fbpx

გზამკვლევი თბილისის წიგნის საერთაშორისო ფესტივალზე


გააზიარე სტატია

ავტორი: მათე წიკლაური

 

სულ მალე წიგნის მოყვარულთათვის ნამდვილი დღესასწაული იწყება – ტრადიციულად ექსპო ჯორჯია მკითხველს 30 მაისიდან 2 ივნისის ჩათვლით უმასპინძლებს. ფესტივალი უამრავ საინტერესო ღონისძიებასა და სიახლეს გვთავაზობს. უამრავი გამომცემლობა  ძალიან საინტერესო დღეებს შეუქმნის მკითხველს. ფესტივალი კვლავ უმასპინძლებს პროექტს – „მსახიობები ლიტერატურისთვის“ – ღონისძიების ფარგლებში ქართველი მსახიობები მათ მიერ შერჩეულ წიგნებს წარადგენენ. პირველად ამ ფესტივალზე გარე სივრცეში, მე-4 და მე-5 პავილიონების წინ, გაიმართება ფლიმარკეტიც, სადაც მკითხველს სხვადასხვა აქსესუარებს შესთავაზებენ. ეჭვგარეშეა, დაუვიწყარი ოთხი დღე გველოდება, ამდენი შესანიშნავი ღონისძიება და ლიტერატურული სიახლე ლაბირინთში აუცილებლად მოგვაქცევს, მაგრამ მისგან თავის დაღწევაში ჩვენ დაგეხმარებით.

 

  • გაბრიელ გარსია მარკესი – „შევხვდებით აგვისტოში“

თბილისის წიგნის საერთაშორისო ფესტივალის ერთ-ერთი მთავარი სიახლე გამომცემლობა „ინტელექტს“ უკავშირდება. დიდი კოლუმბიელი მწერლის, გაბრიელ გარსია მარკესის რომანი „შევხვდებით აგვისტოში“ ავტორის უკანასკნელი რომანია, რომელიც ქეთევან ხუსკივაძემ თარგმნა.  გაბოსთვის ჩვეული მაგიური რეალიზმის შტრიხები სიუჟეტს ასაკოვანი დაოჯახებული ქალის გარშემო კრავს. ანა მაგდალენა ბახი ბორნით ყოველ აგვისტოს ჩადის კუნძულზე, სადაც დედამისია დაკრძალული. ტრადიცია პერსონაჟისთვის მაცდუნებელი ხდება და ერთი ღამით მას განსხვავებულ ადამიანად აქცევს. ეს არის რომანი სიხარულზე, ქალის სურვილებსა და მისწრაფებებზე. ასეთი მარკესი თითქოს აქამდე არასოდეს გვინახავს, მისი მაგია მკითხველს კიდევ ერთხელ გადაისვრის ნაცნობ სამყაროში და ამჯერად სხვა თვალით დაანახებს მას. 

 

  • გორგილაძის აუტანელი სიმსუბუქე – 4 წიგნი

წიგნის ფესტივალზე შევხვდებით გამომცემლობა „ინტელექტის“ ახალ სერიას – „გორგილაძის აუტანელი სიმსუბუქე“. სერია იმ წიგნებს აერთიანებს, რომლებმაც წამყვანის ცხოვრებაზე დიდი გავლენა მოახდინეს. საფესტივალოდ მკითხველს ოთხ წიგნთან მოუწევს გადაკვეთა: გაბრიელ გარსია მარკესის „პოლკოვნიკს არავინ სწერს“, „ფოთოლცვენა“ და „გენერალი თავის ლაბირინთში“, კარლოს ფუენტესის – „არტემიო კრუსის სიკვდილი“, კამილო ხოსე სელას „პასკუალე დუარტეს ოჯახი“ და ნუგზარ შატაიძის „ნოემბრის წვიმა და სხვა“.

 

  • ჟან-კლოდ კარიერი, უმბერტო ეკო – „იმედი არ გქონდეთ, რომ წიგნებს მოიშორებთ“

წიგნის დღესასწაულს მოუთმენლად ამ ტექსტის გამოც უნდა დაველოდოთ. გამომცემლობა „დიოგენე“ სერია “NONFCTION”-ში ახალ წიგნს გვთავაზობს. ფრანგულიდან შესრულებული თამარ ლომიძის ეს შესანიშნავი თარგმანი პაპირუსის როლიდან დაწყებულ და ინტერნეტისა და ელექტრონული წიგნების გავლენით დამთავრებულ ისტორიას გიამბობთ. იტალიელი და ფრანგი რომანისტების გატაცება წიგნებია, მათი დაკვირვებები და შემჩნევები ერთიორად საინტერესო და ღრმად ჩასაფიქრებელი. 

 

  • ოსამუ დაძაი – „აღარ ვივარგებ ადამიანად“

XX საუკუნის დიდი იაპონელი მწერალი ოსამუ დაძაი ძირითადად საზოგადოებისგან პიროვნების იზოლირების პრობლემასა და ამით გამოწვეულ ტრაგიზმს ეხება. „აღარ ვივარგებ ადამიანად“ ოსამუ დაძაის ყველაზე ცნობილი ნაწარმოებია, რომელიც ავტობიოგრაფიულ ელემენტებს შეიცავს. მოთხრობის მთავარი გმირი იოძო ობაა – ახალგაზრდა კაცი, რომლის შინაგანი სამყარო შეშინებული ბიჭისას მოგვაგონებს. მიუხედავად დიდი მცდელობებისა, ის ადამიანების დახმარებას ვერ იღებს და მარტოობით იტანჯება. სევდითა და მარტოსულობით გატანჯული მთავარი გმირი კი ცხოვრებისეულ საწყისსა და წონასწორობას კარგავს. თამთა ბოკერიას ეს შესანიშნავი თარგმანი გამომცემლობა „დიოგენემ“ შეახვედრა ქართველ მკითხველს. 

 

  • კორმაკ მაკართი – „გზა“

ვესტერნის მოყვარულებს კორმაკ მაკართიზე ერთგული მეგობარი რთულად მოეძებნებათ. ამდენად, გასაკვირი სულაც არაა, რომ „მოხუცების ადგილი აქ არ არის“ დიდი პოპულარობით სარგებლობს საქართველოში. „სულაკაურის“ გამომცემლობამ ქართველ მკითხველს ძალიან კარგი საჩუქარი გაუკეთა და მაკართის კიდევ ერთი  რომანი „გზა“ გამოსცა. ამ წიგნში ყველაფერი მდუმარე და მკვდარია, წესრიგი დარღვეული, მორალი – გამქრალი. ამ  სევდის ფონზე დიდი სოციალური ტკივილი იმალება, რომელიც შვილისადმი მშობლის უპირობო, ინსტინქტის დონეზე დასულ სიყვარულზე მოგვითხრობს და მისი აღმოცენების პროცესს გადმოგვცემს. პულიცერის პრემიის მფლობელი ავტორის შესანიშნავი რომანი ქართულ ენაზე ზაზა ჭილაძემ თარგმნა. 

 

  • გიუნელ მოვლუდი – „ბანაკი“

„სულაკაურის“ გამომცემლობა აზერბაიჯანელი მწერლის, გიუნელ მოვლუდის „ბანაკს“ წარუდგენს ქართველ მკითხველს. ოქტაი ქაზუმოვის თარგმნილ ბიოგრაფიულ რომანში ავტორი ყარაბაღის პირველი ომის შემდგომ დევნილებისათვის გამოყოფილ კარვების ქალაქზე  და თავის ხუთწლიან ცხოვრებაზე გვიყვება. ეს არის წიგნი საკუთარი მიწიდან გაგდებულ ადამიანებზე, ექსტრემალურ პირობებსა და ამ პირობებში გაჩენილ  სირთულეებსა თუ გამოწვევებზე. 

 

არ გამოგრჩAT წიგნის ფესტივალი და მრავალი ღონისძიებისა და სიახლის კვალდაკვალ მოიწყვეთ მშვენიერი ლიტერატურული დღეები.


მიიღე ყოველდღიური განახლებები!
სიახლეების მისაღებად მოგვწერეთ თქვენი ელ.ფოსტა.