fbpx

ივნისის ლიტერატურული კალენდარი


გააზიარე სტატია

ავტორი: მათე წიკლაური

 

ზაფხულის პირველი თვე სავსეა უმნიშვნელოვანესი ლიტერატურული თარიღებით. ივნისში არაერთი ბრწყინვალე ავტორი დაიბადა. მათი შემოქმედება უძლებს დროს, უფრო და უფრო პოპულარული ხდება და კიდევ ერთხელ გვაბრუნებს სამყაროს იმ მახასიათებლებთან, რომლებიც ადამიანის ცხოვრების განუყოფელ ნაწილად უხსოვარი დროიდან დღემდე აქტუალურად გვევლინება. 

 

  • 3 ივნისი – ვასილ ბარნოვი და ალენ გინსბერგი

XIX-XX საუკუნეების ქართული ლიტერატურის ერთ-ერთი გამორჩეული წარმომადგენელია ვასილ ბარნოვი. ის ქართული ისტორიული რომანის ფუძემდებლად მიიჩნევა და ცნობილია ისეთი რომანებით, როგორებიცაა: „ტრფობა წამებული“  და  „მიმქრალი შარავანდედი“. მიუხედავად იმისა, რომ ავტორი ისტორიულ რომანებს წერდა, მისი შემოქმედების მთავარი  რგოლი ისტორიული სინამდვილის ასახვა არასოდეს ყოფილა, ვასილ ბარნოვის შემოქმედება ზოგადსაკაცობრიო ასპექტებსაც მიმოიხილავდა და ამდენად, ქართული ლიტერატურის ისტორიაში გამორჩეულია.

3 ივნისი დაბადების თარიღია დიდი ამერიკელი პოეტისთვისაც. 1926 წელს დაბადებული ალენ გინსბერგი ბიტნიკთა თაობის წარმომადგენელია. უილიამ ბეროუზის, ჯეკ კერუაკისა და ბიტნიკთა თაობის სხვა დიდი მწერლების სახელებს ხშირად გაიგებთ ალენ გინსბერგის გარშემო. მისი ცხოვრება იმდენი გამოცანითა და უცნაურობითაა სავსე, რამდენითაც მისი შემოქმედება.  

 

  • 5 ივნისი – ფედერიკო გარსია ლორკა

ესპანელი პოეტი და დრამატურგი, ფედერიკო გარსია ლორკა 1898 წლის 5 ივნისს გრანადას პროვინციის სოფელ ფუენტე ვაკეროში დაიბადა. მსოფლიო პოეზიაში რთულად თუ მოიძებნება ისეთი გამოკვეთილი პოეტური ხელწერის მქონე ავტორი, როგორიც გარსია ლორკაა. მისი ცნობილი ლექსი „სხვისი ცოლი“ სხვადასხვა დროს თამაზ ჩხენკელმა და დავით წერედიანმა თარგმნეს. ქართველ მკითხველს გაუმართლა და სწორედ წერედიანისეული ოსტატობით ნათარგმნი „ბოშური რომანსერო“ ჩაუვარდა ხელში. ლორკა მეგობრობდა ხუან რამონ ხიმენესთან, ანტონიო მაჩადოსთან, სალვადორ დალისთან და პაბლო ნერუდასთან. ესპანელი პოეტის სახელს უკავშირდება მოხეტიალე სტუდენტთა თეატრის ჩამოყალიბებაც, თეატრისა, რომელმაც ესპანეთის გარდა, სახელი სამხრეთ ამერიკაშიც გაითქვა. სამოქალაქო ომში ლორკას ჩართვას 1936 წელს მისი ფალანგისტების მიერ წამება და დახვრეტა მოჰყვა.

 

  • 6 ივნისი –  პიერ კორნელი და თომას მანი

XVII საუკუნის ფრანგული დრამატურგია პიერ კორნელის გარეშე არ არსებობს. კორნელი წვრილი ბურჟუას ოჯახში 1606 წლის 6 ივნისს დაიბადა, მიიღო იეზუიტური განათლება და იურისპრუდენცია შეისწავლა. ადვოკატად ქცეულმა ავტორმა მკითხველს თავი კომედიებით გააცნო და მალევე მოიპოვა აღიარება. მისი ნაწარმოებების გმირები ძირითადად მითოლოგიური და ისტორიული ალუზიებით არიან აგებულნი. მწერალი ყოველთვის ხაზს უსვამდა სოციალური მდგომარეობისა და მორალური ღირსების თანაკვეთის საკითხს. კორნელის ყველაზე პოპულარული ნაწარმოები „სიდი“ გახლავთ. პიესამ, შინაარსიდან გამომდინარე, დიდი განხილვა გამოიწვია,  რამაც კორნელის სიდიადესა და მნიშვნელობას კიდევ ერთხელ გაუსვა ხაზი.

1929 წელს ნობელის პრემია ლიტერატურის დარგში თომას მანმა მიიღო, მაგრამ მისი გენიალურობის აღწერა საკმარისად არანაირ ჯილდოს არ შეუძლია. XIX-XX საუკუნეებში, ძალიან რთული სათქმელია, ვინმე თუ იყო მასზე დიდი, ან სადმე უკეთესად თუ ჩანს, რა არის ევროპა, ვიდრე ეს „ჯადოსნური მთის“, „ბუდენბროკებისა“ და სხვათა გვერდებზე. მისი შვეიცარიაში ყოფნის დროს ნაცისტური რეჟიმი აღზევდა, პოლიტიკური შეხედულებებიდან გამომდინარე, მწერალი ციურიხში დარჩა. სულ მალე ხელისუფლება უფრო აძულებდა თომას მანის შემოქმედებას მოსახლეობას, კრძალავდა და წვავდა მის წიგნებს, მაგრამ ცეცხლმა შემოქმედებას ვერაფერი დააკლო, რადგან, როგორც თავად იტყოდა“, „სადაც თავადაა, გერმანული კულტურაც იქ არის.“ მანი ავტორია ისეთი მნიშვნელოვანი ნაწარმოებებისა, როგორებიცაა: „სიკვდილი ვენეციაში“, „ტონიო კრიოგერი“, „ჯადოსნური მთა“, „ბუდენბროკები“, „დოქტორი ფაუსტუსი“, „ავანტიურისტ ფელიქს კრულის აღსარება“, „იოსები და მისი ძმები“ და სხვა. 

 

  • 7 ივნისი – ორჰან ფამუქი

1952 წლის 7 ივნისს თანამედროვეობის ერთ-ერთი საუკეთესო ავტორი, ორჰან ფამუქი დაიბადა. სწორედ მას უნდა უმადლოდეს თურქეთი, რომ მსოფლიოს ლიტერატურულ რუკაზე გაჩნდა. ორჰან ფამუქმა 2006 წელს ნობელის პრემია მიიღო და თურქულ პოსტმოდერნისტულ ლიტერატურაში წამყვან ავტორად მოგვევლინა. ფამუქის შემოქმედება მსოფლიოს 60 ქვეყანაში, მათ შორის საქართველოშიცაა ნათარგმნი და ყველგან დიდი პოპულარობით სარგებლობს. ორჰან ფამუქს თურქეთში პრობლემები აქვს სომხების გენოციდთან არსებული მოსაზრების გამო. „მე წითელი მქვია“, „თოვლი“, „ჩემი გონების უცნაური ფიქრები“, „შავი წიგნი“ და სხვა რომანები იმდენად ჰგავს ქართულ რეალობას, რამდენადაც, მწერლის თქმისა არ იყოს, თბილისი ჰგავს სტამბულს. ამ მსგავსებებს კი ძალიან ნათლად ვხედავთ ფამუქის ჩანაწერების კრებულის („სტამბოლი: მოგონებები და ქალაქი“) კითხვისას. თურქი მწერალი საქართველოშიც ნამყოფია, მას ძალიან მოსწონს თბილისის მრავალფეროვნება და ამას რომანებშიც არ მალავს ხოლმე, ასევე, როგორც აღნიშნა, ძალიან უყვარს ნიკო ფიროსმანი და დაგვპირდა, რომ აუცილებლად დაწერს მასზე. 

 

  • 11 ივნისი – იასუნარი კავაბატა

1968 წლის ნობელის პრემიის ლაურეატი, ლეგენდარული იაპონელი იასუნარი კავაბატა 1899 წლის 11 ივნისს დაიბადა. აკუტაგავასთან და მისიმასთან ერთად, ის ერთ-ერთი საუკეთესო იაპონელი ავტორია. საქართველოში ბრწყინვალედ შესრულებული თარგმანების წყალობით, მის რომანებს – „ათასფრთიანი წერო“ და „თოვლიანი მხარე“ შესანიშნავად ვიცნობთ. კავაბატა ძალიან ტრაგიკული ბედის ადამიანი იყო, შემთხვევითი სულაც არაა, რომ მისი შემოქმედება, სხვა დიდი იაპონელი ავტორების მსგავსად, მკაფიოდ ირეკლავს მშვენიერებისა და დიდი ადამიანური ტკივილების ნაზავთა შტრიხებს. სხვა იაპონელი კლასიკოსების მსგავსად, კავაბატამ სიცოცხლე თვითმკვლელობით დაასრულა, – როგორც ამბობენ, მწერალმა თავი გაზით გაიგუდა. 

 

  • 13 ივნისი – უილიამ ბატლერ იეიტსი

XX საუკუნის უდიდესი პოეტი, უილიამ ბატლერ იეიტსი 1865 წლის 13 ივნისს დაიბადა. იეიტსმა დააარსა ირლანდიის ნაციონალური თეატრი, 1923 წელს ნობელის პრემია მიიღო და მსოფლიო ლიტერატურულ რუკაზე დიდი ასოებით ჩაიწერა. ქართულ ენაზე მისი „კელტური მიმწუხრია“ ნათარგმნი. პოეტი ნაციონალისტი იყო, ეკავა თავისუფალი სახელმწიფოს სენატორის თანამდებობაც. მისი პოეტური შედევრებისთვის დამახასიათებელია სიმბოლიზმი და ალუზიური გადმოცემა. ლექსის ტრადიციული ფორმის ოსტატი, იეიტსი, შესანიშნავად ასახავს ირლანდიურ პათოსსა და სულს, სწორედ ამიტომ არ კარგავს აქტუალობას და ერთ-ერთ წამყვან ავტორად რჩება. 

 

  • 16 ივნისი – ჯოვანი ბოკაჩო

1313 წლის 16 ივნისს „დეკამერონის“ ავტორი, ჯოვანი ბოკაჩო დაიბადა. ბოკაჩოს ნეაპოლის პერიოდი მისი ახალგაზრდობის შემოქმედებასთან გვაახლოებს, ფლორენციის კი უფრო გვიანდელია. მიუხედავად იმისა, რომ ბოკაჩომ ფართო ჰუმანისტური განათლება მიიღო, მას ცრურწმენების სჯეროდა. ის იტალიური ლიტერატურის საწყისადაც კი გვევლინება, შექმნა იტალიური პროზაული ენა და ამიტომაა მისი როლი განუზომლად დიდი არა მარტო იტალიურ, არამედ მსოფლიო ლიტერატურაში. „დეკამერონი“ არის იმდროინდელი საზოგადოების სხვადასხვა ფენების ასახვა, კომედიური ელემენტებითა და დრამატული ნიუანსებით სავსე, მარადიული და ყოველთვის აქტუალური. 

 

  • 21 ივნისი – აკაკი წერეთელი, ჟან-პოლ სარტრი და ფრანსუაზ საგანი

1840 წლის 21 ივნისს  იმერეთში, სოფელ სხვიტორში, ქართველი პოეტი, პროზაიკოსი და საზოგადო მოღვაწე აკაკი წერეთელი შეძლებული თავადის, როსტომ წერეთლის ოჯახში დაიბადა. ტრადიციის კვალდაკვალ გაიზარდა ღარიბი გლეხის ოჯახში, – ამ პერიოდს თავისი ცხოვრების საკვანძო ეტაპად მიიჩნევს და შემოქმედებაშიც არაერთხელ უბრუნდება. მრავალი ძალიან ცნობილი ლექსის, „გამზრდელის“, „ბაში-აჩუკის“ და სხვა არაერთი პოეტური თუ პროზაული კრებულის ავტორი ქართული ლიტერატურის მნიშვნელოვანი რგოლია. მის ცხოვრებაზე ძალიან ბევრი ინფორმაცია მოიპოვება, იქნება ეს სხვათა მოგონებები, ბიოგრაფიული დეტალები თუ თავად აკაკის „ჩემი თავგადასავალი“.

ჟან-პოლ სარტრი 1905 წლის 21 ივნისს პარიზში დაიბადა. ფრანგი მწერალი და ფილოსოფოსი საქართველოში ძალიან პოპულარულია. მისი რომანები „გულისრევა“, „თავისუფლების გზები I“ და სხვა ნამდვილად აღაფრთოვანებს მკითხველს და დიდ გავლენას ახდენს მის მსოფლმხედველობაზე. სარტრი ბურჟუაზიულ ოჯახში დაიბადა. მის ცხოვრებაზე ამ დეტალს დიდი გავლენა ჰქონდა – 1945 წელს მწერალმა ჟურნალი დააარსა, რომელიც მიზნად ისახავდა ბურჟუაზიული საზოგადოების ტრანსფორმირებას, 1968 წელს სარტრი კომუნისტური პარტიის წინააღმდეგ გამოდის. 1964 წელს სარტრი უარს ამბობს ნობელის პრემიის მიღებაზე. 1980 წელს მას მონპარნასის სასაფლაოზე კრძალავენ, მაგრამ მისი შემოქმედება რჩება, როგორც უკვდავი და მარადიული.

ფრანსუაზ საგანი 1935 წელს საფრანგეთში დაიბადა და მწერლის კარიერა მალევე დაიწყო. მისი პირველი რომანი „სალამი, სევდავ“ 18 წლის ასაკში გამოქვეყნდება. ნაწარმოებს დიდი აღიარება ერგო და არაერთი ლიტერატურული პრემია დაიმსახურა. საქართველოში ფრანგი ავტორი არაერთი რომანითაა ცნობილი, იქნება ეს „საოცარი ღრუბლები“, „გიყვართ ბრამსი?“ თუ სხვა. ფრანსუაზ საგანი 2004 წლის 24 სექტემბერს ფილტვების დაავადებით გარდაიცვალა.

 

  • 22 ივნისი – ერიხ მარია რემარკი

1898 წლის 22 ივნისს ოსნაბრიუკში დაიბადა დიდი გერმანელი მწერალი, ერიხ მარია რემარკი. მისი ანტიფაშისტური რომანები დღემდე დიდი პოპულარობით სარგებლობს მსოფლიოში. რემარკი მსოფლიო ომის მონაწილე გახლდათ, ამდენად, გასაკვირი სულაც არაა, რომ მისი შემოქმედება ომის თემატიკას ეხება და მის შემზარაობასა და სისასტიკეს ასახავს. საქართველოში რემარკის შემოქმედება ძალიან პოპულარულია. მისი რომანები: „სამი მეგობარი“, „ტრიუმფალური თაღი“, „დასავლეთის ფრონტი უცვლელია“, „ჟამი სიცოცხლისა და სიკვდილისა“ და სხვა აღაფრთოვანებს მკითხველს და გადაისვრის რემარკისეულ სევდიან, ღრმა ფილოსოფიური განცდის სამყაროში. 

 

  • 25 ივნისი – ჯორჯ ორუელი

ინგლისელი მწერალი და ესეისტი 1903 წელს ინდოეთში დაიბადა. მისი შემოქმედება ტოტალიტარული რეჟიმის მავნებლობისა და სისასტიკის ასახვის მცდელობადაც შეგვიძლია მივიჩნიოთ. ორუელის რომანები ტოტალიტარიზმისგან განცდილ ტკივილებზეა აგებული, მაგრამ ამავდროულად, წინასწარმეტყველურ ხასიათსაც ატარებს. 1945 წელს მწერალმა „ცხოველების ფერმა“ გამოაქვეყნა და სოციალისტური იდეის განხორციელების შეუძლებლობა და კრახი გვიჩვენა. მალევე გამოვიდა მისი უმთავრესი რომანი „1984“. საქართველოში ორუელის შემოქმედებას კარგად იცნობენ და მისი შინაარსის აქტუალობიდან გამომდინარე, არასოდეს ტოვებენ ყურადღების მიღმა. მწერალი 46 წლის ასაკში გარდაიცვალა, მაგრამ მისმა შემოქმედებამ უამრავ ადამიანზე იქონია გავლენა და, სწორედ ამიტომაა, რომ დღემდე დიდი პოპულარობით სარგებლობს მთელ მსოფლიოში. 

 

  • 29 ივნისი – პაოლო იაშვილი და ანტუან დე სენტეგზიუპერი

„ცისფერყანწელების“ ერთ-ერთი მთავარი წარმომადგენელი 1894 წლის 29 ივნისს დაიბადა არგვეთში, საჩხერეში. პაოლო „ცისფერყანწელთა“ ორდენის ფარგლებში კოლაუ ნადირაძესთან, ვალერიან გაფრინდაშვილთან და ტიციან ტაბიძესთან ერთად  მოღვაწეობდა. მისი შემოქმედება სიმბოლიზმის აღზევების ერთ-ერთი მთავარი  ფაქტორია საქართველოში. მიუხედავად იმისა, რომ საბჭოთა ოკუპაციას პაოლო დიდად არ ეწინააღმდეგებოდა, რეჟიმის „მსახვრალი ხელი“ მასაც მოხვდა და მწერალი სხვადასხვა ტიპის ზეწოლის შედეგად თვითმკვლელობამდეც მივიდა.  მის შემოქმედებაზე, გარდაცვალების მიზეზებსა და ზოგადად ცხოვრებაზე ძალიან ბევრი ჭორი არსებობს. პაოლოს შემოქმედება ძალიან ბუნდოვანი, განსხვავებული და მისტიკური პათოსით სავსე იყო, ასეთი იყო მისი ცხოვრებაც – გაუგებარი და ტყუილ-მართალში გადაზელილი.

ანტუან დე სენტ-ეგზიუპერი „პატარა უფლისწულის“ ავტორია. მფრინავი და მწერალი 1900 წლის 29 ივნისს დაიბადა. მასზე საუბარი დაუსრულებლად შეიძლება, მაგრამ ერთია, რომ ეგზიუპერმა არა მარტო ფრანგული, არამედ მთლიანად მსოფლიო ლიტერატურა აიყვანა სხვა სიმაღლეზე და რთულად თუ იპოვით ვინმეს, ვისაც „პატარა პრინცთან“ ერთად არ უმოგზაურია და მრავალგზის არ მიბრუნებულა მის საოცარ, მაგიურ სამყაროში. 

ასეთია ივნისის, ზაფხულის პირველი თვის ლიტერატურული მხარე. ბევრი დიდი მწერლის დაბადების დღითა და მნიშვნელოვანი თარიღით დახუნძლული. 


მიიღე ყოველდღიური განახლებები!
სიახლეების მისაღებად მოგვწერეთ თქვენი ელ.ფოსტა.