“გაბედე, იცხოვრე შენი ცხოვრებით” – m²-მა თბილისის კულტურის კვირეულზე ახალი გზავნილი წარადგინა
9 მაისს მულტიფუნქციურ სივრცეში – Factory Tbilisi თბილისის კულტურის კვირეული გაიხსნა. რეგიონში ერთ-ერთმა ყველაზე მასშტაბურმა სახელოვნებო ღონისძიებამ ოთხი დღის განმავლობაში უცხოელი და ქართველი არტისტების გამოფენები, ვორქშოპები, ფილმები და მოდის ჩვენებები გააერთიანა.
ღონისძიების გენერალური პარტნიორი წელს m² იყო, რომელმაც ტრადიცია არ დაარღვია და კულტურულ ღონისძიებაზე წარდგა ახალი ორიგინალური გზავნილით – “გაბედე”, რომელიც უკვე ბრენდის არსებული მესიჯის – “იცხოვრე შენი ცხოვრებით” გაგრძელებაა.
m²-მა თავის ინტერაქციულ კუთხეში სტუმრებს საინტერესო აქტივობები შესთავაზა. როდესაც დამთვალიერებლები Factory Tbilisi-ის მთავარ სივრცეში იყრიდნენ თავს, დიდ ინტერესს იწვევდა m²-ის კუთხე, სადაც სტუმრებს ე.წ. Fortune Cookie-ის დაგემოვნების შესაძლებლობა ჰქონდათ. მასში აღმოჩენილი სიმბოლური მნიშვნელობის ფრაზები, ერთი მხრივ, კომპანიის გზავნილზე გვაფიქრებდა, მეორე მხრივ კი – დადებითი განწყობის და მოტივაციის შემქმნელი იყო, რასაც მარტივად ამოიცნობდით თითოეული სტუმრის რეაქციასა და განწყობაში.
m²-ის ახალი გზავნილისა და თბილისის კულტურის კვირეულის მხარდაჭერაზე At.ge-სთან ისაუბრა ბრენდის განვითარების დეპარტამენტის ხელმძღვანელმა ირინა დუმბაძემ.
“m² ყოველთვის მხარს უჭერს კულტურულ ღონისძიებებს მთელი საქართველოს მასშტაბით. თბილისის კულტურის კვირეულზე წარვადგინეთ ჩვენი ახალი გზავნილი – “გაბედე”. ეს კომპანიის უკვე არსებული სლოგანის – “იცხოვრე შენი ცხოვრებით” დაზუსტებაა. საკუთარი ცხოვრებით ცხოვრებას ხშირად გაბედვა სჭირდება. გაბედვა გვჭირდება ყოველდღე – ურთიერთობებში, აღიარებაში, გათავისუფლებაში, შიშის დაძლევაში.“გაბედვა” ზუსტად ეხმიანება შემოქმედებით ხასიათს და უმეტესწილად სწორედ ის აქცევს შემოქმედებას ხელოვნებად. ყველაფერი საინტერესო გაბედვით იწყება,” – ამბობს ირინა დუმბაძე, ბრენდის განვითარების დეპარტამენტის ხელმძღვანელი.
თბილისის კულტურის კვირეულის ფარგლებში ბევრი ისეთი პროექტი და ნამუშევარი იყო წარმოდგენილი, რომლებიც ავტორების გამბედავი ხედვით შეიქმნა. ერთ-ერთი გამორჩეული და ორიგინალური პროექტი, რომელიც აუდიტორიამ Culture Week Tbilisi-ის გახსნის დღეს იხილა, ცნობილი მოდის ჟურნალისტის და ბლოგერის – დაიან პერნეს კურატორობით მოწყობილი გამოფენა იყო. ექსპოზიციამ კონცეპტუალური დიზაინის კოსტიუმები გააერთიანა. ამ ნამუშევრების ავტორები არიან თანამედროვე არტისტები სხვადასხვა ქვეყნიდან, რომლებიც მოდას ვიზუალური ხელოვნების ექსპერიმენტულ ფორმად წარმოაჩენენ. აღსანიშნავია, რომ თავად დაიან პერნე Culture Week Tbilisi-ის ყველა დღეს ესწრებოდა და პარალელურად სოციალურ ქსელში საკუთარ აუდიტორიას ღონისძიების შესახებ სიახლეებს და შთაბეჭდილებებს უზიარებდა.
განსაკუთრებით ემოციური და სანახაობრივი იყო Culture Week Tbilisi-ის პირველი დღის დახურვა, როცა სცენაზე სუხიშვილებმა შთამბეჭდავი ქორეოგრაფიული შოუ წარადგინეს. სუხიშვილების ეროვნულმა ბალეტმა მოწვეულ საერთაშორისო სტუმრებს და პრესას ჩვენი ქვეყნის მრავალსაუკუნოვანი ტრადიციები ყველაზე გამომსახველობითი ფორმით წარუდგინა.
თბილისის კულტურის კვირეულის ძირითადი იდეაც მსოფლიოსათვის ქართული კულტურული მემკვიდრეობის და თანამედროვე სახელოვნებო სივრცის გაცნობა იყო. როგორც Culture Week Tbilisi-ის დამფუძნებელი სოფო ჭყონია აღნიშნავს, ღონისძიებამ წელს ხელოვნების სხვადასხვა მედიუმიდან 30-მდე მონაწილე გააერთიანა.
“აუცილებელია, რომ ქვეყანაში მსგავსი პროექტები ხშირად ტარდებოდეს. თბილისის კულტურის კვირეული უამრავი საერთაშორისო გავლენიანი პრესის წარმომადგენელი ესწრება და ბუნებრივია, ამ გზით საქართველოს ცნობადობა იზრდება.”
წელს მოდის კვირეული Mercedes-Benz Fashion Week Tbilisi კულტურის კვირეულის ერთ-ერთი ნაწილი იყო. მის ფარგლებში არაერთი შთამბეჭდავი კოლექცია ვიხილეთ. ამ მხრივ აღსანიშნავია ქართული მოდის ინდუსტრიის ისეთი ცნობილი სახე, როგორიც ჯაბა დიასამიძეა. დიზაინერმა კლასიკური ეპოქის მაღალი მოდის ესთეტიკითა და თანამედროვე ხედვის შერწყმით ათეულობით ულამაზესი კოსტიუმი წარადგინა.
ნაცნობ სახეებს შორის იყო დიზაინერი აკა ფროდიაშვილი, რომელმაც თავისებური კონცეპტუალური ხელწერით შექმნილი მოდელები წარადგინა. შთამბეჭდავი იყო სეტი, მუსიკალური გაფორმება და ჩვენების პერფორმაციული ხასიათი. აუდიტორიის განსაკუთრებული ემოცია კი ბოლო ლუქმა გამოიწვია, როცა პოდიუმზე მოდელი ლიკა რიგვავა ევროკავშირის დროშით შთაგონებული კოსტიუმით წარდგა.
მოდის ჩვენებების განრიგში ახალი სახეებიც იყვნენ. მაგალითად, 2022 წელს დაფუძნებულმა ბრენდმა – Jesus Star-მა ახალი კოლექციის ჩვენება მოაწყო, რომელიც მოულოდნელი მრავალფეროვნებით და კინემატოგრაფიული ესთეტიკით გამოირჩეოდა.
თბილისის კულტურის კვირეულის ფარგლებში შედგა დიზაინერ ჯაბა ქურთიშვილის ბრენდის – DZHABA-ს კოლექციის ჩვენებაც. დიზაინერმა Mercedes-Benz Fashion Week Tbilisi-ის კონკურსში – Be Next გასულ წელს გაიმარჯვა, ამჯერად კი სადებიუტო კოლექცია წარმოადგინა. როგორც დიზაინერმა აღნიშნა, კოლექციის კონცეფცია მაღალი და ყოველდღიური მოდის ერთგვარი სინთეზი იყო.
თბილისის კულტურის კვირეულში სპეციალური წარმოდგენით მონაწილეობდა ახალი დამოუკიდებელი თეატრალური სივრცე – “თეატრის სახელოსნო 42”. მაყურებელმა კონცეპტუალური პარიკების პერფორმანსი იხილა. აღსანიშნავია, რომ თეატრალური წარმოდგენა სპეციალურად Culture Week Tbilisi-სთვის დაიდგა.
გამორჩეული იყო 12 მაისი – კვირეულის დასკვნითი დღე, როცა თბილისის კულტურის კვირეული ნიკოლოზ რაჭველის, სიმფონიური ორკესტრისა და ანიტა რაჭველიშვილის კონცერტით დასრულდა. მუსიკალური საღამო ზაქარია ფალიაშვილის ნაწარმოებით გაიხსნა და მიწვეულ სტუმრებს კიდევ ერთხელ წარუდგინა ქართული კულტურის მრავალმხრივი, შთამბეჭდავი მემკვიდრეობა.