fbpx

კინო – თავშესაფარი, მერილ სტრიპი და პოეზია


გააზიარე სტატია

კანის 77-ე კინოფესტივალზე, ანანო ბაკურაძე Mastercard-თან ერთად გვამოგზაურებს, რომელიც უკვე მრავალი წელია ფესტივალის ოფიციალური პარტნიორია და მომხმარებლებს წითელი ხალიჩის შეუფასებელ გამოცდილებას სთავაზობს.

 

ფესტივალის აფიშას განსაკუთრებით ველოდები ხოლმე, ველოდები, რადგან პირველი გზავნილი, რომელსაც ფესტივალი ფარდას ხდის სწორედ აფიშაა. აფიშა გვაუწყებს, როგორი საფესტივალო წელი გველოდება და რაზე გვესაუბრებიან რეჟისორები, რა ადარდებს და რაზე ლაპარაკობს სამყარო დღეს.

კინოს პოეტური სილამაზე, ჯადოსნურობა და სიმარტივე ერთად იყრის თავს იაპონური კინოს მეტრის, აკირა კუროსავას ფილმში “აგვისტოს რაფსოდია”. სწორედ ამ ფილმიდან ვხედავთ კადრს კანის კინოფესტივალის 77-ე გამოშვების ოფიციალურ აფიშაზე. 

კადრი აფიშაზე იხსენებს ჩვენს ჭრილობებს და იბრძვის, რომ არ დაგვავიწყდეს ისინი, მოგვიხმობს ერთიანობისკენ და გვავიწყებს სიმარტოვეს, გვიამებს ტრავმებს და გვესაუბრება ცოცხლებს.

ისეთ მსხვრევად სამყაროში, როგორშიც ჩვენ ვცხოვრობთ, კანი კიდევ ერთხელ გვახსენებს, რომ კინო გამოხატვის უნიკალური ენა და გაზიარების უნიკალური შანსია და რომ კინო ყოველთვის იყო ადგილი, სადაც კაცობრიობა თავისუფლების ისტორიას წერდა. 

1991 წელს კანის არა საკონკურსო პროგრამაში, იმ დროს  81 წლის იაპონელი რეჟისორის კინოსურათი უჩვენეს. ფილმი “აგვისტოს რაფსოდია” კუროსავას ბებიის ისტორიას მოგვითხრობს, რომელიც ნაგასაკის მსხვერპლი გახლავთ და რომელიც მის შვილებსა და ამერიკელ ძმისშვილს სიყვარულის რწმენასა და ერთობას მემკვიდრეობად გადასცემს, თითქოს როგორც რკინის ფარს, რომელმაც ომის დროს მტრისგან უნდა დაგიცვას. 

რეჟისორი თითქოს ომიდან გამოსავალს გვთავაზობს სიყვარულისა და ერთობის სახით. 

წელს საპატიო ოქროს პალმა ამერიკელ მსახიობს მერილ სტრიპს და სტუდიო გიბლის გადასცეს.

მერილ სტრიპი მსოფლიო კინემატოგრაფის ერთ-ერთი ყველაზე გამორჩეული სახეა, ის ყველაზე მეტჯერ, 21-ჯერ იყო ნომინირებული ამერიკული აკადემიის ჯილდოზე და დღემდე არავის მიუღია მასზე მეტი ნომინაცია. 

მერილ სტრიპი დაიბადა 1949 წლის 22 ივნისს ნიუ ჯერსიში, მან იელის უნივერსიტეტის დრამის ფაკულტეტი დაამთავრა და 70-იან წლებში დაიწყო სამსახიობო კარიერა. მას ადვილად შეუძლია გაახმოვანოს სხვადასხვა აქცენტით, სხვადასხვა კინოგმირი. ფესტივალზე მერილ სტრიპმა გაიხუმრა, რომ არა ეს აქცენტების ნიჭი, მთელი ცხოვრება მხოლოდ ნიუჯერსელი გოგოს თამაში მომიწევდაო.

მერილ სტრიპის ფილმოგრაფია, რომელსაც გირჩევდით:

  1. კრამერი კრამერის წინააღმდეგ (1979)
  2. სოფის არჩევანი (1982)
  3. აფრიკის გარეთ (1985)
  4. ეშმაკი ატარებს პრადას (2006)
  5. მამა მია! (2008)
  6. ჯული და ჯულია (2009)
  7. რკინის ლედი (2011)

გიბლი არის ლეგენდარული იაპონური ანიმაციის სტუდია, რომელიც ცნობილია ამბის თხრობის გამორჩეული ტექნიკით, სულისშემკვრელი ანიმაციითა და დასამახსოვრებელი გმირებით. სტუდიო გიბლი 1985 წელს იაპონელმა რეჟისორებმა – ჰაიო მიაძაკიმ, ისაო ტაკაჰატამ და პროდიუსერმა ტოშიო სუზუკიმ დააარსეს.

ანიმე ფილმები, რომლებსაც გირჩევდით:

  1. ჩემი მეზობელი ტოტორო
  2. პრინცესა მონონოკე
  3. ნაუსიკაია ქარების კუნძულიდან
  4. ჰოულის მოძრავი კოშკი

კანის 77-ე გამოშვების ჟიურის პრეზიდენტი ამერიკელი რეჟისორი და მსახიობი გრეტა გერვიგია. მისი ბოლო ყველაზე დიდი წარმატება ფილმი “ბარბი” იყო, თუმცა “ბარბიმდე”  გერვიგს აქვს შესრულებული გენიალური როლი ფილმში: ფრანსის ჰა” და ასევე დასამახსოვრებელი კინოსახე შექმნა ფილმში  “მეოცე საუკუნის ქალები”. სამსახიობო კარიერის შემდეგ ის გადაბარგდა რეჟისურაში და მისი პირველი ნამუშევარია “ქალი, ჩიტი”, რომელმაც ამერიკული აკადემიის ნომინაცია მოიპოვა, საუკეთესო რეჟისორისა და საუკეთესო სცენარის კატეგორიებში.

ჟიურის წევრები არიან: თურქი სცენარისტი ებრუ სეილანი, ამერიკელი მსახიობი ლილი გლადსტოუნი, ფრანგი მსახიობი ევა გრინი, იაპონელი რეჟისორი და ოქროს პალმის რტოს მფლობელი ჰიროკაზუ კორე-ედა, იტალიელი მსახიობი პიერ ფრანჩესკო ფავინო, ჯურასიკ პარკის რეჟისორი ხუან ანტონინო ბაიონა, ფრანგი მსახიობი ომარ სი და ლიბანელი რეჟისორი ნადინ ლაბაკი, რომელსაც ოქროს პალმის რტოსთვის ბევრჯერ უბრძოლია.

კანის კინოფესტივალის ოფიციალური სელექცია:

ფრენსის ფორდ კოპოლა 45 წლის შემდეგ კანში საკონკურსო ფილმით ჩამოდის. ველოდებით, 13 წლის შემდეგ ამერიკელი კლასიკოსის, ფრენსის ფორდ კოპოლას კინოეკრანებზე დაბრუნებას. 85 წლის რეჟისორმა დიდი ფსონი დადო, გაყიდა თავისი ვენახების ნაწილი, იმისთვის, რომ მისი ახალი ფილმი “მეგაპოლისი” დაეფინანსებინა. ფრენსის ფორდ კოპოლა ის ერთ-ერთი იშვიათი რეჟისორია, რომელიც თავის ფილმებს საკუთარი ფულით აფინანსებს.

პრესკონფერენციაზე თავის შვილიშვილთან ერთად მოვიდა და გაიხსენა, რომ 40 წლის წინ, როდესაც ბოლოჯერ იყო კანში, სოფია კოპოლა ჰყავდა მხრებზე შესმული. 

ფილმი მოგვითხრობს ამბავს, რომელიც ძალიან ჰგავს ჩვენს რეალობას, ქართულ დღევანდელობას. ამბავი ვითარდება ამერიკაში, კონკრეტულად კი ნიუ-იორკში, სადაც იდეებით შეპყრობილი მეცნიერი და არქიტექტორი ცდილობს ააშენოს ახალი ქალაქი ქალაქში. ფილმი გვაჩვენებს კორუფციას, დაშინებას, პოლიტიკის ბინძურ მხარეებს, რთული სიყვარულის ისტორიას… 

მთავარ როლებს ადამ დრაივერი, ჯონ ვოითი, ობრი პლაზა და ნატალი ემანუელი ინაწილებენ. 

კონკურსის ამ ეტაპზე განსაკუთრებით გამოვარჩევ ფრანგი რეჟისორის, ჟაკ ოდიარის ნამუშევარს “ემანუელ პერეზი”, რომელიც მიუზიკლია და მოგვითხრობს ამბავს მექსიკელ ბარონსა და მის ადვოკატ ახალგაზრდა ქალზე.

მეტს ვერ ვიტყვი, ყოველი სიტყვა შეიძლება სპოილერი აღმოჩნდეს, არადა გზადაგზა აღმოსაჩენი ფილმია და დაელოდეთ, ამ წლის ერთ-ერთი მთავარი კინოსურათი ზუსტად ეს ფილმი იქნება.  

პროექტი დაიწყო კოვიდის დროს და ორი წლის განმავლობაში მუშაობდნენ ქორეოგრაფიასა და მუსიკაზე. 

ფილმის ქორეოგრაფი დამიენ ჟალეა, რომელიც თანამედროვე ცეკვის ერთ-ერთი ყველაზე დიდი სახელია დღეს. 

ვფიქრობ, ქალის როლის საუკეთესო შესრულებისთვის და საუკეთესო ფილმისთვის ოქროს პალმას ჟაკ ოდიარი და კარლა სოფია გასკონი გადაინაწილებენ.

თუ ასე მოხდება, კარლა სოფია გასკონი იქნება პირველი ტრანსგენდერი ქალი, რომელიც ოქროს პალმას მიიღებს, ქალის როლის საუკეთესო შესრულებისთვის. 

წელს 22 კინოსურათი იბრძვის ოქროს პალმის მოსაპოვებლად, მათ შორის არიან: იორღოს ლანთიმოსი, დევიდ კრონენბერგი, ჟაკ ოდიარი, ალი აბასი, მიშელ ჰაზანავიშუსი, ჟილ ლელუში, კირილ სერებრენიკოვი, კრისტოფ ონორე, პაოლო სორენტინო, პოლ შრადერი, შონ ბეკერი, ანდრეა არნოლდი, აგატ რეიდინგერი, ჟია ჟან კე და ფრენსის ფორდ კოპოლა.

ჟან ლუკ გოდარს აქვს ნათქვამი: “მხატვრული კინო არის ის, რაც მე გადამხდა, დოკუმენტური კინო კი არის ის, რაც სხვებს გადახდათ” – ვნახოთ, რა გადახდათ ადამიანებს, რას გვიამბობენ და რას ვუამბობთ ჩვენ ერთი კვირის განმავლობაში.  


მიიღე ყოველდღიური განახლებები!
სიახლეების მისაღებად მოგვწერეთ თქვენი ელ.ფოსტა.