარეს სხვა მხარეში გაატანეს. სჯეროდათ, რომ მათთვის მშვენიერისგან განსხვავებული რაც იყო, შეიძლება წვიმას უკან მოეტანა.

ისინი მშვენიერ მასწავლებელთან მივიდნენ და მოსთხოვეს, რომ მხოლოდ მშვენიერი საგნები ესწავლებინა და განსხვავებულად მოაზროვნე მოსწავლეთა შესახებ მათთვის შეეტყობინებინა. ყველაფერი განსხვავებული უნდა განადგურებულიყო, რამდენადაც წინასწარმეტყეველების ახდენა შეეძლო. მშვენიერ მასწავლებელს თავისუფალი აზროვნების სწამდა. განადგურება რთული იყო. ფერფლი მდინარეს სხვა მხარეში გაატანეს. სჯეროდათ, რომ მათთვის მშვენიერისგან განსხვავებული რაც იყო, შეიძლება წვიმას უკან მოეტანა.

ზოგჯერ, მათთვის მშვენიერისგან განსხვავებული შვილები იმ მშვენიერ მშობლებსაც კი უჩნდებოდათ, ვინც მშვენიერეთის საზღვრებსაც კი არ უახლოვდებოდნენ. ყველაფერი განსხვავებული უნდა განადგურებულიყო, რამდენადაც წინასწარმეტყეველების ახდენა შეეძლო. ერთი ბავშვი განსხვავებული იყო, მაგრამ მშობლებს ის უყვარდათ. საკუთარ შვილს ვერ გაანადგურებდნენ. ფერფლი მდინარეს სხვა მხარეში გაატანეს. სჯეროდათ, რომ მათთვის მშვენიერისგან განსხვავებული რაც იყო, შეიძლება წვიმას უკან მოეტანა.

მშვენიერეთის ზოგ ნაწილში ცრემლები მდინარედ მოედინებოდა – მშვენიერი მშობლები საწოლთან ატირდნენ, მშვენიერი მოსწავლეები სკოლაში ატირდნენ, მშვენიერი ოჯახები სახლებში ატირდნენ, მშვენიერი ხელოვანი სახელოსნოში ატირდა, მშვენიერი მწერალი წიგნების თაროსთან ატირდა.

ერთ დღესაც, ქარმა მშვენიერეთში ღრუბლები მოიტანა. ციდან მშვენიერი წვიმა წამოვიდა.

ჭირი იქა, ლხინი აქა, ქატო იქა, ფქვილი აქა.”

 


მიიღე ყოველდღიური განახლებები!
სიახლეების მისაღებად მოგვწერეთ თქვენი ელ.ფოსტა.